ბრძოლა წესების გარეშე თუ ვიღაცის კარნახით გაკეთებული ჟურნალისტიკა? რას ნიშნავს "ანატომიის" ეპატაჟური წამყვანის, ნათია მიქიაშვილს განცხადება, რომ მას პრემიერის ნათესავი ემუქრება?!
ხშირად, როცა სიტყვები აზრს კარგავს, გენიოსების ფრაზები არ გტოვებს და ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური ნაწარმოებიდან, დათა თუთაშხიას ფრაზები ამოგიტივტივდება: "ჯონჯოლია! - კი ხარ მოსაკლავი, მაგრამ ჩემი ხელით არ შეიძლება შენი სიკვდილი: იტყვიან, მას რომ ესროლა, მიტომ მოკლა თუთაშხიამო. მე რომ მესროლე, ამისთვის კი არ ხარ მოსაკლავი... ფულის გულისთვის კაცის მოკვლა რომ შეგიძლია, ამისთვის ხარ სიკვდილის ღირსი და დაიხსომე ჩემი სიტყვა, შენი სიხარბე და დაუნდობლობა მალე მოგიღებს ბოლოს!"
ემუქრება თუ არა, პრემიერის ახლო ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი ნათია მიქიაშვილს, ამას სამართალდამცავი სტრუქტურები გაარკვევენ და თუკი მიქიაშვილის დაანონსებული ამბავი გამოუძიებელი დარჩება, ხელისუფლება იმაზე ადრე დაემხობა, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოუდგენია, მაგრამ თუკი დადგინდა, რომ მიქიაშვილი ცრუობს და სააკაშვილის გუნდის ხელში "იარაღად" იქცა, მაშინ, მიქიაშვილს მოუწევს პასუხი აგოს, ცილისწამების გამო.
"ალია" წინა ნომერში წერდა: "ქვეყანაში სააკაშვილის მართული ტელევიზიები, დიდი ხანია ნადირობენ ხელისუფლების კომპრომატებზე, თუმცა პრაქტიკულად ვერ მოხერხდა აქამდე "ციხის სკანდალური" კადრების გადაფარვა, მაგრამ ჯოჯოხეთის მანქანა ჩართულია და როგორც კარგად ინფორმირებული წყარო გვატყობინებს, სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკის ანატომიას, მალე ჩაანაცვლებს ამ ხელისუფლების ანატომია. ის, რომ "რუსთავი 2"-ის დე ფაქტო პატრონი სააკაშვილია და მასთან შეუთანხმებლად ჟურნალისტი კი არა, დამლაგებელიც კი ვერ იწყებს მუშაობას, ეს უკვე წაკითხული წიგნია და მიშას ხელწერა ეკრანს შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა, "რუსთავი 2" სააკაშვილის კვალდაკვალ დადის ნიუ-იორკში, კიევში თუ მის პოლიტიკურ საპირფარეშოში. ისიც გასაგებია, ვის რა ვალდებულება აქვს ნაცელიტასთან, თუმცა ძალიან გაუგებარია ზოგიერთი ჟურნალისტის მიშას არხზე გადასვლა, ვინც წლების მანძილზე სწორედ მისი მხილებით იყო დაკავებული და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიშასა და მისი რეჟიმის პოლიტიკურ სამარეს პირველმა ჩაარტყა ნიჩაბი, როცა 2006 წელს გირგვლიანის მკვლელობის სკანდალური ფაქტი ღია და საჯარო გახადა. "ანატომიის" ავტორისა და წამყვანის "რუსთავი 2"-ზე გადაბარგება ისეთივე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ჟურნალისტურ წრეებში, როგორც მისი სიუჟეტი გირგვლიანზე, საიდანაც მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ გირგვლიანი მერაბიშვილის უწყების თანამშრომლებმა მოკლეს. სააკაშვილმა მის წინააღმდეგ მომართული იარაღი ხელში ჩაიგდო და უკვე გასაგებია, რისთვის გამოიყენებს ის ამ "იარაღს"...
ეშმაკთან წილი ნაყარია და ხელისუფლებაზე სისტემური დარტყმები დაწყებული. და მაინც, ვინ იქნება მთავარი სამიზნე? მთავარი სამიზნე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, სააკაშვილისა და მისი მკვლელი რეჟიმის დაუძინებელი მტერი უნდა განეიტრალდეს, ასეთია დავალება. ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება ფართომასშტაბიანი იერიშის მიტანა ღარიბაშვილზე, რომელსაც სააკაშვილის ტელევიზიით მიეძღვნება გადაცემათა ციკლი, რაც პირდაპირ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად".
"ალია" სანდო წყაროზე დაყრდნობით ასევე წერდა, რომ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეუღლის მამიდაშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის კანდიდატურას განიხილავს, რასაც გუნდში პარტიის ზოგიერთი ლიდერის გაღიზიანება მოჰყვა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჯანყარაშვილის დანიშვნა ნიშნავს, პარტიიდან მოღალატეების წასვლას და ამბიციური ლიდერების დაოკებას, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ბიზნესპარტნიორები გადმოიბარეს და მათ მისცეს ხელშეუხებლობის გარანტია, დიდი ფული კი მათ ამბიციას უჩენს, აბსოლუტური ძალაუფლება ხელში ჩაგდონ, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის შენიშვნებისა, რომ "ოცნების" ლიდერები ჩამოსცილდნენ სააკაშვილთან ასოცირებულ ბიზნესელიტას. შენიშვნა შენიშვნად დარჩა, სამაგიეროდ გააფთრებული მუშაობაა "უფრო მეტისთვის"... "უფრო მეტის" მისაღებად კი ყველაფერი მოსულა - ჩაძირვა, ჩაწიხვლა, ჩაკორტნა... ქართულ პოლიტიკაში არ ამართლებს თანამებრძოლების გვერდით დაყენება, უახლესი პოლიტიკური პროცესებიდან თუ ვიმსჯელებთ, სწორედ თანამებრძოლები უთხრიან სამარეს გამოკვეთილ ლიდერს, ამიტომაც ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, თანამებრძოლს თანამოაზრე უნდა ჩაანაცვლო, მხოლოდ თანამოაზრეებს შეუძლიათ შექმნან ერთიანი გუნდი, სწორედ ეს გზა არჩია ღარიბაშვილმა, რასაც ზვიად ჯანყარაშვილის ხელით გააკეთებს.
ახლა კი მთავარი, დაემუქრა თუ არა ჟურნალისტ მიქიაშვილს ზვიად ჯანყარაშვილი? "ალია" მთელი დღის მანძილზე არკვევდა, რა მოხდა სინამდვილეში, ჩვენ ამ თემას კვლავ მივუბრუნდებით, თუმცა ამ დროის მონაცემით, ცნობილი ხდება, რომ ზვიად ჯანყარაშვილი ამ მუქარის ავტორი არ არის... ნათია მიქიაშვილმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანყარაშვილი მოითხოვდა, რომ გადაცემა, რომელშიც ის ერთ-ერთი მონაწილე პირი იყო, ეთერში არ გასულიყო. "ჯანყარაშვილმა დაიბარა ჩემი ოჯახის წევრი გუშინწინ საღამოს და უთხრა, რომ, თუ მე ამას გავაკეთებდი და ეს გადაცემა გავიდოდა, ძალიან ცუდად მომექცეოდა და ძალიან ცუდ რამეს გამიკეთებდა მე და ჩემი ოჯახის წევრებს".
მიქიაშვილის განცხადებით, მან პირადად შეატყობინა მომხდარის შესახებ პრემიერს, რათა მიეღო გარანტია მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე, თუმცა ამ საკითხზე რეაგირება ირაკლი ღარიბაშვილს არ მოუხდენია. ჟურნალისტი მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დაიცვან ჟურნალისტის უსაფრთხოება და დაინტერესდნენ მომხდარით. "დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს". - დასძენს მიქიაშვილი. ყველაზე დიდი უცნაურობა მის განცხადებაში კი ისაა, რომ თურმე მიქიაშვილი, რომელიც 9 წელი ამზადებდა "ანატომიას" "ნაციონალურ მოძრაობაზე", მსგავს ფაქტს მათგან ადგილი არ ჰქონია.
ახლა, ჩვენ რა ვქნათ, ვისაც კარგი მეხსიერება გვაქვს და ანალიზის უნარი, უსამართლობის მორევში გადავეშვათ, დავბრმავდეთ, დავმუნჯდეთ, თუ დავყრუვდეთ? ძვირფასო წამყვანო, გუშინწინ თუ დაგემუქრნენ, ამერიკაში მიმავალი პრემიერ-მინისტრი ჰაერიდან ვერ იფოკუსნიკებდა, ვერც დაცვას გაგიძლიერებდა და ვერც დამნაშავეს აუწევდა ყურებს. აი, თქვენ რაში დაგჭირდათ, ახლა ამ ამბის გასკანდალება, როცა ქვეყნის სახელით პრემიერი გაეროში სიტყვით გამოდის. ნეტავ, ეს გამაგებინა (ისე კი მეცინება), როცა ამბობთ, "ნაციონალების დროს" არავინ მემუქრებოდაო... ეჰ, ნათია, მართლა ბრმა ყოფილა სიყვარული, რომელიც ადამიანს ხან აბოროტებს, ხან "აბაროტს" აღებინებს და ხანაც აკნინებს... წამით "გადაახვიე" ფირი და პასუხს იპოვი, რატომ არ გემუქრებოდნენ "ნაციონალები". თუმცა, ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი საინტერესო პასუხს გცემს: "ქალბატონო ნათია, თურმე ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი, შს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, ვინმე ჯანყარაშვილი ემუქრება ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილს. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მსგავსი რამ წინა ხელისუფლების დროსაც კი არ მომხდარა. ნათიას მინდა გავახსენო, რომ წინა ხელისუფლების დროს, სწორედ მისი გადაცემის გასვლის წინ, რომელიც გირგვლიანის მკვლელების ციხეში ყოფნას ეხებოდა (სავარაუდოდ, ძალოვნებმა), ხელყუმბარა შემოგვიგდეს ტელევიზიაში, თანაც პირდაპირი ეთერის დროს (აფერუმ "ოცნებას", რომ საქმე დღემდე გამოუძიებელია), აფეთქების შემდეგ კი პატრული, რომელსაც დახმარება ვთხოვეთ, მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა. "მაესტროს" ხელმძღვანელებს კი ზოგს მიწაში ჩადებით და ზოგსაც ციხეში ამოლპობით გვემუქრებოდნენ. ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხშირად უკადრებელს მიირთმევს, არ ნიშნავს იმას, რომ მიშას ეპოქა დავივიწყოთ, სადაც პირდაპირ ეთერში არათუ ემუქრებოდნენ, სცემდნენ ჟურნალისტებს და არბევდნენ ტელევიზიებს (სხვათა შორის შენი ჩართვის შემდეგ). წარსულის დავიწყება, უკეთეს მომავალს არ მოგიტანს, ჩემო ნათია".