ის, რასაც ფეხბურთი ჰქვია, საქართველოში არ არსებობს

ის, რასაც ფეხბურთი ჰქვია, საქართველოში არ არსებობს

დაახლოებით რვა წლის წინ უკრაინის ჩემპიონატში რამდენიმე საეჭვო მატჩი დაფიქსირდა. ადგილობრივი მედია მსაჯებზე აპელირებდა და ამბობდა, რომ კლუბები არბიტრების მოსყიდვით ცდილობდნენ ფონს გასვლას. მაშინ უკრაინელმა სამართალდამცავებმა ვერაფერი აღმოაჩინეს, თუმცა გამოსავალი ფედერაციამ იპოვა _ შექმნა ფონდი და მსაჯებს ევროპიდან იწვევდა. შესაბამისად, უკრაინულ სტადიონებზე ისეთი ცნობილი მსაჯები სტვენდნენ, როგორებიც პიერლუიჯი კოლინა და მარკუს მერკი არიან. თითო შეხვედრაში კი მათ უკრაინული მხარე 5-დან 12 ათას ევრომდე უხდიდა... 

გასულ კვირას საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში მომუშავე რვა არბიტრი დააკავეს და წინასწარი ორთვიანი პატიმრობაც შეუფარდეს. ბრალდებულები არიან: ოთარ ხეთაძე, ირაკლი ურუშაძე, მამუკა ურუშაძე, თეიმურაზ ხუჭუა, ალექსანდრე გუნთაძე, ზვიად ასკაროღლი, ონისე მოლოდინაშვილი და თორნიკე გვანცელაძე. მათ ბრალი ედებათ, რომ წინასწარი შეთანხმების შემდეგ, კონკრეტულ შეხვედრებზე ყვითელი ბარათების კონკრეტულ რაოდენობას სვამდნენ. შედეგად, ტოტალიზატორში ფული იხსნებოდა და ამ თანხიდან, დაახლოებით, სამი ათასი დოლარი მსაჯებს ერგებოდათ. თვეში ოთხი მატჩი და შესაბამისად სამჯერ ოთხი ათასი ცუდი ნამდვილად არ არის, თუმცა... ვიდრე ბრალდებულებისკენ ხელს გავიშვერთ, ის ვთქვათ, რომ ოფიციალურად მსაჯები თითო მატჩის განსჯის სანაცვლოდ სამოც ლარს იღებენ. ამას გარდა, მათ ხელფასიც აქვთ, მაგრამ დაახლოებით ამ 60 ლარის შესაბამისი. შედეგად, მსაჯებს ამ ფასად უწევთ ტრიბუნებიდან მაყურებლების მიერ ერთ ხმაში ,,ნამღერი’‘ ,,სუდია პიდარასტ’‘-ის ატანა, გინების მოსმენა და ათასი უბედურება. არაერთი შემთხვევა ყოფილა, მსაჯები მატჩის შემდეგ უცემიათ და არავინ დასჯილა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2009 წელს მომხდარი ინციდენტია, როცა ბოლნისში გამართული მატჩის შემდეგ, მსაჯთა დამკვირვებელი კომიტეტის ხელმძღვანელი ამირან კაჭახიძე ქვემო ქართლის მაშინდელმა გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ისე სცემა, ტვინის შერყევით ჯერ საავადმყოფოში, მერე კი სახლში მკურნალობდა, თუმცა მაშინ კაჭახიძემ თქვა, არაფერი მახსოვსო...

2011 წელს, ისევ გარიგებული მატჩების ბრალდებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა საფეხბურთო კლუბ ,,სამტრედიის’‘ კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე, ზუგდიდის ,,ბაიას’‘ კაპიტანი როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა და თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას’‘ ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია დააკავა. მაშინ ისინი ჯერ თავდებით გაათავისუფლეს, შემდეგ _ საპროცესო შეთანხმებით. ფეხბურთის ფედერაციამ ყველას სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა, თუმცა ექვს თვეში ეს დისკვალიფიკაცია გააუქმა და ფეხბურთელებს მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ. ისინი დღემდე აქტიურად თამაშობენ და არცთუ ურიგოდ. ყველაზე გახმაურებული მაინც 2010 წელს განხორციელებული დაკავება იყო. სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი გიორგი დემეტრაძე დააკავეს. მაშინ, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ე.წ. ხელზე გამაზვა მიდიოდა და მოგებულ-წაგებულის გარკვევა-გარჩევა თბილისში უცხო არ იყო. ამ შარში გაეხვია დემეტრაძეც, ციხეშიც გაისტუმრეს და ეს მაშინ, როცა მისი ყოფილი კლუბის, დონეცკის ,,მეტალურგის’‘ პრეზიდენტი აცხადებდა, საპროცესო შეთანხმება თუ გაფორმდება, მზად ვარ, რამდენიმე მილიონიც კი გადავიხადოო, თუმცა დემე ციხეს ვერ გადაურჩა.

,,ხელზე გამაზვები’‘ საქართველოში ახლაც ხდება და არავინ თქვას, სპორტის ეს მანკიერი მხარე გაქრაო. ზოგადად, სპორტი და განსაკუთრებით, ფეხბურთი უკვე დიდი ბიზნესია და საქართველოში თუ ათასებზეა საუბარი, ევროპის მასშტაბით ეს თანხა ათობით მილიონს ურტყამს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ, როცა ევროპაში ანალოგიურ საქმეზე ვინმეს იჭერენ და დისკვალიფიკაციას აძლევენ, მისი მოხსნა აღარც კი განიხილება და, თუ განიხილება, ასიდან ას შემთხვევაში, დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება, ჩვენთან კი... ვიდრე მსაჯების თემაზე ავტეხდეთ განგაშს, ის ვიკითხოთ, ევროპის წამყვანი ტოტალიზატორები (,,უილიამ ჰილი’‘, ,,ბეთ ენდ ვინი’‘, ,,მარაფონი’‘) რატომ არ თამაშობენ საქართველოს ჩემპიონატს?! არადა, ამის მცდელობა სამივეს ჰქონდა, მაგრამ, როცა სერიოზული თანხები წააგეს, პროგრამიდან საქართველოს ჩემპიონატი მაშინვე გაქრა. ცნობისათვის: ,,უილიამ ჰილის’‘ ერთ-ერთი ბროკერი ამბობდა, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე მხოლოდ ყვითელი ბარათებისა და კუთხურების რაოდენობას კი არ იცნობდნენ, არამედ, იმასაც, რომ შეხვედრაში პენალტი დაინიშნებოდა და ამ პენალტს მეკარე მოიგერიებდაო... იმავე ტოტალიზატორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად ამ მხრივ კორუფცია ბულგარეთსა და ხორვატიაში ჰყვავის, მაგრამ ორივე ქვეყნის ჩემპიონატს ,,ულიამ ჰილის’‘ კანტორა თამაშობს, საქართველოსას _ არა. არ გეგონოთ, პრობლემა მხოლოდ მსაჯებშია. საქართველოში ჩემპიონატიდან ფეხბურთელები აზერბაიჯანში, ყაზახეთში, მალტაში, უზბეკეთში გარბიან და გარბიან იმიტომ, რომ იქ ბევრად მაღალი ხელფასები აქვთ. ფეხბურთელებს საქართველოში, ორიოდე კლუბის გარდა, კვების რაციონიც კი არ აქვთ შედგენილი და ეს მაშინ, როცა ევროპაში უპირველეს ყურადღებას სწორედ იმას აქცევენ, რამდენად სწორად იკვებება ფეხბურთელი. არ არის საუბარი ავტომობილის გამოყოფაზე და სავარჯიშო პირობებზე. არ არსებობს ინფრასტრუქტურა, არ არსებობს კლუბების მაღაზიები, სადაც გულშემატკივრები ამუნიციას იყიდიან, არ არსებობს სავარჯიშო ფორმის სრული კომპლექტი და ზოგადად, არაფერი არსებობს. საქართველოში ფეხბურთი მანამ ვერ იქცევა ნამდვილ ბიზნესად, ვიდრე ხელისუფლება ფეხბურთში ფულის ჩამდებ ბიზნესმენებს შეღავათებს არ მისცემს. ასე მოხდა რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ამ ჩემპიონატებში კლუბების ბიუჯეტი 5 მილიონიდან იწყება (რუსეთსა და უკრაინაში 20-30 მილიონია) და შედეგიც სახეზეა. მსაჯებზე ხელის შეწმენდა იოლია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რამდენი ჩვენგანი გაუძლებს 3-ათასდოლარიან ცდუნებას მაშინ, როცა 90 წუთ სირბილში 60 ლარს გიხდიან და ამ 90 წუთის განმავლობაში ტრიბუნებიდან გაგინებენ. ისიც საფიქრებელია, რომ ამაზე წამსვლელ მსაჯებს კარგად ახსოვდათ, დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელებს სასჯელი ექვს თვეში რომ მოუხსნეს და იფიქრეს ალბათ, რაღა ჩვენ გაგვიმეტებენო. დამნაშავე რვა მსაჯი კი არა, ის სისტემაა, ჩვენ რომ ფეხბურთს ვეძახით და სპორტის ამ სახეობასთან საერთო არაფერი აქვს. დასასრულ, ერთხელ, ქართული კლუბის მწვრთნელს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე წამოსცდა, ბიჭებს რა მოვთხოვო, სიგარეტის ფულიც არ აქვთო... ქართული ფეხბურთი სწორედ ასეა - სიგარეტის ფულიც არ არის...