წავა თუ არა პრეზიდენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი გრაფიკის შესაბამისად მიიღებს. პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტს აქვს მოწვევა, მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა მონაწილეობას, რანგიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
„საქართველოს პრეზიდენტის და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის, კლაუს შვაბის შეხვედრა შედგა, სადაც საუბარი შეეხებოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, საინტერესო აქცენტი გაკეთდა საქართველოს უპირატესობებზე, ქვეყნის ინვესტორებისთვის მიმზიდველობაზე. შვაბის მხრიდან პრეზიდენტთან იყო თხოვნა - დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობაზე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე განმარტებით, შვაბისა და მარგველაშვილის შეხვედრა თურქეთში შედგა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.
„არაფერი ვიცი იმის შესახებ, რა საუბარი ჰქონდა პრეზიდენტს თურქეთში. არ ვესწრებოდი შეხვედრას, მაგრამ ვიცი ის, რომ პრემიერ-მინისტრმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში იმართება. მიმდინარე წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება, 2013 წელს კი - ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. ვიცე-პრემიერ კახა კალაძის აზრით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს. ვიცე-პრემიერის მსგავსად, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერის გამგზავრებას მიზანშეწონილად მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი თუმცა, თვლის, რომ გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ახდენს თემის პროვოცირებას, რაც ხშირ შემთხვევაში პრემიერს აზარალებს.
„დისკუსია ამ თემაზე, ვინ წავა, ეს არსერიოზულია. როგორც ჩანს, ეს ადამიანები არა თუ სხვის შეცდომებზე, არამედ საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს სწავლობენ. არ მესმის რატომ ხდება სიტუაციის ასეთი დაძაბვა. ჯერ არ მოგვისმენია პრეზიდენტის პოზიცია, შესაძლებელია თვითონ პრეზიდენტი ამბობს წასვლაზე უარს და ამბობს, რომ პრემიერი უნდა წავიდესო. რა საჭიროა ეს კომენტარები, რომ იმას უკვე მიუღია გადაწყვეტილება და ჩვენ უკვე გავაგზავნეთ, ეს წინასწარ დაბრონვა იწვევს ამ იწილო-ბიწილოს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პრობლემებს და დაძაბულობას გარემოცვები ქმნიან. რომ არა პრემიერისთვის ერთგულების მტიკიცება, თავად გაერკვეოდნენ პრემიერი და პრეზიდენტი ვითარებაში.
„არ მინდა შეთქმულების თეორიაზე ვისაუბრო, მაგრამ არის ჯგუფი, რომელიც ამას აკეთებს. ფაქტია, რომ ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგი მოაქვს, როგორც ხელისუფლების პოლიტიკური ამოცნებიდან გამომდინარე, ასევე სახელმწიფოებრივად აბსოლუტურად არასერიოზულია. ასეთ თემებში პრეზიდენტი ყოველთვის კონსტრუქციულია. მედიაშიც ხდება ამ თემების ხელოვნურად გაბუქება, მერე მთავრობიდან ვიღაცა აკეთებს კომენტარს და იწყება ვითარების ესკალაცია. მაინც მაქვს იმედი, რომ ეს არ სცდება რაღაცა ძალიან პირადს - ერთგულების მტკიცებას პრემიერისათვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.
ეკონომიკის ექსპერტი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი ინიციატივით გამოდის, რომ სიტყვა დავოსის ხმარებაზე ჯარიმა დაწესდეს ბივუჯეტის სასარგებლოდ. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ქვეყნის სირცხვილია, თუ საჯარო განხილვის თემა იქნება ვინ წავა დაოსის ეკონომიკურ ფორუმზე.
„მე გონია, რომ უნდა მივცეთ საშუალება პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს თავად ისაუბრონ ამ თემაზე. თემის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. ეს ორი ახალგაზრდა მმართველი უკეთ გაარკვევს ურთიერთობას და უპრიანი იქნებოდა პოლიტიკოსებმაც საკუთარ საქმეს მიხედონ და ნუ ჩაერთვებიან სამარცხვინო საჯარო ჭორაობაში. არ გვაქვს იმის ფუფუნების უფლება, რომ საქმის ნაცვლად ნაცარქექიობა დავიწყოთ.
თხოვნა მექნება მედიისთვისაც, უფრო მეტი პატივი სცენ საკუთარ პროფესიონალიზმსს და ასეთი თემის აგორებით ნუ იქნება დაკავებული ყველა გაზეთი და ყველა სატელევიზიო არხი. თუ მაინცდამაინც ეს თემა ვინმეს აინტერესებს, აგერ ბატონო „ვაკის პარკი“, „კუს ტბა“ დასხდნენ და იჭორაონ რამდენიც უნდათ“, - ამბობს ცისკარიშვილი.
კითხვაზე, ვინ უნდა წავიდეს დავოსში, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ უნდა წავიდეს ის, ვისაც მოწვევა აქვს მიღებული. მისივე თქმით, მოწვევის გარეშეც დადის ხალხი ასეთ ფორუმზე, თუ მინიმუმ 6 ან 7 ნული აქვს საკუთარ ანგარიშზე ციფრის უკან მიწერილი.
„ამიტომ, ცხადია რომელიმეს არ წასვლას, სჯობია ორივე წავიდეს, იურთიერთონ, იმეგობრონ, სალაპარაკო და გასაკეთებელი კიდევ იმდენია, რომ გინდა თუ არა მე გავაკეთებ და შენ არ გააკეთოო, ამის ფუფუნება არ გვაქს. ოღონდ, ნუ დაიწყება საუბარი ღარიბ ქვეყანაზე, რომელსაც არ ძალუძს ორი ადამიანის მივლინება. მაშინ, როდესაც მოწმენი გავხდით გაეროში პრემიერის ამალაში სხვადასხვა ფუნქიციით დატვირთული 8 მინისტრი იყო და ბოლოს, მეცხრემაც ჩათვალა - სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო და ფეხბურთის სათამაშოდ დაიძრა საწინააღმდეგო მიმართულებით. ამიტომ, საშუალება გვაქვს ორი, ოთხი და სამოცი ადამიანის გამგზავრების. ამასთან, მეტ-ნაკლებად, კონკრეტული და კორექტულები ვიყოთ საკუთარი შეფასებებისას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.