რატომ დაემთხვა სააკაშვილის ქონების დაყადაღება ამერიკაში ღარიბაშვილის ვიზიტს და რაში არ ეთანხმება რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი თავის გუნდს
მიხეილ სააკაშვილის დედისა და მეუღლისთვის ქონების დაყადაღებას არ ეთანხმება. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზარალებს, პასუხისმგებლობას კი, პროკურატურას აკისრებს, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ ნაწილად მიიჩნევს. არც პრემიერისა და პრეზიდენტის ურთიერთობის საჯარო განხილვის მომხრეა და ვიზიტებზე გამგზავრების უპირატესობის დასადგენად, კონსტიტუციურ განსაზღვრებებს ითხოვს, ხელისუფლებას კი პრობლემების აღიარებისკენ მოუწოდებს. ,,ვერსიასთან' საკრებულოსა და ზოგადად, პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე პროცესებს, საკრებულოს დეპუტატი, რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი აფასებს.
- საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა და ამ ეტაპზე, 2015 წლის ბიუჯეტის შედგენაზე ფიქრობს. ზოგადად, არჩევნების შემდეგ, საკრებულოში და მერიაშიც ჩამოყალიბების პროცესი მიდის. ჩამოსაყალიბებელია ურთიერთობები საკრებულოსა და მერიას შორისაც, რადგან ნაციონალური მოძრაობის დროს გადაწყვეტილებებს მხოლოდ გიგი უგულავა იღებდა, დედაქალაქის საკრებულო კი, დოკუმენტზე მხოლოდ ბეჭედს არტყამდა. საკმაოდ უცნაური ვითარება იყო შიხიაშვილის პერიოდშიც...
- ირაკლი შიხიაშვილი მაინც გუნდის წევრად დარჩა და თანამდებობაც მიიღო. საზოგადოებაში კი ლოგიკური კითხვა გაჩნდა _ რატომ უფრთხილდება ხელისუფლება საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, როცა წინასაარჩევნო დაპირებით, ყოფილი ნაციონალები საარჩევნო სიაშიც კი არ უნდა ყოფილიყვნენ?
- შიხიაშვილის მიმართ რესპუბლიკელების დამოკიდებულება თავიდანვე ცნობილი იყო. ქვეყანაში კოალიციური მმართველობა იმიტომ გვაქვს, რომ მასში შემავალ პარტიებს ყველა საკითხზე ერთი მოსაზრება არ გვექნება. შიხიაშვილის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნას ჩვენი პარტია არ ეთანხმებოდა.
- დედაქალაქის მერია ახლა მიხეილ სააკაშვილის ქონებას ითვლის და აუცილებლობის შემთხვევაში, მის გაყიდვასა და თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებაზე საუბრობს. ამ საკითხზეც გაქვთ კოალიციისგან განსხვავებული პოზიცია?
- დავით ნარმანიამ, სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის დაყადაღებლი ქონების გაყიდვის შესაძლებლობაზე ისაუბრა და არსებული საკანონმდებლო ნორმა განმარტა. კანონით, როცა ბრალდებული პირი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მისი ქონების დაყადაღება შესაძლებელია. ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მიღებული კანონმდებლობაა. პროკურატურა სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდენია, მაგრამ პირადად მე, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება იდეაშივე არასწორი იყო _ სააკაშვილის მეუღლისა და დედის ქონება არ უნდა დაყადაღებულიყო. ეს პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მით უმეტეს მაშინ, როცა პრემიერი ვიზიტით ამერიკაშია, მსოფლიოში კი მსგავს გადაწყვეტილებებს საკმაოდ ნეგატიურად აღიქვამენ. ამერიკაში საქართველოს კანონმდებლობას არავინ ჩაუღრმავდება და არავინ იკითხავს, კანონიერად მოქმედებს თუ არა პროკურატურა სააკაშვილის მეუღლისა და დედის წინააღმდეგ. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს პოლიტიკური ანგარიშსწორების გამოვლინებად შეაფასებენ.
- თუ დასავლეთის რეაქცია ხელისუფლებისთვის თავიდანვე ცნობილია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ და რატომ დაემთხვა სააკაშვილის ოჯახის წევრებისთვის ქონების დაყადაღება პრემიერის ვიზიტს ამერიკაში?
_ არ ვიზიარებ იმ ადამიანებს აზრს, რომლებიც ამბობენ, რომ პროკურატურა პოლიტიკისგან შორს დგას _ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია და მის გადაწყვეტილებებზე მთავრობაა პასუხისმგებელი. გვინდა თუ არა, გენერალურ პროკურორს სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლება ნიშნავს.
- ანუ ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს იზიარებთ, რომ პროკურატურამ პოლიტიკური დავალება მიიღო?
- ზოგადად, შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ ჩანს, პროკურატურამ პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ გაითვალისწინა. უწყებას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სახელზე არსებული ქონება რომ დაეყადაღებინა. აჟიოტაჟიც არ ატყდებოდა; თუმცა ვიმეორებ, როცა მის მეუღლესა და დედას ეხები, ეს ნაბიჯი კითხვებს ბადებს. ნაციონალური მოძრაობა იმასაც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის დავალებით ქვეყანას აქცევს, მაგრამ ამაზე საუბარი ზედმეტია. ეს მათი დამოკიდებულებაა და არავინ უშლის ხელს _ იყვირონ. ახლა ხელისუფლების ქმედებებია მნიშვნელოვანი.
- ნაციონალური მოძრაობის ,,ყვირილს' ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ჩანაწერებიც ერთვის. საზოგადოებაში კი ყალიბდება აზრი, რომ 90-იანი წლების დაბრუნების საფრთხე არსებობს.
- ნაციონალური მოძრაობა საჯაროდ ახმოვანებს საკუთარ ფიქრებსა და გეგმებს. მათი მიზანი ხელისუფლებაში დაბრუნებაა. ციხეებში ვითარება იდეალური რომ არ არის, ეს ვიცით და ამის ობიექტური მიზეზები არსებობს, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას ამაზე საუბარი არ აწყობს. შეუძლებელია, ქვეყანაში კრიმინალური ვითარება შეიქმნას, როცა ციხეში 50 ათასი ადამიანი ზის, ამდენივე კი საპროცესო შეთანხმებითაა გამოშვებული. ამ სასტიკ რეჟიმს სადავეებს რომ ,,მოუშვებ', ციხეს ბაჩო ახალაიას მეთოდებით, ცოცხებითა და ,,დუბინკით' არ აკონტროლებ, წესრიგის დამყარება რთულია. იგივე პრობლემაა ამერიკის ციხეებშიც. ბუნებრივია, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ჩანაწერებში ლიტერატურაზე არ იქნება საუბარი. თავის დამკვიდრებას ცდილობენ, ამიტომ ამ მიმართულებით სამუშაოებია ჩასატარებელი. მთავარია, პრობლემა არ უარვყოთ და არ ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა. პირიქით, მოგვარების გზებზე ვისაუბროთ.
- სოზარ სუბარი ამბობს, რომ ,,ავტორიტეტებს' შორის სატელეფონო საუბრები წინა ხელისუფლების დროსაა ჩაწერილი. ზოგადად, ორი წელია ყველა პრობლემასა თუ კითხვაზე ხელისუფლება წინამორბედისკენ იშვერს ხელს და საზოგადოებას წარსულს ახსენებს. რატომ?
- გამოუცდელობის ბრალია, როცა გგონია, რომ პრობლემაზე საუბარი დაგაზარალებს. პირიქით, შენ მომხრეებს არ მოსწონთ, როცა არსებულ პრობლემას უარყოფ. გოდებაში არ უნდა ჩავარდე, მაგრამ ყველაფრის უარყოფა არ შეიძლება. როცა ორი წელია ხელისუფლებაში ხარ, არ შეიძლება პოლიტიკურ დღის წესრიგად ნაციონალურ მოძრაობასთან სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლა გამოაცხადო, მით უმეტეს, როცა უამრავი პრობლემა გვაქვს, ეკონომიკა განსავითარებელია. მერიისა და საკრებულოს მაგალითზე, თბილისშიც, თითქმის ყველა სფეროში პრობლემებია. ხელისუფლებამ დღის წესრიგი გაკეთებულ საქმეებზე საუბრით უნდა შექმნას. არსებული დამოკიდებულებით ნაციონალური მოძრაობის აქტუალობას ვზრდით, არადა ამხელა პატივს არ იმსახურებს.
- იქნებ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების უნარი არ აქვს და საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს?
- ნაციონალური მოძრაობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ,,კანფეტივით' ოპოზიციაა. ასეთი ,,ბუას' იმიჯი სხვა ოპოზიციას ვერასოდეს ექნება, რადგან ამ ჯგუფის მმართველობა საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ. როცა ასეთი ოპოზიცია გყავს, რთულია ხელისუფლებაში მათი დაბრუნების თემაზე არ ითამაშო.
- ეს არც კოალციის რეიტინგზე მოქმედებს დადებითად. მითუმეტეს, ნაციონალური მოძრაობის გარდა, პრემიერისა და პრეზიდენტის სახით დაპირისპირებული მხარეები გუნდშიც გაჩნდნენ.
- სანამ ეს ,,ბუა' არსებობს, კოალიციის რეიტინგი ყოველთვის მაღალი იქნება. პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მსგავსი ფორმით ურთიერთობა კი არა მგონია, გამართლებული იყოს. ყველამ უნდა იმუშაოს ამ საკითხის დასარეგულირებლად და საკონსტიტუციო დონეზე მკაფიოდ განისაზღვროს _ ვინ სად და რომელ ვიზიტზე გაემგზავრება. მსგავსი გარჩევა საზოგადოებრივ არენაზე არ უნდა გამოდიოდეს, რადგან ეს მოსახლეობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.