უმრავლესობის რჩევა პრეზიდენტს და „ოცნების“ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული კანდიდატები

უმრავლესობის რჩევა პრეზიდენტს და „ოცნების“ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული კანდიდატები

პრეზიდენტმა პირობა შეასრულა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პარლამენტს კვლავ ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები წარუდგინა, უმრავლესობაში კი, ისევ აზრთა სხვადასხვაობაა.

გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარს „თავისუფალი-დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ ისევ უჭერენ, „ქართულ ოცნებას“ კი, ჩამოყალიბებული პოზიცია კვლავ არ აქვს. არადა, აგვისტოში, რიგგარეშე სხდომაზე, კენჭისყრაზე, ბაქაქურისა და ძლიერიშვილის კანდიდატურები სწორედ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ჩააგდეს. მათ აღნიშნულ პირებს ნდობა არ გამოუცხადეს და გადაწყვეტილება არაკორდინირებული მუშაობით ახსენეს.

საკანონმდებლო ორგანო ბაქაქურისა და ძლიერიშვილის კანდიდატურების თაობაზე მსჯელობას მიმდინარე კვირას დაიწყებს და გადაწყვეტილებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს, მაგრამ აღნიშნული კანდიდატურები კენჭისყრაზე ისევ ჩავარდებიან თუ არა, ამას მმართველ გუნდში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ და პრეზიდენტს ურჩევენ, პარლამენტის თავმჯდომარესთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს.

როგორც for.ge-ს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, პარლამენტში ვინმეს კანდიდატურა ნიშნის მოგებით და ჯინაზე კი არ უნდა იყოს წარდგენილი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარესა და ფრაქციებს უნდა ელაპარაკონ, რაც ნაყოფიერი მუშაობის გარანტი იქნება.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანანმდებობაზე კანდიდატურების წარდგენის უფლება პრეზიდენტს აქვს, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, მას მხარს დაუჭერს თუ არა.

„კენჭისყრის დროს დეპუტატები თავისუფალნი იყვნენ და არანაირი მითითება არსაიდან არ ყოფილა, მაგრამ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ვურჩევ, კონსულტაციებში უფრო მეტი დრო დახარჯონ. ნიშნის მოგებით და ჯინაზე კი ნუ იქნება ვიღაცის კანდიდატურა შემოტანილი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარეს ელაპარაკონ. ჟინიანობა კონტრპროდუქტიულია. ნებისმიერი საკითხი, რომელიც პარლამენტში იქნება შემოტანილი, არ ნიშნავს, რომ მას უპირობოდ მხარს დავუჭერთ. პრეზიდენტს ვარწმუნებ, რომ კონსულტაციები ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი, რომელმაც ორივე კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

„თავისუფალი-დემოკრატების“ მსგავსად, აღნიშნულ კანდიდატურებს ნდობა „რესპუბლიკელებმაც“ გამოუცხადეს. for.ge-სთან საუბარში თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ნინო ბაქაქური იდეალური მოსამართლეა და საქართველომ არჩევანი სწორედ ასეთ ადამიანებზე უნდა გააკეთოს. კანონმდებელის განცხადებით, მას უჭირს პასუხის გაცემა იმაზე, თუ რატომ არ გამოუცხადა ბაქაქურს ნდობა „ქართულმა ოცნებამ“ .

„ბაქაქურს მხარი ადრეც დავუჭირე და ყოველთვის დავუჭერ. ნინო იდეალური მოსამართლეა. ის ჩვენი პროფესიის ადამიანებში ძალიან იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც შეიძლება ბოლომდე ენდო და ვისი პროფესიონალიზმიც ეჭქვეშ არასოდეს დადგება“, - აღნიშნავს დეპუტატი, რომლის მსგავსად, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა გედევან ფოფხაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომელიც უხერხულ მდგომარეობაში არც პარლამენტს ჩააგდებს და არც საკითხის წარმდგენ სუბიექტს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მხარდაჭერა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ თემაზე საკითხის წარმდგენი სუბიექტის მხრიდან კონსულტაცები უნდა გაიმართოს. კონსულტაციები რომ ყოფილიყო, ამ პროცესში დეპუტატები იქნებოდნენ ჩართულნი. წარდგენილია ღირსეული კანდიდატები, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები და კონსულტაციები უნდა გაიმართოს. ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომელიც არც პარლამენტს ჩააგდებს უხერხულ მდგომარეობაში და არც წარმდგენ სუბიექტს“,- აცხადებს ფოფხაძე, რომლის მსგავსად, კონსულტაციების ნაკლებაზე აპელირებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

for.ge-სთან საუბარში კობახიძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო.

მისი თქმით, ამ საკითხის სიღრმისეული განხილვა უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, კენჭისყრაზე კანდიდატურები არ ჩავარდებოდა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები უნდა ყოფილიყო როგორც კანდიდატების წარდგენის დროს, ასევე მას შემდეგ. ალბათ, ჩემს პოზიციას პრეზიდენტი არ დაეთანხმება, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ კოორდინაცია აუცილებელი იყო. წარდგენილი კანდიდატურები კომპეტენტურები და კვალიფიციურები არიან, მაგრამ განხილვის პროცესი ხელახლა იწყება და ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესი. ვერ გეტყვით, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, რადგან პროცესი თავიდან არის დაწყებული“, - აცხადებს დეპუტატი, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია.

კანონმდებელი საკითხზე საუბრისას განსაკუთრებულ ყურადღებას უზენაესი სასამართლოს მუშაობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ უწყება კომპეტენტური, პროფესიონალი, პირუთვნელი და მაღალი ადამიანური ღირსებების მქონე პირებით უნდა დაკომპლექტდეს.

„ყველაზე დიდი ჩავარდნა სასამართლო ხელისუფლებაში გვქონდა. ქვეყანა მძიმე პროცესებამდე სწორედ არასამართლიანი სასამართლო სისტემის გამო მივიდა. სასამართლო ხელისუფლების გაუმართავ მუშაობას გამოსწორება სჭირდება და ლომის წილი უზენაეს სასამართლოს აქვს. უზენაეს სასამართლოს ფუნქციები უფრო ხელშესახები უნდა გახდეს და მას ნოტარიუსის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს, რომელიც ხშირად, ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებებს იზიარებს. უზენაეს სასამართლოში ფუნქცია მოსამართლეებსაც უნდა დავუბრუნოთ და თავად სასამართლოსაც“, - აცხადებს კობახიძე.

ბაქაქურისა და ძლიერიშვილის კანდიდატურების შესახებ უმრავლესობაში ერთიანი პოზიცია რომ არარსებობს, ამას ადასტურებს ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურიც, რომელიც for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისი თქმით, აგვისტოში, საკითხზე საკმარისი ინფორმაცია არ იყო, რის გამოც კანდიდატურები კენჭისყრაზე ჩავარდა.

ბაქაქურისა და ძლიერიშვილის კანდიდატურების შესახებ გაიმართა თუ არა უმრავლესობასთან კონსულტაცია, ამის თაობაზე ინფორმაციას for.ge-სთან საუბარში არ აკონკრეტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე, რომელიც ყურადღებას მხოლოდ იმაზე ამახვილებს, რომ დაპირებისამებრ, პრეზიდენტმა პარლამენტს აღნიშნული კანდიდატურები საშემოდგომო სესიაზე ისევ წარუდგინა.

კვერენჩხილაძის შეფასებით, პრეზიდენტმა კანდიდატების პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და მიუკერძოებლობის კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, რაც სასამართლო ხელისუფლების სისტემაში უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

„კანდიდატურების ჩაგდების დროს, უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ეს იყო კოორდინაციის პრობლემის შედეგი. ამ ადამიანების წინააღმდეგ რაიმე პრობლემური საკითხი კი არ წამოჭრილა“, - დასძენს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

შეგახსენებთ, რომ ერთი მხრივ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს, მეორე მხრივ კი, საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. ბაქაქურს მხარი მხოლოდ 29 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ძლიერიშვილს 27-მა. პარლამენტის გადაწყვეტილებას თავად პრეზიდენტი გამოეხმაურა, მან გაკვირვება არ დამალა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო ის, თუ რატომ ჩავარდა მოსამართლეთა კანდიდატურები, მაშინ, როცა კომიტეტზე მათ მხარდაჭერა მიიღეს.

რაც შეეხება კანდიდატურების ბიოგრაფიას, ბაქაქურს იურისტად მუშაობის 16-წლიანი და მოსამართლედ მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს. 2004–2008 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე. 2008 წლიდან დღემდე იგი მუშაობს იურიდიულ კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებში“ და წარმოადგენს მის ერთ-ერთ პარტნიორს. მან ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო.

ზურაბ ძლიერიშვილი კი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრია და თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრია. ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი.