იულია ტიმოშენკო - ლიდერი, რომელიც რევოლუციის მიღმა იხედება

იულია ტიმოშენკო - ლიდერი, რომელიც რევოლუციის მიღმა იხედება

ორშაბათის ინტერვიუ: იულია ტიმოშენკომ უკრაინის პრეზიდენტი დაამხო. მაგრამ ამის გამო მისი ქვეყნის დღევანდელი ბრძოლა იოლი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, უთხრა მან შონ ვოლკერს.

ბაბუის საათზე დღის სამი საათია. კარი იღება და ოთახში აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ცნობილი თმის ვარცხნილობა შემოდის. ეს იულია ტიმოშენკოს ვარცხნილობაა, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შეიძლება მომავალი პრეზიდენტის. მას შემდეგ რაც 20 წლის წინ უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა ქალბატონმა ტიმოშენკომ ვრცელი გზა განვლო: ბიზნეს ქალბატონიდან გაზის ოლიგარქამდე, შემდეგ რევოლუციის ლიდერი იყო, პრემიერ მინისტრი, ახლა კი კვლავ ოპოზიციის ლიდერია, თუმცა ამჯერად, მასზე საქმეა აღძრული.

იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია არაბულ სახელმწიფოებში მიმდინარე არაორდინარული აჯანყებების მიმართ, ქალბატონ ტიმოშენკოს პროტესტანტებისთვის რამდენიმე რჩევა აქვს. ის ამბობს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი ნებისმიერი იმ ქვეყნის შანსების მიმართ, სადაც ხალხი საკმაოდ თამამია იმისთვის, რომ ქუჩაში გამოვიდეს და საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძოლოს. „თუკი არ არსებობს სამართლიანი არჩევნები და შესაძლებლობა პასუხი მოსთხოვო ხელისუფლებას, მაშინ დიახ, მეც საპროტესტო ქმედებების მომხრე ვარ“, – ამბობს იგი. „მაგრამ რევოლუცია საკმარისი არ არის. ხელისუფლებიდან იმ ადამიანების მოშორება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ყველაფერზე – ამოცანის მხოლოდ ნაწილია. ან, ის აუცილებლად შექმნის ახალ პრობლემებს“.

ვინ-ვინ და მან ეს კარგად იცის. 2004 წელს ის უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის, ქაოსური, მაგრამ უსისხლო აჯანყების ლიდერი იყო, რომელმაც ხელისუფლებას არჩევნების განმეორებითი ტურის ჩატარება აიძულა და გამარჯვება წაართვა კრემლის საპრეზიდენტო კანდიდატს, „ძველი გვარდიის“ მემარჯვენე ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელმაც, გავრცელებული აზრით, პირველი კენჭისყრის შედეგები გააყალბა. ტიმოშენკო დამარცხებულ კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოს შეუერთდა, რათა ჩამოყალიბებულიყო ქმედითი წყვილი, რომელიც მასებთან ადეკვატურად იმუშავებდა. ეს უცნაური, გამოჩენილი წყვილი იყო, ნამდვილი ზღაპრის გმირები: იუშჩენკო მისი სასტიკად დამახინჯებული სახით, რაც შესაძლოა ოპონენტებთან დაკავშირებული მოწამვლის შავ-ბნელი ისტორიის შედეგი იყო და ტიმოშენკო, თავისი „პრინცესას“ ვარცხნილობით. ისინი ერთად იდგნენ „მაიდანზე“, კიევის ცენტრალურ მოედანზე და ადამიანებს ცხოვრების ახალ წესს ჰპირდებოდნენ. უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რომელიც იანუკოვიჩს უჭერდა მხარს, მასებს დანებდა და არჩევნები გამეორებით დანიშნა, რომელშიც იუშჩენკომ ღირსეულად გაიმარჯვა. მან ქალბატონი ტიმოშენკო თავის პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

ეს დაახლოებით ისეთი დრო იყო, როგორიც დღეს არაბულ სამყაროშია, როდესაც ხალხის ძალას თითქოს უნდა წაელეკა ძველი, კორუმპირებული რეჟიმები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ბევრი ლიდერი კომუნიზმის დაცემის პერიოდიდან მოდიოდა. საქართველოში ახალგაზრდა და ქარიზმატულმა მიხეილ სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციით“ უკვე ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, დაამხო რა საბჭოთა კავშირის უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. შემდეგ იყო უკრაინა და „ნარინჯისფერი რევოლუცია“, შემდე - ყირგიზეთი და „ტიტების რევოლუცია“ და ეს თითქოს შეუჩერებელი პროცესი იყო. ზოგჯერ რევოლუციებს სახელებს მანადმე არქმევდნენ, ვიდრე ის მოხდებოდა. როგორც მაგალითად მინსკის მარცხით დასრულებული „ჯინსების რევოლუცია“. და მიუხედავად იმისა, რომ აპათიური რუსული მოსახლეობა არ იყო მიდრეკილი იმისკენ, რომ რაიმე მსგავს პროცესში მონაწილეობა მიეღო და სახალხო პროტესტს მიერთებოდა, კრემლმა უმალ ახალგაზრდული ჯგუფების ორგანიზება დაიწყო, ისეთის როგორიცაა „ნაში“, რომელთა ფუნქციაც კონტრევოლუციის ჯარისკაცობა იყო იმ შემთხვევისთვის, თუკი ზოგიერთ რუსს „ნარინჯისფერი ვირუსით“ შეეყრებოდა.

მაგრამ პროცესები არც უკრაინაში წარიმართა ისე, როგორც ეს იგეგმებოდა. იუშჩენკოს და ტიმოშენკოს ალიანსი მალე დაიშალა, და მისი პრემიერ-მინისტრობა ორ წელიწადზე მეტ ხანს ვერ გაგრძელდა. მოსკოვში მისი ნაციონალიზმი და პოპულიზმი განასახიერებდა იმ ყველაფერს, რაც კრემლს „ფერად რევოლუციებში“ სძულდა. კვლავ გაიცა დაპატიმრების ორდერი დაკავშირებული მის საქმიან აქტივობებთან 1990-იან წლებში, რაც იმას ნიშნავდა რომ ტიმოშენკოს რუსეთში უბრალოდ ჩასვლაც კი არ შეეძლო; ხოლო რუსმა დეპუტატმა პორნოგრაფიული ფილმიც კი გადაიღო სახელწოდებით „იულია“, სადაც თამაშობდა გოგონა, რომელიც ტიმოშენკოს გავდა საუნაში კრემლისთვის მეორე აუტანელი ფიგურის მიხეილ სააკაშვილის ორეულთან ერთად. ისინი ლოგინში იმას არჩევდნენ, რაც მათ ჯორჯ ბუშმა უბრძანა.

2007 წელს იუშჩენკოს მმართველობის დროს ის პრემიერ-მინისტრად დაბრუნდა. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება აქტიურად ჩქეფდა (ღია დებატები ტელევიზიით და ხელჩართული ბრძოლები პარლამენტში), მაგრამ ეკონომიკის მდგომარეობა უარესდებოდა. მოსკოვი, რომელიც იუშჩენკოს ნაციონალიზმს ვერ იტანდა, ტიმოშენკოში მოლაპარაკებებისთვის ერთადერთი იმედი დაინახა; მას ბრალი მოუხსნეს და ის მოსკოვში პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან გაზის საკითხებზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა. მოგვაინებით პუტინმა განაცხადა, რომ მასთან მუშაობა „კომფორტული“ იყო. მაგრამ ფინანსურმა კრიზისმა უკრაინას სერიოზული დარტყმა მიაყენა, და შარშან არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩმა ტიმოშენკოს ხმების მხოლოდ 3%-ით მოუგო.

ყველა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ უკრაინამ უკანდახევა დაიწყო. ის კრემლის პაიკი არ აღმოჩნდა, როგორც მასზე ერთ დროს ფიქრობდნენ, და შეეცადა საგარეო პოლიტიკაში ისე ემოქმედა, რომ კარგი ურთიერთობები აღედგინა მოსკოვთანაც და ამავდროულად ევროპული ინტეგრაციის პროცესიც გაგრძელებულიყო. თუმცა პრესის თავისუფლება შეიზღუდა და კორუფცია საგრძნობლად გაიფურჩქნა.

„ხელისუფლება ცინიკური გახდა და დღეს მათი მთავარი მიზანი – გამდიდრებაა“, – ამბობს ტიმოშენკო - როდესაც უკრაინელები ტელევიზორს უყურებენ, ბევრი მათგანი გრძნობს, თითქოს მათ წარსულში ექაჩებიან… შორეულ ბრეჟნევის ეპოქაში“. ტიმოშენკო ბიზნეს ქალბატონი გახლდათ, რომელიც სავარაუდოდ 1990-იან წლებში გამდიდრდა. მაგრამ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ტრანსფორმაცია განიცადა, რუსულის ნაცვლად უკრინულად ალაპარაკდა და საკუთარ იმიჯს დეტალურად გადახედა. შესაძლოა, ვარცხნილობის სტილი მისი დეტალური რებრენდინგის მთავარი ელემენტი იყო, მისი გრძელი ნაწნავი თავზე ნათელ კონსტრუქციას ქმნიდა, სწორედ ამ ვარცხნილობამ გახადა ის პოპულარული. ეს ცნობილი, საოცარი ვარცხნილობაა – თმის ცენტრალურ ნაწილს მჭიდროდ ივარცხნიან უკან და რაღაც წარმოუდგენელი სახით თავს უყრიან ნაწნავს, რომელიც თავზე ჭვავის კონასავით მოსჩანს და ისეთ შარავანდედს მოგაგონებს, როგორსაც მართლმადიდებელი წმინდანების ხატებზე გამოსახავენ.

როდესაც ის ამ ვარცხნილობით პირველად გამოჩნდა, უამრავი ჭორი გავრცელდა იმის თაობაზე, იყო თუ არა ეს ნაწნავი ნამდვილი. ოფისი, სადაც კედლები მუქი-მწვანე ფერისაა და წითელი ხის სოლიდური ავეჯი დგას, მის პიროვნებას ნაკლებად ასახავს. ასეთი გარემო მას არ აურჩევია. მაგრამ წიგნები ნამდვილად მისია, რამდენიმე, მაგრამ გასაგები შინაარსის. მარგარეტ ტეტჩერის და მადლენ ოლბრაიტის ბიოგრაფიების გვერდით გოგოლის ნაწარმოებებია. ის მე-19 საუკუნის უკრაინული წარმოშობის მწერალი იყო, რომელიც სატირულ ნაწარმოებებს ქმნიდა, სადაც დასცინოდა ხელისუფლებას და ბიუროკრატიას და რა თქმა უნდა, დატკბებოდა დღევანდელ რუსეთსა და უკრაინაში მოქმედი პოლიტიკური სისტემების უაზრობით.

ოლბრაიტი და ტეტჩერი ტიმოშენკოს პოლიტიკური კერპები არიან; აქ არის ასევე ტიმოშენკოს ფოტო გადაღებული ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ერთად. ის საპატიო ადგილზე დევს. ტიმოშენკო ტეტჩერს 2007 წელს ლონდონში შეხვდა.

დღეს ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრულია საქმე პრემიერ-მინისტრობის დროს სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი გამოყენების ბრალდებით; კაბინეტის სხვა წევრები ციხეში არიან. ის ამბობს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და საქმე იანუკოვიჩის ბრძანების საფუძველზეა აღძრული. „უკრაინაში არსებობს მოსაზრება, რომ ყველა პოლტიკოსი ერთნაირად კორუმპირებულია, – ამბობს იგი - მაგრამ იანუკოვიჩმა დაამტკიცა, რომ ეს სხვა შემთხვევაა. ყველა სამთავრობო უწყებამ ყურადღებით შეისწავლა ყველა დოკუმენტი, რომელსაც მე ხელს ვაწერდი, თითოეული კაპიკი, რომელიც მე დავხარჯე და რა იპოვეს მათ? გადახარჯვის ორი ბრალდება, ორივე ყალბია…“.

მაგრამ იმ ფონზეც კი, რომ იანუკოვიჩის რეჟიმი განსაკუთრებულად დადებით ემოციებს არ იწვევს, რევოლუციის მოწყობას არავინ გეგმავს. „მართალია ის, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის იმედგაცრუების შემდეგ ადამიანებს აქ ამ რევოლუციების ძალის დიდად არ ჯერათ, ისე აღარ, როგორც სხვა ქვეყნებში. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რა იქნება რევოლუციის ან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ“, – ამბობს იგი.

უკრაინის პროკურატურამ გააუქმა შარშან შემოღებული აკრძალვა ტიმოშენკოს გადაადგილებაზე და ხვალ ის ბრიუსელში, ევროპელი ლიდერების სამიტზე მიემგზავრება, სადაც სხვებთან ერთად ნიკოლა სარკოზი და ანგელა მერკელიც იქნებიან. მაშ ასე, ფიქრობს თუ არა იგი, რომ შემდეგი 2015 წლის არჩევნების დროს, ან შესაძლოა უფრო ადრეც, უკრაინის ახალი პრეზიდენტი გახდება? მან ამოიოხრა:.

„გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვფიქრობ იმაზე, თუ სად ვიქნები რამდენიმე წლის შემდეგ. მე იმაზე ვფიქრობ, თუ სად იქნება ამ პერიოდის შემდეგ ჩემი ქვეყანა“, – ამბობს ის მტკიცედ. „შევძლებთ თუ არა ჩვენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, გავხდებით თუ არა ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი? ჩემი მომავალი ბევრი თვალსაზრისით მეორეხარისხოვანი თემაა“.

იმ ადამიანისგან, რომლის პერსონალურ კარიერას პირადი ამბიციებით განპირობებული ქმედებები ახასიათებდა, ყოველ შემთხვევაში, ეს ბოლო ფრაზა – ძალიან არადამაჯერებელია.
[foreignpress.ge]