,,არ მესმის, ისრებს ირაკლი ალასანიასკენ რატომ ისვრიან’‘

,,არ მესმის, ისრებს ირაკლი ალასანიასკენ რატომ ისვრიან’‘

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოში სირიელი მეამბოხეების შესაძლოწ ვრთნის დაწყების შესახებ, კიდევ ერთი მიზეზი გახდა, რომ საზოგადოებას ირაკლი ალასანიას მორიგ ავანტიურაზე ემსჯელა. ითქვა, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკურად ამბიციური მინისტრი, ამერიკელების მხარდაჭერის მოპოვებით კოალიციაში პოზიციების გამყარებას ცდილობს, თუმცა ამჯერად თამაში  წარმატებით ვერ დაასრულა. გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ალასანიას თანაპარტიელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ,,ვერსიასთან’‘ აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს ერთი ლიდერი - პრემიერი ჰყავს და ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედ მასთან თანხმდება 
- ,,ქართული ოცნება’‘ კოალიციურ რეჟიმში მუშაობს - ნებისმიერი მიმართულებით გუნდი ერთსულოვანია. ყველა საკითხი პრემიერთან თანხმდება, მით უმეტეს, ისეთი მნიშვნელოვანი, რაც სამხედრო პოლიტიკასა და თავდაცვისუნარიანობას უკავშირდება. რაც შეეხება კონკრეტულად დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა საქართველო იყო და არის აშშ-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ერაყსა და ავღანეთში ანტიტერორისტულ ოპერაციებში ვმონაწილეობთ და უკვე დავამტკიცეთ, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების კონტრიბუტორები ვართ. თუ კოალიციაში თანამშრომლობას სხვა მიმართულებით გავაღრმავებთ, ეს მხოლოდ ირაკლი ალასანიას კი არა, მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი გადაწყვეტილება იქნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამ შემთხვევაში ცალკე ვერ იმოქმედებს.  

- სირიელების საწვრთნელ ბაზად საქართველოს ტერიტორიის შეთავაზებაზე დასავლური მედია წერდა, რასაც არჩილ გეგეშიძეც ადასტურებდა. იმედია, არ იტყვით, რომ დასავლეთშიც მედიას ნაციონალები აკონტროლებენ.   
- ზოგადად, ნებისმიერი მსგავსი თემა ორმხრივი შეთანხმების შედეგია და როგორც წესი, ცალმხრივი სურვილები არაფერს ნიშნავს. ელჩმა განმარტა, რომ განცხადება სხვა კონტექსტში გააკეთა და არ მესმის, ახლა ისრებს ირაკლი ალასანიასკენ რატომ ისვრიან.  

- ანუ ეს ინფორმაცია ირაკლი ალასანიას დისკრედიტაციისთვის გავრცელდა 
- არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ალასანიას ვინმე ებრძვის. ოპონენტებს არ ვგულისხმობ, რომლებიც უელსის სამიტზე მიღწეული შედეგების გაუფასურებასაც კი ცდილობენ. მათი განცხადებები პასუხის გაცემადაც არ ღირს.  

- რამდენიც უნდა ამტკიცოთ, რომ ალასანიას პოლიტიკური მიზნები კოალიციის დანარჩენ წევრებს არ ანაღვლებთ, ამის შესახებ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შემდეგ გახდა ცნობილი... 
- ორი წელია ამას ამტკიცებენ, მაგრამ კოალიციიდან არავინ წასულა. 2016 წლამდე ეს ერთიანობა შენარჩუნდება და მის დაშლაზე საუბარიც ზედმეტია. სააკაშვილმა იმდენად მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა, მისი გამოსწორება და შემდეგ გაგრძელება საკმაოდ რთულია. ახლა კინკლაობისთვის არავის სცალია და მერწმუნეთ, არც არავინ კინკლაობს.  
- იქნებ გიორგი მარგველაშვილსა და მთავრობას შორის უთანხმოებაც უარყოთ, რომელიც პარლამენტის დათხოვნაზე საუბარსაც არ ერიდება. გაერო- სამიტის დასრულებისთანავე დავა ამჯერად იმაზე განახლდა, ვინ გაემგზავრება დავოსში, პრემიერი თუ პრეზიდენტი 
- პრეზიდენტსა და მის ინსტიტუტს საფრთხედ ვერ აღვიქვამ, ის კოალიციის წევრია, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში გუნდმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. გიორგი მარგველაშვილს წარმატებებს ვუსურვებ. გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა ვცეთ, ისევე როგორც მთავრობასა და პარლამენტს. ეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.  

- პრეზიდენტის წინააღმდეგ განსაკუთრებით თქვენი თანაპარტიელები, ალექსანდრე პეტრიაშვილი და თეა წულუკიანი აქტიურობენ. ეს ერთგვარი შურისძიება ხომ არ არის იმის გამო, რომ თავის დროზე საპრეზიდენტო კანდიდატად ირაკლი ალასანია არ დასახელდა? 
- სასაცილოა. ალექსანდრე პეტრიაშვილმა პირადი აზრი გამოთქვა და ლოგიკურია, რომ გაერო-ს ასამბლეაზე საქართველოდან ორი უმაღლესი რანგის დელეგაცია არ უნდა წასულიყო. მინისტრებიც ადამიანები არიან და შეიძლება ზოგჯერ პირად მოსაზრებებს საჯაროდ აფიქსირებენ, მაგრამ ვიმეორებ, სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემის გარეშე ქვეყანას ვერ ავაშენებთ. დარწმუნებული ვარ, ამ გზას არასოდეს გადავუხვევთ და საზოგადოებაც პროცესს საღად აფასებს.  

- საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას უუნაროდ მიიჩნევს 
- უუნარო ვინ იყო და ვინ სანამდე მიიყვანა ქვეყანა, კარგად ვნახეთ. შედეგიც სახეზეა - ქართველმა ხალხმა ნაციონალებს განაჩენი არჩევნებზე გამოუტანა. 
- თქვენ გაამართლეთ ამომრჩევლის იმედი? 
- ორ წელში იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე საზოგადოებას დავპირდით, მაგრამ გაკეთებული საქმეები არ პიარდება, რადგან რეკლამაზე გათვლილი პოლიტიკა არ აგვირჩევია. სოციალური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.  

- გადაჭარბებულ დაპირებებზე იმ ფონზე საუბრობთ, როცა სამინისტროები ბიუჯეტის ათვისებასა და დაწყებული პროექტების გაგრძელებასაც ვერ ახერხებენ 
- ვიცი, რომ პენსიონერს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი პენსია და ის საარსებო მინიმუმამდეა ასაწევი. ისევ უამრავი ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა, ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ ისიც უნდა დავინახოთ, კახეთში გლეხი ყურძენს როგორ ყიდის. ბევრი დღემდე მეკითხება, რატომ ინარჩუნებენ ნაციონალები სამსახურებს - თანამდებობებიდან არავინ გაგვითავისუფლებია იმის გამო, რომ ისინი ნაციონალების დროს მუშაობდნენ. საერთაშორისო დონეზე რთულია დადგენაც, სამართლიანობის აღდგენა იმას ნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია თუ უფრო სამართლიანია წინ წავიდეთ, წარსულს თავი დავანებოთ და სააკაშვილი, უგულავა და მერაბიშვილი არ დავიჭიროთ. პირადად მე და არცერთ პოლიტიკოსს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაუსჯელები დავრჩებით და ყველაფრის უფლება გვაქვს.  

- პროკურატურისთვის საქმეების გამოძიებაც პრობლემა გახდა და ხშირ შემთხვევაში უწყება მხოლოდ იმას ახერხებს, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები დასავლეთში პოლიტიკურ დევნად შეფასდეს 
- გგონიათ ათასობით გაუხსნელი საქმის ბოლომდე მიყვანა ადვილია? გეთანხმებით, გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს, პროკურატურას მეც ამისკენ მოვუწოდებ. თუმცა პროკურატურამ საზოგადოების შეკითხვებს პასუხი უკვე გასცა, ახლა ჯერი სასამართლოზეა. საბედნიეროდ, დღეს პარლამენტიდან არავინ ურეკავს მოსამართლეს, მისთვის სასურველი განაჩენი გამოიტანოს. ცოტა ხნის წინ ამას ადეიშვილი წყვეტდა და მოკლე მეხსიერება ნუ გვექნება. ხალხის თავისუფლად სუნთქვაც იმხელა მიღწევაა, რომ... მთავარი არაა, მაგრამ სოციალურ სფეროში ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსები ჩავდეთ, რაც ნაციონალებს წლების განმავლობაში არ გაუკეთებიათ. ისინი მხოლოდ კერძო კომპანიებს აფინანსებდნენ, საიდანაც მოგვიანებით კოლოსალური თანხები იკარგებოდა. ჩვენც შეგვიძლია მათ მსგავსად, თუნდაც მოსამართლეს დავურეკოთ და საკითხი რამდენიმე წუთში გადავწყვიტოთ, მაგრამ  ეს ეპოქა ქვეყანაში დასრულდა. მირჩევნია პროცესი დროში გაიწელოს და კანონს არ გადავაბიჯოთ, ვიდრე იმ სისტემით მუშაობა განვაგრძოთ, როგორიც ავტოკრატმა სააკაშვილმა შექმნა.
  
- ფიქრობთ, ამ ტემპით მუშაობის შემთხვევაში მომავალ არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ისევ დაიმსახურებთ 
- იმედი მაქვს, მომავალ არჩევნებშიც გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს მხოლოდ საზოგადოების გადასაწყვეტია. ქართველმა ხალხმა უკვე გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი, როცა პოლიტიკურ იარაღად საარჩევნო ბიულეტენი გამოიყენა და ასე შეძლო პოლიტიკური სიმპათიის გამოხატვა. ამის შესაძლებლობა სააკაშვილის დროს არ არსებობდა, დღეს კი, მთელი მსოფლიო საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე საუბრობს.