რამდენად შესაძლებელია სოხუმში ჩატარებული არჩევნების გაუქმება და გამოიყენებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება დევნილ 170 000-მდე ამომრჩეველს ბერკეტად
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმში დიდი ზეიმი იწყება _ საქართველოს დამარცხებისა და ისტორიული ,,დამოუკიდებლობის’‘ დღესასწაული, რომელიც კულმინაციას 30 სექტემბერს აღწევს. სწორედ ამ თარიღს მიიჩნევენ სეპარატისტები ყველაზე მნიშვნელოვნად, რადგან ამ დღეს მათი შეიარაღებული ფორმირებები ენგურზე გადავიდა, მთელი ღამე ჰაერში ისროდნენ, ქართველებზე გამარჯვების ნიშნად. მას მერე ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა, ჰაერში სროლა კი არ წყდება ამჯერად იმის ნიშნად, რომ აფხაზეთი კვლავ ოკუპირებულია.
წინა ხელისუფლება სარეკლამო ბანერებიდან გვახსენებდა, რომ ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია’‘. დღეს, შთაბეჭდილება რჩება, რომ იგნორის პოლიტიკა, 200 000-ზე მეტი დევნილის მიმართ, უცვლელია. ასე რომ არ იყოს, ხელისუფლება წინამორბედის შეცდომას არ გაიმეორებდა და საკუთარი მიწა- წყლიდან აყრილ ხალხს ხმის უფლებას არ წაართმევდა. ფაქტია, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ 170 000-მდე დევნილ ამომრჩეველს ხმის უფლება არ აქვს და შესაბამისად, არც ერთ ლეგიტიმურ ორგანოში არ ჰყავს წარმომადგენელი. უპრეცედენტოა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციაც, სადაც ჩანაწერი არჩევნების ჩატარების შესახებ, ამოღებულია. ამგვარად, 23 წელია აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას ერთი და იგივე ხალხი მართავს, რომელიც თავს უმაღლეს საბჭოს უწოდებს. სწორედ ამ ორგანოს ხელახალი არჩევაა მოძრაობა ,,დაბრუნების’‘ მთავარი მოთხოვნაცა და მიზანიც. ორგანიზაცია გააქტიურებას 26 სექტემბრიდან გეგმავს. საღამოს 9 საათზე აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა სიის საჯაროდ წაკითხვის ტრადიციას ჩაეყრება საფუძველი, 27 სექტემბერს, ჭადრაკის სასახლეში კი დიდი თავყრილობა ჩატარდება, აფხაზთა კრების სახელით. ამის შესახებ მოძრაობის თავმჯდომარემ, მალხაზ პატარაიამ გვიამბო, რომელიც იმ იურიდიულ საფუძვლებზეც საუბრობს, რომელზე დაყრდნობითაც აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები ლეგიტიმურიცაა და პოლიტიკურად თუ მორალურად გამართლებულიც.
მალხაზ პატარაია, მოძრაობა ,,დაბრუნების’‘ თავმჯდომარე, იურისტი: ,,აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების არსებობას მხარს ყოველთვის ვუჭერდით. პრეტენზია იმ მოქმედი შემადგენლობის მიმართ გვაქვს, რომელიც არაა და არც შეიძლება იყოს ლეგიტიმური. ჩვენი მიზანია, უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნები ჩატარდეს და ჩვენც გამოვიყენოთ დიდი ხნის წინ ხელოვნურად წართმეული საარჩევნო უფლება. ჩვენ, დევნილი მოსახლეობა, გარკვეულწილად, მარგინალებიც კი ვართ _ არ გვყავს პირდაპირი წარმომადგენელი აფხაზეთის ხელისუფლებაში, ასევე - მაჟორიტარები ადგილობრივ ხელისუფლებაში. დევნილების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა კი, ავტომატურად, აფხაზეთის თემას გაააქტიურებს. ამისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებაა საჭირო. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია, აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციაში კი არჩევნების მუხლი აღარ არსებობს. მმართველი ორგანოს 23-წლიანი გადაურჩევლობა ყოველგვარ გონივრულ ვადებს სცილდება. ის მთავრობა დიდი ხანია დელეგიტიმურია, ადგილობრივი მოსახლეობა კი ხელისუფლების არჩევაში არ მონაწილეობს. ამ ორგანოში, 65-დან ისედაც სულ 18 კაცია დარჩენილი, მათი ყველაზე ახალგაზრდა ამომრჩეველი კი, 23 წლის შემდეგ, მინიმუმ 41 წლისაა. ნორმალურად არც ეს მიგვაჩნია. იქნებ, ვინმემ აგვიხსნას, სამართლებრივად, რას ნიშნავს და რა ცნებაა ,,დეპუტატი სიკვდილამდე’‘ - ესენი ჩვენი ,,სამისდღემჩიო დეპუტატები’‘ არიან? ფაქტია, საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს, რადგან იგი აფხაზეთის მოსახლეობის ერთადერთი წარმომადგენლობითი ორგანოა’‘. როცა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოკუპანტი ქვეყნის ძალები არჩევნებს არჩევნებზე ატარებენ და ერთ მარიონეტულ ხელისუფალს მეორე მარიონეტით ცვლიან, რატომაც არა - რა გვიშლის ხელს ნამდვილი, ლეგიტიმური არჩევნები ჩავატაროთ, საქართველოში მცხოვრებ დევნილებს ხმის უფლება მივცეთ და წარმომადგენლობითი ორგანო ავარჩევინოთ? თანაც იმ ფონზე, როცა რაოდენობრივად, თუნდაც ბოლო, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, აფხაზეთში რეგისტრირებული ამომრჩეველი 130 000-ს ძლივს აღწევდა?! არის თუ არა ჩვენი სახელმწიფოს ხელში მნიშვნელოვანი ბერკეტი, დევნილთა რაოდენობის სახით და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ვთხოვეთ, რომელიც ამ თემაზე სრულიად სხვა კონტექსტში საუბრობს: ,,ეს არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი ბერკეტი. რამდენი ადამიანიც უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთში, იქ ჩატარებული არჩევნები და იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ნებისმიერ შემთხვევაში, უკანონოა. ჩვენი რიცხვობრივი უპირატესობა უკვე გამოყენებულია - მსოფლიოში არავინ აღიარებს არცერთ პოლიტიკურ აქტს, რომელსაც აფხაზეთში იღებენ, რადგან მათ საქართველო არ აღიარებს. ამაზე მეტი რა გვინდა?’‘ პარლამენტის ვიცე- სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები ადგილზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ,,ადგილზე’‘ მისასვლელი გზები მისთვისაც უცნობია: ,,ზოგადად, ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები, ადგილზე უნდა ჩატარდეს, ოღონდ, მას შემდეგ, რაც დევნილები დაბრუნდებიან. ალბათ, ეს ერთადერთი მისაღები ფორმატია. მზა პასუხი არ მაქვს, დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნები რომ ჩავატაროთ, რა შედეგს მოგვცემს. ალბათ, ეს კონცეფცია შერიგების სამინისტროს ეგიდით უნდა მომზადდეს და აფხაზეთის მთავრობის აზრიც უნდა გავითვალისწინოთ’‘. იმ ფაქტს, რომ 23-წლიანი ,,დაძველების’‘ უმაღლეს საბჭოს ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება არ ენდომება, დიდი მკითხაობა არ სჭირდება. მსოფლიოში ცოტას თუ აქვს საშუალება, უვადო დეპუტატობით დაიკვეხნოს. თუმცა რატომ ვერ უნდა ხედავდეს მოქმედი ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნების აქ და არა აფხაზეთში ჩატარების რესურსს, გაუგებარია. ცესკო- ს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი მოძრაობა ,,დაბრუნების’‘ ინიციატივას უერთდება. მეტიც, იდეას რეალისტურად, დევნილი ამომრჩევლის რაოდენობას კი - ქვეყნისთვის კოზირად მიიჩნევს: ,,ჩვენ და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია 27 სექტემბერს მოძრაობა ,,დაბრუნების’‘ კამპანიას შევუერთდებით. აქციის მიზანი აფხაზეთში არჩევნების ჩატარებაა, რაც სავსებით რეალურია, რადგან საქართველოში 160 000-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს აფხაზეთიდან, თავად აფხაზეთში, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე სიაში კი სულ 132 000 ამომრჩეველი იყო.
თავის დროზე, ნაციონალებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა ეს ბერკეტი არ გამოიყენეს. დღევანდელი ხელისუფლება კი, ამ საკითხს, ფაქტობრივად, არ ეხება. ელექტორატი საქართველოში უფრო მეტია და ავტომატურად ჩნდება აზრი - საერთოდ რატომაა ეს ელექტორატი ორად გახლეჩილი?! ვფიქრობ, ეს საკმაოდ ეფექტური კოზირია სახელმწიფოს ხელში. დღეს აფხაზი ამომრჩეველი საკმაოდ ხანდაზმულია. რაღაც დროის მერე, როცა ეს ხალხი ბუნებრივი სიბერით გარდაიცვლება, სად მივდივართ, იურიდიულად?! ამ კითხვას უპასუხოს ხელისუფლებამ, ან უბრალოდ, აღიაროს, რომ არჩევნების ჩატარება არ უნდა!’‘ მოძრაობა ,,დაბრუნების’‘ ლიდერი კი ხელისუფლებას საკუთარი სამთავრობო პროგრამის შესახებ ახსენებს და იმ ორ მოთხოვნასაც ახმოვანებს, რასაც 27 სექტემბერს აფხაზთა კრება ,,ოცნებას’‘ წაუყენებს! მალხაზ პატარაია: ,,დღევანდელ ხელისუფლებას არჩევნების ჩატარების პოლიტიკური ნება არ აქვს, თავად უმაღლესი საბჭოს წევრები კი ამ იდეას სამკვდრო- სასიცოცხლოდ შეეწინააღმდეგებიან. გასაგებია, ამას საარჩევნო კომისიის შექმნა, ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა და გარკვეული იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება სჭირდება, მაგრამ თავად საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამთავრობო პროგრამა, სადაც ერთ-ერთ პუნქტად წერია, რომ დევნილებმა საკუთარი წარმომადგენლობა თავად უნდა აირჩიონ. თუმცა ამ პუნქტის შესასრულებლად არავინ არაფერს აკეთებს. დღეს ხელისუფლების არგუმენტები აფხაზეთის დეპუტატების განცხადებების იდენტურია და უფრო ვრწმუნდები, რომ ამ ხელისუფლებაში მყოფი კაპიტულანტები პირდაპირ კავშირში არიან აფხაზეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხზე მუშაობენ! დევნილ მოსახლეობას არჩევანის უფლება არ უნდა წაერთვას. ხოლო, თუ უფრო შორს წავალთ, ერთობლივი არჩევნების ჩატარებაც შეიძლება, ხმის ელექტრონულად მიცემის საშუალებით, ან წერილობითი ფორმით, ანონიმურობის დაცვის გარანტიით. გარდა ამისა, პარტიას აფხაზეთის ბიურო არ გააჩნია, ხოლო, როგორც კი აფხაზეთში საარჩევნო პროცესი დაიწყება, ყველა გააქტიურდება და პარტიებიც დევნილ ელექტორატზე იმუშავებენ. ასე პოლიტიკური პროცესი გამოცოცხლდება! მთავრობის დარწმუნების ბერკეტად დიალოგებს, დისკუსიებს, შეკრებებსა და პეტიციებს გამოვიყენებთ, მაგრამ, თუ ,,ოცნება’‘ ყურს არ გვათხოვებს, საპროტესტო აქციებსაც დავიწყებთ!’‘