მინისტრებისა და მათი მოადგილეების საბანკო კრედიტების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა არასამთავობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“. კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ რიგ შემთხვევაში სესხების ასანაზღაურებლად საჭირო თანხა თანამდებობის პირების კანონით დადგენილი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში კი აღემატება კიდეც.
როგორც ცნობილია, მინისტრების ხელზე ასაღები ყოველთვიური შემოსავალი, დანამატის ჩათვლით, 5 000 ლარია. მინისტრის პირველი მოადგილე ხელფასის სახით ხელზე 2, 950 იღებს, მინისტრის მოადგილე კი - 2, 720 ლარს. კვლევის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში, დეკლარაციებში არ არის მითითებული, ყოველთვიურად რა თანხის გადახდა უწევს თანამდებობის პირს სესხის გასასტუმრებლად.
ორგანიზაციის ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას 200 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს, რომელიც მან 2014 წლის მარტში აიღო. გარდა ამისა, მინისტრს ჯამში სხვადასხვა პერიოდში 70 000 აშშ დოლარისა და 42 500 ლარის ოდენობის სესხები აქვს აღებული კრედიტის სახით ბანკში.
მათივე ინფორმაციით, დანელიას დეკლარირებული დანაზოგი შეადგენს ნაღდ ფულს - 7000 აშშ დოლარისა და 4000 ლარის ოდენობით და დაახლოებით 6,500 აშშ დოლარი და 1,500 ლარის ოდენობის თანხას საბანკო ანგარიშებზე. მინისტრის ქონებას 2014 წელს თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე 161.84 კვ.მ. ფართობის ბინა, დაბა შინდისში 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და 265 კვ.მ. ფართობის მშენებარე სახლი შეემატა. „ბანკ რესპუბლიკის“ ვებგვერდზე განთავსებული სესხების კალკულაციის მიხედვით, მხოლოდ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხზე მინისტრს თვეში დაახლოებით 2 000 აშშ დოლარის (დაახლოებით 3,450 ლარის) გადახდა უწევს, რაც მისი ყოველთვიური ხელფასის 69%-ია.
120 000 აშშ დოლარის სესხი აიღო 2012 წლის ნოემბერში ბანკ „ქართუში“ ეკონომიკის მინისტრმა. სესხის დასაფარავად მინისტრი თვეში დაახლოებით 2 800 ლარს იხდის. 2013 წლის ნოემბრის ბოლოს „საქართველოს ბანკში“ 140 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხია რეგისტრირებული შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე, მინისტრს თვეში დაახლოებით 2 600 ლარის გადახდა უწევს სესხის დასაფარად. 2013 წლის მარტში სუბარმა „ქართუ ბანკში“ 140 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აიღო და თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე 187 კვ.მ. ფართობის ბინა 190 000 აშშ დოლარად შეიძინა, თუმცა 2 600 ლარის ნაცვლად, მინისტრი 1800 ლარს იხდის.
რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, ჯანდაცვის მინისტრის მოდგილეს დიმიტრი მახათაძეს ქონებრივ დეკლარაციაში 315 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი აქვს მითითებული, წლის განმავლობაში, სესხის გასავლად მახათაძეს 21 584 აშშ დოლარი აქვს მითითებული, რაც თვეში დაახლოებით 3,150 ლარია.
შს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილის ქონებრივ დეკლარაციაში 190 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხია მითითებული, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს. სესხის წლიურ გასავლად კი თვეში დაახლოებით 4 800 ლარია. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზურაბ აზმაიფარაშვილის 2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2013 წლის აგვისტოდან მის სახელზე 275 000 ლარის სესხია რეგისტრირებული.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის სახელზე 260 000 ლარის და 28 600 აშშ დოლარის ოდენობის სესხებია რეგისტრირებული. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილის სახელზე 164 000 აშშ დოლარის ღირებულების სესხია რეგისტრირებული, მის მეუღლეზე კი ჯამში 195 000 აშშ დოლარი. ყველა ეს სესხი გალეგაშვილი თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2010 და 2012 წლებშია აღებული. ამ სესხების გასავალი, დეკლარაციების მიხედვით, ჯამში, წელიწადში, დაახლოებით, 63,000 აშშ დოლარია. ეს თვეში დაახლოებით 9,185 ლარია, რაც მინისტრის მოადგილის ყოველთვიურ ხელფასს სამჯერ აღემატება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი თვლის, მაღალჩინოსნების დიდი სესხები აჩენს რისკებს, რომ მათ ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი ეძებონ. როდესაც სახელმწიფო მოხელეს ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს და ხელფასის 60 პროცენტით სესხს ფარავს, გარკვეული კითხვები ჩნდება.
„როცა მინისტრი 190 000-იან სესხს იღებს და ხელფასის 80 პროცენტს ყოველთვიურად სესხის დაფარვაში იხდის, რა რჩება მას ყოველდღიური საჭიროებებისთვის? ამხელა საბანკო ვალდებულება რისკის შემცველია. სასურველია მინისტრებს ისეთი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდეთ, რომ კორუფციის რისკები შემცირებული იყოს“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
მინისტრებისა და მათი მოადგილეების საბანკო კრედიტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეხმაურება. მინისტრის განცხადებით, ეს არის ღია ინფორმაცია, რომლის ნახვა ყველას შეუძლია.
„ორი წელია ამ თემაზე ვლაპარაკობ. ახალი ამაში არაფერია. კარაგია, რომ მთავრობის წევრი კრედიტს იღებს და პატიოსნად იხდის, ვიდრე ის, რაშიც დახარჯა 8 მილიონი ყოფილმა პრეზიდენტმა. რატომღაც ისინი ამ თემაზე არ საუბრობენ. ეს არის კომერციული კრედიტები, არავითარი შეღავათი არაა. მე მაგალითად 11 პროცენტს ვიხდი. ისე, პატარა შეცდომა დაუშვეს, მათი გათვლებით უნდა ვიხდიდე 2800 ლარს, სინამდვილეში ვიხდი 1800 ლარს. ეს არაა ხელფასის 52 პროცენტი. პირველ წელს წინმსწრებით დავფარე უფრო მეტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოზარ სუბარი.
თავისთავად კარგია, როდესაც მინისტრებისა და მათი მოადგილეების საბანკო კრედიტების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა ექპერტების განცხადებით ობიექტურობისთვის კარგი იქნებოდა ამავე არასამთვარობო ორგანიზაციას, ანალოგიური კვლევა ყოფილი ხელისუფლების პირობებში ჩაეტარებინა.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის ხელმძღვანელი, არჩილ გამზარდია for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ფლანგზე მეტად, არასამთავრობო სექტორში ცდილობს აქტიურობას.
„იმდენი საერთო აქვთ, რომ ერთი შეხედვით ჩანს კიდევაც როგორ გადაჰკრავს პარტიული ელფერი არასამათავარობო სექტორის მესიჯებს. ჩნდება კითხვები, ეს ხომ არაა ირიბი პოლიტიკური მხარდაჭერა? უფრო მეტიც, არსებობს გარკვეული საკითხები, როდესაც 5-10 არასამთავრობო გამოდის ერთობლივი განცხადებით, მთელ ამ პროცესს წმინდა პოლიტიკური კამპანიის სახე აქვს, იმ მხრივ, რომ ხშირ შემთხვევაში, მცდარ განცხადებას აკეთებენ, მერე გაარკვევენ, რომ ამ განცხადებას საფუძველი ნაკლებადა ჰქონდა“, - აცხადებს გამზარდია.
მისივე განცხადებით, მთელი ეს პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ ხელისუფლება წარმოადგინონ ბევრად უფრო საგანგაშოდ, რაც მისი თქმით, ეს ერთიანი კამპანიის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც გულისხმობს „ნაციონალაური მოძრაობის“ მხრიდან ანტისახელიუფლებო კამპანიას.
„ამიტომ, ბუნებრივია, რომ ეს შეკითხვები ჩნდება. ის ორგანაიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში საჯარო სივრცეში იყვნენ და ხმას არ იღებდნენ, ამ შემთხვევაში რატომ არიან ასე მოწადინებულნი? ერთი მხრივ კარგია, თუ ისინი პროგრესულები და მეტად მოწადინებული გახდნენ, თუმცა ჩნდება კითხვა, ხომ არაა რაიმე დაინტერესება, რომ რაზეც სურთ იმაზე ჩუმდებიან, ხოლო რაზეც სურთ იმაზე ამახვილებენ ყურადღებას?“, - ამბობს არჩილ გამზარდია.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, კარგია, როდესაც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო გაბედულები გახდნენ, მაგრამ ჩნდება კითხვა, ამ გებედულების იქით ხომ არაა რაიამე პოლიტიკური ინტერესი, პოლიტიკური დაკვეთა.
„მეეჭვება ამ შემთხვევაში იყოს პოლიტიკური დაკვეთა, უბრალოდ, უნებლიედ, შეიძლება ამ ტიპის კვლევა მართლაც ნაციონალების ინტერესთან მოვიდეს ჰარმონიაში. ძირითადი მიზეზი ალბათ ის გახლავთ, რომ დღეს უფრო მეტი თავისუფლებაა, რომელიც ამ თავისუფლების გამოყენების სურვილს და საშუალებას აჩენს. თუმცა, სასურველია, გამოკვლევის დროს დაფიქრდნენ, ესა თუ ის გამოკვლევა რა პოლიტიკურ კონტექსტს იძენს მოცემულ მომენტში. ყველაფერი იმდენად პოლიტიკურია, რომ ანალოგიური ტიპის კვლევა, შეიძლება ვიღაცის წისქვილზე ასხამდეს წყალს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.