ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსებას გეგმავს

ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსებას გეგმავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენება აზიის, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის დასაკავშირებლად, ასევე, ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორეში სავაჭრო, საკომუნიკაციო და კულტურული გაცვლა-გამოცვლის გასაფართოებლად. ამ მიზნით იგი 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსებას გეგმავს.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით, აბრეშუმის გზის აღდგენა არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რომელიც მოიტანა ცივი ომის დასრულებამ.

„აბრეშუმის გზა ფარავს ტერიტორიებს, რომელთა მოსახლეობა შეადგენს მსოფლიოს მოსახლეობის 2/3-ს და რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტია. სრულფასოვანი გამოყენების შემთხვევაში, აბრეშუმის გზის რეგიონი იქცევა მნიშვნელოვან ძალად ვაჭრობის გაფართოების, ახალი ენერგორესურსების და ენერგომომარაგების ქსელების განვითარებისა და კულტურული თანამშრომლობის კუთხით. ახალი აბრეშუმის გზის სრული პოტენციალის ამოქმედებისათვის საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ისეთ სამ საკვანძო სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა და ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ადამიანებს შორის კონტაქტები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, სატრანსპორტო დერეფნების ინტეგრირებისა და ახალი მარშრუტების გახსნის მიზნით, რომლებითაც პროდუქციის მიწოდება ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში სარეკორდო დროში განხორციელდება, ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას თურქეთთან, ჩინეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა და ავღანეთთან.

კავკასიის რეგიონის ფუნქციისა და აბრეშუმის გზის ისტორიული როლის დაბრუნების შესახებ არაერთხელ თქმულა. როგორც ცნობილია, აბრეშუმის დიდი გზით ვაჭრობას დასაბამი ძვ. წ. მეორე საუკუნეში მიეცა. თუმცა საინტერესოა, როგორ მოხდება ამ როლის რეინკარნაცია?! ახლა ხომ აღარ მიმდინარეობს ქარავნებით ვაჭრობა და აღარ არის მოთხოვნა მაღალხარისხოვან ჩინურ აბრეშუმზე, რომლის მთავარი მომხმარებლებიც რომის წარჩინებულები იყვნენ?! იმ ფონზე, როცა საქართველოს საკუთარი ტექნოლოგიები არ აქვს, რა როლი ექნება ჩვენს ქვეყანას და მხოლოდ ტრანზიტული ფუნქციით შემოიფარგლება?!

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველო არ არის მსოფლიოს ჭიპი და ჩვენი ქვეყანა ამ თამაშში არ არის მთავარი ფიგურა. აქედან გამომდინარე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა კარგია, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი და ეს არ უნდა დაემსგავსოს მისიონიზმს. ექსპერტი ამ გზის სირთულეზეც საუბრობს და ახსენდება შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტი, რაც ამ პროექტის დასაწყისს დაემთხვა. კერძოდ, საუბარია იმ დროზე, როდესაც იჭრებოდა ეს გზა, ანუ ბაქო-ჯეიჰანის პროექტი და ეს ყველაფერი ამ კონცეფციის ნაწილი იყო.

„საქართველოდან ინიციატივა ამ მიმართულებით არასერიოზულად გამოიყურება, რადგან დიდი მოთამაშეები იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ რიგში ჩვენ არ ვართ, უბრალოდ, ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალყური და უნდა გავაძლიეროთ ეს ყველაფერი. დასავლეთ-აღმოსავლეთის შემაერთებელ გზაზე ჩვენს გეოპოლიტიკურ ფუნქციას აძლიერებს ისიც, რომ რუსეთთან პრობლემები აქვს დანარჩენ გარესამყაროს, რომელიც ეძიებს ენერგომატარებლების აღმოსავლეთიდან დასავლეთში მიწოდების ალტერნატიულ გზებს.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი და ის ადგილი არ გვიჭირავს ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში, რომ რაღაც ინიციატივები გვქონდეს. ჩვენ არ ვართ არც პროდუქტის მფლობელი, არც ტრეიდერები, არც პროდუქტის საბოლოო მიმღებნი ვართ. ერთადერთი, ჩვენ შეგვიძლია, დავუთმოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ამ დერეფნის განვითარებას. ჩემი აზრით, საქართველოს შეუძლია ორი მიმართულებით მუშაობა. ერთია, რომ ჩვენ შევთავაზოთ სატრანზიტო დერეფანი ამ მიმართულებით და მეორეა, გარკვეული ლოგისტიკური ცენტრების გაკეთება, რათა აზიიდან შემოდიოდეს ნახევარფაბრიკატი, საქართველოში იღებდეს საბოლო ფორმას და აქედან ხდებოდეს ევროპული ბაზრისთვის მისი მიწოდება. პირიქითაც შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და ჩინეთის ინტერესზეც საუბრობს.

მისი თქმით, ჩინეთისთვისაც შეიძლება ეს საინტერესო პერსპექტივა იყოს. მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ეს გარკვეულ პრეფერენციებს აძლევს საქართველოს ევროპულ ბაზრებზე გასასვლელად. იმის გამო, რომ ჩინეთს შეზღუდვები აქვს ამ მიმართულებით, შესაძლოა, ჩინეთმა ინვესტიციები ჩადოს საქართველოში, აქ აწარმოოს პროდუქცია და აქედან მოხვდეს მისი პროდუქცია ევროპულ ბაზრებზე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აბრეშუმის გზის მეშვეობით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პროექტი მსოფლიოსთვის უპირატესი მიმართულებაა და აქ ჩართული იქნება ჩინეთი და ინდოეთი. მით უმეტეს, ჩინეთი დღეს ყველაზე დიდი მიმწოდებელი ხდება საქართველოსთვის. ამას ადასტურებს საგარეო ვაჭრობის ბოლოდროინდელი მონაცემებიც, საიდანაც ირკვევა, რომ სამი დიდი იმპორტიორი გვყავს საქართველოში - ევროპა, დსთ და ჩინეთი, ინვესტიციების მხრივ კი ჩინელები გააქტიურდნენ ბოლო დროს და ეს მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ეს იმ ფონზე, როცა ევროპაში საკმაოდ რთული ფინანსური სიტუაციაა და ევროპა თვითონ ეძებს იმ პარადიგმას, რომელზეც უნდა გააგრძელოს ცხოვრება. ჩინეთი კი ხვალინდელი დღეა და ამ მხრივ ამ სერიოზულ გეგმას სერიოზული მუშაობა სჭირდება.

„პრემიერ-მინისტრმაც ამაზე გაამახვილა ყურადღება, რადგან ჩინეთია მთავარი მოთამაშე ამ აბრეშუმის გზაზე და ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ შუა აზიელებთან თანამშრომლობას. ჩვენ შუა აზიელები გვჭირდება, როგორც პარტნიორები, რადგან აზერბაიჯანმა ცოტა რთული როლი ითამაშა ამ კუთხით და შუა აზიამდე აზერბაიჯანთან პრობლემებია მოსაგვარებელი. ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ სწრაფად მივიდეს ევროპაში ტვირთი, ამ კონტექსტში ახალ რკინიგზაზე დიდ იმედს ვამყარებთ. თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს, გარდა ტრანზიტული ფუნქციისა, ამაზე საუბარი რთულია.

მიწოდებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პრობლემებია. სამწუხაროდ, ჩინეთი უფრო სწრაფად ამარაგებს ევროპას, ვიდრე ჩვენ შევძლებთ. ამ პროექტის ამოქმედების შემდეგ საქართველო სადღაც 25-30%-ით საერთო ბრუნვის და ტვირთბრუნვის გაზრდას უნდა ელოდოს“, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.