ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს შესახებ რეზოლუციის კრიტიკულ ნაწილში, რამდენიმე თემასთან დაკავშირებით შენიშვნებია გამოთქმული, თუნცა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადრება იმ ნაწილმა მიიპყრო, სადაც მთავრობის პირებისა და პოლიტიკოსების მიერ ჩადენილ დანაშულებზეა საუბარი.
ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ყოფილი მთავრობის წევრების საქმეებზე გამოძიება და დევნა ხორციელდებოდეს მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული დაცვით, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში. ასევე, ხაზს უსვამს, რომ ადგილი არ უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ შერჩევით და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს, არამედ ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არ ხდება და ა.შ.
რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ რეზოლუციას, რა საკითხებს უნდა მიექცეს ყურადღება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და რამდენად სავალდებულოა ამ რეკომენდაციების შესრულება, ამ თემაზე ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.
ბატონო ლევან, რეზოლუციის კრიტიკულ ნაწილში ახალი თითქოს არაფერია და დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ როდესაც ეს შენიშვნები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციში ხვდება, ეს რას ნიშნავს?
- ამ რეზოლუციაზე მსჯელობის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ეს არის ევროპული ოჯახი, დემოკრატიული ერების გაერთიანება და ამ გაერთიანების მიერ გაკეთებული შეფასებები იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელსაც იღებს თავის ოჯახში. მოთხოვნებიც შესაბამისია. შესაძლოა, სტანდარტი მაღალია, ეს ჩემთვის იმ კუთხით აიხსნება, რომ რეალურად, ისინი ცდილობენ, საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს დემოკრატიულ ოჯახში. დემოკრატიის სტანდარტებიც იყოს მაღალი - არა მხოლოდ დეკლარირებული, არამედ დამკვიდრებული. თუ ამ კუთხით შევხედავთ დასკვნას, შეიძლება, ვთქვათ, რომ ეს არის კრიტიკული, მაგრამ გულშემატკივრის პოზიცია. შესაძლოა, ეს ის საკითხებია, რაც ხელისუფლებას ყურადღების მიღმა რჩება, ან სათანადოდ არ რეაგირებს, მაგრამ ეს არის გარედან დანახული მდგომარეობა.
ასეთ შემთხვევაში, ასევე ლოგიკურად ჩნდება კითხვა, სულ ორიოდე წლის წინ გარედან რატომ არ ჩანდა ის მდგომარეობა რაც საქართველოში იყო? ვგულისხმობ, როგორც პოლიტიკური დევნის შემთხვევებს, ასევე ადამიანთა უფლებების დარღვევის, ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადაჭარბების ფაქტებს და ა.შ...
- მანდამდეც მივალ, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ წელიწადზე მეტია ევროპელი, მათ შორის, ნატოს მაღალჩინოსნებისგანაც კი გვესმის ძალიან მარტივი, მკაფიო და გასაგები გზავნილი, არა მხოლოდ ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მიმართ, რომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ და ისეთი მაღალი სტანდარტით წარვმართოთ გახმაურებული პოლიტიკური პირების მიმართ წარმოებული სამართლებრივი პროცედურები, რომ პოლიტიკური მიკერძოებულობის აღქმაც კი არ დარჩეს. ეს მართლაც ურთულესი პროცდურებია, ერთია კანონის დაცვა, მეორეა - აღქმა. სწორედ აღქმაზეა საუბარი, ანუ როგორ აღიქვამენ ევროპელი პოლიტიკოსები ამ პროცესს და არა იმ კონკრეტულ სამართლებრივ პროცედურებზე, რაც მიმდინარეობს. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრესი გამოწვევა.
ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ რეზოლუციის შეფასებისას არ უნდა გამოგვრჩეს - ევროსაბჭო მოხსენებებსა და რეზოლუციებს შეიმუშავებს არა ყოველდღიურ რეჟიმში, არამედ გარკვეული დროის განმავლობაში ინფორმაციას იღებს სხვადასხვა წყაროებიდან, საქართველოში გამართული შეხვედრებიდან და ა.შ. საბოლოო ჯამში ხდება ამ ინფორმაციის თავმოყრა და ასახვა მოხსენებებში, რომელიც ამ შემთხვევაში ორმა მომხსენებელმა გააკეთა.
არ ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია ჩვენი მხრიდან მწვავე რეაგირებას იმსახურებს, თუმცა მოვისმინე შეფასებებიც, რომ აი, ადრე როგორ იყო და ახლა როგორ არის - შესაძლოა, ეს ასეც არის, ადრე სხვაგვარად აღიქმებოდა ახლა სხვაგვარად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს რეზოლუცია მომზადდა ჩვენი საზოგადოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მივიდა ევროპულ ტრიბუნამდე. შესაბამისად, უმჯობესია, ზომიერები ვიყოთ ამ რეზოლუციის შეფასებისას. რეაგირება ხდება მხოლოდ კრიტიკულ ნაწილზე, მაგრამ იმას არავინ აქცევს ყურადღებას, რომ დადებითად შეფასდა თვითმმართველობის არჩევნები, ნაფიცი მსაჯულების თემა და ა.შ.
თუმცა რეალურად მისი აღქმა სხვაგვარად ხდება - „ნაციონალური მოძრაობა“ ამ რეზოლუციას მის მხარდაჭერად აღიქვამს, საზოგადოების ნაწილიც თვლის, რომ ეს ასეა...
- ეს ყველაზე არასწორი კონტექსტია. როგორც მხარდამჭერი, ასევე კრიტიკული რეზოლუციები ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ მხრიდანაც, ამდაგვარი თავის მართლებები თუ თავმოწონებები ჩემთვის საფუძველშივე არ არის სწორი, რადგან ეს არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიმართული და თუ გვინდა დემოკრატიულ ოჯახში დამკიდრება, იქ მარტო ხელისუფლება ან რომელიმე პოლიტიკური ძალა ხომ არ მკვიდრდება?! საქართველოზეა საუბარი. ეს ყველაფერი ჯეროვნად უნდა შევაფასოთ, რადგან არის გულშემატკივრის შეფასებები.
თვითონ პრემიერი ღარიბაშვილიც თვლის, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება...
- ეს არის შეცდომა, როგორც პრემიერის, ასევე „ქართული ოცნების“ მხრიდან - ჩვენ ხომ არ ვაპირებთ ევროსაბჭოს დატოვებას? - ამგვარი განცხადებები, ნებით თუ უნებლიედ, გვაშორებს ერთმანეთისგან. კლიშეების მიკერება არ არის სწორი და ასეთი შემთხვევა გვქონდა ცოტა ხნის წინ ბილტსთან დაკავშირებით, რომელიც ევროპაში არაწონადი ფიგურა ნამდვილად არ არის.
ემოციურად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის შესაძლოა მტკივნეული იყოს, ან მიკერძოებულად მომეჩვენოს რაღაც, მაგრამ ეს ყველაფერი ერთადერთი საწყისით უნდა ავხსნათ - ეს არის გულშემატკივრების მიერ გაკეთებული რეკომენდაცია.
შესაძლოა, არის კიდეც გადაჭარბებული შეფასებები, მაგრამ როდესაც ისინი იმყოფებიან ქვეყნის გარეთ, წყარო საქართველოშია და აწვდის ასეთ ინფორმაციას, მათი პოზიცია ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ყალიბდება.
შენიშვნები შეეხება კონკრეტულ თემებს, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს, საუბარია, რომ პოლიკური კონტექსტი გამოირიცხოს, ბაჩო ახალაიას, რომ გახანგრძლივდა მისი პატიმრობა და ა.შ. საქართველოს ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მსგავსი შენიშვნები აიცილოს? საზოგადოება ამას აღიქვამს ისე, რომ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, ხოლო ახალაია ციხიდან გამოუშვან...
- თუკი ვინმე ასე ფიქრობს, არ არის სწორი. ასევე არ არის სწორი, როდესაც მსჯელობენ რეზოლუციის სავალდებულო თუ არასავალდებულო ძალაზე. დიპლომატიაში გამოცდილმა ადამიანებმაც კი ჩემდა გასაოცრად გააკეთეს ასეთი დასკვნები, რომ მერე რა მოხდა, რომ ეს წერია. შესაძლოა, ეს არ არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მისი აღსრულება ვინმეს დაევალოს, მაგრამ თუ ვისაუბრებთ რეკომენდაციები არის თუ არა სავალდებულო, - ევროპაში ყოფნას, ნატოსკენ სწრაფვას, ასოცირების ხელშეკრულებას გვავალდებულებს ვინმე? - თუ ეს ჩვენი არჩევანია, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ეს არის ჩვენი საშინაო დავალება და გვეუბნებიან, რომ ისინი ამ წესებით ცხოვრობენ და ეგებ ამ საკითხებს ჩვენც მივხედოთ.
რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, ვერავინ ვერ მისცემს თავს უფლებას, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული მითითება მისცეს საქართველოს ხელისუფლებას. შესაბამისად, ერთადერთი ამოცანაა კვალიფიციური გამოძიება.
შეიძლება ერთი დღით მეტი დრო დასჭირდეთ, მაგრამ სათანადო, უტყუარი მტკიცებულებები უნდა შეკრიბონ. რაც შეეხება ახალაიას, მაშინვე ვამბობდი, რომ ჯერ პირი დააკავო და მერე გამოიძიო, არ არის გამართლებული. ამ მეთოდით მუშაობდა წინა ხელისუფლება და იმის წინა ხელისუფლებაც და ეს არ არის სწორი. ბუნებრივია გამოძიების ხარისხი გასაუმჯობესებელია და ეს არ უნდა მოხდეს კანონის მორგების ხარჯზე.
გავიხსენოთ ამ ყველაფერს რა უძღვოდა წინ - ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად მიკერძოებულ აღქმას აღრმავებდა და კვებავდა ის, რომ ამ ადამიანების მიმართ ჩვენივე სასამართლომ გამამართლებელი განაჩენები გამოიტანა. იმათ არ იციან მტკიცებულებები არსებობდა თუ არა, იციან მხოლოდ ის, რომ ესენი იყვნენ პოლიტიკური ფიგურები, სასამართლომ მათ მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი და ისევ გისოსებს მიღმა სხედან.
გარდა ამისა, ამ თემებზე მსჯელობისას, არ უნდა გამოგვრჩეს ნატოს მაღალჩინოსნების, ევროკომისრების კომენტარები, რისი ბოლო წვეთიც იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რაც პროგნოზირებადს ხდიდა ამ ყველაფერს.
„ევროპის სახალხო პარტიაც“ ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს...
- შეგნებულად არ ვიშველიებ პოლიტიკური გაერთიანებების კომენტარებს. ევროპასა და ამერიკაში, დემოკრატიის ხარისხთან მიმართებაში კითხვები არ არსებობს და ორივე მხრიდან იყო მსგავსი შენიშვნები. ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს დამაფიქრებელი უნდა ყოფილიყო. მედია და საზოგადოება აქტიური უნდა იყოს, რათა ხელისუფლებამ მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, უზრუნველყოს ისეთი გარემო, რომ ყველამ ერთად ვიაროთ დემოკრატიული გზით. ან უნდა ვთქვათ, რომ არ გვინდა და ამით დამთავრდება ეს ყველაფერი.
რეზოლუციიდან გამომდინარე ელოდებით, რომ საკრიტიკო თემების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვლება, ან უბრალოდ, იძულებული გახდება, ტაქტიკა შეცვალოს?
- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებამ დიდწილად შეუწყო ხელი, რომ ეს რეზოლუცია ასეთი ყოფილიყო - ფაქტობრივად, ყველა ინსტიტუტის შენიშვნების აკუმულირება მოხდა. ეს მტრის განცხადებებად კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ - პირიქით - ეს არ არის სივრცე, რომლისკენაც ჩვენ გეზი გვაქვს აღებული. ამგვარი განცხადებები ხომ არ გვინახავს რუსეთის მხრიდან? - რა გამოდის, რუსეთი ჩვენი მეგობარია, ამერიკა და ევროპა მტრები? ეს ხომ ასე არ არის!
გასაგებია ქართველ პოლიტიკოსთა მხრიდან პოლიტიკური ქულების დაგროვების მცდელობა, მაგრამ ამერიკული და ევროპული შეფასებები ხომ ჩვენთვისვე არის სასარგებლო.
ეს არის საკითხის ერთი მხარე, თუმცა, არსებობს მეორეც - ფაქტია, რომ იგივე „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ სოლიდური ლობისტები ჰყავდა და პირადი კონტაქტების თუ ლობისტების მეშვეობით დღემდე ის ინფორმაცია მიდის დასავლეთში, რაც დღევანდელ საპარლამენტო უმცირესობას აწყობს...
- არ მგონია, რომ დასავლეთში ერთი წყაროდან იღებდნენ ინფორმაციას. გარდა ამისა, საკუთარი წარმომადგენლები ჰყავთ აქ. ეს არ არის ასე ადვილად განსახილველი თემა. გეთანხმებით, რომ შესაძლოა, მძლავრი მხარდამჭერი ჰყავდეთ, მაგრამ თუ საფუძველი არ არსებობს, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდეს, მხოლოდ მხარდამჭერების მეშვეობით ვერ ჩამოყალიბდება განწყობები. თვითმმართველობასთან დაკავშირებით ლობმა ვერ იმუშავა? რატომ მოხვდა რეზოლუციაში ამ თემასთან დაკავშირებით დადებითი შეფასება?
ნაციონალების მთავარი პრობლემა თვითგადარჩენაა და აქცენტის სწორედ ამ თემაზე გადატანაც ლოგიკურია...
- რატომღაც მხოლოდ ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებული შენიშვნები მოექცა ყურადღების ცენტრში, მაშინ, როდესაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იგივე, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული თემა. იგივე მედიასთან დაკავშირებით იმსჯელა ვინმემ?
მთავრობა იმის მაგივრად, რომ გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ უცხოელები თვალყურს ადევნებენ, იმაზე ვაჭრობს, მოსმენის გასაღები დათმოს თუ არ დათმოს. ნუთუ არ ფიქრობენ, რომ შესაძლოა, შემდეგ მოხსენებაში ეს თემაც მოხვდეს? ამაშიც ვიღაც იქნება დამნაშავე? ეს პროცესი ხომ ქვეყნის შიგნითაც არაჯანსაღად წარმოჩინდება? - ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.
კიდევ ვიმეორებ ეს მხოლოდ რეკომენდაციებია, კეთილი სურვილები ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ რეზოლუცია.