ერთჯერადი მიშა ვიზის გარეშე

ერთჯერადი მიშა ვიზის გარეშე

„ქართულ პრესაში კავკასიის საუკეთესო კლოუნის, ქვეყნის ექს-პრეზიდენტის საინტერესო და სახუმარო-თავშესაქცევი დეტალები ქვეყნდება. როგორც გაზეთი „ალია" იუწყება, მიხეილ სააკაშვილისთვის თურმე აშშ-ში სამუშაო ვიზაზე უარი უთქვამთ. მანამდე კი ტაფტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამაც აღარ მოისურვა მასთან კონტრაქტის გაგრძელება ლექციების წაკითხვის თაობაზე", - ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი - მაქსიმ კუპინოვი).

ჯერჯერობით უცნობია, რატომ აღარ სურს ცნობილ უნივერსიტეტს მიხეილ სააკაშვილის სალექციო ტალანტის გამოყენება? ნუთუ იგი ლექციებზეც აცინებდა სტუდენტებს თავისი კლოუნადის სოლონომრებით? ანდა შეიძლება იმას აჩვენებდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამერიკის ცაზე რუსული თვითმფრინავების გამოჩენისას? ან  როგორ დაეწყნარებინათ ემოციები ჰალსტუხის მეშვეობით?

ასეა თუ ისე, ახლა მიხეილ სააკაშვილი უმუშევარია. არადა, ქართველი ხალხის უანგარო სამსახურისთვის მან „დამსახურებული ჯილდო" მიიღო - იმდენი ქონება დააგროვა, რომ ხუთას წელს ეყოფა განცხრომით ცხოვრებისათვის, ინფლაციის გათვალისწინებით.

მაგრამ ამქვეყნად ხომ მარადიული არაფერია... საქართველოს პროკურატურამ ამასწინათ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქონებას და ანგარიშებს ყადაღა დაედო. ეს ნიშნავს, რომ ექს-პრეზიდენტს დაფიქრება მართებს - ვაითუ, მშიერი დარჩეს...

მიხეილ სააკაშვილს სამუშაო ვიზა სხვა მიზნითაც სჭირდება: იგი ძებნილია, მას ბრალდებები აქვს წაყენებული. თუ ექს-პრეზიდენტი აშშ-ის სამუშაო ვიზას ვერ მიიღებს, მას  უკვე ამ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. არადა, არის ცნობები, რომ ვიზა მას სწორედ ამ მიზნისთვის სჭირდება - პოლიტიკური დევნილის სტატუსის მისაღებად კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კაცმა რომ თქვას, ამერიკელები ექს-პრეზიდენტს მაინცდამაინც კარგად არ ექცევიან. დაავიწყდათ, ალბათ, პრინციპი - „იგი არამზადაა, მაგრამ ჩვენი არამზადაა". რატომ არ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილისათვის თავშესაფრის მიცემა, განა რა მოხდებოდა ამით?

მაგრამ მეორე მხრივ, თუ ამერიკის მიერ ხელისუფლებაში მიყვანილი ადამიანები ყველა ისევ მფარველებთან გაიქცევა, მაშინ შეერთებული შტატები როგორ ქვეყნად წარმოჩინდება? დღეს მიხეილ სააკაშვილი, ხვალ პეტრო პოროშენკო, ზეგ კიდევ ვიღაც...

შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მაგალითით ვაშინგტონს სურს, მის მიერ დასმული ზოგიერთი მმართველი გააფრთხილოს: ატლანტიკის გადაღმა თქვენ ვერაფერს მიიღებთ, თუ ტირილი გინდათ, ბებერ ევროპაში იტირეთო? ხელისუფლება თქვენვე უნდა შეინარჩუნოთ, თორემ არავისთვის საჭირო არ იქნებითო. საინტერესოა, გაიგებენ და მიხვდებიან ამ პოლიტიკური სიგნალის აზრს „ვაშინგტონის ცეკას" მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ხალხი?

http://www.segodnia.ru/content/148412