ბათუმში არსებული პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პოლიტოლოგები მწერლები და მხატვრები თურქეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულების იმ სახით გაფორმების წინააღმდეგ გამოდიან, როგორითაც ის საზოგადოებისთვისაა ცნობილი.
ბათუმის თეატრის უკან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეიკრიბნენ 23 მარტს დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები (70-მდე ადამიანი) და საზოგადოებას 23 მარტს, 15 საათზე, ამავე ადგილას, აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდეს. სპეციალური განცხადება, რომლის შინაარს ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ, საორგანიზაციო კომიტეტის სახელით მურმან დუმბაძემ წაიკითხა, რომელიც სწორედ 23 მარტს დაგეგმილი აქციის ორგანიზებისთვის “რესპუბლიკური პარტიიდან“ 18 მარტს გარიცხეს.
თუ “რესპუბლიკური პარტიის“ სათაო ოფისის პათოსი სხვა ორგანიზაციებსაც გადაედო, დასაშვებია მშობლიური პარტიების დატოვება მოუწიოთ: “ქართული პარტიის“, “ეროვნული ფორუმის“, “ახლების“, “კონსევატორების“, “ლეიბორისტების“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებიც საორგანიზაციო კომიტეტში არიან გაერთიანებულნი, არა პარტიული, არამედ, პიროვნული ნიშნით.
ამავე კომიტეტში მრავლად არიან “რესპუბლიკელებიც“, რომლებიც, ადვილად დასაშვებია, მურმან დუმბაძეს მიაყოლონ, თუ თვითონ არ დაასწრეს პარტიიდან გასვლა. ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი ჯერ-ჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. როგორც აჭარაში მოღვაწე “რესპუბლიკელებმა“ გვითხრეს, პარტიიდან გასვლის, ან არგასვლის თაობაზე განცხადებას 23 მარტს დაგეგმილი აქციის შემდეგ გააკეთებენ.
ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაკეთებული მოწოდების შემდეგ, საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა, ბათუმის ქუჩებში სპეციალური მოწოდებები დაარიგეს, რომელიც ასეთი შინაარსის გახლავთ:
“ძვირფასო თანამემამულენო! 23 მარტს, 15 საათზე, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართება საინფორმაციო აქცია, თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ, ქალაქ ბათუმში, მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში აგებული და შემდეგ დანგრეული, დამპყრობი ოსმალეთის იმპერიის, სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთ-მუზეუმის ხელახლა აშენებას.
სავარაუდოდ, ხელმოსაწერად გამზადებული, აღნიშნული პოლიტიკური ხელშეკრულება, ეწინააღმდეგება არა მარტო მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და ფასეულობების იდეალებს, არამედ იგი, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის აღიარებულ საერთაშორისო პრინციპების შემდეგ ნორმებთან:
1.კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო და ეკლესია შეთანხმებით, ერთობლივად ზრუნავენ, როგორც მისი ტერიტორიის შიგნით, ისე მის გარეთ არსებული ისტორიული ღირებულების მქონე საკულტო ნაგებობების მოვლა-პატრონობაზე. როგორც ცნობილია, ეკლესია აღნიშნული ხელშეკრულების წინააღმდეგია.
2.სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპის თანახმად, სახელწმიფოთაშორისი შეთანხმების საგანი არ უნდა იყოს რელიგიურ-საკულტო დაწესებულების შექმნა, ან გაუქმება.
3.აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპის თანახმად, რელიგიური დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხი უნდა დარეგულირდეს ქვეყნის შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციების მიერ (მაგალითად ეკლესია/მეჩეთის აშენებს ქვეყნის შესაბამისი მრევლი).
4.არარსებული შენობის (აზიზიეს მეჩეთი არ არსებობს!) წინასწარ, მატერიალური კულტურის ძეგლად გამოცხადება, ეწინააღმდეგება კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. გთხოვთ, მობრძანდეთ და მიიღოთ მონაწილეობა ამ მამულიშვილურ საქმეში“.
მოწოდებებს ბათუმის ქუჩებში საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, დავით ბაციკაძეც არიგებდა, რომელიც ამავდროულად “კონსევატორების“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ერთი საათის განმავლობაში ჩვენ მასთან ერთად დავდიოდით ბათუმის ქუჩებში და ჩვენი თვალით ვნახეთ ის რეაქცია, რასაც ბათუმელები გამოხატავდნენ 23 მარტს დაგეგმილ აქციასთან მიმართებაში - ისინი აქციის ორგანიზატორებს ლოცავდნენ და ამბობდნენ, რომ აქციაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.
ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაკეთებული განცხადების შემდეგ, მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებთან აქციის ფორმა და მიზანი ასეთი განმარტა:
“ეს ხელშეკრულება მორალურად გაუმართლებელია, რადგან აზიზიეს მეჩეთის სახით, დღევანდელი თურქეთი ქალაქ ბათუმში ოსმალეთის იმპერიის დიდების მონუმენტს დგამს. ხელშეკრულების ამგვარი ფორმით ხელმოწერა გაუმართლებელია კონსტიტუციური თვალსაზრისითაც, რადგან საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია ამდაგვარი ხელშეკრულების გაფორმება ეკლესიასთან შეათანხმოს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საპატრიარქო ასეთი ხელშეკრულების გაფორმების კატეგორიული წინააღმდეგია...“
დუმბაძის განმარტებით, 23 მარტს დაგეგმილ აქციაზე, არც პარტიული დროშები იფრიალებს და არც პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება - “ლაპარაკი იქნება მხოლოდ თურქეთ-საქართველოს შესაძლო პოლიტიკური ხელშეკრულების ირგვლივ. ბათუმელებს, ბათუმის გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, ყველას, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა ძვირფასია, 23 მარტს, 15 საათზე ვიწვევთ ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად“.