პირველად, რამდენიმე წლის წინ ქუთაისიდან თბილისამდე რკინის ჯაჭვებით გამოემართა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, ამჯერად ისევ ქუთაისიდან თბილისისკენ ფეხით ცხრა დღე იარა და სათქმელი მოკლედ გადმოსცა - „კეთილი ინებოს ივანიშვილმა და თავისივე შეცდომა თვითონვე გამოასწოროს!“
საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მწერალი მერაბ შათირიშვილი ბიძინა ივანიშვილის მისამართით ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს და ქვეყნის პირველ მოქალაქეს საზოგადოებასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რათა გარდამავალი პერიოდი დასრულდეს და „ქართული ოცნებაც“ გაიწმინდოს. საამისოდ მან პარლამენტთან მშვიდობიანი აქციაც გამართა და სამომავლოდ მორიგი აქციებიც დააანონსა.
„მოსახლეობის 80% განაწყენებულია, მთავრობა ეფექტურია, მაგრამ მას ხელს უშლის პრეზიდენტის დაპირისპირება, პარლამენტის უნიათობა, კინკლაობა. რევანშისტული ძალა - ნაციონალები სხვანაირად არ განიმუხტებიან, თუ არა ვადამდელი არჩევნები. ვის რაში სჭირდება ძალაგამოცლილი პრეზიდენტი, რომელიც უპირისპირდება მას, ვინც ხალხს აარჩევინა?! პარლამენტს კი ხალხისთვის სასარგებლო კანონი ჯერ არ მიუღია!“ - მიიჩნევს მერაბ შათირიშვილი და, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი დამფუძნებელი, განმარტავს, „ბატონი ბიძინა ამბობს, რომ მარგველაშვილი შეცდომააო, კალაძე ამბობს, კოაბიტაცია შეცდომააო, კი მაგრამ, ჩვენ რა ვქნათ, მორიგ შეცდომებს ველოდოთ? ვერ დაელოდება საზოგადოება!“
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, სოსო ჯაჭვლიანი მისი თანამოაზრის - მერაბ შათირიშვილის მოთხოვნას იზიარებს და აცხადებს, რომ მასაც აქვს სურვილი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
„ნაციონალები“ რომ 40%-ით არიან დაფიქსირებულნი პარლამენტში, ეს რომ არ შეიძლება, ამაზე ერთ-ერთი პირველი მე ვაცხადებდი. მე მინდა , რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, მაგრამ ამას თავისი პროცესები აქვს და როგორ მოხერხდება ეს, ამდენი არ ვიცი“,-აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.
For.ge-სთან საუბარში მერაბ შათირიშვილი განმარტავს, რომ, თუ საზოგადოებრივი მოძრაობის მოთხოვნას, ანუ ხალხის მოთხოვნას პერსპექტივა არ აქვს, მაშინ დაღუპულა ეს ქვეყანა. მისი თქმით, სულაც არ არის სავალდებულო, 100 ათასი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, ამით შეწუხდეს ხელისუფლება და ხალხის მოთხოვნებს პასუხი გასცეს. რეალობა ისაა, რომ ხალხის 80% იმედგაცრუებულია და, როცა 70 % არ მოდის არჩევნებზე, ეს უკვე დისკრედიტაციას ნიშნავს.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ხალხი ამბობს, ისევ ის მართავს პოლიტიკას, ე.ი პოლიტიკური მონოპოლიააო. კაპიტალის მონოპოლიას ვერ გავექცევით, იგი მილიარდელია და ღმერთმა შეარგოს, მაგრამ პოლიტიკური მონოპოლიაც თუ მის ხელშია, გამოდის, ეს კაცი მონსტრის როლში ჰყავს საზოგადოებას. ხალხს აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილი იზიარებს თუ არა მათ აზრს? თუნდაც ეს ერთი ადამიანის-მერაბ შათირიშვილის მიმართვა იყოს, პასუხი ხომ უნდა გაეცეს, ვადამდელ საპრეზიდენტო თუ საპარალამენტო არჩევნებზე იგი რა აზრისაა? ამის აუცილებლობაა ქვეყანაში. შემოქმედი კაცი ვარ, ჩემს ხალხს კარგად ვიცნობ, ამხელა გზა გამოვიარე, შევხვდი უამრავ ადამიანს, იქაც ასეთი განწყობა იყო. ფეისბუკზე ბუმია. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან უნდა დადგეს, რადგან ხალხი ბიძინას გაყვა და მისი შეცდომები გაიზიარა. რასაც ახლა ამბობს, მარგველაშვილში შევცდიო, ხალხმა მაშინვე იცოდა, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ დათმო, რადგან გარდამავალი პერიოდი იყო. მთავრობის პოზიცია მართალია პრეზიდენტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გამო აირჩიეს და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დაპირისპირებოდა თავის გუნდს. ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ აღიარა, პარლამენტში იურისტები და უფრო კვალიფიციურებული დეპუტატები უნდა იყვნენო. ეს ნიშნავს, რომ მასაც არ ეხატება პარლამენტი ამ სახით. ჩვენს აზრს იზიარებენ დეპუტატებიც - სოსო ჯაჭვლიანი, დავით ლორთქიფანიძე, ომარ ნიშნიანიძე. დეპუტატს არ უნდა შეეშინდეს არჩევნების, თუ ხალხს სურს, მათ ხელმეორედ აირჩევენ. ნაცმოძრაობას ყველაზე მეტად ეშინია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების“, -აღნიშნა მერაბ შათირიშვილმა.
ამასთან, განმარტა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი კი აღარ დაასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატს, პარლამენტის დეპუტატებს და მთავრობის თავმჯდომარეებს, არამედ ხალხი გააკეთებს არჩევანს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაკა წიკლაური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რევანშისტული ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, უნდა განეიტრალდნენ, პრეზიდენტი უნდა პრეზიდენტობდეს და უნდა იყოს ხალხის მიერ არჩეული და არა- ერთი კონკრეტული პიროვნების მიერ დანიშნული.
შეკითხვაზე, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა რამდენად ეხმიანება საქართველოს მთავრობის ნეგატიურ განწყობას პრეზიდენტთან დაკავშირებით, მაკა წიკლაური პასუხობს, „ვერ გეტყვით, ჩვენი მსგავსია თუ არა მთავრობის განწყობა, მაგრამ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მოძრაობა და, ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში უნდა დადგეს დრო, როცა საზოგადოებრივ მოძრაობას გაცილებით მეტი ლეგიტიმაცია ექმნება, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას“.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, რომ ჯერჯერობით ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ხალხში დიდ რეზონანსს არ გამოიწვევს. სხვა საკითხია, რას ფიქრობენ პოლიტიკური წრეები. For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი აცხადებს, რომ თუ ეს არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა, მაშინ ამას დაგვანახებს აქციებზე მიმსვლელთა რაოდენობა.
„შესაძლოა, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც კი სურს, გადადგეს პრეზიდენტი, მაგრამ ამის სამართლებრივი მექანიზმი არის იმპიჩმენტის პროცედურა, თავად მარგველაშვილმა უნდა თქვას უარი პრეზიდენტობაზე, რაც არ იგრძნობა. ის, რომ მისი სავარაუდო გადადგომა თებერვალს დაუკავშირეს, ეს კულუარებიდან გამოსული ინფორმაციაა. ალბათ, მას ეუბნებოდნენ, გადამდგარიყო თვითონ, თორემ პროცედურულად მისი გადაყენება არც პარლამენტს შეუძლია (თუ იმპიჩმენტის პროცედურა არ დაიწყო) და, მით უმეტეს, არ შეუძლია, არც მმართველ გუნდს. რადგან რამდენიმე ათასი გამოვა ქუჩაში, პრეზიდენტი გადადგება ამის გამო? თანაც, არ მესმის, რატომ მოითხოვენ მის გადადგომას? ამას სარჩული ხომ უნდა ჰქონდეს? როცა აგვარჩევინეს, მაშინ ბიძინას მოსწონდა. სად გვაქვს გარანტია, რომ ახალს რომ ავირჩევთ, ისიც მოეწონება? შეიძლება, თავიდან მოეწონოს და მერე აღარ მოეწონოს. მარგველაშვილი მაინც ხალხის არჩეულია, ხალხმა დაუჯერა ბიძინას. თუ ბიძინა შეცდა, ხალხი ვერაფერს იზამს. მით უმეტეს, სამართლებრივად ეს არის ნონსენსი“,-აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და ამავე პოზიციისაა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით, რომელიც ისე ვერ დაინიშნება, თუ პარლამენტი თავად არ მოუწყობს კრიზისს საკუთარ თავს. მმართველ გუნდს, უმრავლესობას, რა თქმა უნდა ეს შეუძლია, მაგრამ საეჭვოა, ეს განხორციელდეს.
„თუ ქვეყანაში დაიწყება ძალიან დიდი ანტისახელისუფლო მოთხოვნები, მაშინ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ან თუ ხელისუფლებას ხელს აძლევს ახალი არჩევნები, მაშინ შეიძლება რაღაც მექანიზმი მოიფიქროს“.