სოზარ სუბარი ერთადერთი მინისტრია, რომლის მიმართ დევნილებს საკმაოდ მაღალი ნდობა აქვთ, თუ არ ჩავთლით იმ შვიდ დევნილს და „ნაციონალურიმოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერს დარეჯან ცხვიტარიას, რომლებიც რამდენიმე დღეა, ფოთის მერიის შენობის ფოიეში შიმშილობენ. სუბარს მისმა წინამორბედებმა მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვეს, თუმცა ამბობს, რომ არსებული პრობლემების მოგვარებაზე სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
რატომ არ იბარებს ვაზიანის დასახლებაში დევნილებისთვის აშენებულ კორპუსებს და სად გაქრა 107 მილიონიანი პროექტი კრწანისის დასახლებაში, ამ საკითხებთაან დაკავშირებით for.ge დევნილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარს ესაუბრა.
საკამოდ რთული და საპასუხისმგებლო სამინისტროს მართვა დაგევალათ, პრობლემები ისევ მრავლად არის, ისევ არიან უსახლკაროდ დარჩენილი დევნილები. ბატონო სოზარ, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდით, როდესაც დევნილთა სამინისტრო ჩაიბარეთ?
- პრობლემა ბევრია, შესაძლებლობები კი, საკმაოდ მწირი. 21 წელი გავიდა დევნილობის დაწყებიდან და დევნილთა ორი მესამედი ჯერ კიდევ საკუთარი საცხოვრებლის გარეშეა, მხოლოდ ერთი მესამედია დაკმაყოფილებული. თანაც, ამ ადამიანთა ნაწილი დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ ვიყავი ზუგდიდში ე.წ. „კარვების დასახლებაში“, სადაც რამდენიმე კვადრატულ მეტრის ოთახებში 2 ათეული წელია ცხოვრობს რამდენიმე ათეული ოჯახი, თანაც ამ ოთახების ნახევარი სრულიად უფანჯროა, იქ დღისითა და ღამით ერთნაირად ბნელა.
ანალოგიური ვითარებაა გორში, სასტუმრო „ქართლში“, სადაც 24 წელია ცხოვრობენ ცხინვალიდან დევნილი ჩვენი თანამოქალაქეები. ადამიანს, რომელიც ასეთ პირობებში ცხოვრებს, შეზღუდული აქვს არა მხოლოდ ღირსეული საცხოვრისის, არამედ მრავალი სხვა უფლებაც, მაგალითად - ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება და სხვა. 21 წელი რომ ადამიანი უფანჯრო ოთახში იცხოვრებს, წარმოგიდგენიათ როგორია მისი მდგომარება? იქ განვითარებაზე ფიქრი ძალიან ძნელია, უბრალოდ, ფიქრობ თავის გადარჩენაზე და ელოდები უკეთეს დროს. ეს არის უმთავრესი პრობლემა.
რატომ არ მოგვარდა ეს პრობლემა წლების განმავლობაში, მითუმეტეს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილი იყო სოლიდური თანხები. ბატონო სოზარ, რას აკეთებთ იმისათვის, რომ დევნილმა შეძლოს ადამიანურ პირობებში ცხოვრება?
- საქართველომ მიიღო საკმარისზე ბევრად მეტი საერთაშორისო დახმარება იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ამ თემაზე აღარ ვლაპარაკობდეთ და სხვა პრობლემების გადაჭრაზე ვიყოთ ორიენტირებული. მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შემოსული დახმარების მეოთხედი ეყოფოდა ამის დამთავრებას. თუმცა, ამის გაკეთება საერთაშორისო დახმარების გარეშეც შეიძლებოდა, თუნდაც, იმ უაზრო მშენებლობების ხარჯზე, რომლებშიც „ნაციონალური მოძრაობა“ მილიონებსა და მილიარდებს ფლანგავდა - თუნდაც იგივე პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის შენობა ქუთაისში და არაერთი სხვა არასაჭირო ხარჯი. მაგრამ, ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, უკვე საერთაშორისო საზოგადოებამაც, მეგობარმა ქვეყნებმა დაამთავრეს ამ მიმართულებით მოღვაწეობა. მათი პოზიცია გასაგებია, მსოფლიოში უამრავი ცხელი წერტილია. აგერ, უკრაინაში მილიონზე მეტი დევნილი გაჩნდა, სირია, ერაყი, ლიბია - ეს ყველაფერი მოითხოვს საერთაშორისო ყურადღებას. გასაგებია, რომ მთელი მსოფლიო მუდმივად საქართველოს პრობლემებზე ვერ იქნება კონცენტრირებული.
დღეს, უკვე, მიუხედავად პოლოტიკური ნების არსებობისა, ამ პრობლემის სწრაფი მოგვარება ბიუჯეტსაც უჭირს, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო ბევრად მეტი სოციალური ვალდებულება, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. საყოველთაო ჯანდაცვა, გაზრდილი პენსიები და სოციალური დახმარებები, მათ შორის დევნილების დახმარებაც, გაზრდილი ხელფასები სკოლებში, საბავშვო ბაღების დაფინანსება და ა.შ. - ეს ის თემებია, რაც ძალიან დიდ თანხებს მოითხოვს, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენი მოსვლის შემდეგ გაორმაგდა დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი და მომავალ წელს კიდევ მოიმატებს. ცხადია, არ შეგვიწყვეტია დონორებთან მუშაობაც და იმედები ამ მიმართულებითაც გვაქვს.
რა არის უმთავრესი ამოცანები და პრესპექტივები, რომელიც უნდა განხორციელდეს უახლოეს პერიოდში?
- სამი ძირითადი საკითხი უნდა გამოვყოთ, ერთი - მშენებლობების გაგრძელება და მაქსიმალურად ბევრი ადამიანის საბინაო პრობლემის გადაწყვეტა, რაც შეიძლება მცირე ხანში. მეორე - დახმარება შემოსავლების ზრდაში, საარსებო წყაროების მოძიებაში. არ შეიძლება, ადამიანები მუდმივად 45 ლარიანი დახმარების იმედად იყვნენ, ოჯახები ფეხზე უნდა დადგნენ და ეკონომიურად გაძლიერდნენ, რათა შეეძლოთ განვითარებაზე ფიქრი და ზრუნვა. ჩვენ ამაზე ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ.
მესამე - ეს არის იმ ფართების სწრაფი დაკანონება, სადაც დევნილები კანონიერად ცხოვრობენ. ვფიქრობთ, მომავალი წლის ბოლომდე ეს საკითხი უნდა დავამთავროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამისთვის სპეციალური სამმართველო შეიქმნება ჩვენთან. როცა დევნილებს ეცოდინებათ, რომ ისინი თავისსავე საკუთრებაში ცხოვრობენ და არ არიან სხვის ფართში დროებით შეკედლებულები, ამ საკუთრების მიმართ შესაბამისი დამოკიდებულებაც გაუჩნდებათ, გაუჩნდებათ არჩევანის უფლებაც და საშუალებაც - აქვე გააგრძელონ ცხოვრება თუ ეს საკუთრება, ვთქვათ, გაყიდონ, გააქირავონ ან დააგირავონ და იქ იცხოვრონ, სადაც მათთვის უფრო მოსახერხებელი იქნება.
ასევე, ძალიან აქტიურად დავიწყეთ მოლაპარაკება იმ კერძო მესაკუთრეებთან, რომელთა სახლებშიც დევნილები არიან შესახლებულები. ვცდილობთ, ყველა შემთხვევაში ისეთი გამოსავალი მოვნახოთ, რომ არც მესაკუთრე დაზარალდეს, არც დევნილი და არც სახელმწიფო. მაგალითად, თითქმის დამთავრდა ნუცუბიძის პლატოზე N34 კორპუსის პრობლემა, რომელიც 21 წელია ვერ გადაწყდა. ამ კორპუსში ბინებს ჰყავთ მესაკუთრეები, მაგრამ ეს იყო ცარიელი კედლები, რომლებიც დევნილებმა ამოაშენეს, გაარემონტეს და სახლებად აქციეს. ორივე მხარეს აქვს ამ ბინებზე საკუთრების გრძნობაც და ამ გრძნობის რეალური საფუძველიც. ჩვენ ასეთი გამოსავალი მოვნახეთ - ვთავაზობთ რეალურ ფასს ყოფილ მესაკუთრეებს, რომ ამ ფასად სახელმწიფო გამოისყიდის ბინებს და დაუკანონებს დევნილებს, ხოლო ვინც ამ წინადადებას არ დათანხმდება, მას უფლება აქვს, დავა სასამართლოში გააგრძელოს.
2012 წელს მოხდა მასობრივი შეჭრა, დევნილთა გარკვეულმა ნაწილმა შენობა თქვენი მინისტრობის შემდეგ ნებაყოფლობით დატოვა. მაგრამ არის კატეგორია, რომლებიც არ ტოვებენ შენობებს, იმ მიზეზით, რომ მათ საცხოვრებელი არ გააჩნიათ, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?
- ჩემს წინამორბედს ბატონ დავით დარახველიძეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთი შეჭრები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული და ამის კვალი მართლაც ხშირად ჩანს. არის გამონაკლისებიც, როცა უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა სასოწარკვეთის გამო გადადგა ეს ნაბიჯი, ან ვიღაცა ფიქრობდა, რომ მოდი, ვცდი, შევიჭრები და იქნება შემრჩესო.
ერთ-ერთი ასეთი მწვავე ობიექტი იყო გურამიშვილის N17, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში იყვნენ დევნილები შესახლებული. ისე ჩანდა, რომ იქიდან გამოსახლება შეუძლებელი იყო, სწორი შეთავაზება გავუკეთეთ და აბსოლუტურად მშვიდად დამთავრდა ეს პროცესი. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველგან ასე დამთავრდება. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ ვისაც არ ეკუთვნის, ის ვერ დაიკანონებს იმ ფართს, სადაც უკანონოდ არის შეჭრილი. აქ მხოლოდ კანონიერება-უკანონობის საკითხი არ დგას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თემებიც შემოდის დღის წესრიგში - თუ ჩვენ დღეს ვიღაცას მხოლოდ იმიტომ დავუკანონებთ ბინას, რომ იქ ის პირველი შეიჭრა, ვიღაცა აუცილებლად დაიჩაგრება. დაიჩაგრება ის, ვინც ყველზე მეტად გაჭირვებულია და ვისაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ეკუთვნოდა ბინით დაკმაყოფილება. მე ვერავის დავჩაგრავ იმის გამო, რომ ვიღაცამ მაპატიეთ და „იშუსტრა“ და სადღაც შეიჭრა. ასეთ ადამიანებს მოუწევთ ამ ფართების დატოვება.
რა ვითარებაა ამ მხრივ იგივე სპორტის აკადემიის შენობასთან დაკავშირებით, სადაც შეჭრილი არიან დევნილები, თითქოსდა მათ შენობა უნდა დაეტოვებინათ, თუმცა გარკვეული ადამიანების ჩარევის შემდეგ, გადაიფიქრეს...
- პრაქტიკულად ისინი თანახმა იყვნენ, კარგ პირობებს ვთავაზობდით. მოხდებოდა მათი გაყვანა ქირით იმ ქალაქში სადაც ისინი მანამდე ცხოვრობდნენ, რაზეც ისინი თანახმა იყვნენ. მაგრამ იქ მივიდა რამდენიმე უპასუხისმგებლო ადამინი, რომლებმაც საკუთარი თავი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად გამოაცხადეს და დევნილებს უთხრეს: მყარად იდექით, თქვენ აქედან ვერავინ გაგასახლებთო. მინდა ყველას გასაგონად, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს არ მოხდება! იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის შეთანხმების და კონსენსუსის მიღწევის რესურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი ამოქმედდება და ის იტყვის თავის სიტყვას.
ბატონო სოზარ, რაც შეეხება თბილისში მენაშენეებისგან შეჩერებული მშენებლობბის შესყიდვას, ეს პროცესი დაწყებულია?
- ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი საკითხია - აქ ლაპარაკია როგრც შეჩერებულ, ისე მიმდინარე მშენებლობაზე. ეს პროგრამა მალე ამოქმედდება და მიდგომა ძალიან მარტივია - ვინც ხელსაყრელ ფასს და ვადას შემოგვთავაზებს, მისგან ვიყიდით ბინებს. შესაბამისად, ბინების მიღება და განაწილება იქნება პერმანენტული პროცესი და არ იქნება მიბმული კონკრეტულ ადგილას კონკრეტული მშენებლობის დაწყება-დამთავრებაზე. ეს პროგრამა უკვე მომზადებულია და მთავრობის სხდომაზე უახლოეს ხანში მოხდება მისი განხილვა.
ასევე აქ ჩნდება კიდევ ერთი საკითხი, ეს არის თბილისის ზღვაზე ჩინელებისგან ფართების შესყიდვა, რომელიც ასევე გრძელვადიანი პროექტია. ეს კარგი პროექტია იმ კუთხითაც, რომ იქ ჩასახლებულ დევნილებს ადგილზე უჩნდებათ სამუშაო.
თქვენმა წინამორბედმა დაანონსა კრწანისში 107 მილიონიანი პროექტი და აღნიშნა, რომ 2016 წელს არც ერთი უსახლკარო დევნილი არ იქნებოდა საქართველოში. დაიწყო ამ დასახლების მშენებლობა?
- ვერ გეტყვით რას ეფუძნებოდა ეს დაპირება. რაც შეეხება ამ კორპუსის მშენებლობას, ჯერ ერთი, სამწუხაროდ ეს ფული ჯერ არაა მოძიებული. მეორეც, ასეთი მინი ქალაქის მშენებლობა მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯებს, რაც თავად მშენებლობის ხარჯს ემატება, ეს არის კომუნიკაციების ხარჯი - წყალი, დენი, გაზი, კანალიზაცია, გზა... ასევე, ამას დაუმატეთ სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული მოედნები, პოლიკლინიკა და უამრავი სხვა რამ. საბოლოოდ, ასეთი პროექტი შეიძლება ბევრად ძვირი დაჯდეს, ვიდრე მენაშენეებისგან ბინების შესყიდვა. თანაც, ეს მეორე ვარიანტი გვაძლევს შანსს, უამრავ ადამიანს დავუბრუნოთ დაკარგული იმედი, რომ მათი გაჩერებული ბინები დამთავრდება და ამით ბიზნესის განვითარებასაც მივცემთ ბიძგს.
რაც შეეხება ფოთში მოშიმშილე დევნილებს, შვიდი დევნილი და „ნაციონალურიმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი დარეჯან ცხვიტარია რამდენიმე დღეა, მერიის შენობის ფოიეში შიმშილობენ. ისინი ფოთში თქვენს ჩასვლას და მიმდინარე წლის აგვისტოში დევნილთათვის ბინების გაცემის საკითხის გამოძიებას ითხოვენ. როგორ ფიქრობთ, ეს აქცია არის პოლიტიკურად მართული და იმ გეგმის ნაწილი, რომელზეც ისაუბრა შს მინისტრმა?
- რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის ფონი შექმნას, მაგრამ ეს უსუსური მცდელობებია. მოშიმშილე დევნილებს არაერთხელ შეხვდნენ ჩემი მოადგილეები და აუხსნეს, რომ მათი ბინებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება, იმის მიხედვით, ვის რამდენი ქულა აქვს, და, შესაბამისად, ვის როდის მოუწევს რიგი. ამ ადამიანებმა კარგად იციან, რომ ისინი ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდებიან, რადგან მაშინ სხვა, გაცილებით გაჭირვებული უნდა დაიჩაგროს, რასაც მე არ დავუშვებ.
რაც შეეხება ბინების გაცემის მართლზომიერების შესწავლას - თუ რაიმე ეჭვი ეპარებათ ან რაიმე ინფორმაცია აქვთ, მომაწოდონ ინფორმაცია და მზად ვარ, კიდევაც შევისწავლო და საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებაც ჩავრთო საქმეში. ეს ბინები ჩემამდე იყო დარიგებული, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს - შეცდომის დაშვება ყოველთვის არის შესაძლებელი.
ოღონდ, აქვე უნდა განვმარტო - თუ სადმე შეცდომა აღმოჩნდება, ის შეცდომა გასწორდება, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოთავისუფლებულ ბინას მიიღებს ყველაზე გაჭირვებული და არა ის, ვინც ყველაზე მეტს ყვირის.
არსებული პრობლემები აჩვენებს, რომ 21 წელი სამინისტროს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. მეტიც, ამ კუთხით წარმატებული არ იყო დავით დარახველიძეც, თუმცა, მან თქვენ გაგაკრიტიკათ, მუშაობის სტილი დაგიწუნათ სწორედ ფოთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. იღებთ შენიშნავს?
- როგორც ჩანს, წუთიერ აღელვებას ჰქონდა ადგილი. გითხრათ სიმართლე, არ ველოდი, მოულოდნელი იყო. ჯერ ერთი, როცა ფოთში ბინების განაწილების მართლზომიერებას აპროტესტებდნენ, უნდა ითქვას, რომ ეს ბინები ჯერ კიდევ ბატონ დავით დარახველიძის დროს განაწილდა და იმედი მაქვს, სამართლიანადაც. მეორეც, წინასწარ რომ ჩვენთან დაერეკა, გაიგებდა, რომ ამ ადამიანებს არაერთხელ შეხვდნენ ჩემი მოადგილეები, რომლებიც მანამდე მისი მოადგილეები იყვნენ და არანაირი პრობლემა დევნილებთან კომუნიკაციისა არ არსებობდა. პრობლემა სხვაგანაა - ამ პრობლემას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული პროცესი ჰქვია და ეს ბატონმა დავითმა ჩემზე უკეთ იცის.
რაც შეეხება წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს. ამ ადამიანებს გაუსაძლის მდგომარეობაში უხდებათ ცხოვრება. რამდენად მოგვარებადია იქ არსებული ვითარება?
- მთელი ეს ჩასახლებები თბილისიდან ხაშურამდე, პრაქტიკულად, 5 წელიწადში მწყობრიდან გამოვიდა. იმიტომ, რომ უხარისხო მშენებლობები იყო, პრაქტიკულად, ჭაობზე ააშენეს ძალიან ბევრი დასახლება. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ის დახარჯული ფულიც კი, რომელიც დევნილებს უნდა მოხმარეობდა, არასწორად იქნა გაფლანგული. ამის გამო, ხშირად, იმის ნაცვლად, რომ მომავალზე ვიფიქროთ, წარსულის შეცდომების გამოსწორებაზე გვიწევს უამრავი დროისა და ფინანსური რესურსის ხარჯვა.
წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა - თბილისში არის 250 ოჯახი, რომლებიც ნგვრევად ობიექტებში ცხოვრობს. ასეთი ოჯახები მრავლადაა სხვაგანაც და ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე - ჯერ ამ ადამიანებს ვუშველოთ, თუ სადღაც დაბრეცილი ფანჯარა გავასწოროთ ან მწყობრიდან გამოსული იატაკი გავარემონტოთ? - ცხადია, არჩევანს ნგრევად ობიექტებზე ვაკეთებთ. ბიუჯეტი, სამწუხაროდ, ყველაფერს ერთდროულად ვერ სწვდება.
რაც შეეხება ვაზიანში მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ჩვენი ინფორმაციით, არ იბარებთ მშენებლობას, რა ხდება?
- როდესაც აქ მოვედი, ვაზიანში 6 კორპუსის მშნებლობა მთავრდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ 6 კორპუსს აშენებს სამი სხვადასხვა კომპანია, ერთ-ერთმა უკვე დაასრულა 2 კორპუსის მშენებლობა, ხარისხითაც კმაყოფილები ვართ და ჩავიბარეთ. კიდევ ორი კორპუსი შუა გზამდეა მიყვანილი და შემდეგ გაჩერებულია, მათ, ცხადია ვერ მივიღებთ. კიდევ ორი კორპუსი კი, თითქოს, დამთავრებულია, მაგრამ ხარისხით სასტიკად უკმაყოფილონი ვართ და ამიტომ, სანამ ყველა ხარვეზი არ გამოსწორდება, ჩაბარებაზეც უარი ვთქვით. თუმცა, ამ შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ ეს ის კორპუსებია, სადაც ხდებოდა „აგვისტოს 5 დღის“ გადაღება, ამის გამო აქ ხელოვნური ხანძრები იყო გაჩაღებული და სპეციალისტების აზრით, შენობის მდგრადობაც შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შენობას მდგრადობაზეც ჩავუტაროთ ექსპერტიზა და არა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.
ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ამ კორპუსებს არ აქვთ არანაირი საკანალიზაციო სისტემა და გამოვაცხადეთ ტენდერი და სწრაფი ტემპით ესეც უნდა გავაკეთოთ. ასევე აღმოჩნდა, რომ დღევანდელი არსებული ინფრასტრუქტურიდან არანაირი შანსი არაა, რომ წყალი ავიდეს ამ კორპუსებში და აქაც მოგვიწვეს რაიმე გზის გამონახვა. სავარაუდოდ, მოგვიწევს სპეციალური ჭაბურღილის გაკეთება.
ზოგადად, წყლის პრობლემა საქართველოში ბევრგან დგას. მაგალითად - ზუგდიდში სადაც წლის ბოლომდე შევასახლებთ 320 ოჯახს და პარალელურად ვიწყებთ ახალ მშენებლობებს. ამ ახალ მშენებლობაში სწორედ წყლის რესურსზე ვიქნებით დამოკიდებული, თუ რას ავაშენებთ, 5-სართულიან კორპუსებს, 9-12 სართულიანებს თუ, ვთქვათ, 19 სართულიანებს. როგორც კი დასკვნა გვექნება, თუ რის საშუალებას გვაძლევს წყლის რესურსი, მაშინვე დავასრულებთ შესაბამისი პროექტების გაკეთებას და მშენებლობასაც დავიწყებთ.
ამ კუთხით სხვა სამინისტროებთან თუ თანამშრომლობთ?
- ბუნებრივია. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ყველა ჩვენს პროექტს, რომლის განხორციელებას დავიწყებთ სოფელში, მაქსიმალურად მოარგებს თავის პროგრამებს. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები დევნილებისთვის ნამდვილად არ აკეთებენ იმაზე ნაკლებს, რასაც ჩვენი სამინისტრო. ვმუშაობთ, რომ ცალკეული პროექტებიც - მაგალითად „აწარმოე საქართველოში“ და სხვა მსგავსი პროგრამები მაქსიმალურად მოვარგოთ დევნილთა საჭიროებებს. რაც მთავარია, ეს მხარდაჭერა და თანამშრომლობა იმის შედეგია, რომ თითოეულ მინისტრს, მთელ მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს, ნათლად აქვს წარმოდგენილი, რამდენად მნიშვნელოვანია დევნილებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი პრობლემების სწრაფი დაძლევა.
ასევე ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან და თბილისის რაიონების გამგებლებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან, გუბერნატორებთან, რაიონის გამგეობებთან. ისინი ხშირად თავის თავზე იღებენ იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომლებიც მათ ტერიტორიაზეა - ხან მთლიანად, ხან წილობრივად ვინაწილებთ და ისე ვაგვარებთ საქმეებს. ასე რომ, დევნილთა სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც სავარაუდოდ 65 მილიონი ლარი იქნება, სინამდვილეში გაცილებით დიდია ამ თანამშრომლობის გამო.