„ის უნდა დასწამო ადამიანს, რასაც ის ებრძვის“

„ის უნდა დასწამო ადამიანს, რასაც ის ებრძვის“

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე არ გამორიცხავს, მესამე პოლიტიკურ ძალას ჩაუდგეს სათავეში. ამასთან, პარლამენტის წევრი პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად ალიანსის შექმნაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი იგეგმება. თუმცა ალიანსები, პარტიები, კოალიციები, ეს ყველაფერი მომავლის საქმეა...

აღნიშნულის შესახებ For.ge მურმან დუმბაძეს ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ აპირებთ მესამე პოლიტიკურ ძალას ჩაუდგეთ სათავეში. დღევანდელ ვითარებაში რა პერსპექტივა ექნება ამ ძალას?

- ასეთი რამ არ მითქვამს, მე ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, თუმცა ცხოვრება გრძელდება, პოლიტიკური პროცესები წინ მიდის, „ქართული ოცნება“ მუდმივი არ არის და არც „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა მუდმივი. ასე რომ, ყველაფერი ცვალებადი და დინამიურია და საქართველოს პოლიტიკაშიც გამოჩნდება სხვა პოლიტიკური ძალები. ამას მე ვამბობ იმ გამოცდილების საფუძველზე, რაც უამრავი წლის განმავლობაში დამიგროვდა.

თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოების დაკვეთა მესამე პოლიტიკური ძალის შექმნაა. დაახლოებით როდის უნდა ველოდოთ ამ ძალის შექმნას?

- 2011 წლის 6 ოქტომბერს ისე გაიღვიძეს საქართველოს მოქალაქეებმა, რომ არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდათ, მაგრამ უკვე 2011 წლის 7 ოქტომბერს ბატონი ბიძინა აქვეყნებს პირველ წერილს, რითაც აცხადებს, რომ იგი შემოდის პოლიტიკაში. შესაბამისად, 7 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი ქვეყანა შეიცვალა. ასე რომ, შეიძლება, საქართველოს მოქალაქეებმა ერთ დღეს დაიძინონ და არაფერზე არ ფიქრობდნენ, მეორე დღეს კი ადგნენ და სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რაც მომხდარა და მოხდება კიდეც.

როგორ გგონიათ, მესამე პოლიტიკური ძალის მიღმა ქართული საზოგადოება ისევ იმავე სახეებს ითხოვს, ვისაც უკვე შეეჩვია და, რიგ შემთხვევაში, ეს სახეები მათთვის უინტერესო გახდა? ახალ ძალებთან მოიაზრებთ თავს თუ ისევ ძველ ძალებთან?

- ძველია თუ ახალი, საშუალოა თუ ძალიან გადაძველებული, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარია, ის ადამიანები იყვნენ მართლები ხალხის წინაშე და გაბედულნი, ვისაც საქართველოს პოლიტიკაში, საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია აქვთ. შავზე შავი თქვან და თეთრზე - თეთრი. მლიქვნელი და არათავისუფალი კაცი სახელმწიფოს ვერ შექმნის. სამოქალაქო საზოგადოება კი არ უნდა გვქონდეს, არამედ - მოქალაქეების საზოგადოება. მე ვფიქრობ, ეს დრო აუცილებად დადგება. მე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, გავბედე და ვთქვი სიმართლე. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობაში ბევრი ადამიანია, რომლებიც ჩემსავით ფიქრობენ. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.

იმ შემთხვევაში, თუკი მოხერხდებოდა თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება და აჭარის უმაღლესი მთავრობა გადადგებოდა, მაშინაც დადგებოდა დღის წესრიგში მესამე პოლიტიკური ძალასთან თქვენი თანამშრომლობის სურვილი?

- ახლა უტრირებას ვაკეთებთ მესამე პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, მესამე პოლიტიკური ძალაც, არის, მეოთხეც და მეათეც. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალაა საქართველოში. სხვათა შორის, თვითმმართველობის არჩევნებში გამოჩნდა ასეთი პოლიტიკური ძალა - „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ტელეეკრანის გარეთ არ გასულა, მას არავითარი ორგანიზაციული სტრუქტურა არ ჰქონდა და ბარიერი მაინც გადალახა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია. ბარიერი გადალახეს სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც. ასე რომ, პოლიტიკური პარტიები საქართველოში არის. ნუ ვიტყვით, რომ მარტო „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“.

აჭარის მთავრობა გადადგება თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. არჩილ ხაბაძე ვაცლავ ჰაველი არ არის, რომ მისი გადადგომით რაიმე რყევები მოხდეს ქვეყნაში. გადადგება, მოვა ახალი მთავრობა. ცვლილება აუცილებელია იმისთვის, რომ უფრო ეფექტური და მობილური მთავრობა მივიღოთ ადგილებზეც, მუნიციპალიტეტებში და ცენტრალურ ხელისუფლებაშიც. არაფერი არ დაშავდება ამით.

ერთდროულად შვიდი მინისტრი გადააყენა ირაკლი ღარიბაშვილმა, ანუ 1/3-ზე მეტი და მოვიდნენ ახალი მინისტრები. აჭარის მთავრობის საკითხი დღეს და გუშინ არ დაყენებულა. ეს საკითხები ჯერ კიდევ ყოფილი პრემიერ-მინისტრის- ბიძინა ივანიშვილის დროს აქტუალური იყო. უბრალოდ, არ ვახმაურებდით გუნდური პრინციპების გამო. აქტუალური იყო მაშინაც, როცა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვფიქრობ, ეს თემა დროულად არის წასული, მე აქ არაფერ შუაში ვარ. მე მაბრალებენ, რომ ვარ იდეოლოგი ამ საქმის. სინამდვილეში, აჭარის უმაღლეს საბჭოს არ ეძლევა საშუალება, კონტროლი განახორციელოს აჭარის მთავრობაზე და ამის სულის ჩამდგმელი და ხელის დამფარებელი არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და ის ცდება ამაში. წარმატებას ვუსურვებ უმაღლეს საბჭოსაც და მთავრობასაც, ჩემი ინტერესია, დღევანდელი ხელისუფლება წარმატებული იყოს.

ფიქრობთ, „ქართული ოცნებისგუნდი უსამართლოდ მოგექცათ?

- მათი გააწყვეტილება ალოგიკური და უსამართლო იყო, მე არაფერ შუაში არ ვარ აჭარის მთავრობის გადაყენების საკითხებთან.

ეს იყო არასწორი ინფორმაციის მიტანის შედეგი?

- მათ არ აქვთ ინფორმაცია, ეს არის ცალმხრივი ინფორმაცია, ამ ინფორმაციას აწვდის ის ხალხი, რომლებიც წარმოადგენდნენ უშიშროების სამსახურებს ადგილებზეც, რეგიონებშიც და ცენტრალურ ხელისუფლებაშიც. უშიშროების სამსახურებში საკადრო ცვლილება არ მომხდარა, ისინი დაწინაურდნენ. მაგალითად, აჭარიდან ინფორმაციას აწვდის ის ხალხი, რომელიც აწვდიდა ინფორმაციას ძველ, ანუ სააკაშვილის ხელისუფლებას. დღეში ასეულობით თაბახი ინფორმაცია მოდის ჩვენს შესახებ, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ირგვლივ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუსტად იმიტომ ბრძანდებოდით აჭარის უმაღლესი მთავრობის გადადგომის იდეოლოგი, რომ თქვენი კადრების დანიშვნას ითხოვდით აჭარაში.

- თავად უნდოდა ხელისუფლებას, ეს ასე გაესაღებინა. ისევე, როგორც ასაღებდნენ, რომ მე ვარ შეკრული სააკაშვილთან. თვითონ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მითხრა, თქვენ სააკაშვილს ხვდებითო, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა თქვას კაცმა?!

ეს პირად საუბარში გითხრათ? ანუ თქვენ შეხვდით ირაკლი ღარიბაშვილს?

- პირად საუბარში არა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მითხრა, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ და თქვენ ნაცმოძრაობის წისქვილზე ასხამთ წყალს, თქვენ ხვდებით ნაცმოძრაობის წევრებს და ალიანსში ხართ მათთანო. ეს სასაცილოა. ამაზე პასუხის გაცემაც არ ღირს, ისევე, როგორც არ გავეცი პასუხი ორი წლის განმავლობაში ცილისწამებებს მურმან დუმბაძის ე.წ. ნეპოტიზმზე და გუშინ მე პირველი გვარიც ვახსენე. ნეპოტიზმზე თუ ვილაპარაკებთ, დამისახელეთ ერთი ჩემი ნათესავი და მე დაგისახელებთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის - არჩილ ხაბაძის ხუთ ნათესავს, დაგისახელებთ ბიძინა ივანიშვილის ხუთ ნათესავს აჭარაში და ბათუმში. არ არის ეს მომგებიანი თემა, ეს სამარცხვინო თემაა, რომელიც ააგორა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჩემი დისკრედიტაციისთვის. ის უნდა დასწამო ადამიანს, რასაც ის ებვრძვის.

თქვენი იგნორირების საქმეში რა წვლილი მიუძღვითრესპუბლიკელებს“. დავით უსუფაშვილთან თქვენი დამოკიდებულება ცნობილია. მართალია, ერთხანს თქვენ დავით უსუფაშვილის თანაგუნდელი იყავით, მაგრამ მოგვიანებით თქვენ აცხადებდით, რომქართულ ოცნებაშითქვენი ორგანიზაციის გაწევრიანება სწორედ რესპუბლიკელებმადაბლოკეს.

- „რესპუბლიკური პარტია“ კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ მე ვყოფილიყავი კოალიციის წევრი. ამას არც მალავდნენ. კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მე ვყოფილიყავი მაჟორიტარი ბათუმში, რადგან ჰგონიათ, რომ ბათუმი არის „რესპუბლიკური პარტიის“. ასე არ არის. ბათუმში მაჟორიტარად არ დაუსახელებია ჩემი თავი კოალიციას. ბათუმში მაჟორიტარად მე დამასახელა სოციოლოგიურმა კვლევამ, ანუ ბათუმელებმა დამასახელეს. დიდი უპირატესობით მოვუგე ყველა დანარჩენს და დღესაც „რესპუბლიკური პარტია“ აცხადებს, რომ ისინი კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ჩემი გამარჯვების და 1-ელ ოქტომბრამდე არც ერთი „რესპუბლიკელი“ არ ყოფილა ჩემს გვერდით შტაბში. უნდა გითხრათ, ამას მეც ვუწყობდი ხელს, რადგან „რესპუბლიკელების“ გვერდით ყოფნა ბათუმში წამგებიანი იქნებოდა. თუ „რესპუბლიკელი“ იტყოდა, რომ მურმან დუმბაძეს ხმა მიეცით, მაშინ მე ხმა დამაკლდებოდა. ბათუმში ასეთი განწყობაა, გავიაროთ თუნდაც ბათუმის ქუჩებში და ამაში თავად დარწმუნდებით.

ამის მიუხედავად, თქვენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბრძანდებით დარესპუბლიკელებისგანწყობას თქვენთვის ხელი ამაში არ შეუშლია. ამას რით ახსნით?

- „რესპუბლიკელებზე“ არ არის დამოკიდებული ვიცე-სპიკერის პოსტის მიღება. ეს დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლზე, სადაც წერია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეული წევრების ნახევარზე მეტი ირჩევს ვიცე-სპიკერს და ამას უმრავლესობა ადასტურებს.

პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვთ. მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე რამდენად მომგებიანია თქვენთვის ეს ნაბიჯი?

- ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროცესის მოგვარება და დარეგულირება, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პირი, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილია. ამიტომ, მე ვითხოვე მასთან შეხვედრა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონმა გიორგიმ გამოთქვა სურვილი, რომ შეხვდებოდა აჭარის დეპუტაციას. თუ მისი სურვილი ექნება, მას შევხვდები.

თქვენ ადასტურებთ, რომ პრეზიდენტი ხელისუფლებისგან თამაშგარე მდგომარეობაშია. თავად მარგველაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს მოარულ ხმებს, რომ თებერვალში თანამდებობიდან მისი გადადგომის საკითხი განიხილებოდა.

- მე არ მომწონს ხელისუფლების ორ შტოს - სამთავრობოსა და საპრეზიდენტოს შორის ასეთი ურთიერთობა. ეს აზარალებს ქვეყნის იმიჯს.

მარგველაშვილზე ამბობენ, რომ შესაძლოა, ის სათავეში ჩაუდგეს სხვა ძალას და გაემიჯნოსქართულ ოცნებას“. ეს ალიანსი რამეს შესძენ თქვენს ურთიერთობას?

- მე ძალებსა და კონსოლიდირებაზე არ მაქვს ლაპარაკი. უბრალოდ, გამოვთქვი სურვილი და საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულიცაა, კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს, ამ საქმეში ჩაერიოს. მე ამის შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია მაქვს, ამიტომ უნდა მოვახსენო ეს ინფორმაცია პირადად.

წინმსწრებად თუ იცით პრეზიდენტის განწყობა, დაითხოვს თუ არა აჭარის მთავრობას, რომლის მიმართაც ნეგატიურად ხართ განწყობილი?

- ამის თქმის უფლება არ მაქვს, არც მითითების უფლება და არც თხოვნის უფლება. ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გადასაწყვეტი. უბრალოდ, რამდენიმე სამართლებრივი არგუმენტი უნდა მოვუყვანო მას, თუ რა ვითარებაა უმაღლეს საბჭოს, „ქართული ოცნების“ ფრაქციასა და ადგილობრივ მთავრობას შორის.

ნაცმოძრაობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ნაცმოძრაობასთან ერთად, მთავრობის ახალი სამიზნე პრეზიდენტი და მურმან დუმბაძე გახდნენ. ნაციონალების დაცვა რამეში გჭირდებათ?

- არავის დაცვა არ მჭირდება, საკუთარ თავს მე თვითონ ვიცავდი უამრავი წლის განმავლობაში. მე ვამბობ, რომ საქართველოში ყველა უნდა შეთანხმდეს და პატივი სცენ საქართველოს კანონებს. კანონის ფარგლებში უნდა იმუშავონ, განსაკუთრებით, ხელისუფლებებმა და მაღალი დონის თანამდებობის პირებმა.

ხომ არ ჯობდა, გეთხოვათ ივანიშვილთან ან ღარიბაშვილთან შეხვედრა?

- ბიძინა ივანიშვილი გამორჩეული ქართველი და ნომერ პირველი მოქალაქეა, ამას არავინ უარყოფს, მის ღვაწლს 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებაში არავინ უარყოფს, მაგრამ ის არ არის სახელმწიფო თანამდებობის პირი და, არავითარ შემთხვევაში, მასთან შეხვედრას არ ვითხოვ. ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა, რადგან კონსტიტუციით პრეზიდენტია არბიტრი და მომრიგებელი.

მესამე პოლიტიკურ ძალაზე როცა საუბრობთ, გამორიცხავთ, სამომავლოდ თქვენს გვერდით აღმოჩნდნენ ნაცმოძრაობის შედარებით გაუსვრელი სახეები?

- ნაცმოძრაობის სახეებზე არ მიფიქრია, ახლა ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი და ამოცანა ეს არ არის. ეს ჩემი ამოცანაა, დარეგულირდეს ურთიერთობა აჭარის მთავრობასა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის. თუ ცვლილება მოხდება, უფრო უკეთესი ხელისუფლება მოვიყვანოთ მის ადგილზე, თუ ცვლილება არ მოხდება, მაშინ უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ხელისუფლება კარგად გააგრძელებს მუშაობას. გვარსა და სახელს ვერ დავასახელებ და ვერც პარტიას ვერ ვიტყვი, თუ ვინ მოიაზრება მესამე პოლიტიკურ ძალად. თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს არ სურს ურთიერთობა არც „ქართულ ოცნებასთან“, არც ნაცმოძრაობასთან.

ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს მუსლიმანებთან მიმართებით. არჩილ ხაბაძე მუფტს, ჯემალ პაქსაძეს უშუალოდ შეხვდა. ხაბაძის პირობეში რამდენად მოხერხდება ამ სიტუაციის დარეგულირება?

- ეს მგრძნობიარე თემაა. იმ თემებს, რაც წამოწეული იყო ნიგვზიანში და სხვა ადგილებში, უფრო პროვოკაციის სუნი ასდის.

ჩვენ გვახსოვს თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის შენებლობის მიმართ, ქართველი მუსლიმანები კვლავაც ითხოვენ მეჩეთის შენებას. 300 მეჩეთის პირობებში, ამის საჭიროება აჭარაში კვლავაც დგას?

- ჩემი დამოკიდებულება ხელისუფლებამდეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და დღესაც იდენტურია, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფო ბათუმში და, ზოგადად, საქართველოში ვერავითარ საკულტო ნაგებობას ვერ ააგებს.

უცხო ქვეყნის არა, მაგრამ, თუ ქართველები ააგებენ, ამის აუცილებლობას ხედავთ?

- ქართველები მეჩეთს ამ წუთშიც აშენებენ. მეჩეთი შენდება ახლა ხულოს რაიონში, მერე რა, ამაში არასდროს დამინახავს პრობლემა. უბრალოდ, საოქმო ჩანაწერით და ნაცვალგების პრინციპით არ შეიძლება მეჩეთებისა და საკულტო ნაგებობების მშენებლობა.