უკვე ზუსტად ორი წელია, საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს. ის მოვიდა ბევრი მომხიბვლელი დაპირებით, მაგრამ საკმაოდ რთულ გარემოში მოუხდა მოღვაწეობის დაწყება როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფრონტზე. ახალი ხელისუფლების მიღწევებსა და შეცდომებზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ხელისუფლების მოღვაწეობის შესაფასებლად კიდევ ორი წელია დარჩენილი და საბოლოო შეფასებას 2016 წლის არჩევნებზე მიიღებს. მისი ორწლიანი ისტორია რომ შევაფასოთ, რა არის ის დადებითი მომენტები, რაც მას წინამორბედებისგან განასხვავებს?
- საგარეო პოლიტიკაში გამოვყოფდი სამ მნიშვნელოვან მომენტს, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რუსეთთან კონფრონტაციული რიტორიკის და ურთიერთობების შეცვლა და „შაჰ-დენიზი 2“-ის პროექტში საქართველოს მონაწილეობა.
რაც შეეხება ეკონომიკურ და სოციალურ კუთხეს, ცალსახად დადებითი შეფასება შეიძლება მიეცეს ჯანდაცვის რეფორმას. ის, რაც ამ ხელისუფლების ხელწერად რჩება და იმედია, ძალიან არ მოინდომებს, რომ ეს მისი მთავარი მონაპოვარი წაშალოს, ეს არის სიტყვის, ბიზნესის თავისუფლება, პოლიტიკური აზრის გამოხატვის, სასამართლოს თავისუფლება, რაც მართლაც უმნიშვნელოვანესია. მან ჩაატარა სამართლიანი და ობიექტური არჩევნები, ისეთი, როგორიც საქართველოს ისტორიას ძნელად ახსოვს. ერთი ხელისუფლების პირობებში ის, რაც ჩამოვთვალე ძალიან ბევრი თუ არა, ცოტა ნამდვილად არ არის და ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ბევრი აქვს მართლაც საამაყო.
ყველა ხელისუფლბა თავისი მმართველობის პერიოდში, როგორც წესი, საკმაოდ ბევრ შეცდომას აგროვებს-ხოლმე, ახალმა ხელისუფლებამ რამდენად სერიოზული შეცდომების დაშვება მოასწრო?
- შეცდომებს რაც შეეხება, სოციალური და ეკონომიკური კუთხით შემფასებლად ვერ გამოვდგები. რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, აქ მთავარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კარი გაუღო რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდას. ვერ ვიტყვი, რომ ხელს უწყობს, მაგრამ სრულიად ღიაა სივრცე, როგორც რუსული პროპაგანდის, ასევე მეხუთე კოლონის მოღვაწეობისთვის, რომლის მიზანია რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების ხიბლი დაანახოს საქართველოს საზოგადოებას. ეს რუსეთის მხრიდან რბილი ძალის პოლიტიკის გამოყენების კლასიკური მაგალითია საქართველოს მისამართით.
ამიტომ გაჩნდა საქართველოს საზოგადოების ერთ ნაწილში განწყობა, რომ საბოლოოდ მაინც რუსეთისკენ მივდივართ?
- ვერ ვიტყოდი, რომ ეს განწყობა გარანტირებულად საფუძვლიანია. თუმცა, საზოგადოების ნაწილს ეს განწყობა აქვს, რადგან ორ პოლიტიკას შორის სერიოზული კონტრასტია - წინა ხელისუფლების დროს განსხვავებული აზრის მატარებელი რუსეთის აგენტად და საქართველოს მტრად სახელდებოდა, დღეს ასეთი ხელაღებული პროპაგანდა რუსეთისა საქართველოში, ბუნებრივია, კითხვებს ბადებს. თუ მკითხავთ, არც ის იყო გამართლებული, როდესაც რუსეთის აგენტობის ბრალდებით ლამის საქართველოს მთელ მოსახლეობას პირში ბურთს ჩრიდნენ და არც ეს არის გამართლებული, როდესაც ხელისუფლებამ სრულიად დაუცველი დატოვა თავისი საინფორმაციო სივრცე, მისი მთავარი მტრის საინფორმაციო ომის პირობებში.
არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რამდენიმე დღის წინ კარასინმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი აპირებს ერთგვარი გადატვირთვის პოლიტიკის დაწყებას საქართველოსთან მიმართებაში და ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას. ჩემთვის კარასინის ეს განწყობა ბევრ კითხვას ბადებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სწორედ ის რუსეთია, რომელმაც 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების სოლიდური ნაწილი წაგლიჯა და რომელიც დღესაც, ევროპის შუაგულში აქუცმაცებს და იპყრობს სახელმწიფოს - უკრაინას.
ვფიქრობ, სრულიად ლოგიკურია კითხვა, რატომ გაუჩნდა რუსეთს, ჰქონდეს სრულიად განსხვავებულ სახე საქართველოსთან მიმართებაში სწორედ ახლა? რატომ ცდილობს რუსეთი, წარმოსდგეს ორსახოვანი იანუსის სახით, მსოფლიოს წინაშე? - ამ კითხვების გაგრძელებაა - ხომ არ არის ეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ეკონომიკური ექსპანსიის მცდელობა, უფრო ზუსტად კი, საქართველოს რუსულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირების კი არა, შეთრევის და საერთო ეკონომიკურ, შემდეგ კი უკვე პოლიტიკურ სივრცეში ჩაბმის მცდელობა?
მართალია გაკვრით, მაგრამ საუბარი იყო ახალი საგზაო მაგისტრალების მშენბლობაზე რუსეთსა და საქართველოს შორის და ისიც კი ითქვა, რომ ეს საბჭოთა კავშირის დროს არსებული პროექტებია. სხვათა შორის, ამ ახალი გზების გაყვანის მეშვეობით სომხეთთან პირდაპირი დაკავშირების გეგმა თითქოს, ერთი შეხედვით, აბსურდულია, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გავცელდა, თუ არ ვცდები, ერევანში გამართული კონფერენციის მასალები, სადაც კრემლთან ახლოს მყოფი ერთ-ერთი პოლიტოლოგი საბჭოთა კავშირის დროინდელი გეგმების განხორციელებას წინასწარმეტყველებდა. საუბარი იყო საქართველოზე რუსეთთან დამაკავშირებელი რამდენიმე გზის გაყვანაზე, რომლის მეშვეობითაც რუსეთი შეძლებდა მთლიანად საქართველოს შესრუტვას და მეორე მხრივ, სომხეთზე პირდაპირი გასასვლელის მოპოვებას.
მაშინ საკმაოდ აგდებული განწყობით შეხვდა საქართველოს პოლიტიკური ელიტა ამ პოლიტოლოგის მოსაზრებებას. ახლაც მთლად რეალისტური არ ჩანს, მაგრამ ფაქტია და ამას თვალი არ უნდა ავარიდოთ, რომ კარასინის ამ ძალზე ზოგად განცხადებაში გარკვეულწილად იკითხება პარალელები თუ გადაძახილები, იმ ერთი შეხედვით, ძალზე არარეალისტურ გეგმასთან. სულ რომ არ გვახსოვდეს იმ რუსი პოლიტოლოგის ინტერვიუ, ფაქტია, რუსეთი ამას შემთხვევით არ აკეთებს.
ანუ უსაფრთხოების კუთხით ხელისუფლება მოიკოჭლებს?
- ეს სერიოზული პრობლემაა და არ ვიცი, აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას პასუხი კითხვაზე - აპირებს თუ არა რუსეთი ეკონომიკური ექსპანსიის განხორციელებას და რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება ამისთვის?
გარდა იმისა, რომ რუსული ბაზარი საქართველოს ზოგიერთი რეგიონისთვის (ჯერჯერობით და შემდეგ შესაძლოა, სხვა რეგიონებიც მოიცვას), მაშველი რგოლი აღმოჩნდა (იგივე კახეთის აღორძინებასა და შემოსავლებში ძალიან დიდი როლი შეასრულა), სწორედ ამ ეკონომიკური ბუმიდან გამომდინარე, ეს დიდ რისკებსაც შეიცავს, რადგან რუსეთის ხელში ეს არის ძალიან მძლავრი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, რუსეთმა ამა თუ იმ მიზეზით ამ ბაზრის ჩაკეტვა რომ მოინდომოს?!
თუმცა, იგივე რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში ხელისუფლების პლუსებში შეიძლება ჩაითვალოს ის დაბალანსებული პოლიტიკა, რამაც განაპირობა, რომ რუსეთის მორიგი აგრესიის მსხვერპლი არ გავხდით ამ ეტაპზე. თუმცა, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უკრაინის ფონზე, ჩვენთვის არ სცალია რუსეთს, თორემ სავარაუდოდ, ვერც დაბალანსებული პოლიტიკა გვიშველიდა.
რაც შეეხება შიდა მიმართულებებს?
- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შიმჩნევა ტენდენცია, რომ ხელისუფლება ცდილობს, შეიმუშავოს საინფორმაციო პროპაგანდის მსგავსი საინფორმაციო მიმართულებები მედიაში, რომლის მიზანიც არის განსხვავებულად მოაზროვნეების, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეზღუდვა, რისი საბოლოო მიზანიც მათი სცენიდან საბოლოო გაყვანაა.
თუმცა, ეს კეთდება წინა ხელისუფლებისგან სრულიად განსხვავებული ხელწერით. კერძოდ, ეს ხელისუფლება ცდილობს, მის მიმართ კრიტიკულად განწყობლი ადამიანების ავტორიტეტი შელახოს და დაამციროს საზოგადოების თვალში. ეს არის ძალიან მკვეთრი და მკაფიო მესიჯი ამ ხელისუფლების მოსვლის დღიდან მთელი ორი წლის განმავლობაში. თუმცა, ახლა უკვე განსაკუთრებული აქტივობით იწყება ეს საინფორმაციო პროპაგანდა და ალბათ, ბევრ საინფორმაციო საშუალებას მოიცავს.
რაც შეეხება ამ საინფორმაციო პროპაგანდის მთავარ ღერძს, დავიწყოთ იმითი, რომ წამოვიდა მესიჯები - „ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ნაციონალების სატელიტია“, „სახელმწიფო გადატრიალებას აპირებენ“ და „ყველა განსხვავებულად მოაზროვნე პოტენციური მონაწილეა სახელმწიფო გადატრიალების“, რაც თავისთავად აბსურდი იყო. ძალიან მიხარია, რომ ეს ხელისუფლება თავის შეცდომებს თუ არ აღიარებს, როგორც კი დაინახავს, რომ არ არის შედეგიანი, სტილს მაშინვე ცვლის-ხოლმე, ესეც მნიშვნელოვანი თვისებაა.
ორი თუ სამი კვირა ატრიალეს ეს თემა, მერე მიხვდნენ, რომ სრული აბსურდია - სად შეუძლია, წელში გადატეხილ „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელმწიფო გადატრიალება? მიხვდნენ, ამ საბაბით განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნა სრულიად უშედეგო იქნებოდა. ამ ტაქტიკის ნაწილი იყო ისიც, რომ (და ამ თემის გაგრძელებას კიდევ ველოდები), ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც შემოვა ასპარეზზე 2016 წლამდე, იქნებოდა აუცილებლად „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი. მიუხედავად იმისა, ის იყო ასოცირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ არა, ის მაინც იქნებოდა დაფინანსებული და გულანთებული „ნაციონალური მოძრაობის“ იდეებით. პირდაპირი მესიჯი იყო ამორჩევლისთვის, არიქა, ამომრჩეველო არ შეცდე, არავინ აირჩიო „ქართული ოცნების“ გარდა, იმიტომ, რომ ვინც არ უნდა აირჩიო, საბოლოოდ მოგევლინება „ნაციონალური ცოცხით“ ხელში - ეს თემაც ჯერჯერობით გაყინა ხელსუფლებამ და წამოვიდა უკვე ახალი. შინაარსი ასეთია - სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, „თვითგამოცხადებული ექსპერტები“ და „ჭურნალისტები“ - ეს არის ტერმინები, რომელთაც ამ საინფორმაცო პროპაგანდის მონაწილენი იყენებენ - ყველანი ერთად არიან ამ ქვეყნის ხორცმეტები - მიდის შურაცხმყოფელი ეპთეტები, მათი დამცირება, ღირსების და კვალიფიკაცის შეურაცხყოფა.
გუშინ ვკითხულობდი ერთი „ფეისბუკზონდერის“ სტატუსს, რომელსაც დაახლოებით ამგვარი შინაარსის სტატუსი ჰქონდა და ბოლოს წერდა, საქართველოს სამი პრეზიდენტი მოვინელეთ და თქვენ ვინ ხართ, რომ ვერ გაგისტუმროთო. იმას ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს პრეზიდენტები ცალკეული ადამიანები იყვნენ, მიუხედავად თავიანთი სტატუსისა, ესენი კი მთელ არსამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ მედიას, მთელ ექსპერტ-ანალიტიკოსებს, ებრძვიან და ამ ბრძოლაში ხომ ვერ გაიმარჯვებენ?! დარწმუნებული ვარ, ამას მიხვდებიან და მათი ტაქტიკა შეიცვლება. თუმცა, ძალიან ცუდია, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ასე მიუდგეს განსხვავებულ აზრს.
ამას ახორციელებს სოციალურ ქსელში - „ფეისბუკზონდერების“ და ბეჭდურ მედიაში - შეკვეთილი სტატიების მეშვეობით. თუმცა, ბუნებრივია, ეს ყველა მედიასაშუალებას არ ეხება. ასევე იყენებენ მათთან დახლოებულ საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად პოპულარულ ადამიანებს, რომლებმაც ეს მესიჯები უნდა გაავრცელონ.
გამოდის, რომ რაღაც მსგავსება ამ ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მაინც არსებობს, იმის მიუხედავად, რომ სხვაობა ძალზე დიდია. პრინციპში, პირველ ორ წელიწადში ნაციონალების დროსაც გამოიკვეთა რა იქნებოდა მათთვის პრიორიტეტი, გვახსოვს „ჩარეცხილების“ თემა, თუმცა ამის გარდა იყო სისასტიკეც საზოგადოების მიმართ...
- „ნაციონალური მოძრაობა“ გაცილებით სასტიკი იყო ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან, რასაც ამ ხელისუფლებას ვერ დავწამებთ. მაგრამ ძალიან ცუდი, თუ ეს ხელისუფლება ჩათვლის, რომ ეყო ამ საზოგადოებას თავისუფალი მედიის, ბიზნესის და სასამართლოს ფუფუნება. თუ ხელისუფლებას საშუალება მიეცა, რომ ჩარეცხოს ეს სამოქალაქო საზოგადოება, სულ რამდენმე თვეშია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევნევბი და ხელისუფლება შეეცდება, ისეთივე ყურმოჭრილი სასამართლო მიიღოს, როგორიც ჰქონდათ ნაციონალებს.
კიდევ ვიმეორებ, თუ ხელისუფლება ვერ მიხვდა ამ თავისი ტაქტიკის უპერსპექტივობას, გაუვიდა და შედეგს მიაღწია, გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ ის ამაზე არ გაჩერდება და შემდეგი იქნება მედია, სასამართლო, მერე კი ბიზნესი. ეს იმიტომ კი არა, რომ ამ ხელისუფლების ხასიათია - უკვე გვქონდა მაგალითები წინა ხელისუფლების სახით და უფრო წინ არსებობდა პუტინის მაგალითი. იმ პერიოდში ვწერდი კიდეც, რომ სააკაშვილი ზუსტად იმ თანმიმდევრობით გაიმეორებდა, როგორც ეს პუტინმა გააკეთა და სამწუხაროდ, ჩემი ვადაუდი გამართლდა.
ახლაც საზოგადოება თუ არ იქნება უფრო აქტიური, ხელისუფლებას უნდა თუ არა, ამ გზით წავა, რადგან ეს ზოგადად, ხელისუფლების ბუნებაა.
საზოგადოებას რა ბერკეტი გააჩნია იმისათვის, რომ ეს ყველაფერი აიცილოს და ეს ხელისუფლებაც გადაარჩინოს და საკუთარი თავიც?
- საზოგადოება უნდა იყოს ფრთხილად და არ უნდა აჰყვეს ხელისუფლებას არასამთავრობოების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ისტერიაში. მესმის, რომ ხანდახან შესაძლოა, მედიაც აჭარბებდეს და ჰქონდეს პოლიტიკური მიზნები, შეიძლება თვითგამოცხადებული თუ ვინმეს მიერ ნაყიდი ექსპერტებიც აჭარბებდნენ - ყიდვაში არც ერთი მხარე არ ჩამორჩება ერთმანეთს და ისევ თვითგამოცხადებული ექსპერტი სჯობს ვინმეს ჯიბის ექსპერტს.
ამ ფორმულის შემმუშავებლები ამდენს უნდა ხვდებოდნენ. ვინც თვითგამოცხადებულ ექპერტს საქილიკოდ მიიჩნევს, ნაყიდი და ჯიბეში ჩასმული ექსპერტი საამაყოა? თუ მაინც და მაინც ამ ტერმინზე აქვთ გართულება, არავინ არ ეჭიდება ამ ექსპერტის სტატუსს. აქ სტატუსში კი არ არის საქმე, მთავარი საზოგადოების ინტერესია ამა თუ იმ ფიგურის მიმართ, თორემ იმ ადამიანს ექსპერტი ერქმევა თუ ალუბლის კურკა, ამას არანირი მნიშვნელობა არ აქვს. კონკრეტული სახელის და გვარის მქონე ადამიანის მიმართ აქვს საზოგადოებას ინტერესი.
ასეთი არაჯანსაღი მიდგომები აქვს ხელისუფლებას საზოგადოებრივი აზრის მიმართ და ეს ძალიან ცუდია, რადგან ეს არის ხელისუფლება, რომელიც მოვიდა სწორედ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ დროშით. ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირობას დებდა, რომ მისი მთავარი ნაბიჯი იქნებოდა ქვეყანაში მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრის ფორმირების ხელშეწყობა. მილიონობით ქართველი ადამიანის ტრაგედია იქნება, თუ ეს ხელისუფლება ამ გზას გადაუხვევს.
მეორეა - გასაგებია, შესაძლოა, ხელისუფლების წინააღმდეგ მართული კამპანიები მიდიოდეს, მაგრამ ხელისუფლებამ ამას სადამსჯელო ღონისძიებებით კი არ უნდა უპასუხოს, შესაბამისი კვალფიციური და პოზიტივზე ორიენტირებული პიარი უნდა ჰქონდეს და მისი მეშვეობით შეძლოს სიტუაციის სათავისოდ შემოტრიალება.
თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მაინც არ აქვს ისეთი ხისტი პოლიტიკა თუნდაც ამ საკითხში, როგორც მის წინამორბედს, ამის მაგალითად ტელეკომპანიების, „იბერიის“ და „იმედის“ შემთხვევებიც კმარა...
- რაც მომწონს ამ ხელისუფლების, ის არის, რომ შესაძლოა, საკუთარ შეცდომებს საჯაროდ არ აღიარებს, მაგრამ თუ მიხვდა, რომ რაღაც შეეშალა, მისი ტაქტიკა არ ამართლებს და უშედეგოა, ის დიდი დავიდარაბის და ხავსზე ჩაჭიდების გარეშე ცვლის თავის ტაქტიკას. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევშიც მიხვდება, რომ პრობლემა მედიაში კი არა, თუნდაც სუბიექტურად განწყობილ მედიაში, თუნდაც სუბიექტურად განწყობილ „ალუბლის კურკებში“ კი არ არის, არამედ პრობლემა ისაა, რომ თვითონ ვერ მონახა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ეფექტური გზები. თორემ, მართლაც გვყავდა ამაზე უფრო მეტად საკრიტიკო ხელისუფლებაც, ამაზე უფრო მეტად უშედეგო და უსუსურიც და შეუდარებლად ავტორიტარულიც.
რაც ამ ხელისუფლებას მისთვისვე ცუდი აქვს, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის ნულოვანი კვალიფიკაცია, ეს არის მისი მთავარი პრობლმა, რაც შემდეგ იწვევს აგრესიას საზოგადოების მიმართ და ეს უკვე ძალიან ცუდი იმპულსებია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში.