რა განკარგულება გასცა გიგა ბოკერიამ

რა განკარგულება გასცა გიგა ბოკერიამ "თავისუფალ ზონასთან" ჩატარებული ხმაურიანი" აქციის შემდეგ?

ორი დღის წინ "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ "თავისუფალმა თაობამ" აქცია მოეწყო. პოლიციამ აქციის 8 მონაწილე დააკავა. მეორე დღეს კი "თავისუფალი თაობის" წევრები ბაჩო ახალაიას პროცესზე შევარდნენ და მკვლელი ეძახეს. მოგვიანებით "თავისუფალი თაობის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანი დარსალიამ "ფეისბუკით" ასეთი სტატუსი გაავრცელა: "ჩვენს ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, რომელმაც "თავისუფალი ზონის" ოფისიდან გამოჟონა, ჩვენი აქციის დამთავრების შემდეგ, "ზონის" ლიდერებთან დაურეკავს უშუალოდ გიგა ბოკერიას, რომელსაც მოუთხოვია, რომ დაცალონ ოფისი. როგორც ჩვენმა წყარომ გვამცნო, "ზონის" ლიდერებისთვის ბოკერიას სულ მშიშრები, ლაჩრები და უნიათოები უძახია... ყოფილა გინება და ლანძღვაც, რისთვის გიხდით ამდენ ფულს, იმისთვის, რომ შეშინებულები ოფისში დაიმალოთ?" - ყვიროდა ბოკერია. 

"ალიას" ანი დარსალია ესაუბრა: 

 - "თავისუფალი ზონის" ოფისის წინ 150-200 ადამიანი შევიკრიბეთ, შეძახილებით მივედით. იქ პოლიცია იყო მობილიზებული. წითელი საღებავით გვინდოდა ნიკა მელიას პლაკატის შეღებვა. ხალხს აღიზიანებს ამ პლაკატების ყურება. ეს ადამიანი პირსისხლიანი რეჟიმის თანამონაწილე და თანამოაზრეა. ვცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ შეღებვა, თუმცა ამ მცდელობის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს. როცა "ზონელებისგან" აგრესია წამოვიდა, მერე დავუშინეთ კვერცხები მათ. 
- რატომ მოაწყვეთ პროვოკაცია, როცა იცოდით, რომ დაგაკავებდნენ? 
- ჩვენ კი არა, მათ მოაწყვეს პროვოკაცია, დავინახეთ, ფანჯრებიდან გვიღებდნენ ვიდეოებს და ცდილობდნენ ჩვენს გამოწვევას. პროვოკაციების მამები ისინი არიან, არ ესწავლებათ. მანიფესტანტები მშვიდობიანად მივედით და მათგან წამოვიდა აგრესია. ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი და საზოგადოების პროტესტი. აგრესორები რომ ვყოფილიყავით, სასამართლო არ გამოუშვებდა ჩვენს მეგობრებს, დატოვებდა მათ პატიმრობაში. 

- ხალხი, გამვლელები რას ამბობდნენ, გრძნობდი მათგან მხარდაჭერას? 
- მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ხალხს, გამვლელები ჩერდებოდნენ და ჩვენ გვერდით იდგნენ. როცა პოლიციას მიჰყავდა ჩვენი მანიფესტანტები, იძახდნენ, ხელი არ ახლოთ ჩვენს ბავშვებსო. ხალხისგან იმხელა მხარდაჭერა დავინახეთ, რომ დიდი სტიმული მოგვეცა. 

- პოლიცია როგორ იქცეოდა, მათგან თუ გრძნობდით თანაგრძნობას? 
- ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და გვაგრძნობინებდნენ, რომ ვალდებულები იყვნენ, ჩვენს საქციელზე რეაგირება მოეხდინათ, თორემ შინაგანად მართლაც თანაგვიგრძნობდნენ. ასევე, ვიგრძენით, რომ დასრულდა პოლიციის აგრესიულობის დრო, დაკავებულებმაც კი იგრძნეს, რომ ეს არ იყო პირსისხლიანი "ზონდერებით" სავსე პოლიცია. ადამიანური თანადგომა ნამდვილად იყო მათი მხრიდან. 

- "ზონელები" გარეთ არ გამოსულან? 
- ოფისში კურდღლებივით დაიმალნენ, თუმცა იყო მცდელობა, გამოსულიყვნენ და უფრო გავეღიზიანებინეთ. პოლიციამ გაანეიტრალა სიტუაცია და არ გამოუშვა გარეთ, თორემ უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია. აქციის შემდეგ დაიწყო მუქარა და პროვოკაციები სოციალური ქსელით, რომ ამას გვიზამდნენ, ამას არ შეგვარჩენდნენ და ა.შ. მუქარები იყო, მაგრამ ლაჩრებივით დაიმალნენ და მიიღეს კიდეც საკადრისი მათი ხელმძღვანელებისგან. ცხადია უკვე, რომ "ნაციონალების" და მათი სატელიტების რღვევა დაიწყო. თქვენი მეშვეობით კობა ხაბაზს მივმართავ, შე უნამუსო "ზონდერო", როგორ ლაპარაკობ საერთოდ საქართველოს მომავალზე და დემოკრატიაზე, როცა თქვენ 9 წლის განმავლობაში სისხლით შეღებეთ მთელი საქართველო... გაფრთხილებთ, "თავისუფალი თაობა" შენ და შენს მუტანტ "თავისუფალ ზონელებს", შენს სისხლისმსმელ უფროსებს, სააკაშვილს, მერაბიშვილს, ბოკერიას, უგულავას თარგამაძეს, ბარამიძესა და ახალაიებს, ყველაფერზე აგებთ პასუხს ქართველი ერის წინაშე. საწყალ კობა ხაბაზს, რომელიც ცდილობს, ხელისუფლებასთან გაგვაიგივოს, უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არავისთან არ ვასოცირდებით და თუ ამის დამამტკიცებელ საბუთს დადებს, კარგი იქნება. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ძალა და ყველა უსამართლობაზე დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს. 

- მხოლოდ "თავისუფალი ზონაა" თქვენი სამიზნე, თუ "ნაციონალების" სხვა არასამთავრობოებსაც "ესტუმრებით"? 
- ჩვენი გეგმაა, ვებრძოლოთ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა სატელიტ ორგანიზაციას. არსებობენ პატარ-პატარა ორგანიზაციები, სხვადასხვა სახელები აქვთ, მაგრამ ერთი და იგივე იდეოლოგია, ვებრძვით ყველა მათგანს. არ გავახარებთ მათ, სანამ ვარსებობთ. ფეხები უნდა მოვტეხოთ "ნაციონალურ მოძრაობას". ისედაც არ აქვთ თავი, მხოლოდ ფეხები დარჩნენ. გვაქვს გეგმები, რომელიც სრულად კანონის ფარგლებშია, "ნაციონალებს" ხელს შევუშლით მუშაობაში. 

- უამრავი მასალა არსებობს "ნაცმოძრაობის" დანაშაულებზე და რატომ არ მიმართავთ იუსტიციის სამინისტროს, ან სასამართლოს ამ პარტიის გაუქმების მოთხოვნით? 
- ამის უფლება გვაქვს, მაგრამ ჯერ სხვა გეგმები გვაქვს, პირველ რიგში ამ პატარა ორგანიზაციების გაუქმების მოთხოვნით ვაწარმოებთ ბრძოლას, გავმართავთ აქციებს და მივმართავთ პარლამენტსაც, სასამართლოსაც და ყველას, სადაც საჭიროა. 

- "ზონელებს" 10 დღის ვადა მიეცით, რომ ორგანიზაცია გააუქმონ. რომ არ გააუქმონ, მერე რას აპირებთ? 
- 10 დღის მერე მასობრივი აქციები იქნება, მერე კი სიტუაცია მოიტანს, რასაც გავაკეთებთ. ვაპირებთ ასევე ბაჩო ახალაიას პროცესებზე მისვლასაც. 

- პროცესზე თქვენი ხმაურიანი მისვლის შემდეგ, ანი ნადარეიშვილმა "ფეისბუკში" "დაპოსტა", რომ მორიგ სხდომაზეც გეპატიჟებით და თუ "ჩმორები" არ ხართ, მოდითო. იცით ამის შესახებ? 
- აუცილებლად დავგეგმავთ, მაგრამ რაც შეეხება "ჩმორებს", "ზონის" ოფისთან კარგად გაირკვა, ვინ არიან "ჩმორები" და ვინ დაიმალა. სასამართლო პროცესზე არ ვაპირებდით დარჩენას, მივედით მხოლოდ იმის გამო, შეგვეხსენებინა ხალხისთვის, რომ მათ ჩაიდინეს უამრავი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე და ახლა "ზონდერები" მათ გმირებს უწოდებენ. ჩვენ მათ ამ სახელის გაუფასურების უფლებას არ მივცემთ, რადგან ესენი არიან მკვლელები და სულ უნდა ახსოვდეთ, რა ჰქვიათ მათ. ჩვენ ხშირად მივალთ და შევახსენებთ მათ ამას, 10 კაცი არ წყვეტს, ვინაა გმირი და ვინ - არა. სასამართლოსაც და ხალხსაც შევახსენებთ, რომ ახალაია არის მკვლელი და ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს. ყველგან ვიქნებით, სადაც საჭიროა და სადაც უსამართლობა მოხდება. ჩვენ ვაიძულებთ ყველას, დიდხანს ახსოვდეთ, რა ჩაიდინეს "ნაციონალებმა". სასამართლოს დაკისრებულ ჯარიმასაც გადავიხდით, რადგან ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ. ჩვენ ვერ გავჩერდებით, არ მივცემთ "ნაციონალებს" საშუალებას, თავი წამოყონ. დასრულდა ის დრო, როცა ისინი თავისუფლად საუბრობდნენ, მათი "ზონდერები" ისედაც ბევრს ლაპარაკობენ ბოლო დროს. ჩვენ ამას აღვკვეთთ...