თავდაცვის მინისტრის შეხვედრა მოლდოველ კოლეგასთან (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა მოლდოველ კოლეგასთან (ვიდეო)

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოლდოველი კოლეგა ვალერიუ ტროენკო თავდაცვის სამინისტროში მიიღო.

შეხვედრის დასაწყისში ირაკლი ალასანიამ სტუმარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლების კუთხით სამომავლო ურთიერთობაზე გამახვილდა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა  კოლეგას მოლდოველი სამხედრო მოსამსახურეების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში წვრთნების გავლა შესთავაზა. საუბარი შეეხო ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლებების ჩატარებასაც. 

ირაკლი ალასანიამ მოლდოველ სტუმარს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა სურვილი გამოთქვა  საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების  გამოცდილება გაიზიაროს.

შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს.  განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ასევე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის სფეროში უწყებათშორისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

“საქართველო  მოლდოვასთან ერთად სამხედრო თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს. ამ თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი შეთანხმება დღეს ორი მინისტრის მიერ  გაფორმდა. ჩვენს ორ ქვეყანას ძალიან მსგავსი 20 წლის ისტორია გვაქვს; ჩვენ გვყავს  ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საერთო მოწინააღმდეგე. საქართველო  მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სრულად უჭერს მხარს, ისევე, როგორც მოლდოვა საქართველოს სუვერენიტეტს. ჩვენი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღვივება და კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია ორმხრივი, სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას შეუწყობს ხელს.  მინდა გულითადად მივესალმო ჩვენს მეგობარს და კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება, იმიტომ, რომ მოლდოვას წარმატება არის ჩვენი ქვეყნის წარმატებაც” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ. კომენტარი გააკეთა ასევე, მოლდოვის ტავდაცვის მინისტრმა ვალერიუ ტროენკომ: “დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შევიძინე ნამდვილი მეგობარი. საქართველოში, რომელზეც მე ძალიან ბევრი მსმენია, თავი ვიგრძენი როგორც საკუთარ სახლში. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ მემორანდუმის ხელმოწერით საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო ეფექტურ და იმპულსურ განვითარებას, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო საკითხები, ინტერესები და შესაძლებლობები. საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწია ჯარის განვითარების საკითხში, რომლითაც ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ. ახლა ვიმყოფებით ახალი, თავსებადი არმიის მშენებლობის პროცესში, რომელიც შეძლებს კონსტიტუციური ამოცანების გადაწყვეტას. ჩვენ გვაქვს ასევე საერთო ინტერესები, ორივე ქვეყანა ვმონაწილეობთ სამშვიდო ოპერაციებში, სადაც ქართულმა ჯარმაც გამოიჩინა თავი და მოლდოვურმა კონტინგენტმაც კოსოვოში. ამით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პატარა ქვეყნებსაც შეუძლიათ თავისი წვლილი შეიტანონ მსოფლიო საკითხების გადაწყვეტაში.  დიდ ბრიტანეთში გამართულ სამიტზე, ნატოს წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დააფასეს ჩვენი ძალისხმევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვედანაყოფების განვითარებისა და არმიის მშენებლობისთვის გადადგმული ნაბიჯები იყოს გამართლებული.