დღეს, მრავალეროვნული კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,ETERNITY 2014” დასრულდა. დახურვის ცერემონიალი ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ გაიმართა. სწავლების მონაწილეებსა და მხარდამჭერებს სერთიფიკატები და მადლობის სიგელები გადაეცათ.
სწავლებაში სამი ქვეყანა, საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი იყო ჩართული. სწავლების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ილია წიქარიშვილმა თურქეთისა და აზერბაიჯანის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ბრიგადის ამოცანის, მიზნისა და ოპერაციის რაიონში განვითარებული მოვლენების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მოგვიანებით, ,,ETERNITY 2014”-ის შედეგები მოქმედების შემდგომი განხილვის ჯგუფმა შეაჯამა.
მრავალეროვნული კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,ETERNITY 2014” ყოველწლიურად, საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში როტაციის წესით იმართება. წვრთნების მიზანია მილსადენების დაცვის საკითხში სტრატეგიული თანამშრომლობის დახვეწის უზრუნველყოფა. სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს.