ქართველ ახალგაზრდობას ,,უკურნებელი სენი’‘ შეეყარა

ქართველ ახალგაზრდობას ,,უკურნებელი სენი’‘ შეეყარა

რა იწვევს და როგორ დავძლიოთ ნიჰილიზმი ანუ ,,ყველაფრის უარყოფის სინდრომი’‘

უმუშევრობა, უპერსპექტივობა, განათლების დაბალი ხარისხი, ნიჰილიზმი... _ ეს დღევანდელი ახალგაზრდობისთვის დამახასიათებელი სამწუხარო ნიშნების არასრული ჩამონათვალია. სწორედ ამ განწყობის შედეგია, რომ ლამის ყოველი მეორე უცხოეთში „გაღწევაზე“ ოცნებობს... ქვეყანა ნელი ტემპით ვითარდება და ახალ თაობას ვერ სთავაზობს სივრცეს სრულფასოვანი რეალიზაციისთვის,  ამიტომ ქართველი ახალგაზრდების, ალბათ, დიდ ნაწილს წარმატების მიღწევის არ სჯერა, სამუშაოს ძებნისას, პირველივე უშედეგო ცდაზე, ხშირად ხელს იქნევს და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაზე უარს ამბობს. არსებობს თუ არა ამ ვითარებიდან გამოსავალი?  

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი: ,,საკუთარი თავის მნიშვნელობის დაკარგვა, გარემოს მტრული აღქმა და უპერსპექტივობა ახალგაზრდისთვის ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, რაც ყველაფრის უარყოფამდე ანუ ნიჰილიზმამდე მიდის. ამ მდგომარეობაში კი, ადამიანისა და ზოგადად, სამყაროს არსებობას აზრი არ აქვს, ამიტომ ცხოვრების ყველა სფეროში პროტესტმა, სხვადასხვა სახით და ასოციალურმა გამოვლინებებმა იმატა. ამასთან, მდარე მუსიკა, ლიტერატურა, ასეთივე ტელეგადაცემები წარმოიქმნა და ღირებულებებისაგან დაცლილი ფსიქო-სოციალური სივრცე მივიღეთ. ცხადია, ახალგაზრდას მხოლოდ საკუთარი შინაგანი რესურსებით აღნიშნული წინააღმდეგობების დაძლევა უძნელდება. მომავალს, მანკიერი ცხოვრების სტილის წახალისებით, საბედისწერო განაჩენი აქვს, მით უმეტეს, ახალგაზრდები ხედავენ ე.წ. ცნობად სახეებს, რომელთა განათლება და ზნეობრივი სახე საკმაოდ სავალალოა. ჯანსაღი გარემოს შექმნაზე საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად უნდა იზრუნონ. განსწავლულობისა და შრომის პატივისცემის გარეშე, ადამიანური არსებობა შეუძლებელია. საზღვარგარეთ წამსვლელთა შორის ძირითადად, სამი კატეგორიაა გამოკვეთილი. ერთნი მხოლოდ სამუშაოს ეძებენ, მეორენი – განათლების მსურველები არიან. მესამე ნაწილს კი, სწავლა სწყურია, მაგრამ სწავლის ფული იქვე, საკუთარი შრომით უნდა იშოვოს. თანამედროვე ადამიანისთვის, როცა კომუნიკაციის ასეთი ფართო და ხელმისაწვდომი საშუალებები არსებობს, ქვეყნის გარეთ ნებისმიერი მიზნით გასვლა, იქნებ, პრობლემური არც უნდა იყოს, მაგრამ თუ ეს შეჭირვებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითაა გამოწვეული, ყოველი ასეთი გასვლა წინმსწრები დაძაბულობის მატარებელია.

ადამიანის უსაფრთხოების გარანტი მისი მოქალაქეობაა - მას თავისი ქვეყნის კანონი იცავს. არალეგალობის შემთხვევაში კი, თავს ვერც უსაფრთხოდ იგრძნობს და არც მოქალაქეობრივი სრულყოფილობის განცდა ექნება. დაუცველობის განცდა ხშირად სახიფათო რისკების იმპულსებს აღძრავს. ამიტომ, ხშირად, სამწუხაროდ, საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების კრიმინალურ საქმიანობაზე ლაპარაკობენ. კრიტიკული ცნობიერების შემთხვევაში, ადამიანი ყოფნასა და არყოფნას შორის პირველს ირჩევს. ყოფნა აზრის წარმოების პროცესი ანუ აზროვნებაა. ესაა ადამიანური ცხოვრება, ჭეშმარიტი სიცოცხლე. აზროვნება თავად შრომაა, როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური. არსებულიდან შესაძლებლობის წარმოსახვას არსებულზე პასუხისმგებლობა ახლავს. ზოგჯერ ცხოვრება ადამიანს ურთულეს მომენტებს სთავაზობს და სწორედ ამ დროს ადამიანს ყველაზე მართალ გზას სიცოცხლის უნარი აპოვნინებს. ამ მდგომარეობას ცნობილმა ფსიქოლოგმა ვიქტორ ფრანკლმა უკანასკნელი თავისუფლება უწოდა; მერაბ მამარდაშვილისთვის კი, სწორედ აქ, ამ მომენტში იბადება ნამდვილი ადამიანი. „გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი, მეორედ და – ნამდვილად’‘ (მერაბ მამარდაშვილი). რელიგიაში ამას განსაცდელი ჰქვია, განსაცდელის მიღებასა და მასზე პასუხისმგებლობის აღებას კი, - მადლი. ადამიანი ადამიანად კი არ იბადება, არამედ, მის შესაძლებლობად. შესაძლებლობის რეალობად ქცევას მხოლოდ მემკვიდრული ნიშან-თვისებები და გარემო კი არა, ინდივიდუალური, საკუთრივ პიროვნული ნიშნებიც განაპირობებენ. ამიტომაც, ყოველი ადამიანი საკუთარი თავის, საზოგადოებისა და ბუნების წინაშე პასუხისმგებელია. სიკვდილ-სიცოცხლის ერთდროულმა ხედვამ დააძლევინა სიკვდილი ნოვალისს, ბარათაშვილს, ვაჟას... „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს“ (ნიკოლოზ ბარათაშვილი).   ახალგაზრდობა – ეს ბევრი, ბევრი კითხვის დროა, „ცოდნა სიკეთეა“, - ამბობდა სოკრატე. ცოდნისა და სიყვარულის, ცოდნისა და ზნეობის ერთიანობით შევძლებთ, განვახორციელოთ თავისუფლება ანუ ვეზიაროთ ბედნიერებას’‘.