SoS! არ ჭამოთ გაყინული ქათმის ბარკლები, არ დალიოთ ხსნადი ყავა!  წერილი, რომელიც დაგშოკავთ

SoS! არ ჭამოთ გაყინული ქათმის ბარკლები, არ დალიოთ ხსნადი ყავა! წერილი, რომელიც დაგშოკავთ

ბაზარში ქალი შხამიან სოკოს ყიდის და არც მალავს, დახლზე დახვავებულ სოკოზე აბრაა წარწერით: “შხამიანია”. დაინტერესდა ერთ-ერთი მყიდველი და ეკითხება: “ეს რა არის? ადამიანმა რომ შეჭამოს, მოკლავსო?” “კი, მოკლავს!” - მიიღო პასუხად. “კი მაგრამ, ვინ ყიდულობს?” - არ ეშვება მყიდველი. “აბა, რა გითხრა? ზოგი - მეზობლისთვის, ზოგი - სიდედრისთვის, ზოგი - ვისთვის და ზოგიც - ვისთვის, ყველაფერს ჰყავს თავისი მყიდველი!” - პასუხობს შხამიანი სოკოს გამყიდველი.

ეს ანეკდოტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა, ამირან შენგელიამ მიამბო და დასძინა: “ხუმრობა იქით იყოს და, პრობლემა ისაა, რომ საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით მთელი რიგი გაუგებრობებია: სუპერმარკეტებში ჯანმრთელი და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ერთმანეთისაგან გამიჯნული არაა. გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტზე ისეთი წვრილი შრიფტით წერია შემადგენლობა, რომ მისი წაკითხვა გამადიდებელი შუშითაც კი ჭირს. გარდა ამისა, თუ მომხმარებელი ინფორმირებული არაა, რომც წაიკითხოს, მაინც ვერაფერს გაიგებს...”

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი “ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ”. ამ კანონპროექტის მიხედვით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით შექმნილი თესლი საქართველოში თავისუფლად აღარ შემოვა. შემოსვლის შემთხვევაში კი, მისი ინტროდუქცია, ანუ ნიადაგში შეტანა დახურულ სივრცეში მოხდება, რაც თავის მხრივ, ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის საბაზრო ქსელში განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ მხრივ რეგულაციებს არ აწესებს.

“ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ გენმოდიფიცირებული თესლი და გენმოდიფიცირებული თესლისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც შეიძლება, საქართველოში შემოდიოდეს. ჩვენ მეორეს არ ვკრძალავთ და ამას ვერც ავკრძალავთ, მაგრამ საქართველო გამოცხადდება დახურულ ზონად ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით შექმნილი თესლებისთვის, ანუ გენმოდიფიცირებული სათესლე ნედლეული საქართველოში არ უნდა შემოვიდეს. სამეცნიერო წრეებში დღემდე მიდის დავა და ბჭობა, სასარგებლოა თუ უსარგებლოა ეს თესლი და შეუძლია თუ არა ავნოს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. არ გვინდა, რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ამასთან, არ გვაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწების გიგანტური ფართობი, მაგრამ საქართველო ევროპის კონტინენტზე, პრაქტიკულად, უკანასკნელი კუნძულია ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით. ჩვენი სოფელი ამ კუთხით განადგურებული და წამხდარი არ არის და უამრავი მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება შეიძლება. ამით ვართ საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის და ამით უნდა შევიდეთ ევროპის სასურსათო ბაზარზე.

ჩვენი სამარკო ნიშანი სუფთა თაფლი, ბაღჩეული, ბოსტნეული და ხილია”, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი.

გენმოდიფიცირებული პროდუქციის თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია, რადგან დაბეჯითებით, ანუ კატეგორიულად მისი უარყოფა და აკრძალვა შეუძლებელია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, ის უზარმაზარი ინდუსტრიაა, რომელსაც ძალიან დიდი შემოსავალი მოაქვს.

ამ სტატიაში შევეცდებით, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მკითხველს, თუ რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული და როგორ უნდა გავიგოთ, პროდუქტი გენმოდიფიცირებულია თუ არა. “ქართულ სიტყვას” მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ამირან შენგელია ესაუბრა.

- ბატონო ამირან, რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული პროდუქტი და მთელ მსოფლიოში ასეთი ხმაური რატომ გამოიწვია?

- გენმოდიფიცირებული პროდუქტის თემა, ასე ვთქვათ, ფართო სპექტრია, მეცნიერულია და შესაბამისად, ვრცელი მეცნიერული სტატიის თემაა, რაზეც მთელი მსოფლიოს მეცნიერები ბჭობენ და დავობენ. არიან მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ფართო მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, მარტივად ასე შეიძლება ვთქვათ: გენმოდიფიცირებულ პროდუქტში შეცვლილია ბუნებრივი გენის ჯაჭვი. იღებენ მცენარის გენომის ჯაჭვის რომელიმე რგოლს და სხვა გენის მატარებელი რგოლით ცვლიან. ეს შეიძლება იყოს ცოცხალი ორგანიზმის, ან რომელიმე ბაქტერიის გენი. მოგეხსენებათ, ამას გენური ინჟინერია ჰქვია. ასეთი ჩარევის შემდეგ, აბსოლუტურად სხვა ტიპის გენს ვიღებთ.

ზოგადად, გენეტიკაზე მეცნიერებამ უკვე ბევრი რამ იცის, მაგრამ ბევრის ცოდნა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ვიცით. ამიტომ, ასეთი ჩარევა - მცენარის და ცოცხალი ორგანიზმის, ბაქტერიის გენის ერთმანეთთან ხელოვნურად დაკავშირება, აღრევა და ახალი გენის შექმნა, შესაძლოა, დიდი რისკის შემცველი იყოს.

გენმოდიფიცირებული პროდუქტი ორი ათეული წელია, საერთაშორისო ბაზარზეა. ამ ორ ათეულ წელიწადში ძალიან გაახალგაზრდავდა მთელი რიგი დაავადებები და, მათ შორის, - შაქრიანი დიაბეტიც. მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს გამოიწვია გენმოდიფიცირებულმა საკვებმა, რადგან იგი ადამიანის იმუნოსისტემაზე მოქმედებს.

აქვე, მინდა აღვნიშნო ალერგიაც, რაც სერიოზული დაკვირვებისა და მეცნიერული კვლევის საგანია. ადრე ალერგია იშვიათობას წარმოადგენდა, დღეს კი, დიდ პრობლემად იქცა. მეცნიერები თვლიან, რომ ესეც გენმოდიფიცირებული საკვებითაა გამოწვეული. კიდევ რა სიურპრიზები გველის მომავალში, არ ვიცით.

- გენმოდიფიცირებული პროდუქტის შექმნა რამ განაპირობა?

- თავის დროზე გენმოდიფიცირებული პროდუქტის წარმოება იმიტომ დაიწყო, რომ აფრიკაში შიმშილობდნენ და მათ დასახმარებლად, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ აფრიკის ბევრმა სახელმწიფომ აკრძალა გენმოდიფიცირებული პროდუქტის შეტანა. მათ ჩათვალეს, რომ ჯობდა ეშიმშილათ, ვიდრე ეს რაღაც ნამაიმუნარი ეჭამათ.

გენმოდიფიცირებული პროდუქტის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები არიან: აშშ, კანადა, ბრაზილია, ჩინეთი, ავსტრალია, გერმანია, ალბანეთი, რუმინეთი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, 2006 წელს გამოაქვეყნა 16 მცენარის 68 ჯიშის პოპულაცია, რომელთა წარმოება ნებადართულია. დღეს აშშ-ში სიმსუქნის უზარმაზარი პრობლემა დგას და უკვე დადგენილია, რომ ეს გენმოდიფიცირებული საკვების მიზეზით ხდება. გენმოდიფიცირებულ პროდუქტში შემავალი დიდი ოდენობით ტრანსგენური ცხიმების შედეგია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ამუშავებს.

- საკვები პროდუქტების ბაზარზე რომელი პროდუქტი შეიძლება იყოს გენმოდიფიცირებული?

- ხორბალი, სოიო, კარტოფილი, პომიდორი, მარწყვი, ყაბაყი, პაპი, ნესვი, ბრინჯი, თამბაქო - ეს პროდუქტები აფრიკისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამ პროდუქციის შეტანა აფრიკის რიგი ქვეყნების მთავრობებმა სასტიკად აკრძალეს.

თუ მხედველობაში ბიზნესის დაუწერელ კანონებს მივიღებთ, ამ პროდუქციის უტილიზაცია ნაკლებად სავარაუდოა. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს პროდუქტები იაფად შემოიტანეს ე.წ. მესამე ქვეყნებში, რომელთა რიცხვში საქართველოც მოიაზრება. A

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის წარმოება ძალიან მომგებიანი ბიზნესია. ხორბალი, სოიო, ბახჩეული კულტურები უხვმოსავლიანია, რადგან გენური ინჟინერიის წყალობით, ამ კულტურებს არ, ან ძალიან ნაკლებად ეტანებიან მავნე მწერები და მღრღნელები. ეს კულტურები ყინვაგამძლეა, სიცხესაც იტანენ და ნებისმიერ გეოგრაფიულ სივრცეში ხარობენ.

- ანუ, შეიძლება ითქვას, რომ საკვები პროდუქტის სამომხმარებლო ბაზარი გენმოდიფიცირებული ნაწარმითაა გაჯერებული?

- რა თქმა უნდა. თუ პროდუქტის ეტიკეტს დახედავთ, მაგალითად, ძეხვეულს და ეტიკეტზე წერია, რომ შეიცავს სოიოს, ჩათვალეთ, რომ მასში ხორცის ნასახიც არ არის. იგივე შემიძლია გითხრათ რძესა და რძის პროდუქტებზე. რაფინირებული ზეთიც გენმოდიფიცირებულია.

მაგალითად, გაყინული ქათამი ჰორმონებზეა გაზრდილი. იგი 6 ქალური ჰორმონით, მათ შორის, პროგესტერონითაა გაჯერებული. ამიტომ, თუ მამაკაცი ამ ჰორმონებით გაჯერებულ ქათამს მიირთმევს, მას ბუნებრივად დაეცემა ტესტოსტერონი (მამაკაცური ჰორმონი) იმ ზღვრამდე, რომლის აღდგენაც შეუძლებელია.

ავიღოთ ხსნადი ყავა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი დიდი სიამოვნებით მიირთმევს. ეს პროდუქტი კატეგორიულად არ შეიძლება მამაკაცებისთვის, რადგან ჰორმონალური ჯირკვლების სრულ დეფორმაციას იწვევს. იგივე ითქმის კარტოფილის ჩიპსებზე, სწრაფად მოსამზადებელ სუპებზე, კეტჩუპზე, სხვადასხვა სოუსებზე და ა.შ. მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.

დაინტერესებული მომხმარებელი გენმოდიფიცირებული პროდუქტების ჩამონათვალს ადვილად ნახავს ინტერნეტში.

- როგორ უნდა დაიცვას თავი მომხმარებელმა გენმოდიფიცირებული პროდუქტისგან? შედიხარ სუპერმარკეტში და სასურველი პროდუქტის შეძენისას, კითხულობ ეტიკეტს გამადიდებელი შუშით. ამას მიაქვს დიდი დრო. გარდა ამისა, სულ მცირე, კვების ტექნოლოგის დიპლომი მაინც უნდა გქონდეს, რომ გაიგო შემადგენლობის არსი... ეს ხომ ძალიან რთულია?

- აბსოლუტურად გეთანხმებით და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენთან გენმოდიფიცირებული პროდუქტი დიდი რაოდენობით იყიდება. ევროპაში ამის მექანიზმი უკვე მუშაობს, რადგან სუპერმარკეტებში ჯანმრთელი პროდუქტი სათანადო ნიშნის ქვეშ იყიდება. ეს გახლავთ მწვანე ფონზე დატანებული - FF. ეს საკმაოდ დიდი, თვალში მოსახვედრი სამარკო ნიშანია. ჯანმრთელი პროდუქტი გენმოდიფიცირებულზე შვიდჯერ ძვირია. ასე რომ, ევროპაში ეს პრობლემა მარტივადაა გადაჭრილი და ეტიკეტების კითხვა საჭიროც აღარაა. სასურველ, ჯანმრთელ პროდუქტს ცალკე სექციაში ყიდულობ.