როგორ

როგორ "მოგვატყუა" გილაურმა

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სახლის ფანჯრიდან შესანიშნავი ხედი იშლება, თუმცა ჩვენი ყოფის ამსახველი სურათი კი ხშირად მინახავს - ნაგვის უზარმაზარ ურნაში ყოველთვის ვიღაც არის ჩაყუდებული ნახევარი ტანით და საჭმლის ნარჩენებს გულმოდგინედ ეძებს...

პარლამენტში სამთავრობო საათის დროს, ვინმემ კი არა და თავად პრემიერ-მინისტრმა გილაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიღარიბე ოთხჯერ შემცირდაო. რა თქმა უნდა, არ დაუსახელებია, თუ რა კონკრეტულ პერიოდთან შედარებით მოხდა ეს შემცირება და მხოლოდ ზოგადი მინიშნებით შემოიფარგლა: ბოლო წლების განმავლობაშიო. პირველად მაშინ დამწყდა გული, რომ კახა ბენდუქიძე მთავრობაში აღარ იყო და გილაურს "ჩამჭრელ" კითხვას ვერ დაუსვამდა, ანუ რამდენი პროცენტითო.

გილაურს თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ სიღარიბე ქვეყანაში მთელი 75%-ით(!) შემცირებულა. აგაშენებს ღმერთი, მაგრამ ის ხალხი ვინ არის, ჩემი სახლის წინ მდგარ ურნას დასუფთავების სამსახურის მოსვლამდე რომ გამოაცარიელებენ ხოლმე?!

პრემიერმა ისიც უთხრა კანონმდებლებს, რომ წინა მთავრობა თვალს ხუჭავდა ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე და სინამდვილეს თვალს არ უსწორებდა. ახალმა მთავრობამ კი (რით ვერ დაძველდნენ), პრობლემისთვის თვალის გასწორება შეძლო და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს 400 ათასი ადამიანი იღებს დახმარებას და სადაზღვევო პოლისს, ხოლო კიდეც 500 ათასი - მხოლოდ სადაზღვევო პოლისს. ახლა ამ ორ ციფრს ერთმანეთს თუ მივუმატებთ, გამოვა, რომ საქართველოში სოციალური შემწეობით დაახლოებით მილიონამდე ადამიანი სარგებლობს, შესაბამისად, სწორედ ამდენი იმყოფება სიღარიბის ზღვარზე, ან მის ქვემოთ.

ირაკლი ლექვინაძე (ეკონომიკის ექსპერტი): "სიღარიბე რომ ოთხჯერ შემცირდა, შესაძლოა ციფრებით, ნომინალურად გამოხატული, ეს ასეც ჩანდეს. მაგალითად, საშუალო ხელფასი, პენსია თუ ნებისმიერი სოციალური პაკეტი ადრე მომხმარებლისთვის, პირობითად, თუ იყო 20 ლარის ღირებულების, დღეს 80 ლარია. თუმცა ეკონომიკაში, ნომინალური მაჩვენებლების გარდა, არსებობს რეალური მაჩვენებლებიც. ისინი ასახავენ იმას, რაც მხოლოდ ციფრებით არ ჩანს. მაგალითად, ნომინალურ მაჩვენებლებში ადამიანები შესაძლოა მართლაც ოთხჯერ მეტ შემოსავალს იღებდნენ, მაგრამ რამდენად გაუმჯობესდა მათი ცხოვრება და რამდენად მეტ სიკეთეს, სარგებელს თუ პროდუქტს იღებენ ამ გაზრდილი შემოსავლების შედეგად, ეს უკვე სხვა საკითხია.

თუ ინფლაციას არ გავითვალისწინებთ, მაშინ შესაძლოა მართლაც ოთხჯერ იყოს სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებული, მაგრამ ინფლაციის გათვალისწინებით, ვფიქრობ, თანაბარ დონეზეა. საკმაოდ ბევრია ადამიანი, ვისი მდგომარეობაც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილი სოციალური პაკეტის მიუხედავად, რეალურად არ შეცვლილა და მით უფრო, მათი კეთილდღეობის ხარისხიც ოთხჯერ არ გაზრდილა.

ეს უფრო პოპულისტური და "საპრეზენტაციო" ვარიანტია, მთავრობისთვის თავის მოსაწონებლად. ნომინალური ციფრები ყოველთვის უფრო უკეთესად ჟღერს (და მთავრობის წევრებმა ეს შესანიშნავად იციან), ვიდრე რეალურად არსებული სურათი. ჩვენ თუ დავთვლით, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში 600 ლარია, რამდენიმე წლის წინ კი 400 ლარი იყო და ერთმანეთს შევადარებთ მაშინდელი 400 ლარისა და დღევანდელი 600 ლარის რეალურ მსყიდველუნარიანობას, რა თქმა უნდა, მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე.

იგივე ითქმის პენსიებთან დაკავშირებითაც - მართალია, პენსია ორჯერ არის ნომინალურად გაზრდილი, მაგრამ რეალურად ეს შესყიდული პროდუქტების რაოდენობით გამოიხატება.

ამიტომ, პრემიერმა ისაუბრა ნომინალური ციფრებით, მაგრამ რეალურ მაჩვენებლებზე არაფერი უთქვამს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან განვითარება არ ხდება, რა თქმა უნდა, ხდება, მაგრამ ოთხჯერ შემცირება სიღარიბისა, ვფიქრობ, "ცოტა" გადაჭარბებულია."

მერაბ ჯანიაშვილი (ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე): "მარტივად რომ ვთქვათ, იმ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებითაც კი, რომელიც ძალიან არაობიექტურად მიიჩნევა ჩვენს საზოგადოებაში, 2003 წლიდან დღემდე უმუშევრობა გაზრდილია 14%-მდე. მეორეც, თუ სიღარიბე ოთხჯერ შემცირდა, მაშინ გაუგებარია, რატომ არის სიღატაკის ზღვარს ქვემოთ 1,2 მილიონი ადამიანი, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. ხოლო რა სოციალურ დახმარებაცაა, ყველამ კარგად იცის. იმ სოციალური დახმარებით არსებობაც კი ძნელია, ხოლო ნორმალური ცხოვრება სრულიად წარმოუდგენელია.

საინტერესოა რაზე დაყრდნობით აკეთებს პრემიერი ამ გათვლებს. მათივე განცხადებით, ქალაქად უმუშევრობა 30%-ია და ასეთ პირობებში როგორ შეიძლება, რომ სიღარიბე ოთხჯერ შემცირებულიყო?!"