რუსეთის საგარეო უწყებისთვის აქტუალურ ხდება „Foreign Policy“-ს სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა. ეს ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა ოფიციალურად უარყვეს. ამის მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა, საქართველოში სირიელი „ბოევკიების“ საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების შესახებ ინფორმაცია გაააქტიურა.
სერგეი ლავროვის პრე-სამსახური განმარატავს, რომ მოსკოვში ყურადღება მიაქციეს ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ამერიკული საწვრთნელი ბანაკის შექმნას, სადაც სირიის ოპოზიციონერი „ბოევიკები“ მომზადებას გაივლიდნენ.
„რა თქმა უნდა, თბილისს ეს გადაწყვეტილება რომ მიეღო, ეს სერიოზული ზიანის მომტანი იქნებოდა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა ნეგატიური შედეგები რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ნორმალიზაციის პროცესში. რუსეთის პირველი დიპლომატის უწყებაში განმარტავენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მათ მიერ სერიოზულად იქნა მიღებული. თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ ისინი ამ თემას ყურადღებით დააკვირდებიან.
სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, მუქარის შემცველ გაფრთხილებად აფასებს. მისივე განცხადებით, საქართველო როგორც სუვერენული ქვეყანა, თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელი ცენტრი განთავსდეს და როგორი ფორმით იზრუნოს რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანაზე.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება ყველაფერია, გარდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებასა და შენარჩუნებაში დაინტერესებული სახელმწიფოს გამოხმაურებისა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ის წარმოადგენს მუქარის შემცველ გაფრთხილებას იმ სახელმწიფოსი, რომელმაც მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, არაფრად აგდებს საერთაშორისო შეთანხმებებსა და სამართლის ნორმებს და ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ყოველმხრივ ხელს უწყობდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ექსტრემისტებისა და კრიმინალებისთვის ე.წ. „უსაფრთხო სამოთხის“ შექმნას.
ცინიზმია და სხვა არაფერი, რომ მაშინ, როდესაც თავად ეს სახელმწიფო ახდენს 21-ე საუკუნეში სუვერენული უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ღია აგრესიას მის წინააღმდეგ, განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, შეწუხებით და მზრუნველობით საუბრობს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე სამხრეთ კავკასიაში“, - აცხადებს პეტრიაშვილი.
მინისტრი ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ განიხილება სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხი და მუწოდებს რუსულ მხარეს, თავად გადააფასოს საკუთარი ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე სეპარატისტებისთვის ხელშეწყობა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო აღიარება და უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე გადაწყვეტილება.
„ქართული მხარის ყველა ქმედება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებისკენ, როგორც საქართველოში, ისე მთელს რეგიონში. გარწმუნებთ, რომ რუსეთთან მიმართებაში ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს და დააჩქარებდა რუსეთთან სრულფასოვანი, კეთილმეზობლური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, რისთვისაც მზაობა საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
ექსპერტი დავით სიხარულიძე თვლის, რომ ეს საფრთხე რომელიც საერთაშორისო ტერორიზმისგან მომდინარებს, ემუქრება როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ისევე საქართველოს.
„საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი. ამ საკითხთან მიმართებაში საქართველომ, ერთი მხრივ, უნდა იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ, იმ კოალიციის საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც კოალიციას უჩნდება. რაც შეეხება ზოგადად განცხადებას, საუბარია, თითქოს, დათბობაზე, თუმცა საქართველოსა და რუსეთს შორის დათბობა შუეძლებელია იქამდე, სანამ ისინი აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.