თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ლადო პაპავას რექტორობით მეორე ახალი სასწავლო წელი იწყება და, როგორც უნივერსიტეტს მიღმა დარჩენილი პროფესორ-მასწავლებლები ამბობენ, იქ რეალურად არაფერი შეცვლილა. “საქართველო და მსოფლიო” უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს და ამჟამად თსუ-ს რექტორის მრჩეველს - გოგი გოგოლაშვილს ეწვია.
- ბატონო გოგი, თქვენც იმ პროფესორ-მასწავლებელთა შორის იყავით, რომლებიცთავის დროზე “ნაცებმა” ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან უსამართლოდ გაუშვეს... უნივერსიტეტს დღეს ყველასთვის მისაღები და სასურველი რექტორი ჰყავს და თქვენ მისი მრჩეველი ხართ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არაფერი შეცვლილა. რა უშლის ხელს პროფესორების უკან დაბრუნებას?
- ეს ძალიან მტკივნეული საკითხია; ასობით უკმაყოფილო ადამიანია, მაგრამ უმჯობესია, ისინი ასე დავაჯგუფოთ: არიან ისეთები, თავის დროზე საგანმანათლებლო რეფორმის გამო, ხელისუფლებას რომ დაუპირისპირდნენ, მაგრამ დარწმუნება ვერ შეძლეს, ვერც ვითარებას შეეგუენ, ამიტომ ყველაფერი დატოვეს და უნივერსიტეტს მიღმა დარჩნენ; არიან ადამიანები, რომლებიც აჰყვნენ იმ ხელისუფლების მიერ დაწყებულ რეფორმებს, მაგრამ, უბრალოდ, კონკურსები ვერ გაიარეს და მხოლოდ ამის შემდეგ შემოგვიერთდნენ იმათ, ვინც დაწყებული რეფორმების წინააღმდეგნი ვიყავით. ფაქტობრივად, ასეთი ადამიანების მხარდაჭერამ იმ კონკურსებს, რომლებიც აბსოლუტურად უსამართლოდ მიმდინარეობდა, მიანიჭა იურიდიული ძალა. ისინი თავის დროზე გიორგი ხუბუას გვერდით დადგნენ და მერე აღმოჩნდა, რომ უმუშევრები დარჩნენ. არის კიდევ მესამე კატეგორია, რომლებიც 2009-2012 წლამდე მუშაობდნენ და მერე ვერ გაიარეს კონკურსები და საკუთარი წარუმატებლობა პოლიტიკას მიაწერეს. ცხადია, ყველა მათგანი ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ სხვადასხვაგვარს...
როდესაც უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა და მხარს ვუჭერდით ლადო პაპავას კანდიდატურას, იცით, რას ველოდი მისგან? - რომ ის არ შეასრულებდა პარტიულ დავალებებს და კანონი იკანონებდა უნივერსიტეტში. ამის იმედით ვიყავი, ეს ასეც მოხდა, მაგრამ მივადექით ბარიერს, რომლის გადალახვაც არ ხერხდება.
როდესაც კონკურსი გამოცხადდა, იმ პერიოდში კანონიც შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ რექტორს ხელ-ფეხი შეეკრა. უნივერსიტეტი იყო კერძო სამართლის იურიდიული პირი “ნაცების” დროს, ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, გადაწყვიტეს, რომ უმაღლესი სასწავლებლები გადაკეთდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რაც, ვფიქრობდით, სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველი იქნებოდა, მაგრამ იმ დროინდელმაპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომ ივანე ჯავახიშვილისსახელმწიფო უნივერსიტეტი გადაკეთდეს საჯარო სამართლის იურიდიულპირად და მოაყოლა მეორე პუნქტი - ის თანამშრომლები, რომლებიც კონკურსისწესით არიან არჩეულნი, დარჩნენ კონკურსის ვადის გასვლამდე. ვადა კი 2018წელს იწურება.
აღმოჩნდა, ლადო პაპავა კი არა, ივანე ჯავახიშვილიც რომ გავაცოცხლოთ, თუკიეს კანონი არ შეიცვლება, უნივერსიტეტში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს.ვეთანხმები მომჩივან პროფესორებს, უნივერსიტეტში მართლაც არიან “ნაცები”,ჩანერგილებიც, მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობა რექტორს მოქმედებისსაშუალებას არ აძლევს.
ახალი ხელისუფლება როდესაც მოვიდა, დაიწყეს მუშაობა უმაღლესი განათლების სისტემის ახალ კანონპროექტზე, რომელშიც ძალიან კარგად იყო ჩამოყალიბებული, რა უნდა გაკეთებულიყო, ვვარაუდობდით, რომ პროექტი 2013 წლის ბოლოს კანონად იქცეოდა და ძალაში შევიდოდა, მაგრამ შეიცვალა სამინისტროში ხელმძღვანელობა და პროექტზე მომუშავე კომისია დაიშალა, რომ ვიკითხეთ, აბა, ახლა რა ხდებაო, გვიპასუხეს, - ახალი კომისია შეიქმნა სამინისტროს თანამშრომლებისგან და ის მუშაობსო. ყოვლად წარმოუდგენელია, რომ სამინისტროს ჩინოვნიკებმა ჩვენ შეგვიქმნან კანონი,რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ; პროფესიონალების გარეშე ეს კანონი ვერიმოქმედებს. ფაქტია, რომ ამ დრომდე არაფერია წარმოდგენილი. გვქონდა იმედი,რომ ახალი ხელისუფლება მახინჯ კანონებს შეცვლიდა და საჭირო რეფორმებს გაატარებდა, არ მინდა, ეს იმედიც გაქრეს.
გავიგე, რომ ზოგი ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვს. კი, ბატონო, გადადგეს პაპავა, მაგრამ რას შეცვლის ახალი რექტორი, თუ კანონი არ შეიცვალა? იქნებ ძალისხმევა იქითკენ მივმართოთ, შეიქმნეს სასურველი კანონმდებლობა.
- ლადო პაპავა დუმს, სიმართლე გითხრათ, თუ ვინ იყო რექტორი მაშინგამახსენდა, როდესაც “საქართველო და მსოფლიოში” განაწყენებულიპროფესორების საპროტესტო წერილი დაიბეჭდა.
- რექტორი ცოტას საუბრობს იმის შესახებ, რა კეთდება. დიდი ხანია, პარლამენტში დევს ინიციატივა იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტიდან წასულ პროფესორებს, რომლებიც უსახსროდ არიან დარჩენილნი, უნივერსიტეტმა ფინანსური დახმარება გაუწიოს, იქნება ეს ერთჯერადი თუ სისტემატური. სამწუხაროდ, კანონის თანახმად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ფინასური დახმარება გავუწიოთ დამსახურებულ ადამიანებს - უნივერსიტეტს არ აქვს სახელმწიფო დაფინანსება, ის სტუდენტების შემოტანილი გადასახადებით არსებობს, ამ თანხის დახარჯვა კი შესაძლებელია მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე და სახელფასო ანაზღაურებაზე.
- თუ სახელმწიფო არ აფინანსებს უნივერსიტეტს, მაშინ რექტორის დანიშვნის საქმეში რატომ ერევა?
- წესით, არ ერევა, ოფიციალურად არ ერევა.
- უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესით კმაყოფილი ხართ?
- არა, რა თქმა უნდა. უნივერსიტეტში დახურულია უამრავი მნიშვნელოვანი კაბინეტი, ერთი ბრძანებით ამის აღდგენა არ ხდება. უახლოეს მომავალში გაიხსნება ივანე ჯავახიშვილის, ვაჟა-ფშაველას და შოთა რუსთაველის სამეცნიერო კაბინეტები. 2005 წლიდან უნივერსიტეტში სამეცნიერო სექტორი მოკვდა. 1 მილიონ 800 ათასი იყო უნივერსიტეტის ბიუჯეტი, ეს თანხა სამინისტრომ წაიღო და დარჩა ისე, რომ კაბინეტებს თანამშრომელი აღარ ჰყავდათ. მეცნიერს თუ მატერიალური სტიმული და დაინტერესება არ აქვს, არაფერს აღარ წერს.
უნივერსიტეტმა დააარსა პრემია ქართველოლოგიის დარგში, რომელიც გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ უცხოელ კოლეგებზე, რაც მათი მოზიდვის კარგი საშუალებაა. გვინდა, ორ წელიწადში ჩატარდეს კონფერენცია, რომელშიც ყველა უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას. საუკეთესო ნაშრომის ავტორს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია მიენიჭება. ეს ქართველოლოგიის დარგში, ვფიქრობთ, საინტერესო სტიმული იქნება.
რაღაცები ნამდვილად კეთდება, მაგრამ მესმის იმ ადამიანების, რომლებიცსამართლიანობის აღდგენას ითხოვენ, ჩადენილი დანაშაულისთვის არავინდასჯილა. საჭირო და აუცილებელია ამ თვალსაზრისით ნაბიჯების გადადგმა.ყველა მათგანი მშვიდად ზის უნივერსიტეტში და მათი ხელისხლება არავისშეუძლია კონკურსის ვადის გასვლამდე.
- ლადო პაპავას კანონის შეცვლაზე თუ უსაუბრია ვინმესთან?
- კი, ის იმ კომისიაში იყო, რომელიც კანონის ცვლილებაზე მუშაობდა, მაგრამ სამინისტრო ამით დაინტერესებული არ არის. მე მას არ ვამართლებ, მაგრამ არ ვიცი, თავადაც რას გავაკეთებდი. ბრძოლა შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. გამოსავალი არის ერთი - საპარლამენტო კომიტეტში თუ სამინისტროში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დანტერესდებიან უმაღლესი განათლების ბედით.
ამას წინათ კიღურაძემ ისეთი სენსაციური რამ თქვა, რომ გადავირიე. თურმე ხარჯვითი ნაწილი არ სრულდება. აღმოჩნდა, რომ მეცნიერებისთვის გამოყოფილი თანხა დახარჯული არ არის იმიტომ, რომ სამინისტრომ გაყინა. მეცნიერები შიმშილით კვდებიან და სამინისტრო ფულს არ იძლევა. განათლების სამინისტრო ასე დაშორებული მეცნიერებისა და განათლების სისტემისგან არასოდეს ყოფილა. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის მეცნიერება. მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ მასწავლებლების ხელფასი მომავალი წლიდან გაიზრდება, მაგრამ არაფერი უთქვამს მეცნიერებზე, ჩვენ არ ვჭირდებით ამ ქვეყანას? ახალგაზრდები არ უნდა გაიზარდონ? ასეთ ვითარებაში მეცნიერება კვდება. განათლების სამინისტროს წარმოდგენა არ აქვს, რა არის მეცნიერება. დღემდე უნივერსიტეტშიც და სამინისტროშიც სხედან ის კადრები, რომლებიც თავის დროზე ლომაიამ და ხუბუამ მოიყვანეს და გარანტია აქვთ, რომ არჩევნების ვადის გასვლამდე ადგილებზე დარჩებიან.
- ის, რომ მეცნიერება მიზანმიმართულად იძირებოდა და კლავდნენ, ყველამვიცით, როგორ ფიქრობთ, ეს კურსი არ შეცვლილა?
- ბრალს ვერავის დავდებ იმაში, რომ მიზანმიმართული ბრძოლაა, მაგრამ ვერ ვხედავ შეფასებას მომხდართან დაკავშირებით; არ ვითხოვ დაჭერას, უბრალოდ, აღიარონ, რომ დანაშაული მოხდა, რომ ღირსება შეგვილახეს, ამაზე არავინ საუბრობს. ადამიანები, რომლებმაც შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ისევ თანამდებობებზე სხედან. ვიღაცამ შეიძლება ჩემზე თქვას, რომ უნივერსიტეტში შევიდა და აღარაფერი აინტერესებსო, მაგრამ ასე არ არის, - ვცდილობ გაუქმებული კაბინეტების აღდგენას, ერთი კაბინეტიც რომ აღვადგინო, ერთი ადამიანი მაინც ხომ დასაქმდება?!