საყდრისი-ყაჩაღიანის საქმე განახლდა

საყდრისი-ყაჩაღიანის საქმე განახლდა

საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის დავა განახლდა. 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ თემაზე ორი პროცესი გაიმართა. ორივე შემთხვევაში მოსარჩელეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც კომპანია RMG GOLD-მა საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძისა და სოფელ კაზრეთის მცხოვრებ დალი მამულაშვილის სარჩელზე სასამართლო მოსმენა გაიმართა. მოსარჩელეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც, კომპანია RMG GOLD-მა საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება მიიღო.

24 სექტემბერს გამართული ეს მოსმენა მოსამზადებელი სახის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო მხოლოდ მხარეთა შუამდგომლობებს გაეცნო და საბოლოო გადაწყვეტილებაზე მსჯელობა არ ყოფილა.

მოსარჩელე მხარემ, რომლის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან იურისტი სულხან სალაძე იცავდა, სასამართლოს ექვსი შუამდგომლობა წარუდგინა:

„პირველი შუამდგომლობა ეხებოდა მარინე მიზანდარის სარჩელის გაერთიანებას ჩვენს საქმესთან; ასევე იყო წარდგენილი შუამდგომლობები, რომლებიც ეხებოდა გერმანელი და ბულგარელი ექსპერტების მიერ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის სასამართლოს მიერ გამოთხოვას და განხილვას. გარდა ამისა, პროცესზე საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებული ქართულ-გერმანული ექსპედიციის მონაწილე ორი არქეოლოგის პროცესზე მოწმის სახით მოსვლას“.

გარდა ამისა, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, შეაჩეროს განხილვა მანამ, სანამ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდეს საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეზე. საქმე ეხება ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ სარჩელს, სადაც საუბარია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იმ გადაწყვეტილების გაბათილებაზე, რომლის მიხედვითაც, საყდრისი-ყაჩაღიანს  2013 წელს ეროვნული ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვალს განიხილა. „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინი გუჯარამიძე სხდომის დეტალებზე საუბრობს:

„ეს სარჩელი საქალაქო სასამართლომ უკვე განიხილა და ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილა, რაც იმაში გამოიხატა, რომ შინაარსობრივად, მართალია, გადაწყვეტილების სისწორე არ განუხილავს, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრი სამართლებრივი დარღვევით იყო მიღებული. ამიტომ კულტურის სამინისტროს საკითხის ხელახლა განხილვა დაავალა“.

ამ დავამ სააპელაციო სასამართლოში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, მთავრობის კანცელარიამ და თავად „მწვანე ალტერნატივამაც“ გაასაჩივრა. როგორც ნინი გუჯარამიძე ამბობს, ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს შეეძლო პირველსავე სხდომაზე გაებათილებინა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება.

როგორც სულხან სალაძე ამბობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ დასრულდება „მწვანე ალტერნატივასა“ და სახელმწიფოს შორის დაწყებული ეს დავა:

„თუ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის გაუქმება უკანონო იყო, ყველა ის პროცედურა, რომელიც სამინისტრომ, სააგენტომ ან კომპანიამ განახორციელა, ხდება უკანონო და უნდა აღდგეს ის სტატუს- კვო, რომელიც იყო სტატუსის არსებობის დროს. მაგრამ თუ იქ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები დაიწყება და სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ამის შემდეგ დააკმაყოფილებს „მწვანე ალტერნატივის“ სარჩელს, მაშინ შეუძლებელი გახდება იმ სტატუს-კვოს აღდგენა, რომლის აღდგენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია“.

„საყდრისი-ყაჩაღიანის“ ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2014 წლის მარტიდან მანამ არის შეჩერებული, სანამ სასამართლო ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. კომპანია RMG-ის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნიკო სისაურმა მარტში რადიო თავისუფლებასთან  საუბრისას თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიისა და ქვეყნის ეკონომიკას აზიანებს.

24 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და დალი მამულაშვილის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი შუამდგომლობების ნაწილს მოპასუხე მხარე დაეთანხმა: მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის მრჩეველი ზაზა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ საქმის გაერთიანება მარინე მიზანდარის სარჩელთნ  საფუძვლიანი იყო, რადგანაც ორივე შემთხვევაში სადავო თემაც და მოპასუხე მხარეც ერთი და იგივეა:

„როცა დღეს ჯერ ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ მოვიწვიოთ ექსპერტი და აქვე ვამბობთ, რომ საქმე უნდა შევაჩეროთ, ლოგიკას სცილდება. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ სამართლიანი იქნება სასამართლომ იმსჯელოს და გადაწყვიტოს საქმის შეჩერების შესახებ, იმიტომ რომ ბმა აშკარაა. შემდეგ კი, თუ ისევ იარსებებს ასეთი ტიპის შუამდგომლობის საფუძვლები, განაახლოს მსჯელობა და მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება“.

შუამდგომლობას საქმეთა გაერთიანების შესახებ სასამართლო 24 სექტემბერსვე, დღის ხუთ საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მარინე მიზანდარის სარჩელის განხილვისას იმსჯელებს. რაც შეეხება თავად სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საქმის განხილვას, პროცესი ჯერჯერობით დაუდგენელი ვადით გადაიდო.