"ქართული ოცნება" მიიღებს გამწარებულ ხალხს, რომელიც აუცილებლად თვითონ გაასწორებს ანგარიშს"

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მრჩეველს, ლალი მოროშკინას კვლავაც აიძულებენ, რომ უახლოეს ხანში ისევ "ჩაჩანგლოს" ვინმე. როგორც თავად ამბობს "ქრონიკასთან" საუბარში, ის უკვე მიეჩვია მსგავსი პროვოკაციების მოწყობას, როგორიც 26 სექტემბერს გაითამაშეს "ნაციონალებმა" ინგა გრიგოლიას გადაცემაში ("რე-აქცია"), მაგრამ როცა ყოველგვარ ზღვარს გადადიან, საჭიროა საკადრისი პასუხის გაცემა. შეგახსენებთ, გადაცემაში ლალი მოროშკინას "ნაციონალების" მიერ დაქირავებულმა ქალბატონებმა, რომლებიც სტუდიაში ისხდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს: 

- ესენი სხვა გზას არ გვიტოვებენ, უნდა ვიბრძოლოთ უტიფრობის, აღვირახსნილობისა და საბოტაჟის წინააღმდეგ, ოღონდ კანონით. მე, ალბათ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ ვნახავდი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, 2014 წლის მიწურულს, ვიღაცა გაბედავდა, სააკაშვილის მიერ დახოცილ ბიჭებს გალანძღავდა და მეც ზედ მიმაყოლებდა. ჩვენ აქედან უნდა დავასკვნათ, რა ხდება, სად ვართ და სად ვიმყოფებით. აი, ეს არის კოჰაბიტაციის შედეგი. ხელისუფლებამ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა, ის ფირები, რომელიც ჩვენ შარშან ფარულად გვაჩვენეს, უნდა გასაჯაროებულიყო. დაე, კიდევ ერთხელ სტკენოდა საზოგადოებას, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ყველა მიხვდებოდა, რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა". როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილს ავიწყდება, რომ ჩვენ გვქონდა საქმე საშინელ დანაშაულებრივ რეჟიმთან, რომელიც დღეს უფრო გამძვინვარებულია და უფრო საშიში უბედურება მივიღეთ. ნამდვილად დღევანდელი მთავრობის დანაშაულია, რომ ისინი დღეს თავჩაქინდრულები არ დადიან. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" მიიღებს გამწარებულ ხალხს, რომელიც აუცილებლად თვითონ გაასწორებს ანგარიშს. ვერ აღდგა სამართალი, მოხდა პირიქით და მეტიც, ეს ადამიანები ყოველ საღამოს სხედან სტუდიებში და იქით გვტუქსავენ. აი, ეს უკვე კულმინაციაა, რაც მოხდა ამერიკაში პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, რაც მოხდა პრემიერ-მინისტრის მეუღლის კაბასთან დაკავშირებით. ეს ჩვეულებრივი მოდური ტანსაცმელია და ამის ახსნა საზოგადოებისთვის მე კი არ უნდა მიწევდეს, ამას პიარსამსახურები უნდა აკეთებდნენ. 

- პიარსამსახურებს სად სცალიათ მაგისთვის? 
- დიახ, არც სცალიათ და არც არაფერი გაეგებათ. ამ სისხლის სამართლის დამნაშავეებთან რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ბრძოლაა საჭირო, ამას ვერ აცნობიერებენ. მე ინგა გრიგოლიას გადაცემაში მიტანილი მქონდა ყოფილი პატიმრების წერილები, სადაც გაუპატიურების ფაქტებია აღწერილი. ეს არის ოქმებად შემდგარი წერილები და არა ჭორის დონეზე გაგონილი ამბები. ყველაფერი შეტანილია პროკურატურაში, მაგრამ, სამწუხაროდ, პროკურატურა გაჩერებულია. მე პირადად მაქვს განცხადება ნანახი, რომელიც ყოფილმა პატიმრებმა შეიტანეს პროკურატურაში და მას ხელს აწერს 600 კაცი. ამის შემდეგ გამოდიან "ნაციონალები" ტელევიზიით და ამბობენ, თუკი ციხეებში ასეთი რაღაცები ხდებოდა, ერთმა ყოფილმა პატიმარმა მაინც რატომ ვერ დაამტკიცა თავისი სიმართლეო? დიახ, პროკურატურაში განცხადებების ცვენაა, მაგრამ იძიებს ვინმე? შედეგი "ნაციონალების" სასარგებლოდ მიდის, ამ საქმეებზე ჯერ არც ერთი დამნაშავე არ არის დასჯილი. 

- კი, დუჟმორეული ზურაბ ჯაფარიძე იქით ურტყამს თავში ხელისუფლებას, ერთი საქმე მაინც რატომ არ გამოიძიეთო? გამოდის, ყველა პატიმარი კანონიერად იჯდა ციხეშიო. 
- დიახ, ასე რომ გვეუბნებიან, ამიტომაც არის "ოცნება" მიჩმორებულ მდგომარეობაში. ახალ ხელისუფლებას შემოუტრიალდნენ და იქით ეძახიან ლაჩრებს. ჩვენ გვეგონა, რომ უამრავ სასამართლო პროცესს მივიღებდით. როგორც გავიგე, ახლა იწყებენ ციხის ბუნტის საქმის ხელახალ გამოძიებას, ჩემი ინფორმაციით, კიდევ გაჩნდა რაღაც გარემოებები, ახალი ჩვენებები მისცეს ყოფილმა პატიმრებმა, მაგრამ როდემდე? დღეს ქვეყანა არის ბუნტის მდგომარეობაში, ჩვენ ცოტა ხანში მივიღებთ ქაოსს. როდესაც ინგა გრიგოლიას გადაცემა დამთავრდა, ძალიან ბევრმა ადამიანმა დამირეკა, ზოგმა მომწერა, რომ თურმე ქალი, რომელმაც შეურაცხყოფა მომაყენა, აუცილებლად უნდა მომეკლა. აქედანაც ვასკვნი, ცოტა ხანში კანონს ყველა ფეხებზე დაიკიდებს. საზოგადოება ვეღარ ითმენს, თუ დამნაშავეებს არ დასჯი, ხალხი მოითხოვს სისხლს. ყველამ კარგად იცის, რომ მე არასოდეს უკან არ დამიხევია, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ისევ პირდაპირ ეთერში გავაჩაღო ხელჩართული ბრძოლა? უკაცრავად, მე არ ვაპირებ ასეთი რაღაცის გაკეთებას, ნება იბოძოს ხელისუფლებამ და კანონი აამოქმედოს ყველას მიმართ. არ ისვენებს მიხეილ სააკაშვილი, მე ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე გითხარი, სარფში მის ვოიაჟს მოჰყვება გაგრძელებები-მეთქი. სწორედ ეს გაგრძელებაა, რაც ნიუ-იორკში მოხდა. სარფის შეხვედრა ყველა მიმართულებით იყო გასაანალიზებელი. 

- რა ვიცი, სარფიდან კი გაუშვეს მტლაშა-მტლუშით და ტაშით. 
- საქმე ის არის, რომ ამ ხელისუფლებას შიგნითვე ჰყავს პროვოკატორები. მე ვითხოვ: გამომზეურდეს ფირები, რომელიც ჩვენ დახურულ ჩვენებაზე გვიჩვენეს, სადაც ეს ადამიანები ფიგურირებენ და დღეს იმის იმედი აქვთ, რომ მათზე სამხილი აღარ არსებობს. მთლად დამშვიდებულებიც ნუ იქნებიან, ასლები მაინც არსებობს. ამუშავდეს პროკურატურა. ათასობით საქმე, სადაც "ნაციონალების" დანაშაულზეა საუბარი, თაროზეა შემოდებული. გასამართლდეს რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდება!