სემინარი კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირებაზე

სემინარი კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირებაზე

კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში” კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების თემაზე სემინარი დაიწყო. სასწავლო კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ გახსნა და მონაწილეებს სემინარის ფორმატი გააცნო. კურსი თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და თავდაცვის სისტემის მმართველობითი რგოლის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის არის განკუთვნილი. სემინარის მიზანი უწყების ხელმძღვანელი პირებისთვის თავდაცვის სისტემაში არსებული კორუფციული რისკებისა და მათი პრევენციის მექანიზმების გაცნობაა.

თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის დეპარტამენტების, სარდლობებისა და სსიპ-ების წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და ეთიკის სტანდარტებს განიხილავენ. სემინარის მონაწილეები, როგორც ეროვნულ, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დონეზე აუდიტის საკითხებსაც გაეცნობიან. მოწვეული ექსპერტები კი მონაწილეებს ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ. სემინარის მეორე დღე თავდაცვის სამინისტროს კეთილსინდისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმის მიმოხილვას დაეთმობა. მონაწილეები პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელებენ და გეგმის განხორციელების პროცესს შეაფასებენ.

გამომსვლელებს შორის არიან თავდაცვის, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სემინარზე მომხსენებლები იქნებიან ასევე,  ნატო-ს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენელი  ბენედიქტ ბორელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დიდი ბრიტანეთის ოფისის წამომადგენელი  ევა ანდერსენი და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ალვილდ ვინიე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში (NATO Building Integrity Program), რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.