ევროსაბჭოს ანგარიშში საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაძაბული ურთიერთობაც მოხვდა. დოკუმენტში საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობის ზრდაზე, რომლებიც ვერ თანხმდებოდნენ, ვინ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ევროსაბჭო შეშფოთებას გამოთქვამს იმ გადაწყვეტილებაზეც, რომლის თანახმადაც ბაჩო ახალაია საქმის სასამართლოში მიმდინარეობისას 9 თვეზე მეტი გააჩერეს ციხეში, რაც კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
რატომ გაამახვილა ევროსაბჭომ ყურადღება ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, როდესაც ის ძირითად აქცენტებს ყოველთვის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ამახვილებს ხოლმე?
"ალიას" პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა:
- როდესაც სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირებს შორის არსებობს გაუგებრობა, ცხადია, ეს გარკვეულ უხერხულობას უქმნის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს ურთიერთობა ქვეყნის ხელისუფლებასთან. თუ თავად საერთაშორისო ორგანიზაციები დაიწყებენ გადაწყვეტას, ვის რა ფუნქცია აქვს ჩვენ ქვეყანაში, ნამდვილად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან. იმიტომ მახვილდება ყურადღება ამ საკითხზე, რომ ამით მკაფიოდ მიანიშნებენ საქართველოს ხელისუფლებას, ასე იყო, მაგრამ ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს. რასაკვირველია, როცა ამ დოკუმენტს იღებდნენ, მაშინ არ იცოდნენ, რომ თურმე ნიუ-იორკის შემდეგ ჩვენი თავსატეხი და ქვეყნის დავიდარაბა ასოცირებული იქნებოდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმთან.
- რამე უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს უცხოეთში, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ?
- მათი შერიგება უკვე დაგვიანებულიც არის, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. პრემიერსა და პრეზიდენტს შორის გაუგებრობისა და უთანხმოების შესახებ პირველად ბატონი ივანიშვილის მიერ გაჟღერდა. ალბათ, ყველაზე მარტივი გამოსავალი ამ ვითარებიდან იქნება, რომ ამ დაპირისპირების ავტორმა მოხსნას თემა დღის წესრიგიდან და არანაირი შეზღუდვა არ მოითხოვოს მთავრობისგან პრეზიდენტთან ურთიერთობისას. ამის წინაპირობა არსებობს. ჩვენი ქვეყნის ორივე ახალგაზრდა ლიდერი საკმაოდ ზრდილობიანი ადამიანები გახლავან, მათ, განსხვავებით მათი მხარდამჭერებისგან, არაფერი უკადრებიათ ერთმანეთისთვის, ყოველთვის თავშეკავებული იყვნენ, როცა ერთმანეთზე საუბრობდნენ, ამიტომ დავაცადოთ ამ ადამიანებს პირადი კომუნიკაციების გზით უფრო მალე აღმოიფხვრება ეს კონფლიქტი, ვიდრე იმ ხალხის დახმარებით, რომლებიც პრეზიდენტის მიმართ უკმეხი განცხადებების გაკეთებით ცდილობენ, დაიმსახურონ ურყევი "მეოცნების" სტატუსი აწ და მარადის.
კულისებს მიღმა რა ხდება, ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ის რეალობა, რომელსაც ტელევიზიითა და გაზეთებით ვაკვირდებით. ამდენად, საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დედაქალაქის მერისა და სხვა წარჩინებულ "მეოცნებეთა" საქმიანობისთვის რეალურად იყოს დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას. დაე, ყველა მაღალი თანამდებობის პირმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება და თვითონვე აგოს პასუხი ამ გადაწყვეტილებაზე. მე კონსულტაციებისა და რჩევების აკრძალვას არ ვგულისხმობ, კი ბატონო, ვისაც სურს, იმისგან მიიღოს რჩევა, ვისგანაც სურს, ის აირჩიოს კონსულტანტად, მაგრამ საქმიანობის შეზღუდვა და რაიმე ულტიმატუმები ასეთ პერიოდში ვნებს ქვეყანას და ძალიან ახალისებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი აუგისმსურველნი არიან.
- მმართველი გუნდი ამბობს, რომ უმაღლეს პირებს შორის დაპირისპირება აწყობს "ნაციონალურ მოძრაობას". უმრავლესობის წევრები რატომ არაფერს აკეთებენ, რომ ეს კონფლიქტი დაარეგულირონ?
- ძალიან მძიმე შესაფასებელია, რადგან გამოდის, რომ ერთმანეთს ემთხვევა "ნაციონალური მოძრაობისა" და იმ მაღალჩინოსანთა ინტერესები, რომლებიც აშკარად ცალ მხარეს იჭერენ და აღვივებენ დაპირისპირებას. ამით მხოლოდ კარგავენ ავტორიტეტს საზოგადოებაში. რადგან აგდებული ფრაზეოლოგიით მოიხსენიებენ ხოლმე ჩინოვნიკები პრეზიდენტს. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ნებადართული თავხედობაა, ხოლო ვინ იძლევა თავხედობასა და უმსგავსო გამონათქვამების ტირაჟირებაზე თანხმობას, ამას, მგონი, მკითხველი თავად გაარკვევს.
- ევროსაბჭოს დოკუმენტში, ასევე, მოხვდა ბაჩო ახალაიას საქმე. ევროსაბჭო პრეტენზიას უყენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის 9 თვის განმავლობაში მოტივაციის გარეშე გააჩერეს საპატიმროში. ასევე, მოწოდებაა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მყარი მტკიცებულებები დაიდოს. რატომ არ მისდის ევროსაბჭოს ობიექტური ინფორმაცია, ახლა ხომ იქ უმრავლესობით "ოცნების" დეპუტატები ჩადიან?
- ხელისუფლებას საინფორმაციო პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია, ხოლო შედეგიანობის თვალსაზრისით გამოდის, ერთი ცალკე აღებული გიორგი კანდელაკი უფრო ეფექტურია, ვიდრე მთლიანად აღებული საგარეო საქმეთა სამინისტრო.
- როგორ ფიქრობთ, აგორდება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა დავოსში წასვლაზე?
- ამ შემთხვევაში ადვოკატად დავუდგები საგარეო საქმეთა სამინისტროს, რადგან წერილობით მოწვევა იყო პრემიერ-მინისტრის მიმართ რამდენიმე თვის წინ, ხოლო პირადი შეხვედრისას ამ ფორუმის პრეზიდენტისგან მიწვევა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა. ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერაფერს დავაბრალებ, თუმცა გადამეტებული მცდელობა, ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოაჩენს ხოლმე ამ სამინისტროს და მის ხელმძღვანელ პირებს.
უნდა წავიდეს ის, ვისი წასვლის მიზანშეწონილობასაც პირადი საუბრისას გადაწყვეტენ პრემიერი და პრეზიდენტი.