კონტრტერორისტული საწვრთნელი ცენტრის გახსნა ოფიციალურად არ დასტურდება

კონტრტერორისტული საწვრთნელი ცენტრის გახსნა ოფიციალურად არ დასტურდება

საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველომ ამერიკას სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა, არ ადასტურებს. გეგეშიძე ვარაუდობს, რომ გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო. 

„თუ დადგა ეს საკითხი, ისევე, როგორც სხვა საკითხები, საქართველოს ხელისუფლება ამას მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება, განიხილავს მის დადებით და უარყოფით მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს პასუხი არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე დასტურს. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტმა, ციტატის სახით მოიყვანა ჩემი აზრი, რომელიც მე არ გამომიხატავს“, - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

ამერიკულმა გამოცემა „Foreign Policy“-ის ინფორმაციით, საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. სტატიის მიხედვით, თანხმობის შემთხვევაში, შეთავაზება შესაძლოა დაემატოს თეთრი სახლის არსებულ გეგმას, ხუთიათასი სირიელი მეამბოხის გაწვრთნის შესახებ მომავალ წელს, საუდის არაბეთში იმ ექსტრემისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც ახლა ერაყისა და სირიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

„საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა“, - ციტირებს გამოცემა აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის კომენტარს. 
როგორც სტატიაშია აღნიშნული, გაურკვეველი რჩება საქართველოში გასამართი საწვრთნელი პროგრამის პოტენციური მასშტაბი, თუმცა, ამერიკულ გამოცემის ინფორმაციით, არჩილ გეგეშიძემ მას განუცხადა, რომ შესაძლოა, ამ პროგრამის ფარგლებში საქართველომ უმასპინძლოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და არა - მხოლოდ სირიიდან. „ეს იქნება კონტრტერორისტული საწვრთნელი ცენტრი ნებისმიერი ეროვნებისთვის“, - ციტირებს გამოცემა არჩილ გეგეშიძის სიტყვებს.

სტატიაის თანახმად, სექტემბერის დასაწყისში, თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა შეთავაზება ქართველი მაღალჩინოსნებისგან მიიღო. 
„ჩაკ ჰეიგელის ვიზიტისას საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას და რომელიც არ არის „მთავარი კოალიციის“ წევრი, სადაც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, კანადა, ავსტრალია, იტალია, პოლონეთი და დანია შედიან“,- ნათქვამია სტატიაში. 

ავტორი აღნიშნავს, რომ პენტაგონი არ აკეთებს კომენტარს, მიიღო თუ არა ამერიკულმა მხარემ ქართული მხარის წინადადება, ან როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხზე. 

Foreign Policy-ს სტატიის პასუხად სგანგებო განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ. ირაკლი ალასანიას უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და ნატოსთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში.

„საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზები ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას. მოკავშირეებთან ერთად განხილული არც ერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო.

„საქართველოში არ იგეგმება არავითარი საწვრთნელი ცენტრის გახსნა და არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა კოალიციის ფარგლებში. ამასთან, ვაცხადებთ, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი დასტურიც არის ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ISAF -ის ოპერაციაში. რაც შეეხება IS-ის („ისლამური სახელმწიფოს“) წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას, საქართველოს მონაწილეობა ძირითადად შემოიფარგლება ჰუმანიტარული მისიებით. კოალიციის ფარგლებში საქართველოდან არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა და არც საწვრთნელი ცენტრის შექმნა არ იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლების ოფიციალური განცხადების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოსლკი ამბობს, რომ მიესალმება ქართული მხარის მიერ შეერთებული შტატებისთვის იმის შეთავაზებას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი სამხედროები გაიწვრთნას. 

„ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ჩვენი და ამერიკელების ურთიერთობას, მათ შორის ანტიტერორისტულ და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომლებშიც საქართველოა ჩართული, მაღალ შეფასებას ვაძლევ. თუ თანამშრომლობა მომავალში გაგრძელდება, ეს იქნება კარგი“, - აცხადებს გია ვოლსკი. 

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის დავით სიხარულიძის განცხადებით, კონკრეტული დეტალების გარკვევამდე რთულია გაანალიზება, რა რისკების შემცველი შეიძლება იყოს სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა. მისი თქმით, ტერორიზმი ემუქრება საქართველოსაც, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს და ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილეობა სწორედ მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნითაა განპირობებული.

„საქართველო და აშშ-ი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენ ჩართული ვართ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში და ასევე, გაკეთდა განცხადება, რომ ვუერთდებით კოალიციას, რომელიც ე.წ. ISIS-ის ტერორისტულ დაჯგუფებას დაუპირისპირდება. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა ნაბიჯები, რომელიც თეორიულად შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ჩვენი მონაწილეობა და ერთ-ერთი არის სწორედ ის, რაზეც სტატიაშია საუბარი. ჯერჯერობით უმჯობესი იქნება, დაველოდოთ იმ კონკრეტული კომპონენტების გარკვევას, რა პირობებზე შეიძლება საუბარი, რომ ასეთი რამ იქნას განხილული, აშშ რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ამ წინადადებას, იმ კონტექსტში, როდესაც ის დიდ გეგმას აკეთებს და საუბარია საუდის არაბეთში მომზადების ცენტრის გაკეთებაზე. ყველა კომპონენტი გასათვალისწინებელი და ასაწონ-დასაწონია. როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებები ძალიან დეტალურ განხილვას საჭიროებს“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.