ციხეებში სიტუაცია ძალიან დაიძაბა

ციხეებში სიტუაცია ძალიან დაიძაბა

"ალიასთან" ინტერვიუში უფლებადამცველმა ნიკა მჟავანაძემ განაცხადა, რომ უგულავა, მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ციხეში ბუნტს ამზადებენ და ამისთვის იმ პატიმრებს გამოიყენებენ, რომლებიც ხელისუფლებისგან განაჩენების გადახედვას დიდი ხანია, უიმედოდ ითხოვენ. ამის პარალელურად ქუჩის აქციებს დაიწყებენ პატიმართა ახლობლები და ამ ყველაფრის მიზანია, ქვეყანაში უმართავი სიტუაციის შექმნა და ხელისუფლების შეცვლა, თუნდაც ძალადობრივი გზით. როგორც "ალიას" აცნობეს, ბუნტი რამდენიმე დღეში სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებიდან დაიწყება.
რა ხდება პენიტენციურ სისტემაში ამ ეტაპზე და რამდენად შეინიშნება ბუნტის ნიშნები? 

     "ალიას" ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა: 

 - ბატონო გელა, როგორც გავიგე, რამდენიმე დღეში სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში პატიმრები ბუნტს გეგმავენ. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება ციხეებში?
     - პენიტენციურ სისტემაში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ვფიქრობ, ეს დაძაბულობა სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების დახურვამ გამოიწვია, საიდანაც პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებებში გადაანაწილეს, მათ შორის მე-17-ში, მე-7-ში, ქსნის დაწესებულებაში, ქუთაისში... ამანაც, თავისთავად სიტუაციის გაუარესება გამოიწვია, იმდენად, რამდენადაც საარსებო სივრცე შეეზღუდა პატიმრების ნაწილს. პატიმრების ამ გადაყვანა-გადმოყვანაში პრობლემა გახდა ურთიერთობა ე.წ. ავტორიტეტებსა და ადმინისტრაციას შორის. ის ყბადაღებული თემა, ვინ მართავს ციხეს, ადმინისტრაცია თუ მაყურებელი, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ამ ეტაპზე ციხეებს უდავოდ ციხის ადმინისტრაციები მართავენ, თუმცა, რაღაცა ფარული და ქვეტექსტური დამოკიდებულება მაყურებლებსა და სხვა პატიმრებს შორის არსებობს.  
 
     ახლა ასეთი რამ ხდება - სიტუაციის გაუარესების გამო გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკულად, ამან და კიდევ დამატებით სხვა რამეებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, პატიმრები უკმაყოფილოები არიან, უკმაყოფილებას კი, პირველ რიგში, ის ადამიანები გამოხატავენ, ვინც ავტორიტეტები არიან ამ პატიმრებისთვის და ვისაც მათ წარმომადგენლებად თვლიან. პატიმრებს შორის ძალიან ბევრია ისეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ ის არ უნდა გადაეყვანათ, ეს მათთან შეუთანხმებლად მოხდა და ეს მათი უფლებების შელახვად ჩათვალეს. ასეთმა წვრილმანებმა, საერთო ჯამში, საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შექმნა, არა მხოლოდ მე-17, არამედ ბევრ სხვა დაწესებულებაში. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ ის, რაც დღეს ციხეებში ხდება, ბუნტის ზღვარი იყოს, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაცია უდავოდ, დაძაბულია და ეს იგრძნობა.
 
      - სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულება თითქოს რემონტის გამო დაიხურა და ეს მართლაც ასეა?
     - მე-6 დაწესებულების დახურვის საკითხი, ცოტა არ იყოს, უცნაურად მეჩვენება. ეს ციხე, 9-10 წლის წინაა აშენებული ევროკავშირის თანხებით და მათივე მეთვალყურეობით. ითვლებოდა, რომ ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მშენებლობა. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ნაწილი სარემონტო გახდა, მაგრამ მიკვირს, რომ ამხელა დაწესებულება, სადაც 1000-ზე მეტი კაცი იყო განთავსებული, უცბად დაიხურა. რუსთავში, მე-16 დაწესებულება 15 სექტემბერს უნდა გახსნილიყო, ჯერ არ გახსნილა, შესაძლოა, გახსნა გადაიდო, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა მისი გახსნის შემდეგ დახურულიყო მე-6 დაწესებულება. ყოველ შემთხვევაში, არ ინგრეოდა. ვამბობ იმას, რაც მინახავს და პატიმრებისგან და მათი ახლობლებისგან ვიცი. ეს ჩემთვის ძალიან გაუგებარი გარემოებაა, რამაც ეჭვი გამიღრმავა, რამე დაძაბულობის შექმნას ხომ არ ცდილობენ, ან საბოტაჟს ხომ არ აქვს ადგილი-მეთქი. 
 
     - საბოტაჟს ვისი მხრიდან?
     - სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე "ნაციონალური მოძრაობის" ფარული მომხრეების, რომლებიც ცდილობენ, რომ ციხეებში სიტუაცია ხელოვნურად დაიძაბოს. წარმოიდგინეთ, 2500 კაცია თითქმის მე-17 დაწესებულებაში. ეს ციხე 1700-1800 პატიმარზეა გათვლილი. ანუ ამ ეტაპზე გადატვირთულია. ყოფილი ხელისუფლების დროს 2500 კი არა, ყველა ერთმანეთზე რომ დაეწყოთ, ხმის ამომღები არავინ იყო, მაგრამ ახლა, როცა ხმის ამოღების საშუალება მიეცათ, ისინი ცდილობენ, საკუთარი უფლებები დაიცვან, ეს უკმაყოფილებაში გადაიზარდა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, არსებული სიტუაცია ხელოვნურადაა შექმნილი.
 
     - რას მოიგებს ბუნტით პატიმარი, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დაეძაბება?
     - ბუნტი კოლექტიური პროტესტის გამოხატვაა. ბუნებრივია, ისინი გაქცევის მცდელობას ან შეიარაღებულ აჯანყებას ვერ მოაწყობენ. ბუნტის ფორმა შესაძლოა, იყოს მასობრივი შიმშილობა, მასობრივი დაუმორჩილებლობა. რასაც არ მგონია, რომ კონკრეტული დადებითი შედეგი მოჰყვეს პატიმრისთვის. მსგავსი რამ პატიმრისთვის ყოველთვის წამგებიანია. რეჟიმი ამის შემდეგ კიდევ უფრო მკაცრდება. ერთადერთი ისაა, რომ შესაძლოა, საზოგადოების, ჟურნალისტების ყურადღება მიიქციონ. თორემ ამით მათ არც მდგომარეობა გაუუმჯობესდებათ და ვერც თავიანთ წესებს დაამკვიდრებენ ციხეში. ამის საშუალება არ მიეცემათ, პირიქით მოხდება, ასეთ შემთხვევაში ციხის ადმინისტრაცია ეცდება, საკუთარი ძალა და გავლენა დაანახოს პატიმარს. ამიტომ ბუნტს არანაირად არ ვურჩევდი პატიმრებს.
 
     - თუ რეალურად შედეგის მომტანი არ არის, მაშინ, რაში სჭიდებათ ბუნტის მოწყობა? "ნაციონალებს" რომ აწყობთ, ვიცი, კიდევ ვინმეს ინტერესში შედის? 
     - დღეს სიტუაციის არევის მცდელობაა ყველა სფეროში. მით უმეტეს ციხეებში. ამის ინტერესი, რა თქმა უნდა, აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", ამას არ მალავენ. ისინი შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ის, რაც ხდება, ხელისუფლების უნიათობად და უუნარობად დაანახონ ხალხს, მით უმეტეს იმ სფეროში, რომელიც მათი ხელისუფლების დამხობის დეტონატორად იქცა. ახლა ცდილობენ, მათ მიერ გამოყენებული სადისტური მეთოდები გაამართლონ და ხალხს ანახვებენ, რომ თუ არა სადისტური მეთოდები, ციხის მართვა შეუძლებელია. ეს სიტუაცია "ნაციონალებისთვის" ძალიან მომგებიანია. ამიტომ ლოგიკურად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ისინი ციხეებში დაძაბულობას ხელს შეუწყობენ. ფარული ჩანაწერები, რომლებსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს ხოლმე, საიდუმლო კადრები, ამ მასალის გამოჟონვა ამყარებს ეჭვს, რომ ციხეებში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამის ინსპირირებას მოახდენენ და დაინტერესებული არიან, მაგრამ რამდენად მიაღწევენ რამეს, ეს სხვა თემაა. 
 
     - თუ ბუნტი "ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ ვინ უნდა აბუნტდეს? ცნობილი "მეცოცხეების", "ნაციონალების" სასარგებლოდ აბუნტდებიან პატიმრები?
     - პატიმრებიდან, ყველა მათგანს სურს ერთი რამ, რაც შეიძლება მალე გავიდეს გარეთ, ან სანამ იქ არის, ადამიანური პირობები ჰქონდეს. ეს არის მათი უმთავრესი მიზანი. რაც უფრო გარკვევით დაინახავენ, რომ ამა თუ იმ ქმედებას რაიმე დადებითის მოტანა შეუძლია მათთვის, მით უფრო აქტიურები იქნებიან. ამის ინსპირატორი ვინ იქნება - "ნაციონალური მოძრაობა", რომელიმე სხვა პარტია თუ თვითონ კრიმინალური სამყარო, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის მთავარი შედეგია.