თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების გადასარჩენად, ცნობილი ადვოკატები და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები: თეა წულუკიანი, იოსებ ბარათაშვილი და ზაზა ხატიაშვილი სპეციალურ შტაბში გაერთიანდნენ, რომლის მიზანია საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმების შესაბამისი დოკუმენტის მომზადება და მისი საშუალებით ქართული ძეგლების იუნესკოს ეგიდით აღდგენა. ამ სიახლის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა გვითხრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრები მაისის ბოლოს აპირებენ ხელშეკრულების გაფორმებას, რის შემდეგაც ისტორიულ ტაოში ოთხი ქართული ტაძრის: ოთხთას, იშხანის, ხანძთასა და ოშკის აღდგენა იგეგმება, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში არსებული ხის ჯამეს, ადიგენის რაიონში, მხარჯავის მეჩეთის, ახალციხის რაბათის ტერიტორიაზე არსებული კომპლექსის, იქვე არსებული წყვილი აბანოს რესტავრაცია და ბათუმში, ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებაა დაგეგმილი.
მიუხედავად იმ ინტერესისა, რომელსაც ამ ხელშეკრულებისადმი იჩენს საზოგადოება, ხელისუფლება მისი გამომზეურებისგან კვლავ თავს იკავებს და ხელშეკრულებას საჯაროს არ ხდის, მხოლოდ ზეპირი განცხადებებით შემოიფარგლება და ტელეეთერიდან პერმანენტულად გვაწვდის ინფორმაციას იმაზე, რომ ისტორიულ ტაოში არსებული ქართული ძეგლების გადასარჩენად დღეებსაც კი მნიშვნელობა აქვს და რომ ამ ხელშეკრულების გაფორმების გარდა, მათი გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს.
ამ საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლებს ის ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორებიც ეხმარებიან, რომლებიც ამა თუ იმ მუზეუმს, კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობენ, მუშაობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების იმგვარად გაფორმებას, როგორც ზემოთაა აღნიშნული, გარკვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამ პროცესში საპატრიარქოს სრული იგნორირება ხდება.
როგორც ხელშეკრულების გაფორმების მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს ერთი რამ აერთიანებთ - ყველას უნდა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლები აღდგეს და გადარჩეს; ხელშეკრულებაზე ზემოხსენებული ფორმით ხელმოწერის მომხრეები აცხადებენ, რომ ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ მსხვერპლის გაღება მიზანშეწონილია; მოწინააღმდეგეების უდიდესი ნაწილი მოლაპარაკების პროცესში საპატრიარქოს ჩართვას მოითხოვს; ისინი მიიჩნევენ, რომ ქართული ძეგლების გადარჩენა ბათუმში მეჩეთის აგების გარეშეც შეიძლება.
მიმდინარე წლის 2 თებერვალს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაოში არსებული ქართული ტაძრების გადასარჩენად, ასოციაციის ოფისში სპეციალური შტაბის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიერ შექმნილი დოკუმენტის საშუალებით შესაძლებელი გახდება იუნესკოს ჩართვა, ისტორიულ ტაოში არსებული ძეგლების გადასარჩენად:
“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, კერძოდ, ტაო-კლარჯეთში არსებული ძეგლები სავალალო მდგომარეობაშია. ტაო-კლარჯეთში დაცული სიძველეები თავისი მხატვრული და ისტორიული ღირებულებით სცილდება საქართველოს ფარგლებს და წარმოადგენს მსოფლიო კულტურის საგანძურის კუთვნილებას. ამიტომ, ტაოში მდებარე ძეგლებთან მიმართებაში უნდა ვიმოქმედოთ საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმებით.
მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის (პარიზი 1972 წლის 16 ნოემბერი) პირველი და მეორე მუხლის თანახმად, თურქეთის რესპუბულიკაში არსებული ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრები უნდა წარმოადგენდნენ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას.
მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის მე-4-ე მუხლის თანახმად, თურქეთი მხოლოდ მაშინ იქნება ვალდებული აღადგინოს თავის ტერიტორიაზე მდებარე ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრები, თუ აღნიშნული ძეგლები შეტანილი იქნება მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში“.
ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, სპეციალურ შტაბში თავიანთი სურვილით გაერთიანდნენ იოსებ ბარათაშვილი და თეა წულუკიანი. შტაბის წევრების პირველი შეხვედრა 17 მარტს გაიმართა.
“სამართლებრივ დოკუმენტზე ვმუშაობთ და პარალელურ რეჟიმში იუნესკოს ოფისთან კონსულტაციებს ვიწყებთ. მომავალ კვირაში ქალბატონი თეა წულუკიანი პარიზში თუ არ წაბრძანდა, იუნესკოს ოფისს დავუკავშირდებით და ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ სპეციალურად ამ პრობლემის გადასაჭრელად შექმნილი შტაბი ღიაა ნებისმიერი იმ ადამიანისთის, ვისაც საერთაშორისო სამართლის სფეროში შესაბამისი პრაქტიკა და გამოცდილება გააჩნია“, - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.