2014 წლის 20 სექტემბერს ბაქოში დაიწყო ბაქო–თბილისი–ერზერმის მარშრუტის „სამხრეთკავკასიური გაზსადენის“ (SCP) მეორე მილის მშენებლობა. ეს მილი საქართველოს საზღვართან SCP–ს არსებულ მილსადენს შეუერთდება. 2019 წლისთვის „შაჰდენიზი 2–ის“ გაზი, „ტრანსანატოლიური“ (TANAP) და ტრანსადრიატიკული“ (TAP) გაზსადენებით, იტალიამდე მივა. ეს მოვლენა აზერბაიჯანის ოფიციოზმა „მონათლა“ როგორც „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მშენებლობის ოფიციალური ინაუგურაცია.
ცერემონია აზერბაიჯანის და ბულგარეთის პრეზიდენტების, საქართველოს, საბერძნეთისა და მონტენეგროს პრემიერების, იტალიის, ბრიტანეთისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრების და აშშ–ს წარმომადგენლის თანდასწრებით წარიმართა. საინტერესოა, რომ ამჟამად აზერბაიჯანი და თურქეთი TAP–ში და TANAP–ში აქციების უმრავლესობას ფლობენ, რაც ბაქოს და ანკარას ამ პროექტების დასრულების შემდეგ, მათზე სრული კონტროლის საშუალებას მისცემს. ეს მაშინ, როცა ევროკავშირის გლობალური პროექტი „ნაბუქო“, როგორც „დერეფნის“ უმთავრესი ელემენტი, სავარაუდოდ, აღარ განხორციელდება.
ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე, 2014 წლის 19 სექტემბერს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ანტირუსული ეკონომიკური სანქციების გამკაცრების შესახებ. ევროდეპუტატებმა ევროკავშირის საბჭოს მოუწოდეს გამორთონ რუსეთი SWIFT–ის საერთაშორისო საანგარიშსწორებო სისტემიდან, შეწყვიტონ მშვიდობიანი ატომის სფეროში თანამშრომლობა და შეაჩერონ დაგეგმილი შეთანხმებების გაფორმება ენერგეტიკულ სექტორში – მათ შორის აკრძალონ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ კონკურენტი პროექტის – რუსული „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობა. რფ–ს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა მარტო SWIFT–ის გამორთვით რუსეთის მშპ–ზე მიყენებული ზარალი 5%–ით შეაფასა (http://topneftegaz.ru/news/view/106072).
ზემოაღნიშნულით, გარდა არქტიკისა და შავი ზღვის შელფის ათვისების ამბიციური რუსულ–ამერიკული ერთობლივი პროექტებისა, სავარუდოდ, დაზარალდება იამალზე დაწყებული 27 მლრდ დოლარის (21 მლდ ევრო) ღირებულების „ნოვატეკის“ გაზის გათხევადების პროექტიც. მასზე უკვე 6 ათასი კაცია დასაქმებული და მომავალ წელს კიდევ 9 ათასი ადამიანის დასაქმება იგეგმება. პროექტის ბიუჯეტში თანხების არსებობის შემთხვევაშიც კი, უცხოური არქტიკული ტექნოლოგიების გარეშე, იგი ვერ განხორციელდება. არადა, აქციონერების – „ნოვატეკის“, ჩინური CNPC–ის და ფრანგული „ტოტალის“ მიერ, ამ პროექტში უკვე ინვესტირებულია 6 მლრდ დოლარი (4.6 მლრდ ევრო). თვითმხილველთა მტკიცებით მუშაობა სადღეღამისო რეჟიმში მიმდინარეობს. „ტოტალი“ ბრიუსელს აფრთხილებს, რომ დასავლური ბანკებიდან იამალის პროექტის დაკრედიტების შეწყვეტა, 2018 წლიდან გამოიწვევს ევროპის თხევადი გაზით მომარაგების მესამედით შემცირებას, ანუ ყოველწლიურად დასავლეთი ვერ მიიღებს 16.5 მლნ ტონა თხევად გაზს, რაც საფრანგეთის ნახევარი წლის გაზის მოხმარების ექვივალენტია. ამიტომ, ევროპის მინისტრთა საბჭოში ევროპარლამენტის აღნიშნულ რეკომენდაციებს საფრანგეთი, სავარაუდოდ წინ აღუდგება.
ამავდროულად, რფ–ს პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარი გენადი ტიმჩენკო, რომელიც „ნოვატეკის“ მსხვილი აქციონერია აცხადებს, რომ ჩინეთი, რომლის ენერგოკომპანია CNPC იამალის პროექტში 20%–იან წილს ფლობს, თანახმაა გამოყოს 20 მლრდ დოლარი (15 მლრდ ევრო) 2014 წლის დასრულებამდე. თუმცა, ჩინური საბანკო სექტორის ანონიმურმა წარმომადგენელმა ამ დღეებში „როიტერს“ განუცხადა, რომ ჩინეთი თავს შეიკავებს აშშ–ს მხრიდან სანქციონირებულ კომპანიებთან ურთიერთობებისგან (http://www.euractiv.com/sections/global-europe/russias-yamal-gas-megaplan-become-symbol-sanctions-defiance-308570).
ყოველივე ზემოაღნიშნული საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ:
– ბუნებრივი აირის მცირე მოცულობის (წლიურად 10 მლრდ კუბმეტრი) ექსპორტის გამო, აზერბაიჯან–თურქეთის დაპროექტებული ახალი ინფრასტრუქტურა მხოლოდ ნაწილობრივ არის ევროკომისიის 2008 წელს მიღებული „სამხრეთის გაზის დერეფნის“ კონცეფციის (60 მლრდ კუბმეტრის ყოველწლიური იმპორტი) სამართალმემკვიდრე. ეს იმითაც დასტურდება, რომ ევროკავშირის კომპანიები (BP–ს გარდა) ფაქტიურად აღარ მონაწილეობენ კასპიისპირეთის გაზის ევროპაში ტრანსპორტირების პროექტებში;
– ევროპაში აირის ტრანსპორტირების ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმა ფაქტიურად ბაქოში და ანკარაში განისაზღვრა, რომელთა ენერგოპოლიტიკა დასავლეთის მიმართ უკვე აღარაა ისეთი კომპრომისული, როგორც ადრე. ეს ნაწილობრივ მათი რეგიონალური პოზიციების გამყარებითაა გამოწვეული – დაპროექტებული მარშრუტები ხომ ანკარასა და ბაქოს ინტერესების რეალიზაციას ემსახურება! ერთის მხრივ აზერბაიჯანი გაზრდის თავისი გაზის რუსული მარშრუტის გვერდის ამქცევ ექსპორტს (ბოლო წლებში კაზიმაგამედ–მოზდოკის გაზსადენით რუსეთში წლიურად მხოლოდ 1.3–2 მლრდ კუბმეტრი აზერბაიჯანული გაზი მიდის. იხ. http://itar-tass.com/ekonomika/859912). მეორეს მხრივ, ანკარა სულ უფრო მეტ გაზს მიიღებს აზერბაიჯანიდან, რაც ხელს შეუწყობს მისი, როგორც სატრანზიტო „ჰაბის“ ამბიციის რეალიზაციას. ეს ამ ქვეყნებზე, და მაშასადამე მთელ სამხრეთ კავკასიაზე, ევროკავშირის პოლიტიკური ინსტრუმენტების ზემოქმედების შესუსტებას გამოიწვევს. „შაჰდენიზი 2“–ის ინაუგურაციაზე ევროკავშირის პერსონალური წარმომადგენლის არყოფნა ამ მოსაზრებებს ადასტურებს;
– ამ ეტაპზე შეცდომა იქნება იმაზე საუბარი, რომ „დერეფანზე“ უკვე აზერბაიჯანისა, და გარკვეულწილად, თურქეთის სრული კონტროლია დამყარებული და ის აღარაა ევროკავშირის პრიორიტეტი. ანკარა და ბაქო გადაჭარბებით აფასებენ თავიანთ როლს, რაც სავარაუდოდ, ხარჯების აზერბაიჯანზე დაკისრებას გამოიწვევს და რაც ეჭვქვეშ აყენებს პროექტის რენტაბელობას. ამასთან, ეს გააძლიერებს მოსკოვის მხრიდან აზერბაიჯანზე და საქართველოზე ზეწოლას, ვინაიდან რუსეთს „დერეფანი“ ამ ქვეყნების მოსკოვზე დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევის ბერკეტად მიაჩნია. ამის გამო, უახლოს პერიოდში სავარაუდოდ, რუსეთი შეეცდება გააკონტროლოს, ან რაღაც ფორმით ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილ პროექტებში. არ გამოვრიცხავთ რუსეთის დაინტერესებას საქართველოს ტერიტორიაზე მოზდოკი–სომხეთის საზღვრის მაგისტრალური გაზსადენისა და „სამხრეთკავკასიური გაზსადენის“ გადაკვეთაზე ინტერკონექტორის შექმნის ინიცირებას, ან „შაჰდენიზი 2–ის“ საბადოში, ან „სამხრეთკავკასიურ გაზსადენში“ წილის მოთხოვნას და ა.შ.