საქართველოს პრეზიდენტმა, შესაძლოა, „მოსმენების შესახებ“ კანონს ვეტო დაადოს. მართალია, ამ ეტაპზე შესაბამისი კანონპროექტიც არ არის მომზადებული, მაგრამ მოსმენების საკითხზე არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივად უახლოეს პერიოდში იქცევა.
ვეტოს საკითხზე კონკრეტული პოზიციის ჩამოყალიბებამდე გიორგი მარგველაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უშუალოდ შეხვდება და საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით სამინისტროს არგუმენტებს მოითხოვს. მანამდე კი პრეზიდენტი იმავე საკითხზე უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს და მათი პოზიციები მოისმინა.
ორგანიზაცია Sida-ს წარმომადგენელი ზვიად დევდარიანი მიიჩნევს, რომ „მოსმენების საკითხზე“ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის მსჯელობა უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსმენების კონტროლის უფლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დარჩეს.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ ერთ კონკრეტულ კანონს. სამოქალაქო სექტორი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ჩვენი მხრიდან შეთავაზებული ბევრი ინიციატივა აისახა კიდეც საკანონმდებლო პაკეტში. თუმცა, არის პრინციპული საკითხი, რომელზეც ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ჩვენი პოზიციაა, ეს „გასაღები“ არ უნდა დარჩეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, სხვაგვარად, ამ რეფორმის მიმართ ბევრი კითხვა შეიძლება გაჩნდეს, მათ შორის - საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით. საკმაოდ საინტერესოა ვარიანტი, რომელიც ევროპელმა ექსპერტებმა ბოლო ვიზიტის დროს წარმოადგინეს და გულისხმობს „ორი გასაღების“ არსებობას, რადგან ამ ორი გასაღებიდან დამოუკიდებლად არცერთი იმუშავებს - ორივე ერთდროულად უნდა ჩაერთოს. შესაბამისად, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მთლიანად აკონტროლოს მოსმენების პროცესი“,- განმარტავს ზვიად დევდარიანი.
ქართული არასამთავრობო სექტორის პოზიცია ე.წ. „გასაღების“ მობილური ოპერატორებისთვის დატოვებას ითვალისწინებს, თუმცა, მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია ევროპელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ ვარიანტზეც, რადგან, ამ შემთხვევაში მოსმენების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ექნება.
„მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ისეთივე, როგორიც აქამდე იყო, ჩვენ გვგონია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური წვდომა მოსმენებზე და გადაწყვეტილების მიღებაში უნდა იყვნენ ჩართულნი დამოუკიდებელი ორგანოები. გასათვალისწინებელია თავად ის ფაქტორი, რომ ამ საკითხზე ინფორმირებულები უნდა იყვნენ მობილური ოპერატორები. საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა ჩვენ დაგვაყენებს იმ პრობლემების წინაშე, რომელიც იდგა მთელი ამ ხნის განმავლობაში და დაკავშირებულია შსს-ს მიერ ამ კომპეტენციის არასათანადოდ გამოყენებასთან“,- აცხადებს „ადამინის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე.
საკუთარ შეფასებებში უფრო კატეგორიულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი. „მთავრობამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ისინი იყენებენ ყოფილ საბჭოურ მეთოდებს, თუ გამოიყენებენ იმ მეთოდებს, რომელიც დამახასიათებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და აღნიშნავს, რომ „მოსმენების საკითხზე“ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან, კანონზე საბოლოო გადაწყვეტილებას, სწორედ, პრეზიდენტი იღებს.
„პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, შეიძლება, გავლენა მოახდინოს ამ პროცესზე. რადგან საბოლოოდ მასთან მიდის კანონპროექტი და თუ რაიმე იქნება განსხვავებული და მისთვის მიუღებელი, შეიძლება ვეტოს უფლება გამოიყენოს. ვფიქრობ, მისი როლი აქ არის ძალიან დიდი“, - აცხადებს ეკა გიგაური.
პრეზიდენტი კი განმარტავს, რომ ვეტოზე მხოლოდ მას შემდეგ იფიქრებს, რაც საკითხს კარგად შეისწავლის და ყველა მხარის არგუმენტებსა და პოზიციებს მოისმენს და შეაჯერებს.
„ვესაუბრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ფაქტობრივად, უკვე ამ სფეროს ექსპერტებს. მათ კარგად იციან საკითხის ტექნიკური დეტალები და სპეციფიკაცია. მოვისმინე მათი არგუმენტები, რომელშიც არის ბევრი სიმართლე - როგორც ტექნიკური, ისე, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და სახელმწიფოებრივი პოზიციიდან. სავარაუდოდ, იქითა კვირის დასაწყისში შევხვდები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მოვიწვევთ შეხვედრაზე და მათ პოზიციებსაც მოვისმენთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩამომიყალიბდება კომპეტენტური პოზიცია. აქედან გამომდინარე უნდა შეხვედოთ არსებულ კანონმდებლობას და შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ ხედვა ვეტოს დადებასთან ან კანონისთვის ხელის მოწერასთან დაკავშირებით“,- აცახდებს გიორგი მარგველაშვილი.
„მოსმენების თემაზე“ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა პარლამენტის წევრები და უშიშროების საბჭოს მდივანიც დაესწრნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია პრეზიდენტთან გამართულ თათბირს ინფორმაციის გაცვლას უწოდებს და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე „მოსმენების საკითხთან“ დაკავშირებულ უარყოფით და დადებით მხარეებზე იყო საუბარი.
„შეხვედრაზე რამე გადაწყვეტილება არ მიღებულა, უბრალოდ, ინფორმაცია გაიცვალა სამოქალაქო საზოგადოებას, პრეზიდენტსა და იმ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შორის, რომელიც ფარული მოსმენების საკითხზე მუშაობს, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტისთვისაც და ჩვენთვისაც ამოსავალი არის ორი რამ - ქვეყნის უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვა. სწორედ, ამ ორ ინტერესს შორის უნდა იყოს დაცული ბალანსი“, - განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ for.ge-ს თამარ კორძაიამ და აღნიშნა, რომ „მოსმენების საკითხზე“ მისი პოზიცია გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში უკანონობის მიღების შესაძლებლობები აღარ უნდა არსებობდეს.
უფრო კონკრეტულად კი კორძაია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ბოლომდე მისაღები არ არის და გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, მაგრამ სამუშაო პროცესში ბევრი დეტალი, შესაძლოა, შეიცვალოს კიდეც.
„ჯერ კანონპროექტიც არ არის ამ საკითხზე, მხოლოდ იდეების შემუშავების ეტაპზე ვართ“, - განმარტავს უმრავლესობის წევრი დეპუტატი.