ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციით „ქართული ოცნება“ განაწყენებული დარჩა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი გახარებული. უმცირესობა მიიჩნევს, რომ ევროპაში ღარიბაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკამ ფიასკო განიცადა, უმრავლესობა კი, დოკუმენტში აპოკალიფსურ სურათს ვერ ხედავს და „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ მიზნებზე აპელირებს.
რეზოლუციაში, რომელიც ევროსაბჭომ 103 მომხრე ხმით 27-ის წინააღმდეგ მიიღო, საუბარია ყოფილ მაღალჩინოსნებზე. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებაზე, პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილზე, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიაზე.
ოპოზიციონერი დეპუტატის, გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, სამთავრობო დელეგაცია რეზოლუციის უკან გაწვევას ითხოვდა, მაგრამ დოკუმენტი მიღებულია ყველა იმ შენიშვნით, რომელიც პროლიტიკურ დევნას ეხება. მისი მტკიცებით, დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება წინასწარი დაკავების ინსტიტუტის პოლიტიკური მოტივით გამოყენების გამო და აღნიშნულია, რომ ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი პატიმრობაშია.
„გამოთქმულია შეშფოთება ოპოზიციური ლიდერებისა და მათი ოჯახების ქონების დაყადაღების გამო. ასევე მთავრობის მიმართ გამოთქმულია მოწოდებები, რომ მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის ნორმების და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულფასოვანი ამოქმედება უსწრაფესად მოხდეს. ამასთანავე, დოკუმენტში არის მოწოდება, რომ განაჩენის გარეშე ბაჩო ახალაიას უსაშველოდ გაგრძელებული წინასწარი პატიმრობა შეცვლილი უნდა იქნას არასაპატიმრო ღონისძიებით. სამთავრობო დელეგაციის მიერ დაყენებული არც ერთი ცვლილება არ გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ღარიბაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკამ სრული ფიასკო განიცადა“, - აღნიშნავს გაბაშვილი, რომლის პოზიციაზე მისი თანაგუნდელი ნუგზარ წიკლაური.
for.ge-სთან საუბარში დეპუტატი აცხადებს, რომ რეზოლუციის შინაარსი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ვითარება საგანგაშოა და ეს უნდა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა იზოლაციის გზით წავა. წიკლაურის თქმით, ევროსაბჭო ევროპის სახელით საქართველოს ეუბნება, რომ ბაჩო ახალაია ციხიდან გამოშვებული უნდა იქნეს, რადგან ის სასჯელს ყოველგვარი ბრალის გარეშე იხდის.
„პრაქტიკულად ცივილიზებული სამყარო საქარათველოს მიმართავს, რომ პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს. ხელისუფლება ცდილობდა, რომ რეზოლუცია არ გასულიყო, მაგრამ ევროსაბჭომ დოკუმენტი მიიღო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ვითარება საგანგაშოა და ეს უნდა გამოსწორდეს, თუკი არ გვინდა, რომ ქვეყანა იზოლაციის გზით წავიდეს. არათუ, ხელისუფლების პოლიტიკამ განიცადა კრახი, არამედ ეს არის საქართველოს მხრიდან უკან გადადგმული ნაბიჯი“,- აღნიშნავს წიკლაური, რომლის პათოსს იზიარებს პავლე კუბლაშვილი.
კანონმდებელი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გონიერება უნდა ეყოს და ევროსაბჭოს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ დევნაზე არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და დასავლელი ლიდერები საუბრობდნენ, ხელისუფლება მათ აზრს „აიგნორებდა“.
„სამწუხაროდ, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე რეზოლუციაში არის საუბარი. იმედია, ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეყოფა და ევროსაბჭოს მკაცრ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. გამოთქმულ მოსაზრებებს ყურადღება დღეს და ახლავე სჭირდება“, - აცხადებს კუბლაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან განსხვავებით, ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში კატასტროფულს ვერაფერს ამჩნევს მმართველი ძალა. როგორც for.ge-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, რეზოლუციაში წინსვლაზეც ბევრი წერია და საქართველოში გატარებული რეფორმები დადებითად არის შეფასებული. მისი მოსაზრებით, დოკუმენტში არანაირი აპოკალიფსური სურათი არ იხატება.
„ოპონენტების აქტიურობის შედეგად, ბოლო მომენტში, ისეთი პუნქტები დაფიქსირდა, რომლის წინააღმდეგნიც ვიყავით. ამ რეზოლუციით კატასტროფული მაინც არაფერი არ ხდება. ნიშანდობლივია, რომ რეზოლუციის მხარი თავად ავტორებმა არ დაუჭირეს“, - აცხადებს დეპუტატი, რომლის მსგავსად, ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნასიამოვნები არ არის უმრავლესობის ლიდერი.
for.ge-სთან საუბარში დავით საგანელიძე აღნიშნავს, რომ ევროპელ ლიდერებს შეუძლიათ საქართველოში ჩავიდნენ და თავად ნახონ, ახალაია-მერაბიშვილ-სააკაშვილის საქმეები.
მისი განცხადებით, ის ძალიან წუხს იმის თაობაზე, რომ ისეთ სერიოზულ ორგანიზაციას როგორიც ევროსაბჭოა, ისეთი რეზოლუცია გამოაქვს, რომელიც ძალიან შორს არის სიმართლისგან.
„თვითონ ჩამობრძანდნენ, იურისტები ჩამოიყვანონ და ბაჩო ახალაიას, მიხეილ სააკაშვილის, მერაბიშვილისა და უგულავას საქმეები კარგად ნახონ. თუ მათ პოლიტიკაში დარჩენა უნდათ, ასე უნდა გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავიანთი ნათქვამი სიტყვის არ უნდა შერცხვეთ, რადგან საქართველო დემოკრატიული გზით მიდის. ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ფინანსურ მაქინაციებზე ეჭვები გამოითქვა და ასეთი პოლიტიკოსები შეეცდებიან იმას, რომ სხვა ქვეყნებში იყოს მაგალითი იმის, ახალმა ხელისუფლებამ თუ როგორ დახუჭა თვალები ყოფილი თანანმდებობის პირების შეცდომებზე“, - ამბობს საგანელიძე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე კი for.ge-სთან საუბარში ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ მისწრაფებებზე ამახვილებს და ამბობს, რომ როგორც ჩანს, სტრასბურგიდან ქართული რეალობა სხვანაირად ჩანს.
დოლიძის შეფასებით, საკითხს ხმა მომხსენებელმაც არ მისცა, რაც იმას ცხადყოფს, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ლობირება ხდება.
„ევროსაბჭოს მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვერ გავიზიარებ იმას, რაც რეზოლუციაში წერია, განსაკუთრებით ე.წ პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩამობრძანდნენ და საქმეები ნახონ, რადგან წინასწარ რეზოლუციაში იმის ასახვა არ შეიძლება, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილებაც არ გამოუტანია. როგორც ჩანს, სტრასბურგიდან ქართული რეალობა სხვანაირად ჩანს. რა თქმა უნდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუცია „ევროპის სახალხო პარტიის“ დახმარებით გაიტანა“, - აცხადებს დოლიძე.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობის მიუხედავად, რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში არ ჩაიწერა პუნქტი, რომელიც ქვეყანაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას ეხება. აღნიშნულ ფაქტს საკითხის მომხსენებელი მაიკლ იენსენი გამოეხმაურა და კმაყოფილება გამოხატა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი რეზოლუციის საბოლოო ტექსტში ვერ მოხვდა. მისი თქმით, მთავრობას ყოფილ პრემიერთან ლაპარაკის უფლება აქვს.
„მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ცვლილება, რომელსაც მხარი არ დავუჭირე, გავიდა და შევიდა რეზოლუციაში. კერძოდ, ის, რომ პროგრესს ბევრი რამ ჩრდილავს საქართველოში. არ ვფიქრობ, რომ პროგრესი არაა. ბევრი მიმართულებით არის პროგრესი და ეს უნდა ყოფილიყო დასასრულში. სახელები და გვარები დარჩა, დარჩა შეშფოთება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ შერჩევითი სამართლის გამო“, - აცხადებს იენსენი, საკითხის მეორე მომხსენებელი ბორის სილევიჩი კი ამბობს, რომ ასეთი დოკუმენტი საქართველოს ვერ დაეხმარება.
ევროპელი პოლიტიკოსის მოსაზრებით, დოკუმენტს დააკლდა პროგრესისა და მიღწევების აღნიშვნა.
„შეიძლება გარკვეული პრობლემები იყოს, მაგრამ საქართველო კი არ უნდა დავადანაშაულოთ, არამედ პირიქით, რეკომენდაციებით უნდა დავეხმაროთ. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა პოლარიზაციაა. ეს უკვე ნორმალურ პოლიტიკურ კონიუნქტურას სცდება. ჩვენი მიზანი და მისია უნდა იყოს ხელშეწყობა, რომ დაძლიოთ პოლარიზაცია. ერთად უნდა იმუშაოთ და არ იჩხუბოთ. ეს დაპირისპირება აქ გადმოვიდა. ნაწილმა წააგო, ნაწილმა მოიგო, რაც კონკრეტული ბრძოლაა. როგორც მომხსენებელი ვამბობ, რომ ასეთი მოქმედება და ასეთი დოკუმენტი საქართველოს ვერ დაეხმარება“, - დასძინა სილევიჩმა.