პარლამენტისადამიანისუფლებათაკომიტეტისთავმჯდომარისმოადგილეგედევანფოფხაძე ,,ვერსიას’‘ საპარლამენტოცხოვრებაზე, საკუთარიგუნდისშეცდომებზე, მიღწეულწარმატებებსადაგანცდილკრახზე, პრეზიდენტისადაპრემიერისპოლიტიკურკინკლაობასადაიმმიზეზებზეესაუბრება, რისგამოც, შესაძლოა, ოპოზიციაშიწავიდეს.
- ბარბარე რაფალიანცის საქმე ისევ გამოსაძიებელია, ,,ოცნება’‘ კი ამ თემაზე კომისიის შექმნას სასტიკად ეწინააღმდეგება. რატომ?
- ეს ტრაგედია მისი გაპოლიტიკურების გამო გაცილებით დამძიმდა. ბოდიში იმიტომ მოვიხადე, რომ ცილისწამება საშინელი რამაა, მით უმეტეს, ასეთ თემაზე. შუა საუკუნეებში, ბრალმდებელი ბრალს თუ ვერ ამტკიცებდა, ისევე სჯიდნენ, რა სასჯელსაც ბრალდებულისთვის ითხოვდა! 2 წლის წინ ემოციური ფონი ძალიან დიდი იყო, მანანა ბერიკაშვილიც ემოციური ქალია და მის საქციელს გამართლება არ აქვს. რაკი საქმე მყისიერად ვერ გამოვიძიეთ, ის მაინც უნდა გვეთქვა, ,,ოცნება’‘ ამ თემის პოლიტიზებას ემიჯნება და არავის არაფერს ვაბრალებთო. თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არც მე ვუჭერ. საერთოდ, გამოვრიცხავ, ბავშვის მკვლელობა ვინმეს პოლიტიკური მიზნით ნდომებოდა. მანანა ბერიკაშვილის მიმართ სკეპტიკური და არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება მაქვს, ასევე გიორგი ღვინიაშვილის მიმართაც, მაგრამ თანაბრად მიუღებელია, ამ ტრაგედიის მოწყობა რომელიმეს დავაბრალოთ. მიმაჩნია, ამ საკითხზე, უდანაშაულობის პრეზუმპცია მთელ პოლიტიკურ ძალაზე უნდა გავრცელდეს.
- მაშინ რას ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის გაღიზიანება, როცა კომისიის შექმნის იდეის მხარდაჭერაზე საუბრისას, ვიქტორ დოლიძეს მიკროფონი გამოურთო?
- დავით უსუფაშვილს მიკროფონი ამ მიზეზით არ გამოურთავს. თან იმ დღეს ვიკაც ემოციური იყო, რადგან მანამდე ბარამიძესთან მოუწია წაკინკლავება. საკითხი მარტივად დგას - კომისია რომც შეიქმნას, ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიების კი არა, ტრაგედიის კიდევ უფრო გაპოლიტიკურების კომისია იქნება. ზოგადად, პარლამენტში მსგავსი კომისიების შექმნას ყოველთვის ვეწინააღმდეგები.
- პარლამენტის თემას მივყვეთ - თბილისსა და ქუთაისს შორის გაუთავებელი მგზავრობა სადეპუტატო საქმიანობას უფრო ცოცხალსა და პროდუქტიულს ხდის და არც კონსტიტუცია ირღვევა?
- კომიტეტის სხდომები თბილისის იუსტიციის სახლში აქამდეც ჩაგვიტარებია. გასვლით სხდომებში, რეგლამენტის 49-ე მუხლის მიხედვით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. დეპუტატების ნაწილი ქუთაისში მხოლოდ სასესიო კვირაში დადიოდა, საკომიტეტო კვირაში კი კომიტეტის სხდომის შეკრებაც კი პრობლემა იყო. რეალურად, პოლიტიკური ცხოვრება თბილისში მიდის. ნაციონალებმა ქუთაისში მხოლოდ ხარჯი და ადმინისტრაცია გადაიტანეს და არა პროცესი. ფაქტია, თბილისშია კონცენტრირებული არასამთავრობო სექტორიცა და მასმედიაც. დეპუტატები კი პოლიტიკურ ცხოვრებას არ მოწყდებიან და მათი საქმიანობაც უფრო გამჭვირვალე იქნება.
- შესაბამისად, მეტი ფულიც დაიხარჯება, რასაც ახალი ავტოსადგომის ხარჯი, მილიონ ლარზე მეტი ემატება მაშინ, როცა პარლამენტის შენობას თავისი ავტოსადგომი ისედაც აქვს!
- მომხრე ვარ, დეპუტატებს ავტომობილები საერთოდ აღარ გვყავდეს და ტრანსპორტირების ხარჯის კომპენსაცია ფინანსურად მოხდეს. გამოგვიყონ რაღაც თანხა და გვითხრან, თქვენ თავად იარეთ და ბენზინიც ჩაისხითო. მხოლოდ ბენზინის ხარჯი, თითო მანქანაზე, თვეში 400 ლიტრია, ანუ დაახლოებით 800 ლარი. მანქანა მეც მემსახურება, მაგრამ ყველამ იცის, რომ არ ვსარგებლობ და ფეხით დავდივარ. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებ, როცა ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება მიწევს. მირჩევნია, თანხა მომცენ და საკუთარ ტრანსპორტირებაზე თავად ვიზრუნო. თუმცა ეს შეთანხმების საგანია მთავრობასა და პარლამენტს შორის. საჭიროა საუბარი, რათა ეს ხარჯი შემცირდეს და როგორც ვიცი, ამ საკითხზე დავით უსუფაშვილი და აპარატის თანამშრომლები უკვე ფიქრობენ.
- თქვენს კომიტეტში რა ხდება - 2 წლის წინ, განცხადებების რაოდენობით პირველ ადგილზე იყავით და დღეს ადამიანის უფლებები აღარ ირღვევა?
- ჩვენთან იმაზე 10-ჯერ მეტი განცხადებები შემოდის, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს, თვეში 800 განაცხადზე მეტი. საქმე, ძირითადად, ისევ ძველ დარღვევებს ეხება: წართმეულ ქონებას, უკანონო დაპატიმრებას, შეუსაბამო ბრალს. ადრე ამ ხალხს ხარვეზების კომისიის იმედი ჰქონდა, ახლა კი ამ კომისიის ბედი ცაშია გამოკერებული და ისევ ჩვენ გვწერენ, ციხეში უკანონოდ ვზივარ, გვიშველეო.
- ციხეები ისევ დიდი პრობლემაა: სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, შიმშილობა, ბუნტი, ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტი - რა ხდება, 2 წელი არც ამის შესაცვლელადაა საკმარისი?
- ციხე, ზოგადად, მთელი საბჭოთა კავშირისთვის პრობლემა იყო. ბელგიის ერთ-ერთი ციხის დირექტორმა ვიზიტის დროს გვითხრა, თქვენი პატიმრები სხვებისგან განსხვავდებიან, საჩივრებს წერენ და რომ ვხვდებით, მერე ციხის მართვაში დახმარებას გვთავაზობენო. რაც შეეხება ,,მაყურებლებს’‘, მეც ვხვდები პატიმრებს, რომლებიც ამაზე წუწუნებენ, მაგრამ კონკრეტულ გვარებს არ მისახელებენ. უკეთესობისკენაც შეიცვალა ბევრი რამ - ბევრი პატიმარი დასაქმებულია და ხელფასსაც იღებს. სხვათა შორის, პირობების ან ცუდი მოპყრობის გამო არავინ შიმშილობს და პროტესტი ყოველთვის განაჩენების გამოა.
- ძველი განაჩენები, ძველი ბრალდებები - თქვენი ხელისუფლება საერთოდ რამეზე იღებს პასუხისმგებლობას?
- ბევრ რამეზე... თუნდაც იმაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერლიზაცია უნდა დაიწყოს. შეიცვალოს ყბადაღებული 260-ე მუხლი და საერთოდ, მთელი სისხლის სამართლის პოლიტიკა. კონცეპტუალური მიდგომაა საჭირო, რაზეც გუნდი ვერ შეთანხმდა.
- მიდგომების ლიბერალიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ლუდის სმაზე ჯარიმა და ქუჩის რეიდებია?
- ისიც კარგი იქნებოდა, სამართალდამცავ ორგანოებში ტრენინგები ტარდებოდეს და ადამიანებს უხსნიდნენ, როგორ უნდა შეამოწმონ ვიღაც ისე, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენონ. ადამიანების დაცვა უხეში ფორმით არ შეიძლება - ეს ბევრმა ჩემმა ახლობელმა პირშიც მითხრა.
- თქვენი აზრი პრეზიდენტისა და პრემიერის კინკლაობაზეც საინტერესოა.
- გიორგი მარგველაშვილის პოზიციას უარყოფითად ვაფასებ. ვიღაც ფიქრობს, რომ დეპუტატები პრემიერზე იღებენ ორიენტირს. ასე არაა. უბრალოდ, რაც მარგველაშვილმა გააკეთა, არ გავაკეთებდი. იმის თქმა, ოპონირების რეჟიმში ვიქნები ხელისუფლებასთანო, არასწორია.
- ეს თქვენც არაერთხელ გითქვამთ. დაიმუქრეთ კიდეც, მაჟორიტარის მანდატს დავტოვებო, როცა საუბარი იპოთეკარების თემაზე იყო. ასეა?
- ჰო, მაგრამ მე არანაირი კონკრეტული ნაბიჯი არ გადამიდგამს. იპოთეკარების თემაზე კი მორატორიუმი და ჩემთვის შანსის მოცემა ვითხოვე, რათა რაღაც ინიციატივები დამემუშავებინა. ჩემი პოლიტიკური გუნდი არ მენდო და შანსი არ მომცა. თუმცა, როცა რაღაცაზე უარს გეუბნებიან, ამის გამო გუნდიდან კი არ უნდა წახვიდე. კინკლაობით საქმე ფუჭდება. მაგალითსაც მოგიყვანთ: სულ არ მაინტერესებს, ვინ ვისთან ჩხუბობს. მინდა, შეწყალების კომისია გამართულად მუშაობდეს. მქონდა იდეა, ამ კომისიას ხარვეზების დადგენის კომისიის მოვალეობებიც შეეთავსებინა. შეწყალების კომისიიდან უარი მივიღეთ, მარგველაშვილს კი ბევრი ბერკეტი ჰქონდა, ყველაფერი დადებითი შედეგით დაესრულებინა. რეალურად, კი პოლიტიკური მხარეა, ნაცვლად იმისა, მაკონსოლიდირებელი ფაქტორი იყოს. იმ აზრსაც ყველა უნდა შეეგუოს, რომ საპარლამენტო მოდელისკენ მივდივართ. მთავრობასთან დაპირისპირებული პრეზიდენტი კი ამ მოდელში არ ჯდება! პრეზიდენტი უმრავლესობასთან შეხვედრის სურვილს თუ გამოთქვამს, სიამოვნებით მივალ და ჩემს კრიტიკულ შენიშვნებს მოვახსენებ - ვფიქრობ, რომ მარგველაშვილი მართალი არ არის!
- ცოტა ხანში პარლამენტმა ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. პრეზიდენტთან ამ დაპირისპირების ფონზე, ბიუჯეტი რომ ჩავარდეს, ვერც მთავრობა გადააყენოთ და მარგველაშვილმა დაგითხოვოთ, ამაზე გიფიქრიათ?
- ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. შეიძლება, ბიუჯეტი არ შესრულდეს, მაგრამ არ ჩავარდება. ამ ეტაპზე, მთავრობის პოლიტიკური გუნდი ოპტიმალურია და მეეჭვება, ის რომ წავიდეს, მასზე უკეთესი მოვიდეს. ზოგადად, მარგველაშვილი არ მესიმპათიურება. პრეზიდენტად რომ არ აგვერჩია, კარგს ვიზამდით, ვინმე სხვა უნდა გვეპოვა.
- მაინც ვინ, ირაკლი ალასანია?
- რატომაც არა. როცა ირაკლის კანდიდატურაზე იყო საუბარი, ყველამ ვთქვით, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა რა პოსტიდან, მთავარია, საქმის კეთების საშუალება გვქონოდა.
- ისე, ამ ბოლო დროს ალასანიასა და მისი პარტიის ოპოზიციაში წასვლაზე ბევრს საუბრობენ. რა უნდა მოხდეს, ასე რომ მოიქცეთ?
- მე მხოლოდ საკუთარ თავზე გეტყვით - ხელისუფლებამ დემონსტრაციულად უნდა დააფიქსიროს ჩემთვის მიუღებელი ღირებულებები. მაგალითად, ქვეყნის საგარეო კურსი და თუ ჩავთვლი, რომ საქართველო არასწორად მიდის, ოპოზიციაში წავალ.