შსს -მ თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში ე.წ. „ბიო“ ამოიღო

შსს -მ თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში ე.წ. „ბიო“ ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 1985 წელს დაბადებული როსტომ ნ.

ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში იმ დროს დააკავეს, როცა სასამართლოდან ბადრაგირების წინ ჩატარებული დათვალიერებისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება აღმოაჩნდა.

როსტომ ნ-ს მიმართ საქმის არსებითად განხილვამდე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო გირაო. თბილისის საქალაქო სასამართლოში მის მიმართ ნარკოდანაშაულისთვის აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა საქმის არსებითად განხილვის პროცესი, სადაც როსტომ ნ. დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. ბრალდებულს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბადრაგირების დროს, კანონით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარებისას, როსტომ ნ-სგან ამოიღეს ე.წ. „ბიო“, რაც ექსპერტიზის დასკვნით 0,16 გრ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეოთხე განყოფილება აწარმოებს.