,,ოცნება’‘ პოლიტიკურ ველს ასუფთავებს!’‘

,,ოცნება’‘ პოლიტიკურ ველს ასუფთავებს!’‘

ხათუნა ლაგაზიძე 2016 წლამდე ხელისუფლების შეცვლას გამორიცხავს

ხათუნა ლაგაზიძეს მოქმედი კონსტიტუცია საუკეთესოდ, ქვეყანაში არსებულ ყველაზე ჯანსაღ პროცესად კი, პრემიერისა და პრეზიდენტის ყბადაღებული კინკლაობა მიაჩნია. ამასთან, პოლიტოლოგი ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას ,,ოცნების’‘ სამნაწილიან ლეგენდას შიფრავს, აქცენტს .. კუდიანებზე ნადირობაზეც აკეთებს და დარწმუნებულია, რომ 2016 წლამდე საქართველოში სერიოზული პოლიტიკური ძვრები არ მოხდება.

- ქალბატონო ხათუნა, საქართველოში ანტიტერორისტული საწვრთნელი ბაზის შესაძლო აშენებამ ლამის საერთაშორისო სკანდალში გაგვხვია. მართალია, გაირკვა, რომ მსგავსი რამ არ იგეგმება, მაგ-რამ აშშ-ს კოალიციაში ისე როგორ  ჩავერიოთ, რომ ტერორისტების აგრესიაც ავირიდოთ და არც ჩვენი ის-ლამური სამეზობლო გავანაწყენოთ?
- დაზუსტებული ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკება აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ყოფ-ნისას, სექტემბერში გაიმართა. ამ სკანდალმა კი გამოკვეთა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არაკოორდინირებულობაა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს სახელმწიფო საიდუმლოს დაცვა არ შეუძ-ლიათ, რაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობას მოწმობს. რაც შეეხება თავად ბაზის აშენება-არაშენებას, ჩრდილოკავკასია ტერორისტების ერთ-ერთი ინკუბატორია. ბაზის აშენებით კი იმ რეალობის წი-ნაშე დავდგებით, რომ საზღვრის ერთ მხარეს ტერორისტების მომზადების ბანაკი იქნება, მეორე მხარეს ანტიტერორისტების ცენტრი, რაც კავკასიის რეგიონში ტერორიზმის იმპორტს ნიშნავს. არავის, მათ შორის, არც რუსეთსა და აშშ-ს არ აწყობს კავკასიაში ტერორიზმის ახალი კერის გაჩენა, ამიტომ ამ ანტიტერორისტულ კოალიციაში საქართველოს საბრძოლო და სამხედრო როლი უნდა გამოირიცხოს, თუმცა ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია ტერორიზმის კვლევის ცენტრის შექმნა და იმის შესწავლა, რა ფაქტორები უწყობს ხელს ჩრდილოკავკასიაში ამ ბუდეების გაჩენას. ეს კვლევის ცენტრი კოალიციის მუშაობაში თავის წვლილსაც შეიტანს, აგრესიის საფრთხეც გაცილებით ნაკლები იქნება და თურქეთის, ირანისა და აშშ-ს ერთობლივი ინტერესის სფეროშიც მოექცევა. 

- სხვათა შორის, ,,როიტერი’‘ ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ირანი ევროპის მთავარი გაზ-მომმარაგებელი გახდეს და რუსეთი ჩაანაცვლოს. ამ თემაზე ევროკავშირი უკვე მუშაობს, ორი მთავარი პროექტი - ,,შაჰ დენიზი’‘ და მიძინებული ,,ნაბუკო’‘ კი ევროპაში, ბუნებრივია, ისევ საქართველოს გავლით გავა. ამით ჩვენი ქვეყანა მოიგებს თუ წააგებს?
- მსოფლიო პოლიტიკაში მხოლოდ შავ-თეთრი ფერებით არ თამაშობენ, ამიტომ ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ცხადია, დასავლეთმა უკრაინა გაყიდა. თუ ზემოხსენებული ორი პროექტი განხორციელდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპისა და აშშ-სთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება და ჩვენს დასაცავად უფრო მეტსაც გაიღებენ, ვიდრე უკრაინისთვის, თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლახან ნამდვილი საერთაშორისო სკანდალი მოხდა - დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, ევროპასა და აშშ-ს პუტი-ნის შემჩერებელი ლიდერები არ ჰყავსო. ასე რომ, ეს საქართველოსთვის ერთდროულად ძალიან დიდი შანსიცაა და საფრთხეც. ამასთან, ისეთი გამოსავალი, რომ რისკები განულდეს, ამ ვითარებაში, პრაქტიკულად, არც არსებობს.  

- ალბათ, ვერც შიდაპოლიტიკურ რისკებს გავანულებთ - პრეზიდენტი ოპოზიციაშია და სახეზე შიდაარეულობის საფრთხეა 
- გიორგი მარგველაშვილი ასეთი სახელისუფლო კრიზისის შემქმნელი არაა. პარლამენტის დაშლას აზრი იმ შემთხვევაში აქვს, თუ ხელისუფლებაში ახალი, ძლიერი ჯგუფი მოდის, ჩვენთან კი ალტერნატიული ძალა არ ჩანს, თან ამის არც აუცილებლობაა და არც მოცემულობა. იმაზეც ლაპარაკობენ, მიდის თუ არა მარგველაშვილი ოპოზიციაში, ქმნის თუ არა პარტიასო და ა.შ., მაგრამ ამ კონსტიტუციით, პრეზიდენტის მთავარი ხიბლი სწორედ მის ზეპარტიულობაშია და ვიცი, პრეზიდენტი ამ საკითხს სწორედ ასე უყურებს. მოქმედი კონსტიტუციით, იგი ყველა ,,დამაშვრალისა’‘ და ,,ჩაგრულის’‘ მფარველი ანუ სიტყვის, ბიზნესის თავისუფლებისა და კონსტიტუციით გარანტირებული ყველა უფლების სადარაჯოზეა. როგორც კი პრეზიდენტი რომელიმე პარტიის ლიდერი ან სახე გახდება, ეს ხიბლი დაეკარგება. სხვათა შორის, საქართველოს დღევანდელ კონსტიტუციაზე ბევრისგან რადიკალურად განსხვავებული აზრი მაქვს - ძალიანაც კარგი, რომ კონსტიტუცია ასეთია და პრეზიდენტი პირდაპირი წესით ირჩევა. პრემიერისთვის გაზრდილი უფლებების პირობებში, არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტი ბალანსის ბერკეტს ტოვებს. 

- ჩვენში დარჩეს და, აქამდე მარგველაშვილი ,,დამაშვრალთა’‘ უფლებებისთვის კი არა, უფრო გაერო- სამიტზე წასვლისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის იბრძოდა. 
- კამათსა და ოპონირებაში პრობლემას ვერ ვხედავ. აბა, წარმოიდგინეთ, პარლამენტი რომ ირჩევდეს პრეზიდენტს და მერე, მისი გადაყენება ძალიან ადვილად შეეძლოს? იმ პირობებში, როცა ქვეყანას ძლიერი ოპოზიციური ძალა არ ჰყავს, ხელისუფლების ბალანსი ვინ იქნებოდა? შეიძლება, მარგველაშვილი პარტია ,,ოცნების’‘ რუპორი ყოფილიყო და მაშინ არც ეს გაუგებრობა იქნებოდა. სამაგიეროდ, კონსტიტუცია იძლევა საშუალებას, თუ პრეზიდენტს სურს, ადამიანის უფლებათა რეალური დამცველი იყოს და არა პარტიის რიგითი წევრი, ამას მოახერხებს!
იცით, დეპუტატებს რა ეშლებათ? - მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა და პარტიამ წარადგინა, მაგრამ არჩევის შემდეგ, პრეზიდენტი კონსტიტუციის მოთხოვნებს ასრულებს და არა წარმდგენი პარტიისა, ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე საღი პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, სწორედ ეს არის.

- არაჯანსაღია თავად პოლიტიკური ველი - რეალურად, ვინაა დღეს ოპოზიცია და რა შეუძლია? 
- შეგვიძლია, ჩამოვთვალოთ ოპოზიციური პარტიები, მაგრამ მათი უმეტესობა ერთკაციანია. ქვეყანაში ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობაა, თუმცა მასაც ხალხის ნების გამოხატვის მორალური უფლება არ აქვს. ამას წინათ, სოციალურ ქსელში ერთი მშვენიერი შედარება ვნახე - ნაციონალური მოძრაობა ,,ქართული ოცნების’‘ დაზღვევის ოქროს ბარათიაო. ,,ოცნება’‘ დღეს ნაციონალების ხარჯზე არსებობს - როგორც კი ნაციონალური მოძრაობა გაქრება, ,,ქართული ოცნებაც’‘ ჩაქრება! რომ ჩამოვთვა-ლოთ, რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ ორი წლის განმავლობაში, შედეგად ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევას მივიღებთ, ასევე არჩევით მერებსა და გამგებლებს, რაც, უდავოდ, კარგია. ასევე, შედარებით თავისუფალი გახდა მედია, ბიზნესი, სასამართლო და პოლიტიკური არჩევანი, თუმცა ,,ქართული ოცნება’‘ საკუთარი მიღწევების დემონსტრირებას ვერ ახერხებს. სამაგიეროდ, გადასარევად ახერხებს შავი პიარის წარმოებას ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის წინააღმდეგ. შესაძლოა, ასე იმ რეალობამდე მივიდეთ, ,,ოცნებამ’‘ თავის მიღწევებს ხაზი თავად გადაუსვას.

ხელისუფლებამ შექმნა ლეგენდა, რომელსაც ,,კუდიანებზე ნადირობას’‘ ვეძახი. ამ ლეგენდის პირველი ნაწილი ისაა, რომ ყველა, ვინც აკრიტიკებს ხელისუფლებას, ნაციონალების სატელიტია; მეორე ნაწილის მიხედვით კი, ნაციონალები სახელმწიფო გადატრიალებას აპირებენ და ავტომატურად, გამოდის, ყველა, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, სახელმწიფო გადატრიალების პოტენციური მონაწილეა. ამ ლეგენდის მესამე ნაწილი ყველაზე ცუდია - გვარწმუნებენ, რომ 2016 წლამდე ნებისმიერი პარტია, ვინც შესაძლოა, ასპარეზზე გამოჩნდეს, აუცილებლად ნაციონალების მართულ-დაფინანსებული იქნება, ამით ,,ოცნება’‘ პოლიტიკურ ველს წინასწარ ასუფთავებს.

- ანუ ხელისუფლება უკვე არჩევნებისთვის ემზადება?
- რა თქმა უნდა და საკუთარ ამომრჩეველს, რომელიც 9 წლის განმავლობაში სწორედ ასეთ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, ძალიან უღირსადაც ექცევა. ხელისუფლება, რომელიც მრავალპარტიულობას გვპირდებოდა, დღეს მიიჩნევს, რომ ეს ქართველი ხალხისთვის სრულიად ზედმეტი ფუფუნებაა და ამ ლეგენდას ,,გვტენიან’‘, რაც ნაციონალებსაც აწყობთ, რადგან ისინი მაშინვე გაქრებიან, როგორც კი ახალი, კონკურენტული ძალა გამოჩნდება. მთელი ეს სიტუაცია კი ერთ კითხვას აჩენს - არის კი ახალი, ძლიერი პოლიტიკური ძალის გამოჩენის რესურსი?! მით უმეტეს, ბოლო დროს უკვე თვალსაჩინოა, რომ ხელისუფლებამ ცალკეული ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების გადაბირებაზე მუშაობა დაიწყო. ბეჭდვითი მედიის ნაწილი კი კარგა ხანია კონტროლდება. მოკლედ, ეს საარჩევნო სამზადისია, თუმცა მარტო ხელისუფლებასა და ნაციონალებს ვერ დავაბრალებთ, საზოგადოებას ახალი ძალის გაჩენის სურვილი ან უნარი რომ არ გააჩნია. ,,ოცნებას’‘ და ნაციონალებს რა სურთ, ეს არავის აინტერესებს, მთავარია, რა სურს ხალხს, თუმცა არც პოლიტიკური დუღილი მიდის, არც ახალი ძალის გარდაუვალობა ჩანს და, მით უმეტეს, არც ვადამდელი არჩევნები. არსებობს ამომრჩევლის თითქმის 50%, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს. ეს კი ძალიან მსუყე ნიადაგია პოლიტიკაში შესვლის ნებისმიერი მსურველისთვის. ასე რომ, 2016 წლამდე ხელისუფლების ცვლილება გამორიცხულია, თუმცა ახალი პოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენის წინაპირობა ნამდვილად არსებობს.