ელექტრონულ ფოსტაზე შემდეგი შინაარსის შეტყობინება მივიღე: "2014 წლის 25 სექტემბერს, დღის 3 საათზე ამერიკის საელჩოსთან გაიმართება "ლგბტ" თემის წევრების საპროტესტო აქცია, რომლის მიზანია, გააპროტესტონ ბოლო პერიოდში განხორციელებული ე.წ. "რეიდები", ანუ პოლიციური კონტროლი, რომლის დროსაც ტრანსგენდერებს უკრძალავენ ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებას, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლების ხელყოფას. პოლიციური კონტროლი თავისი შინაარსიდან და მოქმედებიდან გამომდინარე, წარმოადგენს "ლგბტ" თემის წევრების დისკრიმინაციას".
"ალიას" "საქართველოს ახალგაზრდული ეროვნული მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან რეხვიაშვილი ესაუბრა:
- ლევან, "ლგბტ"-ს წარმომადგენლების აქციებს თქვენი ორგანიზაცია აქტიურად უპირისპირდებოდა. აშშ-ს საელჩოსთან რომ აქციას მართავენ 25-ში, ამის შესახებ იცით რამე?
- ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შევიტყვე, ეს არის მცდელობა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოახვიონ თავიანთი იდეოლოგია, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება არასდროს. მათი უფლებები ისედაც დაცულია საქართველოში, ეს გამოსვლები კი, უბრალოდ, იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ გამოიწვიონ საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა პროვოკაციაზე. ალბათ, ტელევიზიები გააშუქებენ და ეს სხვა ქვეყანაში დასანახადაცაა გამიზნული, მეტი პრივილეგიების მისაღებად.
- რაღა მაინცდამაინც ამერიკის საელჩოს წინ, რაზეა გათვლილი?
- არც არის გასაკვირი, ახლახან ხომ მიიღეს ამერიკაში გეები ჯარში? ეს გამოსვლები ორიენტირებულია იმაზე, რომ ელიან დაფინანსებას. მათ აფინანსებენ გაურკვეველი ფონდებიდან. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგი მათგანი სულაც არაა "ლგბტ" პირი, მაგრამ ფულის გამო სამშობლოსა და სულს ყიდის და ნებისმიერ ასეთ აქციას შეუერთდება. მათ აქვთ უფლებები, არიან კანონით დაცულები, ნუ გამოდიან და ნუ გვახვევენ თავს, სახლში რაც უნდათ, ის გააკეთონ. ცოტა ხნის წინ საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ, პატრიარქს შეურაცხმყოფელად იხსენიებდნენ. საქართველო ამ დრომდე მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიყვანა, და არა ტრანსსექსუალებმა, გეებმა და ასე შემდეგ. ამ ხალხს სჭირდება მკურნალობა, მოვიდნენ ეკლესიაში და დარწმუნებული ვარ, სწორ გზაზე დადგებიან. 25-ში მოაწყონ მანიფესტაცია და ნახავენ საქართველოში ახალგაზრდების ძალას.
- რატომ გააქტიურდნენ მაინცდამაინც ახლა, საეჭვო მგონია, ამის მიზეზი მარტო მათი დაკავება იყოს რეიდების დროს...
- რა თქმა უნდა, არაა ეს რეალური მიზეზი. რეიდების დროს მეც გამაჩერეს რამდენიმეჯერ, ზრდილობიანად, ერთი-ორი შეკითხვა დამისვეს და წავიდნენ. როცა დანაშაულს არ სჩადიხარ, არავინ დაგაკავებს. მე თუ მკითხავთ, ეს ე.წ. რეიდები კიდევ მაგათ დასაცავადაა. ჩვენ აუცილებლად მივალთ 25-ში აქციაზე და დავგმობთ ამ აქციას. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად.
- რა გარანტია გაქვთ, რომ მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი, რას გეგმავთ კონკრეტულად?
- ჩვენი მხრიდან არანაირი პროვოკაცია არ იქნება, ამის პირობას გაძლევთ. საქართველოზე გული ვისაც შესტკივა და აწუხებს, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დადგეს ჩვენს გვერდით, ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ვიქნებით, რადგან ინფორმაცია ახალია, ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლები უნდა დავსხდეთ და სამოქმედო გეგმები გავწეროთ, მოვილაპარაკებთ, რა სქემით ვიმოქმედოთ. მაგრამ ერთი ვიცი ზუსტად, საქართველოზე ძალიან ბევრ ახალგაზრდას შესტკივა გული და დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი ჩვენს გვერდით დადგება 25 სექტემბერს. ჯერ 50 კაცის იმედი მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ შემოგვიერთდებიან.