მოსკოვი აფხაზეთს გაგრას ართმევს

მოსკოვი აფხაზეთს გაგრას ართმევს

ამ თვის ბოლოს მოსკოვში „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციიის საკითხები“ განიხილება. სოხუმის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვი აფხაზეთისთის გარკვეული ტერიტორიების წართმევას აპირებს. თბილისში გმობენ აღნიშნულ მოლაპარაკებებს. 

ე.წ. რუსულ-აფხაზური ორმხრივი კომისია მუშაობას 28 მარტს დაიწყებს და 1 აპრილს დაასრულებს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმის დელეგაციამ აღნიშნული სხდომისათვის სხვა და სხვა სახის დოკუმენტები მოამზადა, „მათ შორის - საარქივო მასალები და კარტოგრაფიული დოკუმენტაცია“.

აფხაზურ პრესასა და საზოგადოებაში ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება ე.წ. ხელისუფლების კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა მხარემ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის სხდომაზე შეთანხმების პროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიის 160 კვადრატული კილომეტრის დათმობას მოითხოვს.

„პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელმა ვალერი კვარჩიამ უარი განაცხადა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე. ელემენტარული ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში კომენტარზე უარის თქმა ფაქტის დადასტურების ტოლფასია. რადგან იმ შემთხვევაში, თუ გავრცელებული ინფორმაცია სიყალბეა, მას არაფერი, არც სხვათაშორის სამსახირებრივი ეთიკა ხელს არ შეუშლიდა, უარეყო ეს ინფორმაცია“, - წერს აფხაზეთის ერთ ერთი ოპოზიციური გამოცემა.

ამასთან ერთად, კერძო საუბრებიდან ასევე ირკვევა, რომ თავად რუსეთის ელჩმა აფხაზეთში დოკუმენტის ხელმოწერამდე მოითხოვა დაებლოკათ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სადემარკაციო საქმეებს შეეხება,

მავანნი დეფაქტო პრეზიდენტის სიტყვებს იმოწმებენ, თითქოს ბაღაფშმა განაცხადა, რომ - „გავწვები, გადავდგები, მაგრამ ამ დოკუმენტის გათრევას არ დავუშვებ, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი მთელს თავის მთიან ტერიტორიის ნაწილს კარგავს“, – წერს აფხაზური მედია და აღნიშნავს - „160 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია რუსეთისათვის ძალიან მცირეა, აფხაზეთისათვის კი - არა“.

„როგორც ქართულ-აფხაზური ომის ერთ-ერთმა ვეტერანმა აღნიშნა ეს არის ზემო და ქვემო ეშერის ტერიტორია, რომლის აღმოსავლეთით, ომის დროს მთავარი საცეცხლე ზღვარი გადიოდა“, - წერს მედია.

მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე თვის ბოლოს ე.წ. რუსულ-აფხაზური ორმხრივი კომისია შეიკრიბება, რომელიც „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციიის სამუშაოს საკითხებს განიხილავს“. კომისია მუშაობას 28 მარტს დაიწყებს და 1 აპრილს დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფხაზურმა დელეგაციამ აღნიშნული სხდომისათვის სხვა და სხვა სახის დოკუმენტები მოამზადა, მათ შორის საარქივო მასალები და კარტოგრაფიული დოკუმენტაცია.

სააგენტო „ჯი–ეიჩ–ენი“ წერს, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს მძიმე დრო დაუდგა - „კრემლი მისგან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლასა და ტერიტორიის 160 კვადრატული კილომეტრის დათმობას მოითხოვს. მოსკოვის მოთხოვნის მიხედვით გაგრის რაიონი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უნდა იყოს, სეპარატისტები კი აფხაზეთის დარჩენილი ტერიტორიით უნდა დაკმაყოფილდნენ“.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სეპარატისტული ხელისუფლების მიერ მოსკოვთან მიმართებაში გატარებულ პოლიტიკაზე საუბრობს და მომავლის სავარაუდო მონახაზს აკეთებს - რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ბაღაფში ამგვარ დათმობაზე წავა? აფხაზი ჟურნალისტის განცხადებით, მოსკოვის სურვილის დაკმაყოფილება აფხაზეთის გარდაცვალების ტოლფასი იქნება:

„როგორც ჩანს, სერგეი ბაღაფშს თავის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე მთავარი გამოცდა ელოდება. ამ გამოცდასთან შედარებით, არაფერია დრამატული მოვლენები, რომლებიც 2004 წელს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით მოხდა, რომელთა შედეგადაც სერგეი ბაღაფში ხელისუფლების სათავეში მოვიდა. ახალი გამოცდა პირდაპირაა დაკავშირებული აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის დემარკაციის საკითხთან.

ამჟამად მოლარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეები კომენტარებისა და განცხადებებისგან თავს იკავებენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პერიოდი მალე დასასრულს მიუახლოვდება.

ეს პასუხისმგებლობის საკმაოდ მძიმე ტვირთია - ინფორმაციის გარეშე ამყოფო საკმაოდ პოლიტიზირებული აფხაზური საზოგადოება. ტვირთი კი მართლაც მძიმეა. აფხაზური პარლამენტიდან გამოჟონილი ინფორმაციით, რუსული ხედვა იმისა, თუ სად უნდა გადიოდეს საზღვარი - ინფარქტულ-ლეტალურია სოხუმისათვის. მოსკოვი თავაზობს ან მოითხოვს (ვის როგორ მოსწონს) მისცენ მას აფხაზური ტერიტორიის 160 კვადრატული კილომეტრი, ანუ გაგრის რაიონის პრაქტიკულად მთელი სამხრეთ-დასავლეთი.

რაში დასჭირდა მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანას, იაპონიასთან კურილიის კუნძულების გამო კვლავ ამოტივტივებული პრობლემის ფონზე კიდევ ერთი ტერიტორიული ნაღმი? კითხვა რიტორიკულია თავად რუსებისთვისაც კი, მაგრამ პატარა აფხაზეთისათვის, მისი მასშტაბებით ამდენად დიდი ტერიტორიის დაკარგვა - კატასტროფის ტოლფასია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელი სულაც არ არის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარება - აზრი იმთავითვე ცხადი და გასაგებია, რომ ყველა წინააღმდეგი იქნება. ამ მიწისთვის ხომ ჯერ კიდევ სულ ახლახანს (1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს) ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა, იმისათვის, რომ აი ასე უბრალოდ უარი ითქვას მასზე, თუნდაც მსოფლიოში აფხაზეთის ერთადერთი რეალური პარტნიორის სასარგებლოდ.

ამის მიუხედავად, იგი ამ საკითხის ინიცირებას ახდენს, ალბათ იმედი აქვს, რომ აფხაზეთის ხელისუფლება გაგებით მოეკიდება ამ საკითხს.

ოფიციალური სოხუმი ხომ გაცილებით უფრო დამყოლია, დამთმობია და რაც ყველაზე მთავარია - მადლიერია, ვიდრე ისინი, ვისაც ეს ხელისუფლება წარმოადგენს. რაღაც გარკვეული დაკვირვების გამოცდილება კრემლს ამასთან მიმართებაში უკვე აქვს და სოხუმისათვის ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებით, რუსეთი რეალურად ალბათ იმედოვნებს 160 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის მთლიანად თუ არა ამ მიწის ნახევრის მიღებას მაინც.

არგუმენტები კი, რომელთა გამოც ტერიტორიული დათმობებზე წასვლა შეიძლება, საკმარისია და, დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლობის აღიარების შეხსენება მოლაპარაკებათა მაგიდასთან მთავარი ბერკეტი როდია. ზეწოლის ძირითადი ბერკეტი - მატერიალურია.

ფინანსურმა წვიმამ, რომელმაც აფხაზეთს ბოლო ორი წლის განმავლობაში აწვიმა, მაინც ვერ შეძლო აფხაზეთის ეკონომიკის ფეხზე დაყენება, თუმცა უწესობამდე გაამდიდრა ადგილობრივი ბიუროკრატია.

ის, რომ მოსკოვი შესაშური გულმოდგინებით აკვირდება, თუ როგორ ილექება რუსი გადამხდელის მიერ გადახდილი თანხა აფხაზი ჩინოვნიკების ჯიბეებში და ის რომ რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა სერგეი სტეპაშინმა რუსული ფინანსური დახმარების ხარჯვის შემოწმებისას 347 მილიონი რუბლის დანაკლისი აღმოაჩინა და ამას არა ქურდობა არამედ უცნაური ტერმინი „გაძვირებულობა“ უწოდა, არ უნდა იქნეს აღთქმული, როგორც დიდსულოვნება და მით უფრო - დახმარების გამღები ხელის სისუსტე.

კრემლის ტრადიციებში არ შედის წვრილმანებზე ჩაციკვლა, მით უფრო, როდესაც წინასწარ იცი, რომ ეს „გაძვირებულობა“ წინასწარ იყო გათვლილი და განსაზღვრული. და ამას „აფხაზ ჩინოვნიკებში ინვესტირება“ ეწოდება.

უნდა ითქვას, რომ ძალიან მომგებიანი ბიზნესია. ჩადებ ერთ მანეთს და აიღებ ასს. გასულ წელს, ხელისუფლების მთელი რიტორიკა მიმართული იყო ხალხის „სწორ რელსებზე“ დაყენებისკენ, რომელიც „რუსეთის სიყვარულამდე“ მიდიოდა (ამასთან ერთად, სამშობლოზე არ იყო ნათქვამი არც ერთი სიტყვა). ესაა მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ხარჯვის ამგვარი ნაწილი და რატომაც არ უნდა ამოქმედდეს იგი ახლა?

თუმცა, თუ რუსეთისათვის პირობით 1 რუბლად სამი ელიტარული რეზიდენციის გადაცემის - ყოფილი ლიდერების სახელმწიფო აგარაკების - ხრუშჩოვის, გორბაჩოვისა და ბერიას ან მაგალითად, სახელმწიფო კორპორაცია „როსნეფტისათვის“ აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოძიებისა და მოპოვების ექსკლუზიური უფლების გადაცემისას აფხაზეთის ხელმძღვანელობა კიდევ პოულობდა არგუმენტებს საზოგადოების თვალში თავიანთი მოქმედებების გასამართლებლად - „ეს აგარაკები არასოდეს ყოფილა ჩვენი“, „თუ ნავთობს არ მოვიპოვებთ, მას სხვა ამოქაჩავს“ და „საერთოდაც უნდა იცოდე, რომ უნდა იყო მადლობელი“ - ახლა შესაბამისი გამამართლებელი ახსნა-განმარტების მოძებნა საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით და ახსნა იმისა, თუ რატომ უნდა მივცეთ ჩვენი მიწის უზარმაზარი ნაწილი რუსეთს - შეუძლებელია.

ამასთან ერთად, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ კრემლისათვის ტერიტორიული პრეტენზიები პრინციპული საკითხია, მაშინ სერგეი ბაღაფშს ნებისმიერ შემთხვევაში კარგი დღე არ ელოდება. მიწა რომ არ დაუთმოს, მაშინ პასუხად აფხაზეთის მიმართ რუსული ფინანსური დახმარება საგრძნობლად შესუსტდება. თან, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი 70%-ით რუსეთის დოტაციით ივსება, ეს ქვეყანაში დესტაბილიზაციამდე და ხელისუფლების შეცვლამდე მივა. დაუთმობენ მიწას - მაინც დესტაბილიზაცია და ვადამდელი გადადგომა იქნება.

მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ კრემლში ვიღაცამ ხუმრობა გადაწყვიტა“...

ამ ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს გმობს:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განაცხადოს, რომ ერთადერთ მხარეს, რომელთანაც შესაძლებელია მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.

საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შორის ე. წ. მოლაპარაკებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე არის უკანონო და მათ შორის მიღწეულ შეთანხმებებს არ ექნება არავითარი სამართლებრივი შედეგები“.