აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება და ხაზი გაუსვა, რომ ამ ბრძოლაში აშშ-ის მხარდაჭერას უცხადებენ არაბული ქვეყნები - საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, იორდანია, ბაჰრეინი და ყატარი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით კი, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას 50-ზე მეტი ქვეყანა დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ აშშ-მ და მისმა არაბმა მოკავშირეებმა პირველი ავიაშეტევა განხორციელეს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ.
რამდენად გავრცელდება მსოფლიოსთვის გლობალური საფრთხე საქართველოზე და რა პოზიცია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი, მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
ვახტანგ მაისაია: ეს რომ გლობალური საფრთხეა და არა გამოწვევა, ეს ნატო-ს სამიტმაც დაადასტურა. პირდაპირ, დაფიქსირდა, რომ ეს ნომერ პირველი საფრთხეა - არანაკლები, ვიდრე დღეს არსებული პუტინის რეჟიმიდან წამოსული საფრთხე. გარდა ამისა, ობამამ ფაქტობრივად, ახალი ანტიისლამისტური სამხედრო კოალციის ჩამოყალიბება დაიწყო, რომელშიც ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა კონტინენტის სახელმწიფოები მონაწილეობენ. მათ შორის სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმაც კი აღიქვეს, რომ ეს არის სერიოზული საფრთხე, იმის მიუხედავად, რომ თვის დროზე, სწორედ ისლამურ ხალიფატს სპონსორობდნენ ყატარი, საუდის არაბეთი და ა.შ.
ისეთმა ისლამურმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევამ, როგორიც ალქაიდაა, ფაქტობრივად უკვე მეორე-მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ის ისლამურმა ხალიფატმა ჩანაცვლა. მას გააჩნია როგორც ძლიერი სამხედრო პოტენციალი, ასევე ფინანსური წყაროები, რაც იძლევა საშუალებას, რომ მსოფლიო მასშტაბით განახორციელოს თავისი საქმიანობა.
გარდა ამისა 44-მა ისლამისტურმა დაჯგუფებამ უკვე ფიცი მისცა ისლამურ ხალიფატს, ანუ მის გვერდით დადგა.
ანუ, ერთი მხრივ, თუ ანტიისლამისტური კოალიცია იქმნება, მეორე მხრივ ისლამისტური ხალიფატი კრებს თავის კოალიციას. ამის გარდა, მარტო სირიასა და ერაყში ისლამურ ხალიფატს მობილიზებული ჰყავს 100 ათასი ადამიანი. რესურსებზე აღარაფერს ვამბობ. შესაბამისად, უზარმაზარი შეიარაღებაც გააჩნია, მათ შორის საბრძოლო ავიაცია, მართალია, მოძველებული, საბჭოთა წარმოების, მაგრამ მაინც...
რამდენდაც ვიცი, ბოლო დროს გაუჩნდათ ჰაერსაწინაარმდეგო სისტემებიც. უკვე იმ დონის შეიარაღებაზეა საუბარი, რომ ამერიკის ეგიდით შემდგარი კოალიციაც კი ვერ ბედავს განახორციელოს სახმელეთო ოპერაციები და მხოლოდ საჰაერო კამპანიის დაწყებით შემოიფარგლება.
როდესაც ტერორიზმთან ბრძოლაზე იყო საუბარი, მსოფლიოს თითქმის ყველა ძლიერი, წამყვანი სახელმწიფო ამ საკითხში იყო ერთიანი. გამომდინარე უკრაინის მოვლენებიდან, რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებობს პრობლემები. როგორ ფიქრობთ, ის საფრთხე, რაც ისლამური სახელმწიფოდან მოდის, მსოფლიოს დაავიწყებს უკრაინას და რუსეთის მიმართ შედარებით ლოიალურს გახდის?
- გამოჩნდა, რომ დე-იურე, ერთიანი კონსენსუსის შექმნა ცოტა რთულია, დე-ფაქტო - ისინი თანამშრომლობენ. მართალია, რუსეთი და ირანი არ შეუერთდნენ და ამერიკელებმა უარი თქვეს ირანთან თანამშრომლობაზე, მაგრამ რეალურად, სამივე გლობალური გავლენის ცენტრი, რუსეთი ამერიკა და ირანი, ფაქტობრივად, ებრძვიან ისლამურ ხალიფატს - ეს ფაქტია. რამდენად მოხდება კონსენსუსის საფუძველზე მათი გაერთიანება, ამაზე საუბარი ცოტა რთულია.
ცალკე აღებული რუსთისთვის რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს „ისლამური სახელმწიფო“ და რამდენად არის შესაძლებელი რუსეთის შემდგომ პოზიციებზე იმოქმედოს ამ საფრთხემ?
- რუსეთისთვის ეს უზარმაზარი საფრთხეა, რადგან მოსახლეობის მეოთხედზე მეტი მუსლიმანურია და იქაურ ანკლავებში საკმაოდ კარგად არის გამჯდარი ვაჰაბიტური რელიგიური მიმდინარეობა. ამ იდეოლოგიასთან კი საკმაოდ ახლოს არის ისლამური ხალიფატის იდეოლოგია - ვაჰაბიტურ პოსტულატებს იმეორებს.
ჩრდილოეთ კავკასიაში ვიცით, რომ მოქმედებს ჩრდილო კავკასიური იმამატი, რომელმაც მხარი დაუჭირა ისლამურ ხალიფატს და მისი სტრატეგიული მოკავშირე გახდა. იმამატი მოიცავს არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას, არამედ ციმბირსა და ვოლგისპირეთსაც - თათარსტანში მართლაც რეალური საფრთხე არსებობს და ეს კარგად იცის რუსეთის ხელმძღვანელობამაც.
ასევე გასათვალისწინებელია თალიბანის საფრთხე, რომელიც რუსეთს ემუქრება ცენტრალური აზიიდან. როგორც ჩანს, რუსეთი ამ საფრთხეებს კარგად აცნობიერებს, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინმა სპეციალური უშიშროების საბჭოც კი მოიწვია. გარდა ამისა, სამხედრო წვრთნები რომელიც 2014 წელს მიმნდინარეობს, ასევე გულისხმობს ისლამისტურ დაჯგუფებებთან ბრძოლის ელემენტებს.
როდესაც ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოსთვის არსებობს გლობალური საფრთხე, თეორიულად მაინც თუ არსებობს შანსი, რომ რუსეთის პოლიტიკა, თუნდაც დანარჩენ მსოფლიოსთან კონსენსუსის მისაღწევად რაღაცნაირად შერბილდეს, დემოკრატიულ რელსებზე გადავიდეს?
- თავისი მმართველობის 14 წლის განმავლობაში პუტინმა შექმნა საკმაოდ მყარი პოლიტიკურ ვერტიკალი, თავისი პირად კლანური დაჯგუფების საფუძველზე. იმ ფონზე, როდესაც რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ფლანგზე სრული ქაოსია, ასეთი იმედები ნაკლებად ჩნდება.
თითქოს ხადარკოვსკი აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ რამდენად ძლიერი კონკურენტი იქნება, რთული სათქმელია. ამ სიტუაციაში ფაქტობრივად, პუტინი აკონტროლებს ყველა ძალოვან სტრუქტურასა და ოლიგარქებს. გარდა ამისა, მისი ქონება, რომელიც დაახლოებით 26 მილიარდს შეადგენს, თუნდაც ერთად აღბულ ყველა რუს ოლიგარქს გადაწონის და ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
რაც მთავარია, მას აქვს ძალზე მაღალი რეიტინგი რუსეთის მოსახლეობაში და ეს დაამტკიცა ახლახან ჩატარებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმაც. ამ ეტაპზე, ვიდრე პუტინის ფიგურა არსებობს, დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი ცოტა ნაადრევად მეჩვენება.
ანუ უსერიოზულესი, ისლამური საფრთხეც ვერ შეარბილებს რუსეთს?
- ამ საფრთხემ შეიძლება, კიდევ უფრო შეაკავშიროს რუსეთის საზოგადოება და კიდევ უფრო კონსოლიდირებული გახადოს. სწორედ ისლამური საფრთხის ეგიდით მიაღწია პუტინმა იმას, რაც დღეს რუსეთშია. ისლამური საფრთხის „კარტა“ რუსეთმა უკვე საკმაოდ ეფექტურად გამოიყენა და საკმაოდ დიდი მოგება მიიღო - ეს სახეზე გვაქვს.
მაგრამ ერთია პუტინისა და მისი საზოგადოების მცდელობა, მაგრამ მეორეა, რომ შესაძლოა, ისლამურმა ხალიფატმა რუსულენოვანი მოსახლეობის კონსოლიდაცია მოახდინოს, სადაც თავის იდეოლოგიურ პოსტულატებს გაავრცელებს. ეს რუსეთს საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის - შესაძლოა, მუსლიმანურ მოსახლეობაში გავრცელდეს ისლამური ხალიფატის იდეოლოგია და ეს არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ევროპისთვისაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან იქ უკვე ცხოვრობს მესამე-მეოთხე თაობის ევროპაში განათლებამიღებული მუსლიმანური ახალგაზრდობა.
როდესაც მსოფლიოში არსებობს ასეთი ფონი, საქართველო რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს?
- თუ ისლამური ხალფატი მთელ კავკასიას ემუქრება, კავკასიაში საქართველოც მოიაზრება. ქართული წარმოშობის მუსლიმანები ისლამურ ხალიფატში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობენ - მხედველობაში მყავს ქართული წარმოშობის საველე მეთაურები. ესეც საყურადღებო ფაქტია. გარდა ამისა, საქართველო არის აუცილებელი სატრანზიტო გზა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ისლმისტებს ჩრდილო კავკასიის და სამხრეთ აღმოსავლეთში არსებულ ისლმისტურ დაჯგუფებებთან აკავშირებს. ამდენად, რისკი საკმაოდ მაღალია. თუმცა, ეს პრობლემა საქართველოში რატომღაც არასერიოზულად არის მიჩნეული, რამაც შესაძლოა, შემდგომში დიდი პრობლემა შეგვიქმნას.
რამდენად შეიძლება გვქონდეს ამ შემთხვევაში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების იმედი? - ბუნებრივია, რომ ამ გამოწვევას დამოუკიდებლად ვერ დავძლევთ...
- საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ კოალიციაში, რადგან ძალა ერთობაშია და სხვა გამოსავალი ფაქტობრივად, არც გვაქვს. იმდენად მაღალია საფრთხე, რომ მან შეიძლება, საქართველო სრულიად მოსპოს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
თუ ამერიკა მიიჩნევს, რომ ეს მისთვის ნომერ პირველი პრობლემაა, საქართველო ამ შემთხვევაში გამონაკლისია? მითუმეტეს, რომ ჩვენ ჩვენი პრობლემებიც არ გვაკლია. მხოლოდ დასავლეთი თუ გადაგვარჩენს ამ საფრთხეს.
ასეთ შემთხვევაში რუსეთი რამდენად შეიძლება განიხილებოდეს ჩვენს მოკავშირედ?
- ამ შემთხვევაში საფრთხე ყველას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და დასავლეთი არიან ცივი ომის პირობებში, შემთხვევითი არ იყო, რომ ნატო-მ ბოლომდე არ გაწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან - შეინარჩუნა ე.წ. რომის დეკლარაციის პრინციპი, რომელიც რუსეთსა და ნატოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს არსებობას გულისხმობს. მკაცრი რიტორიკის მიუხედავად ეს საბჭო დაიტოვეს, რადგან ახლო აღმოსავლეთიდან ბევრად სერიოზული საფრთხე არსებობს. თუ ნატო და რუსეთი თანამშრომლობენ, ამ საკითხში ბუნებრივია, საქართველოც არ უნდა იყოს განზე გამდგარი.