"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი სცემეს - რა მოხდა "თავისუფალი ზონის" ოფისთან

"გუშინ, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია "თავისუფალი ზონის" წევრებმა სცემეს. ჟურნალისტი მძიმედ არის დაშავებული და ამჟამად ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. საქმე ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით აღიძრა. "ზონა" კი ჟურნალისტს პროვოკაციაში იქით ადანაშაულებს და მისი წევრები ამბობენ, რომ ამ პროვოკაციაში შსს-ც ჩართული იყო. ჟურნალისტის ცემის შემდეგ, მისი მომხრეები "ზონის" ოფისთან მივიდნენ, სადაც კიდევ ერთი შეტაკება მოხდა. "ზონაში" აცხადებენ, რომ მომხვდურები ოფისში შეჭრას შეეცადნენ, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ორივე მხრიდან არიან ნაცემები. დაკავებულია "ზონის" ორი წევრი, რომელთაც პოლიციის წინააღმდეგობა და ხულიგნობა ბრალდება. პოლიციამ დაპირისპირებულები ერთმანეთს დააშორიშორა."ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ზაზა დავითაიას ბულაჩაურის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ "თავისუფალი ზონის" წევრები და ჟურნალისტი დაახლოებით 15-მდე ადამიანმა სცემა. მისი თქმით, დავითაიას "თავისუფალი ზონის" წევრები ემუქრებოდნენ და ამის შესახებ იგი ფეისბუკის საკუთარ გვერდზეც წერდა. ჟურნალისტს ტვინის შერყევა აქვს მიღებული, ნეკნი აქვს ჩამტვრეული და ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება", - წერს გაზეთი"რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი სცემეს / რა მოხდა "თავისუფალი ზონის" ოფისთან.

"ცემის შემდეგ ადგილზე მალევე მოვიდა პოლიცია. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ინციდენტის ადგილას იოსებიძის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა და მომხდარის შესახებ ატყობინებდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, ამ უკანასკნელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა "ზონის" წევრმა დავით გოგოხიამ. უწყების ცნობით, გოგოხია სისხლის სამართლის კოდექსის 353 (პოლიციისთვის წინააღმდეგობა) და 187 (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით დააკავეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"დაძაბულობამ ცოტა ხნის შემდეგ "თავისუფალი ზონის" ოფისთან გადაინაცვლა, სადაც ჟურნალისტის მხარდასაჭერად აქცია მოეწყო. როგორც ასავალ-სდასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ამბობს, ხალხი მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად მივიდა, "თავისუფალი ზონა" კი მათ ხელკეტებით დახვდა, რასაც ხელჩართული ბრძოლა მოჰყვა. არის რამდენიმე დაშავებულიც. "ჩვენი თანამშრომლები, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გენერალი ტრისტან წითელაშვილი, პოლიტპატიმრები და ახალგაზრდები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ "თავისუფალი ზონის" ოფისთან პროტესტი გამოეხატათ. მსვლელობა იყო მშვიდობიანი, კამერებისა და ჟურნალისტების თანხლებით. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები კი რკინის ხელკეტებით იყვნენ მომზადებულები. ოფისში მათთან ერთად იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები: კობა ხაბაზი, გივი თარგამაძე და სერგო რატიანი. ხაბაზს ეჭირა იარაღი. დანარჩენებიც, სავარაუდოდ, შეიარაღებულები იყვნენ. მე არ მინახავს, მაგრამ ხაბაზს ხელს ადებდნენ, რომ მას იარაღი ჰქონდა. დაიწყო მტვრევა. მათ ჩაამტვრიეს ფანჯრები და ხალხს დააყარეს მინები. რამდენიმე ადამიანი მინის ნამსხვერევებისგან არის დაჭრილი. აქ იყო შეფარებული ზაზა დავითაიას თავდასხმაში მონაწლილე ერთ-ერთი პირი ფარნაოზ ჭკადუა. იგი სამი საათის განმავლობაში იმალებოდა და თუ არ ვცდები, პოლიციელებმა გამოათრიეს იქიდან. საშინელება ტრიალებდა. პოლიცია დროულად მოვიდა, თორემ ცუდი რაღაც მოხდებოდა," - ამბობს ჩუბინიძე.

"თავის მხრივ, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი გელა ვასაძე ჟურნალისტს პროვოკაციაში ადანაშაულებს. "ერთი კვირის განმავლობაში მზადდებოდა პროვოკაცია. ამას იგი ჩვენს წინააღმდეგ აანონსებდა და სოციალურ ქსელში წერდა: ვიყავი "თავისუფალი ზონის" ოფისთან, არავინ არ დამხვდა, ხვალ კიდევ მივალ და ა.შ. ფარნაოზ ჭკადუას, რომელიც მოდიოდა თავის მეგობარ დავით გოგოხიასთან ერთად, დახვდა ზაზა დავითაია, რომელმაც გააჩერა: ვერ მიცანი, ბოჭოო? იმან უთხრა ვერ გიცანიო. მოხდა შელაპარაკება, შეაგინა და ხელითაც შეეხო. რა თქმა უნდა, ფარნავაზმაც უაპასუხა. ეს იყო პასუხი, სხვა არაფერი. ამ პერიოდში მობილიზებული იყო პოლიციაც. პოლიცია მოვიდა წამში, დააკავეს დავით გოგოხია და უმოწყალოდ სცემეს. ჩვენ გვაქვს კადრები, თუ როგორ სცემს პოლიცია დავით გოგოხიას. ეს იყო კლასიკური პროვოკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთ პროვოკაციას მოგვიმზადებენ. იმიტომ რომ ეს დაანონსებული პროვოკაციაა. ხან დაიშალეთო, გვემუქრებოდა, ხან ოფისთან მოგვივარდა და დემონსტრაციები მოგვიწყო. ახლა კიდევ ეს ამბავი. ეჭვი გვაქვს, რომ ეს შსს-ს მიერაა დაგეგმილი," - ამბობს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი.