[გიორგი ბექაური]
ჩაის ადგილობრივი წარმოება რომ უმძიმეს მდგომარეობაშია ყველასთვის ცნობილია, მაგრამ დადგინდა, რომ იმპორტირებული პროდუქციაც უხარისხო და მავნებელია. გამოდის, რომ საქართველოში ნორმალური ჩაის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია - ქართულ ნაწარმს არომატი და გემო აკლია, ხოლო უცხოური ჯანმრთელობითვის საზიანოა.
ქართულ ჩაის შიდა ბაზარზე მხოლოდ 12% უჭირავს. ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის თენგიზ სვანიძის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში ჩაის გადამამუშავებლი 15 საწარმო არსებობს, რომლებიც წლიურად 4 ათას ტონა ჩაის პროდუქციას გამოიმუშავებს, რომელიც, ძირითადად, ექსპორტზე გადის.
„საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ ადგილზე 80 ათასი ტონა ფოთლის და შესაბამისად 20 ტონა პროდუქციის წარმოება მოხდეს. 2004 წელს ქართულ ჩაის ხვედრითი წილი შიდა ბაზარზე 5% იყო, ხოლო დღეისათვის – 12%, რაც იმდენად ცოტაა, რომ „საქართველოს როგორც მეჩაიეობის ქვეყნისთვის სამარცხვინოც კია“, - აღნიშნა სვანიძემ.
ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში წელიწადში 1500-მდე ტონა ჩაის მოხმარება ხდება, რომლის საერთო ღირებულებაც, დაახლოებით, 45 მილიონი დოლარია.
„ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში შიდა ბაზრის თითქმის 90% უცხოურ ჩაის უკავია“, - დასძენს სვანიძე.
კიდევ უფრო მძიმე მონაცემები აქვთ ექსპერტებს. მათი აზრით, მეჩაიეობის დარგი საქართველომ, ფაქტობრივად, დაკარგა. ტრადიციული ქართულ ჩაის არც ხარისხი შერჩა, რის გამოც მოსავალი ხშირ შემთხვევაში უარომატო და უგემურია. ექსპერტი თამაზ კუნჭულია განმარტავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ადრე 3500 ტონა ჩაის მოიხმარდა. დღევანდელი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, 1500 ტონაც საკმარისია. მისი თქმით, ქართული ნაწარმი გადის ამერიკაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ პროდუქციის ექსპორტი მაინც უმნიშვნელოა.
„არსებობს მეჩაიეობის განვითარების კარგი სტრატეგია, განხილული და მოწონებული აგრარული კომიტეტის მიერ, შეიქმნა კომისიაც, მაგრამ მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით კვლავ არაფერი ხდება. მეჩაიეებს ხელისუფლების მხრიდან საჭირო ხელშეწყობა არ აქვთ. დასაქმებაზე თუ არის საუბარი, ყველაზე მეტად სწორედ მეჩაიეობა ასაქმებს ხალხს.
ფაქტობრივად, დავკარგეთ ეს დარგი. სპეციალისტების გაანგარიშებით, ადგილობრივ ბაზარზე 7-9% გვიჭირავს, დანარჩენი უცხოურ ნაწარმს უკავია. 2009 წელს 5000 ტონა ფოთოლი მოიკრიფა, 200-300 ტონა ქვეყნის გარეთ გავიტანეთ“, - განმარტავს კუნჭულია.
„მეჩაიეობაში მნიშვნელოვანი სიახლეები არ გვაქვს, დარგი არის უმძიმეს მდგომარეობაში. რაიონებში თითქმის არაფერი ხდება, რამდენიმე მიკროფაბრიკაა, დაახლოებით, 10-15, რომელიც მოსავლის იბარებს. მაგალითად, ოზურგეთში „საქართველოს თაიგული“, ჩოხატაურში ლომთათიძის ჩაის ფაბრიკა, წყალტუბოში რაიონშიც არის ჩაის ფაბრიკა, სადაც დევნილები არიან დასაქმებულნი.
პლანტაციები მოუვლელია, რის გამოც ქართული ჩაის ბიოქიმიური შემადგენლობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. რა ხარისხის ფოთოლიც არ უნდა მოიკრიფოს, ჩაი მაინც არ გამოდის ხარსიხიანი. წარმოებულ პროდუქციას კარგი სასაქონლო სახე აქვს, დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ აკლია არომატი და არც გემო აქვს შესაფერისი“, - აცხადებს თამაზ კუნჭულია.
რთული ვითარებაა ჩაის იმპორტის კუთხითაც. საქართველოში იმპორტირებული ჩაი უკეთეს შემთხვევაში ერთ წლის და ხშირად 3-4 წლის დაძველებული შემოდის. ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის თენგიზ სვანიძის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში იმორტირებული ჩაი წლების დაგვიანებით შემოდის და ამ დროს ჩაის ყველა თვისება დაკარგული აქვს, მას ხელოვნურ საღებავებს უმატებენ, რომ ფერი ჰქონდეს.
„ლაბორატორიული კვლევების შედეგად რამდენიმე სახეობის იმპორტირებულ ჩაიში აღმოჩენილია ხელოვნური საღებავი კოლინი და ობის სოკო“, - აღნიშნა სვანიძემ და აქვე დასძინა, რომ ხშირად ტროპიკებში მოყვანილი ჩაი უამრავი დაავადება აქვს პარაზიტებისა და მავნებლების სახით, რომლის წინააღმდეგაც შხამქიმიკატებს იყენებენ, რაც შემდეგ პროდუქციაშიც ხვდება.