განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, კანონდამრღვევი დირექტორები სამი წლის განმავლობაში საჯარო სკოლებში თანამდებობას ვერ დაიკავებენ. ეს ცვლილება, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევა. სამინისტროს განცხადებით, ინიციატივა დირექტორების მიერ კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას ემსახურება. განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების ვარაუდით, ეს ინიციატივა შესაძლოა ცუდ ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული დირექტორების წინააღმდეგ.
51-ე საჯარო სკოლის დირექტორი დავით ლაგვილავა განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა თანამდებობიდან წელიწად-ნახევრის წინ გაათავისუფლა. დავით ლაგვილავამ მინისტრის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა და სამინისტროს დააკისრა როგორც იძულებით განაცდურის ანაზღაურება, ისე მინისტრის ბრძანების გაუქმება, თუმცა გათავისუფლებულმა დირექტორმა სკოლაში დაბრუნებაზე უარი თქვა. ახლა ის „საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარეა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებას გულისხმობს და, დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მას სამი წლით სკოლაში თანამდებობის დაკავებას უზღუდავს, დავით ლაგვილავასთვის მიუღებელი და დისკრიმინაციული ნორმაა:
„თუ ჩვენ სისხლის სამართლის დანაშაულთან და მსგავსი ტიპის გადაცდომებთან გვაქვს საქმე, ამას კანონი ისედაც ითვალისწინებს, მაგრამ ის, რომ მინისტრს შეიძლება არ მოეწონოს კონკრეტული დირექტორი, ისევე როგორც მოხდა ჩემ შემთხვევაში, - და ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება არ არის, ეს სასამართლომაც დაადასტურა, -ითვალისწინებს თუ არა კანონი ჩემს უფლებებს? ეს გადაწყვეტილება არის ცუდი და მავნე გადაწყვეტილება. ის ზღუდავს როგორც ადამიანის უფლებებს, ასევე ამ შემთხვევაში კონკრეტულად იმ სკოლის დირექტორების უფლებებს, რომლებიც შესაძლოა, ისევე როგორც ჩემ შემთხვევაში, სუბიექტური გადაწყვეტილების გამო და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან“.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი 22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტის მიხედვით, სკოლის სამეურვეო საბჭოს, ასევე სამინისტროს მიერ დირექტორის ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, პირს არ აქვს უფლება სამი წლის განმავლობაში დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოადგილის ან ნებისმიერი სხვა თანამდებობა სკოლის დირექციაში. კომიტეტის იურისტს ოთარ ბეჟიტაშვილს სამინისტროს ამ ინიციატივასთან მიმართებაში, როგორც იურისტს, კითხვები აქვს:
„აქ არის საეჭვო მომენტი და კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დაკონკრეტებული რა შემთვევაში ხდება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. თუ აღმოჩნდა, რომ საფუძველი სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის დაკონკრეტებული, ალბათ, მიზანშეწონილად არ იქნება მიჩნეული ამ პუნქტის დატოვება კანონპროექტში. ამის თაობაზე 22 სექტემბრის განხილვისას მსჯელობა არ ყოფილა, რადგან გუშინ მხოლოდ კანონპროექტის ზოგადი პრინციპები განვიხილეთ. მეორე განხილვისთვის, რა თქმა უნდა, ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში“, - ამბობს ოთარ ბეჟიტაშვილი.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სამინისტროს ამ ინიციატივას შესაძლოა საფუძვლად ედოს ხარისხის უზრუნველყოფა, თუმცა დაგეგმილ ცვლილებაში ის პოზიტიურზე მეტად ნეგატიურ კუთხეს ხედავს და ამბობს, რომ ეს ინიციატივა შესაძლოა ცუდ ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული დირექტორების წინააღმდეგ. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოხდეს დირექტორთა გადაცდომების დიფერენციაცია და გადაწყვეტილებაც ამის ნიადაგზე იყოს მიღებული:
„იმ დირექტორის გათავისუფლება, ვისაც სერიოზული დარღვევა ჰქონდა, რაც შეიძლება იყოს თანხების გაფლანგვა, არასწორი მმართველობა, მათ შორის, ბავშვების უფლებების შეზღუდვა სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ., ასეთ დროს შეიძლება სამინისტრო ინდივიდუალურად მიუდგეს საქმეს და გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს მას, მაგრამ ასე საერთო გადაწყვეტილება, რომ დირექტორს გათავისუფლების შემდეგ შეეზღუდოს სამი წლით სკოლის ადმინისტრაციაში საქმიანობა, ეს საკმაოდ საკამათო თემაა, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ ზოგიერთი დირექტორის გათავისუფლება არის პირადი ინტერესი და შიდა აუდიტის სამსახური გამოყენებულია ამ ინსტრუმენტის ასამუშავებლად. ზოგადად, ეს არის ცუდი ინსტრუმენტის მინიჭება სამინისტროსთვის არასასურველი კადრების სამი წლით თავიდან მოსაშორებლად“, - ამბობს შალვა ტაბატაძე.
სამწუხაროდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაგეგმილი ცვლილების თაობაზე კომენტარის მოძიება ვერ მოხერხდა, თუმცა, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კანონდამრღვევი დირექტორები სამი წლის მანძილზე საჯარო სკოლებში თანამდებობას ვეღარ დაიკავებენ, დირექტორების მიერ კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას ემსახურება.