„სახელმწიფო უწყებების იდეოლოგია ივანიშვილის კაპრიზების შესრულებას ეფუძნება“

„სახელმწიფო უწყებების იდეოლოგია ივანიშვილის კაპრიზების შესრულებას ეფუძნება“

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ყველაფერზე გადაბრალების პოლიტიკა მოსწყინდა და საქართველოს ბურუსში ყოფნის და „დაბოლების“ პოლიტიკა დიდი ხანი არ გასტანს. კანონმდებელი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე დროებითი კომისიის არშექმნის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ ეს საქმე, ადრე თუ გვიან, გაიხსნება. ყოველ შემთვევაში, მისი თქმით, 2016 წელს მაინც, როცა ამომრჩეველი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე for.ge დავით საყვარელიძეს ესაუბრა:

ბარბარე რაფალიანცის საქმეზე უმრავლესობამ დროებითი საგამოძიებო კომისია არ შექმნა. როგორ ფიქრობთ, მმართველმა გუნდმა რატომ აარიდა თავი კომისიის შექმნას?

- თავადაც ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან საზოგადოებას მათი უზნეო და უპასუხისმგებლო განცხადებები კარგად ახსოვს. კონკრეტულ მკვლელობებთან დაკავშირებით პირდაპირი ბრალდებები ჰაერიდან მოჰქონდათ და ამბობდნენ, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხალხს ქუჩაში ბუკვალურად ხოცავდნენ. ახლა ამ მდგომარეობაში თვითონ აღმოჩნდნენ, მაგრამ მათგან განსხვავებით იმას არ ვკადრულობთ, რაც 2012 წლის 30 ოქტომბერს მათ იკადრეს. არ ვამბობთ, რომ რომელიმე მათგანი ათი თვის ჩვილის მკვლელობაში გარეული იყო. ბარბარე რაფალიანცის საქმის ობიექტური გამოძიება უნდა მოხდეს და საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, ვინაიდან შინაგან საქმეთა სმაინისტროსთან და პროკურატურასთან მიმართებაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ამ საქმეს ნამდვილად ფარავენ. საქმე იდუმალებით მოცულია და ამაზე ადვოკატის საეჭვო განცხადებაც მეტყველებს.

მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საქმის გახსნა მისი პირადი ღირსების საკითხი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ამ საქმესთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილს პირადი ღირსება დაავიწყდა. ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება, მაგრამ ოჯახის წინაშე მორალური ვალდებულება გვაქვს, რომ საქმეს ნათელი რაც შეიძლება მალე მოეფინოს. უნდა გაირკვას, როგორ მოხდა, წინასწარ დაგეგმილი იყო, პოლიტიკური შინაარსით განპირობებული იყო, თუ ადგილი სხვა ამბავს ჰქონდა. საზოგადოებას პირობას ვაძლევთ, რომ ეს საქმე, ადრე თუ გვიან, გაიხსნება, დღეს თუ არა 2016 წელს მაინც, როცა ამომრჩეველი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

გამოძიება რატომ ჭიანურდება? ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს საქმის თაროზე შემოდება?

- არ მინდა ვიკადრო და ათი თვის ბავშვის მკვლელობაში ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბინძური საარჩევნო კამპანია ჰქონდა დაგეგმილი. იმ უბნებში, სადაც იცოდნენ, რომ არჩევნებს აგებდნენ, ორგანიზებული ხალხი ჰყავდათ, რომელიც ხალხს უკიჟინებდნენ ბავშვის მკვლელებს ხმა არ მისცეთო. ეს საკითხი თავიდანვე პოლიტიზირებული იყო. საქმე პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გამოიყენეს, რომელიც უკან უბრუნდებათ.

პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნა, რას მოგცემდათ?

- სჯობს, კომისია შეექმნათ და ნამუსი და ღირსება შეენარჩუნებინათ, ვიდრე რამდენიმე წლის შემდეგ, საქმე გაიხსნას და ის სიბინძურე ამოტივტივდეს, რისი მიჩქმალავაც ხდება. წლების შემდეგ, უმრავლესობა ინანებს.

თქვენ თქვით, რომ საქმე 2016 წელს მაინც გაიხსნება, როცა ამომრჩეველი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. რას გულისხმობთ? ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს ხედავთ და საქმეს თქვენ გახსნით?

- გარანტიას გაძლევთ, რომ ეს „ბარდაგი“ რაც საქართველოში ხდება, აღარ გაგრძელდება და საზოგადოება ამას, ადრე თუ გვიან, წერტილს დაუსვამს. ვინ მოვა ხელისუფლებაში ჩვენ თუ სხვა, ეს ხალხისთვის უინტერესოა. საზოგადოებას აინტერესებს, ამ ქვეყანაში მათთვის რა შეიცვლება. ნებისმიერი ჯანსაღი ძალა, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად შეცვლის და ამის მონაწილე პირადად ვიქნები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში გაუგებრობა და „ბარდაგი“ დამთავრდეს. ამ საქმის გამოძიება ნებისმიერი ადეკვარტური ძალის ღირსების საქმეა.

პრემიერმა განაცხადა, რომძალიან ცუდია, უზნეო ადამიანები, რომლებსაც წარსულში ბევრი კრიმინალი აქვთ ჩადენილი, ბარბარე რაფალიანცის თემით სპეკულირებენ და ამაში ოჯახსაც რთავენ“...

- ამაზე ის ადამიანი საუბრობს, რომელმაც თქვა, რომ მისი პირადი ღირსების საქმე იყო ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება. მას ღირსება დაავიწყდა და ახლა ოპონენტებს შემოუტრიალდა. მართალი გითხრათ, ბოლო პერიოდში, მისი განცხადებები ადეკვატურობას მოკლებულია და არ გამიკვირდება, რომ მას ასეთი რეაქცია ჰქონდეს, მაგრამ ეს საქმე არ დაიმალება და ვაი, მათ, ვინც საბოლოო ჯამში ამ დიდი სირცხვილის მონაწილე აღმოჩნდება.

ირაკლი ღარიბაშვილი გპასუხობთ, რომ ეს შემთხვევა თქვენს დროს მოხდაგამოძიებისთვის 25 დღე გქონდათ. მისი თქმით, როცა ხელისუფლებაშიქართული ოცნებამოვიდა, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი...

- თუ რაიმეს მიჩქმალვა უნდათ, დამნაშავეები ნაციონალები არიან. ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების ვადები გადასწიეს და თურმე, იმიტომ, რომ ამისთვის მზად მოსამართლეები არ არიან. საქართველოში მზე მცხუნვარე თუ არ იქნება, ესეც ნაციონალების ბრალია, ისევე როგორც ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის სრულად არამოქმედება. ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდნენ. ეს ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ხალხს ყველაფერზე გადაბრალების პოლიტიკა მოსწყინდა. მათი ლიდერი გამოდის და ყოველ სიტყვაზე ახსენებს, თუ როგორი ცუდები არიან ნაციონალები, როგორ არ ემორჩილებიან ჟურნალისტები და ა.შ. საქართველოს ბურუსში მოცვის და „დაბოლების“ პოლიტიკა დიდი ხანი არ გასტანს.

სასურველია, ბარბარე რაფალიანცის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მაგრამ გირგვლიანის საქმე ნაკლებ საზარელია? კომისიის შექმნას, ამ საქმეზე რატომ არ ითხოვთ?

- თუ რაიმეს გაკეთება სურთ, უმრავლესობაში თავად არიან და მათ შეუძლიათ ეს გაეკეთონ. ყველა სახელმწიფო უწყება მათ ხელშია, მათ შორის საგამოძიებო ორგანოები. საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ არის საპნის ბუშტივით გაბერილი ყველა საქმე, რომელიც ფხვნილივით ჩამოიშალა. ხალხს უმალავენ იმას, რომ არიან უუნაროები და წარუმატებლები. მათი შეთხზული მითები მათივე საგამოძიებო ორგანოებში ჩამოიშალა. ამიტომ სურთ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მოსპონ. მითები აღმოჩნდა ასევე საქართველოს აყვავების იდეა და დაპირებები. ამ კაცმა, „ბრძენ“ კაცს ვგულისხმობ, დროებით საქართველოს პრივატიზება მოახდინა და აღარ აწყობს, რომ ამომრჩეველს სიმართლე უთხრას.

ბიძინა ივანიშვილი თქვენ ქაოსური ვითარების დახატვაში გადანაშაულებთ...

- მათი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები უფრო მეტად ანერვიულებთ, ვიდრე თავისივე ამომრჩევლის ხმა. ხალხის განწყობა დღითიდღე თვალსაჩინო ხდება. ქუჩაში გაიარონ, სოციალური ქსელები ნახონ და ადამიანებს დაელაპარაკონ. ის, რომ დანაშაულმა მოიმატა, ამას რად უნდა ქილიკი და ნაციონალებზე რაღაცის გადაბრალება? - ეს არის სირაქლემას პოზაში ყოფნა და უპასუხისმგებლობა. ჯაბა იოსელიანის შემდეგ საქართველოში ის მივიღეთ, რომ ბესელიამ და კობახიძემ რეციდივისტებს უშუამდგომლეს და მძიმე დანაშაულის ჩადენა მოხდა. ოქროპირიძის ადვოკატი სწორედ კობახიძემ იყო, რომელმაც ეს ადამიანი ციხიდან გამოუშვა. ბესელიამ კი ერთ-ერთი რეციდივისტი გამოუშვა, რომელმაც სიცოცხლეს მშრომელი მუსიკოსი ბიჭი გამოასალმა.

თუმცა, for.ge-სთან საუბარში კობახიძემ აღნიშნა, რომ ის ოქროპორიძის უფლებადამცველი იყო, რომელიც ციხეში სასტიკად აწამეს. მან თქვა, რომუდო“- კომისიას კანონის ფარგლებში მიმართა და პატიმრისთვის შუამდგომლობა არ გაუწევია...

- რა სისულელეა... პოლიტიკური გადაწყვეტილება მან მიიღო და უკან რა მოტივაცია იდგა, არ ვიცით. ფაქტია, რომ მკვლელობაში მსჯავრდებული გათავისუფლდა. ციხიდან გამოშვებული 18 ათასი კაცია და ნურავის დაუწყებენ იმის მტკიცებას, რომ „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია. ბესელია-კობახიძე რომ არაფერ შუაში არ არიან, ეს აბსურდი იმას მოუყვენ, ვინც დაუჯერებთ. ეს უბრალოდ არასერიოზულია. ერთი ჯაბა იოსელიანი იყო, რომელმაც კრიმინალური „ბარდაკი“ გამოიწვია და მეორე ესენი არიან. პოლიცია დემორალიზებულია. საქართველოს პოლიციის საჭირო რაოდენობა ჰყავს და კრიმინოგენური სტაბილურობისთვის თავის გართმევა შეუძლიათ, მაგრამ ვინც პატიოსანი იყო, ტყვიაზე მიდიოდა, ყაჩაღს, რეციდივისტს და ტერორისტს ებრძოდა, ისინი ან დაჭერილი არიან, ან სამსახურიდან გაათავისუფლეს. დღეს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს იდეოლოგია რა არის, ან პროკურატურის? ვის ემსახურებიან?

ხელისუფლება აცხადებს, რომ ემსახურებიან სახელმწიფოს და უწყებები არის დეპოლიტიზირებული...

- ეს იმას მოუყვენ, ვისაც მათი სჯერა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რამდენად დეპოლიტიზირებულია უწყებები. ძალოვანი უწყებები ნათესაობით არის გავსებული. იცით, პროკურატურის სისტემაში რამდენი კაცი მუშაობს? - 860 ადამიანი, მაშინ, როდესაც 2012 წელს, უწყებაში 450 თანამშრომელი მუშაობდა.

გამორიცხავთ, რომ ეს რაოდენობა საქმეების სიმრავლით იყოს განპირობებული?

- საქმის ხარისხს არაფერი ეტყობა. ნათესავები და ძმაკაცები ჰყავთ შეყრილი. სამწუხაროდ, ერთადერთ იდეოლოგიას, რასაც ძალოვან უწყებებს „ქართული ოცნება“ სთავაზობს, ბიძინა ივანიშვილის სამსახურია. უფრო სწორად, ივანიშვილის კაპრიზების შესრულება.

ძალოვანი უწყებები და სახელმწიფო ინსტიტუტებინაციონალურ მოძრაობისინტერესებს არ ემსახურებოდა?

- „ნაციონალურ მოძრაობის“ ინტერესები სახელმწიფოს შექმნა იყო. ის პოლიტიკური ძალა ვართ, რომელმაც დიახ, სახელმწიფო შექმნა. ნაციონალებისა და სამართალდამცავი უწყებების ინტერესი ერთი იყო - სახელმწიფოს შექმნა. ქვეყანა ფეხზე დავაყენეთ და სახელმწიფო იდეოლოგია შევქმენით. ჩვენი მიზანი იყო, თავი დაგვეღწია რუსული ორბიტისთვის, ნაწილი გავმხდარიყავით დასავლეთის და დაგვეძლია კორუფცია. ჩვენს დროს, მთავარი ღერძი ეს იყო, დღეს რა არის? უკრაინაში მებრძოლად წასული ბიჭების ოჯახებს „სუს“-ის წარმომადგენლები რომ სტუმრობენ და ინტერესდებიან, ქართველები უკრაინაში რატომ იბრძვიან და ანტირუსული ინტერესების გამტარებლები რატომ არიან, ეს ივანიშვილის იდეოლოგიაა. ივანიშვილს პუტინის ტყვიასავით ეშინია, რომ მის უსაფრთხოებას და ინეტერესებს საფრთხე არ დაემუქროს. ივანიშვილის რეალური მოტივაცია ცნობილი ძალიან მალე გახდება. ამას ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიხვდება, რომელიც ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.