უმცირესობა ხელისუფლებას ტრადიციულად აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდს ნაციონალებისკენ ხელის გაშვერით საკუთარი უუნარობის გადაფარვა სურს. ყოფილი სახელისუფლებო პარტია მთავრობას გადასახადების შემცირებას ურჩევს და ამბობს, რომ ქვეყანაში კონტრრეფორმები ტარდება.
პოლიტიკური პროცესების შეფასებით მიზნით, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, პეტრე ცისკარიშვილს ესაუბრა:
როგორ აფასებთ, „ქართული ოცნების“ ორწლიან მმართველობას?
- იმ ძირითად ხედვებს და კურსს არ ვიზიარებთ, რომელიც „ქართულ ოცნებას“აქვს როგორც საგარეო კუთხით, ასევე ქვეყანაში რეფორმების გატარების თვალსაზრისით. ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები არის უკუსვლა, გაკეთებული საქმების უკან წაღება და მავნებლობა.
კონკრეტულად, რომელ რეფორმას გულისხმობთ?
- ჩვენს დროს ვიზების ლიბერალიზაციის რეფორმა გატარდა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უკან წაიღო და კონტრრეფორმით გამოვიდა. მათი გადაწყვეტილების შედეგად კი, სახელმწიფო სერიოზულ შემოსავლებს კარგავს. ახალი რეგულაციები შეეხო ვიზიტორებს, ინვესტორებს და აქ მაცხოვრებელ უცხოელებს, რომელთაც ქვეყანაში ყოფნის სამთვიანი შეზღუდვა დაუწესდათ. უცხოელები აქ ვეღარ რჩებიან, არადა, აქ ფულს ხარჯავდნენ, უძრავ ქონებას ყიდულობდნენ და თავიანთ მშობლიურ ქვეყნებში საქართველოს დესპანები იყვნენ. ამ ადამიანებს არაფრის გამო პრობლემები შეუქმნეს. რას ერჩოდნენ, თვითონაც არ იციან და ვერ გიპასუხებენ. ამას გარდა, მიწაზე მორატორიუმი დააწესეს და ეს საინვესტიციო დინამიკას აფარხებს. უცხოელი თუ ქართველი ინვესტორები პროცესებს აანალიზებენ და ხვდებიან, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის არამიმზიდველ ადგილად გარდაიქმნება. საქართველოში ინვესტორები არ არიან, რადგან ქვეყანა მათი მასპინძლობისთვის მონდომებული არ არის. რაც შეეხება ეკონომიკას, გადასახადების შემცირების არ გატარება, კონტრრეფორმის ტოლფასია. როცა ამდენი წელი ერთ დონეზე ხარ, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესის მიმართ კეთილგანწყობილი არ ხარ და შენი ამოცანაა, კერძო სექტორიდან რაც შეიძლება მეტი ფული ამოწურო, რათა გაზრდილი სახელმწიფო პროგრამების მადა დააფინანსო, მაგალითად - როგორიც არის ჯანდაცვა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადასახადები ეტაპობრივად იკლებდა და ამით ეკონომიკა იზრდებოდა. თუ ეკონომიკა იზრდება, ხალხიც მდიდრდება, მათ ჯიბეში ფული აქვთ და აღარ არის საჭირო იმდენი მიხმარება, რამდენიც ახლა არის აუცილებელი. რა სჯობს, ეკონომიკის ზრდის შედეგად ხალხი გამდიდრდეს და მათ უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეთ, თუ ქვეყანა გაღატაკებული იყოს და სოციალურ პროგრამებს ნასესხები ფულით ვაფინანსებდეთ?
გადასახადების შემცირებას „ქრისტიან-დემოკრატები“ თქვენს ხელისუფლებასაც სთხოვდნენ, მაგრამ მათ იდეას არ ითვალისწინებდით. მაშინდელი უმცირესობა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასაც ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ. რაზეც ახლა საუბრობთ, თქვენ რატომ არ გააკეთეთ?
- რაღაცეებს არ ვიზიარებდით და რაღაცეები ჩვენს დროსაც გვიანდებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომს ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა და 2009 წელი ეკონომიურად ჩვენთვის ურთულესი წელი იყო. ეკონომიკური ზრდა 3-3,5 პროცენტით შემცირდა და გადასახადების შემცირებას „ქრისტიან-დემოკრატები“ სწორედ ამ დროს მოგვიწოდებდნენ. ფაქტქობრივად, ჩვენს მიერ გაჟღერებულ იდეას გვთავაზობდნენ. მათ მსგავსი წინადადება თავში აზრადაც არ მოუვიდოდათ, რადგან სოციალურ პროგრამებზე იყვნენ ორიენტირებულნი. ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივა იყო, რომ გადასახადები უნდა შემცირებულიყო, მაგრამ 2009-2010 წლებში ჩვენივე გაწერილ გეგმას ვერ ავყევით, რაც კარგი ნამდვილად არ იყო. გადაწყვეტილების შეცვლა ომისა და კრიზისიდან გამოწვეული პრობლემების გამო მოხდა. გადასახადების შემცირების პროცესი „ქართულ ოცნებას“ რომ გაეგრძელებინა, ეს ეკონომიკურ პარამატერებსა და ბიზნესის წინსვლაზე აისახებოდა. ამასთანავე, ჩვენს დროს, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია რომ მომხდარიყო, ესეც კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს ჩვენი შეცდომა იყო. ეკონომიკური დანაშაული ახლაც სისხლის სამართლის დევნის ქვეშ არის და ეს მიდგომა არც ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა. როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ ჰქონდა, რომ ამ ტიპის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მომხდარიყო. სხვათაშორის, ეს ერთ-ერთი წონადი მიზეზია, რის გამოც არჩევნები წავაგეთ.
უმცირესობა ეკონომიკური პროცესების უკუსვლაზე ხშირად აპელირებს, მაგრამ ეკონომიკაში პრობლემებს არც უმრავლესობა უარყოფს. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ქართული ეკონომიკა „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლიდან გამოდის, თავისუფალი ბაზრის პრინციპებით მოქმედებს და ქვეყანაში აღარ არის შავი სალარო, საიდანაც მილიონობით ლარი ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში მიდიოდა...
- მსგავსი განცხადებებით საკუთარი უუნარობის გადაფარვა სურთ. პოლიტიკური რეპრესიების წარმოებას, ურჩევნიათ, საგადასახადო რეფორმები გაატარონ და კონტრეფორმების წარმოებას თავი დაანებონ. ეკონომიკის 7-8 პროცენტიანი ზრდა იყო და სჯობდა, ეს ტემპი შეენარჩუნებინათ. როცა ქვეყანა ვითარდება, რელსებზე შემდგარია და ევროპისკენ მიდის, ეს ინვესტორებს და ადგილობრივ ბიზნესმენებს რწმენას უმყარებს, მაგრამ ამათმა ყველაფერი უკან შეატრიალეს. პოლიტიკური დაჭერებით და ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობით ევროპას ვცილდებით, ეკონომიკა აღარ ვითარდება და პრობლემები არსებობს ბიუჯეტის შევსების კუთხითაც. შემოსავლების მიღება უჭირთ, ფულს სესხულობენ, ვალებს იღებენ და ახლა რა უნდა თქვან, ეს ვის უნდა დააბრალონ თუ არა გასულ პერიოდს?!
პოლიტიკურ რეპრესიებსა და დაჭერებზე საუბრობთ. თქვენი შეფასებებიდან გამომდინარე, საზეპიროდ ქცეულ კითხვას დაგისვამთ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი არ უნდა აგოს?
- თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ მკაფიო ზღვარია გავლებული თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფს მიეკუთვნები. როცა შიხიაშვილი მეორე მხარეს გადახტა და ინდულგენცია იყიდა, მას ყველაფერი ეპატია. ხოლო იმის გამო, რომ მერაბიშვილი და უგულავა ოპოზიციონერებად რჩებიან, ისინი ციხეში უნდა იყვნენ? ქვეყანაში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნის მიხედვით დევნიან და გარედან სწორედ ამას ხედავენ, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში აისახა. კერძოდ, დოკუმენტში იმ რეალობის და არასახარბიელო მდგომარეობის აღწერა მოხდა, რომელიც ქვეყანაში არის. ამის თაობაზე კი ტყუილად ღიზიანდებიან. ჭირმა თავი მალა, მაგრამ ბოლოს მაინც არ დამალა. აქამდე ევროპელი და დასავლელი ლიდერების მხრიდან მოწოდებები ისმოდა, რომ წარსულში ყურება შეეწყვიტათ და საქმე ეკეთებინათ, მაგრამ მათ არ დაიჯერეს და ახლა არასასიამოვნო რეზოლუცია დაიდო.
ხელისუფლება ამ რეზოლუციაში კატასტროფულს ვერაფერს ხედავს და თქვენსა და „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ინტერესებზე აპელირებს...
- ევროსაბჭოში ხუთი-ექვსი ფრაქციაა, მათ შორის მემარცხენე ფრაქციები, რომლებიც რუსებზე არიან შეყვარებულები. რეზოლუციის წინააღმდეგ სწორედ ეს ადამიანები გამოვიდნენ. ასეთი ხალხი მათ მხარეზე იყო, მაგრამ რეზოლუციას მხარი „ევროპის სახალხო პარტიის“ ზოგიერთმა წარმომადგენლემაც არ დაუჭირა, მათ შორის ფრაქციის თავმჯდომარემ.
რეზოლუციას მხარი არც მომხსენებლებმა დაუჭირეს და თქვეს, რომ ეს დოკუმენტი საქართველოსთვის შედეგის მომცემი ვერ იქნება, პირიქით, პოლარიზაციას გამოიწვევს. გასაგებია, რომ რეზოლუციის შინაარსმა „ნაციონალური მოძრაობა“ გაახარა, მაგრამ ამით ქვეყანა რას მიიღებს?
- რეზოლუციას მხარი 103-მა დეპუტატმა დაუჭირა და ყველა ერთ აზრზე ვერ იქნებოდა. მომხსენებლებმა საქართველოში არსებული ვითარება აღწერეს და ფრაქციის წევრებმა ეს პროცესები გააანალიზეს. „ქოცური“ აზროვნებაა, რომ რეზოლუცია ქვეყანას კარგს არ მოუტანს. საქართველოს ურჩევენ, რომ გახდეს ევროპული ტიპის სახელმწიფო, გაიზიაროს ევროპული ფასეულობები და თავი დაანებოს პოლიტიკურ დევნას. თუ მოგიწოდებენ, რომ ჩემნაირი გახდი და რეფორმები გაატარეო, ეს ცუდია? თავის დამშვიდება და ნაციონალებისკენ ხელის გაშვერა ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს. როგორც თავად ამბობენ, ევროპელები სიცრუეში ვაცხოვროთ და ქართული რეალობის შესახებ არაფერი ვუთხრათ? არსებული რეალობა დავმალოთ და მივჩქმალოთ?
ხელისუფლების დამოკიდებულება, რატომ გიკვირთ? წლების მანძილზე ოპოზიციონერებს იმის გამო აკრიტიკებდით, რომ ისინი ქვეყანაში არსებული ჭირ-ვარამის თაობაზე საზღვრებს გარეთ საუბრობდნენ...
- ჩვენი ოპოზიციონერები ქვეყნის შიგნით არსებული ინფორმაციის გატანით იყვნენ დაკავებულნი. მეტი საქმე რა ჰქონდათ? მთელ მსოფლიოში დადიოდნენ და მხოლოდ ცუდს ლაპარაკობდნენ. მათ კი ევროპელი პარტნიორები ეუბნებოდნენ, რომ სანამ ცუდებს მოყვებით, ის მაინც თქვით, კარგი რა გაკეთდაო. ესენი იყვნენ ორ-სამ პროცენტიანი პარტიები, რომლებიც ქვეყნის ქილიკით იყვნენ დაკავებულნი, მანამ, სანამ ივანიშვილი არ გამოჩნდა და არ გააერთიანა. ჩვენს ოპოზიციონერებს ვურჩევდით ხოლმე, რომ აპოკალიფსურ სიტუაციას ნუ აღწერდნენ და კარგზეც ესაუბრათ, რადგან მათ არავინ უჯერებდათ.
ოპოზიციას კარგის დანახვას ურჩევდით, თავად ხედავთ?
- ახალი ხელისუფლების პირობებში პოზიტიური რა გაკეთდა?
კარგი რა დავინახო? თავს ჯანდაცვით და სოფლის მეურნეობით იწონებენ, მაგრამ ჯანდაცვაში გატარებული რეფორები პოლიტიკურ-ეკონომიკური გემოვნების საკითხია. ჯანდაცვაში რაც ხდება ხალხისთვის კატასტროფული არ არის, მაგრამ როცა პროგრამების შესასრულებლად ფული სასესხებელი გაქვს და ამ დროს ჯანდაცვა ყველასთვის უფასოა, ეს გრძელვადიან პერსპქეტივაში საბერძნეთის გზაზე გაყენებს. ის, რომ ვიღაცას უჭირს და ეხმარები, კარგია, მაგრამ ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის დამაზიანებელია. საბერძნეთს დაეხმარენ და ჩვენ ფულზე, ვის უნდა ვეხვეწოთ? სესხებს ჩვენც ვიღებდით, მაგრამ გრძელვადიან პროექტებს ვაფინანსებდით. კერძოდ, როგორიც იყო რკინიგზა, აეროპორტი და ა.შ.
მმართველი გუნდი თავს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც იწონებს. ამ თვალსაზრისით, თქვენსა და ამ ხელისუფლებას შორის განსხვავებას ხედავთ?
- ვერ დაგეთანხმებით, რადგან პოლიციაში „თავისუფალი ზონის“ ორი წევრი საშინლად სცემეს და თავ-პირი გაუერთიანეს. მათთან კი, ექსპერტი არ შეუშვეს.
იმ პირებზე საუბრობთ, რომელთაც თავის მხრივ, ზაზა დავითაია სცემეს?
- მათ შორის შელაპარალება მოხდა. ესენი დავითაიას საერთოდ არ იცნობდნენ. პირიქით, მან ამათ სისულელები დაუწყო, რაც ქუჩაში ჩხუბში გადაიზარდა. ხელისუფლებამ მხარი აუბა, თითქოს, ჟურნალისტზე თავდასხმა მოხდა, მაგრამ ჩხუბი გინებამ გამოიწვია და არა დავითაიას ჟურნალისტურმა საქმიანობამ. თუ ამათ იჭერდნენ, ისიც უნდა დაეჭირათ. მაშინ, როდესაც პოლიციის განყოფილებაში ადამიანებს სცემენ, რაზე უნდა ვისაუბროთ? თუ ხელში პოლიტიკური ოპონენტი უვარდებათ, უმოწყალოდ სცემენ, ხოლო თუ ვინმესთან ანგარიშვალდებულნი არიან, მაშინ მათ თავზე ყვებიან. „ოქრიკას“ დედა გაიხსენეთ, რომელიც „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი იყო. ეს არის მათი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაუმჯობესებული მდგომარეობა, რასაც ვერ გავიზიარებ.