„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს ე.წ. კანონიერ ქურდებთან გარიგებაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას საპატიმროებში არსებული ვითარების კონტროლისკენ მოუწოდებს. უმრავლესობა ამბობს, რომ უმცირესობის წევრები არც ექსპერტებად, არც დამრიგებლებად და არც მორალისტებად არ გამოდგებიან, რის გამოც, ხელისუფლებას სჯობს თავი დაანებონ. კოალიცია მიიჩნევს, რომ ნაციონალების ტაქტიკაა, მმართველი პარტიის რეიტინგი დაეცეს და მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ.
საპატიმროებში არსებულ ვითარებასა და ნაციონალების ბრალდებებზე, for.ge ვიცე-სპიკერს, ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:
„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ საპატიმროებში მიმდინარე პროცესების გამოძიება მოხდეს. რა ხდება, ციხეებში?
- რას ნიშნავს, ციხეში მიმდინარე პროცესების გამოძიება მოხდეს? მათ კონკრეტული რომელიმე საქმის გამოძიება აინტერესებთ? დაასახელონ, კონრეტულად რომელ საქმეს გულისხმობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედების ტაქტიკას ძალიან კარგად ვიცნობ. მათი მიზანია, ქვეყანაში ისტერიული ფონი შექმნან, თითქოს, ციხეებში ყველაფერი იქცევა, ქურდები ბრუნდებიან, ქვეყნის მმართველობის საკითხები კრიმინალების გადასაწყვეტია და უბნებში „გარჩევების“ ტრადიცია აღდგენილია. ამ ქვეყანაში ჩვენც ვცხოვრობთ და კარგად ვიცით, რომ არც კრიმინალის დონეა მომატებული, არც ავტომობილების ძარცვა ხდება, არც ყაჩაღობა და არც ადამიანების გატაცება. ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესები თვალში საცემი არ არის. მსოფლიოში საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და ბოლო კვლევების მიხედვით, მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე ადგილებზეც კი გადავიდა. მათ ამ ისტერიკას ხალხი არ უნდა აჰყვეს. ყველა სფეროში პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ წინ არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც გადასჭრელი და მისახედია, მაგრამ ნაციონალების მხრიდან ციხეებზე საუბარი უხერხულია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ციხეებში გაუსაძლისი მდგომარეობაა, მაგრამ მათთან ბოდიში მომითხოვია, მათ დროს როგორი გაუსაძლისი მდგომარეობა იყო, ცოცხების სკანდალით დაწყებული და პატიმრების სისხლიან დერეფნებში გატარებით დამთავრებული, ეს გაიხსენონ. პატიმრები კარანტინში ცემა-ტყეპით შეჰყავდათ და ეს ძალიან კარგად გვახსოვს. ნაციონალები არც ექსპერტებად, არც მორალური კუთხით და არც დამრიგებლებად არ გამოდგებიან და თავი დაგვანებონ! თუ რომელიმე საქმე გამოსაძიებელია, ეს დღის წესრიგში დააყენონ და გამოიძიებენ. ის კომენტარები კი, რასაც აკეთებენ, მინიმუმ ომბუდსმენდთან მაინც გადაამოწმონ.
ნაციონალები აცხადებენ, რომ მთავრობა წავიდა გარიგებაზე კრიმინალურ სამყაროსთან და ციხეებში კონტროლი მთლიანად ქურდებს გადააბარა. თქვენს ხელისუფლებას ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში, მუდმივად რატომ ადანაშაულებენ?
- უსინდისობას და ამორალურობას საზღვარი არ აქვს. რას ნიშნავს, მთავრობა წავიდა კრიმინალებთან გარიგებაში? მთავრობის წინააღმდეგ ცუდი ფრაზაა და ამის თქმა ყველას შეუძლია, მაგრამ არანაირი საფუძველი არ აქვთ. თავად უნდა დააკონკრეტონ, ამ ბრალდებებს რის საფუძველზე გვიყენებენ. მათი ტაქტიკაა, რომ მღელვარება გამოიწვიონ, თითქოს, ქვეყანა უკან მიდის. მათ იმედებს გავუცრუებ და ვეტყვი, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით წინ მიდის. ყველა რეიტინგი ამას ადასტურებს. გნებავთ, მედია ინტიტუტების თავისუფლების ინდექსი ნახეთ, ეკონომიკური პარამეტრები თუ საპატიმროებში არსებული ვითარება. ჩვენი თუ არ სჯერათ, ამერიკის სახელმწიფო დეპარატემენტის ყოველწლიურ ანგარიშს მაინც გაეცნონ და კარგად წაიკითხონ.
თუმცა, უმცირესობამ პარლამენტის ტრიბუნიდან ე.წ. კანონიერი ქურდის „რემენას“ საზღვრიდან გაპარვის დახმარებაში დაგადანაშაულათ და წინა კვირას, გივი თარგამაძემ ასევე ტრიბუნიდან გამცნოთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი ფრიდონ ბარკალაია სენაკში იმყოფებოდა და მისი დაკავება მოგთხოვათ...
- ნაციონალებმა „რემენა“ მითოლოგიურ ფიგურად აქციეს და არც ვიცი, რაზეა საუბარი. „რემენამ“ სადმე, რა დანაშაული ჩაიდინა? საზღვარი გადაკვეთა და სადღაც წავიდა, ბოდიში მომითხოვია და მათ ამაზე, რა უნდა ვუპასუხო, არც ვიცი. ან თარგამაძის განხადებაზე რა გითხრათ? მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კრიმინალი შემცირებულია.
ოპონენტები საპირისპიროს ამტკიცებენ და ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკას აყალბებს...
- თვითონ, რომელი სტატისტიკით ხელმძღვანელობენ? ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობას რა მეთოდით აღნიშნავენ? მათ სურთ გაზვიადებული სტატისტიკა წარმოადგინონ, ასეთი მეთოდით მმართველი პარტიის რეიტინგი დაბლა დაეცეს და მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. ეს მათი ტაქტიკაა
ანუ, დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ?
- მათი სურვილია, ხალხში დაძაბული ვითარება იყოს, ფსიქოლოგიურად არამდგრადი ფონი შექმნან და ამიტომ, ისტერიულ განცხადებებს აკეთებენ. მათ პირს ვერ ამოვუკერავთ, მაგრამ თუ კანონის მიღმა დაიწყებენ რაიმეს, კანონი იქნება დაცული. ჭორებს ავრცელებენ და მათ რა ვუპასუხო?
ნაციონალების განცხადებების პათოსი და მიზანი გასაგებია, მაგრამ საპატიმროებში არსებულ არასასურველ ვითარებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ. ამასთანავე, ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ ე.წ. შავი სია არსებობს, სადაც 72 ადამიანი უბნების მიხედვით შედის და ეს ადამიანები, ნარკოტიკების ჩადებით უნდა დააკავონ, რათა საზოგადოებაში შიში გაჩნდეს. ამ სიის შესახებ, გსმენიათ?
- სასჯელაღსრულების მინისტრი კარგი ორგანიზატორი და ძალიან ენერგიული ადამიანია. მას ძალიან კარგად ვიცნობ და მასთან მუდმივი კომუნკაცია მაქვს. ვიცი, რომ ყველაფერი არის მშვიდად და საპატიმრო ადგილებში ცხოვრება ყოველგვარი ქურდული სამყაროს გააქტიურების გარეშე მიმდინარეობს. წლიურად, ერთ პატიმარზე 750 დოლარი იხარჯება, მაშინ, როდესაც ნაციონალების დროს 140 დოლარი იხარჯებოდა. ამას გარდა სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირებულია. პატიმარი ადამიანად რომ გრძნობდეს თავს, ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა - ჯერ კიდევ სოზარის დროს და ახლაც.
რაც შეეხება 72 კაციან სიას, იქნებ 772 კაციანი სია არსებობს და ასეთ ჭორებზე ვისაუბროთ? სჯობს, ყველა ინფორმაცია გადამოწმდეს. მსგავსი განცხადებები ინფორმაციას არასერიოზულს ხდის. ჭორაობა უნდა დამთავრდეს და მინდა, რომ კვალიფიციურიები ვიყოთ ყველანი.
ე.წ. სიის თაობაზე ინფორმაციას ჭორაობას უწოდებთ, მაგრამ პატიმარი ერისთავი აცხადებს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს. ის აღნიშნავს, რომ ნარკოტიკების ჩადების საშიშროების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდა, რომელიც ვაკის მაჟორიტარ დეპუტატს, შალვა შავგულიძეს წინასწარ ამცნო…
- ნაციონალები გაჰკივიან, რომ ქვეყანაში კრიმინალმა მოიმატა და საჭიროა, ამ კრიმინალების დაპატიმრება მოხდეს. მეორეს მხრივ, ყვირიან, რომ ციხეებში პატიმრებს არადამიანურად ექცევიან. მათი განცხადებები ერთმანეთის გამომრიცხავია, მაგრამ მათი მიზანი ხომ ვიცით რაც არის?! - ნეგატიური სურათის შექმნა და ურთიერთგამომრიცხავ მესიჯებსაც არ ერიდებიან. მიმდინარე წლის აგვისტოში 11 მკვლელობა მოხდა და ყველა გახსნილია. „რუსთავი 2“-მა ეს საქმეები პირველივე ბლოკში გააშუქა, მაშინ, როდესაც 2011 წლის აგვისტოშიც 11 მკვლელობა მოხდა, მაგრამ მაშინ დრო მხოლოდ მე-40-ე წუთზე დაუთმეს. ის, რომ ეს ტელევიზია „ნაციონალურ მოძრაობას“ ფსიქოზის შექმნაში ეხმარება, გასაგებია. კარგად მახსოვს, ისინი შევარდნაძის დროსაც ასე მუშაობდნენ, როცა საპროტესტო ტალღას აგორებდნენ. ახლა შევარდნაძის დრო არ არის და სხვა ტელევზიები, ინტერნეტ გამოცემები არსებობენ, რომლებიც ხედავენ, უწყებები თუ როგორ გახსნილები არიან. „რუსთავი 2“-ის მუშაობა ახლა ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ეს 2001 წელს იყო.
და ბოლოს... წინა ხელისუფლებას ძირი ციხეებმა გამოუთხარა. თქვენს მმართველობაშიც ვხედავთ, რომ ციხეებში ვითარება მთლად დალაგებული არ არის. ხომ არ მოხდება ისე, რომ თქვენს ხელისუფლებას პრობლემები ციხეებმა შეუქმნან?
- სიტუაცია მაქსიმალურად კონტროლის ქვეშაა. ჰუმანურობა არ ნიშნავს, რომ ციხეებში პატიმრები ყირაზე უნდა გადადიოდნენ. ციხეს თავისი წესი აქვს. მე თვითონ პატიმარი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, პატიმრები როგორ უდგებიან საქმეს და რა ფსიქოლოოგის მატარებლები არიან. ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება, მაგრამ ვიცი, რომ პატიმრების მიმართ კანონის ფარგლებში ხდება მიდგომა და მეტი იქ არაფერი არ ხდება. ეს არის ინფორმაცია, რომელიც შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივი კონტაქტის შედეგად მაქვს.