[ლიბერალი]
საქართველოში ბანკებიდან სესხის აღება საშუალო და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ხელმიუწვდომელია. არადა, ქვეყნისთვის, რომელიც საბაზრო ეკონომიკას აშენებს, მცირე და საშუალო საქმიანობის ხელშეწყობა და გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სინამდვილეში, სურათი მთლიანად იცვლება, როცა ადგილზე მიხვალთ და ე.წ. კრედიტ-ოფიცერს გაესაუბრებით.
ზემოთ დასახელებული "საწყისი საპროცენტო განაკვეთებიდან" ვაჭრობა კრედიტორსა და კრედიტ-ოფიცერს შორის მაშინ იწყება, თუ კრედიტორის მინიმალური წმინდა შემოსავალი 400 აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარებში (ერთი "პრესტიჟული" ბანკი მინიმალურ წმინდა შემოსავლად 950 ლარს ითხოვს). ამის შემდეგ დაახლოებით 5-8 დამატებითი მოთხოვნაა - სესხის მიზნობრიობა, რომელ ბანკში გერიცხება ხელფასი, საკუთარი შემოსავლის წყარო ერთია თუ ორი და ა.შ - და თუ მათ იდეალურად არ აკმაყოფილებ, საწყის საპროცენტო განაკვეთს ყოველ დამატებით კრიტერიუმზე 1 პროცენტი ემატება.
ხშირად კურიოზული სიტუაცია იქმნება. ვთქვათ, წმინდა შემოსავლის მინიმალურ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებ, მაგრამ სესხად ასაღებ თანხას, რომელსაც დაფარვის სიხშირის მიხედვით ბანკში თვეებზე გადაგინაწილებენ, თქვენი წმინდა ხელფასი დაახლოებით 4-ჯერ აღემატება. ამავე დროს, სესხად ასაღებ თანხაზე 7-8-ჯერ დიდია საუზრუნველყოფო უძრავი ქონება. ასეთ შემთხვევაშიც ბანკის წარმომადგენლები ღიმილით გეუბნებიან - "ბოდიში, მაგრამ თქვენ შემოსავალი არ გყოფნით".
შემდეგ, ეძებ ვარიანტებს - ბანკს სთავაზობ ოჯახის სხვა წევრის შემოსავლის, ან თანამშრომლის/ნათესავის ხელფასის დამატებას და ა.შ. თუ თანხმობაზე წამოვიდნენ, საპროცენტო განაკვეთი მაღლა და მაღლა იწევს და ყველაზე კარგ შემთხვევაში, შეიძლება, საბოლოოდ წლიურ 20 პროცენტზე გაჩერდეს.
სესხის აღების შემდეგ, თუ გადაწყვიტე, დროზე ადრე დაფარო სასესხო ვალდებულება, პირგასამტეხლოს გადახდა მოგიწევს - 1-7 პროცენტის ფარგლებში (რანჟირებულია ბანკების მიხედვით).
ბანკის მენეჯერები მაღალ პირგასამტეხლოს ორი მიზეზის გამო ითხოვენ. პირველი - თავიდან რომ არ ეძებონ ახალი კლიენტები და მეორე - რომ მათ კლიენტს სხვა ბანკში უფრო დაბალ პროცენტში სესხის აღების სურვილი არ უნდა გაუჩნდეს.
საქართველოზე ბევრად უკეთ გამოიყურება იპოთეკური სესხის აღების პირობები სომხეთის საკრედიტო ბაზარზე. მაგალითად, თუ კრედიტორი ახალადშექმნილი ოჯახია, საწყისი საპროცენტო განაკვეთი 10.5%-დან იწყება და კრედიტის მაქსიმალური თანხა შეადგენს გირაოში დასატვირთი ქონების 30%-ს.
არ არის დაწესებული მინიმალური შემოსავლის დონე. მაგრამ, საჭიროა გირაოს ქონების და კრედიტორის სიცოცხლის დაზღვევა. მთლიანობაში საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა, მაქსიმუმ 15%-ზე ავიდეს. პირგასამტეხლო კი მხოლოდ 0.5%-ია, რომელიც გადაიხდება დარჩენილი თანხიდან.
მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკების უმრავლესობა 100%-იან კერძო საკუთრებაშია, საქართველოს საბანკო სისტემა არაკონკურენტული და არაეფექტიანია. ამაზე ისიც მიუთითებს, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს მოხდა:
2009 წელს, საქართველოში, ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, ბანკებმა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების ნაცვლად, ის პირიქით, დაახლოებით 4.0 პროცენტით (22.4%-მდე) გაზარდეს. ეს იმ დროს, როცა ინფლაცია 3.0 პროცენტი იყო და როდესაც, ამავე პერიოდში, თითქმის მთელ მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია იყო.