„ქართული ოცნების“ ფინანსების მართვას ზვიად ჯანყარაშვილი ჩაიბარებს

„ქართული ოცნების“ ფინანსების მართვას ზვიად ჯანყარაშვილი ჩაიბარებს

პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივნად, შსს-ს გენერალაური ინსპექსიის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობაში ღიად ამ საკითხზე არ საუბრობენ.

„ქართული ოცნების“ იურიდულ საკითხთა სამსახურის უფროსი, თედო კობახიძე ადასტურებს, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. მისივე განცხადებით, ჯანყარაშვილი კონტროლს გაუწევს ფინანსურ კუთხეს, ასევე მას დაექვემდებარება შიდა კონტროლის სამსახურიც.

ჩაიბარებს თუ არა პრემიერ-მინისტრის ნათესავი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას, ამის შესახებ არაფერი იცის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა, რომლის განცხადებით, მისთვის უცნობია საიდან ვრცელდება ინფორმაცია ჯანყარაშვილის დაწინაურებასთან დაკავშირებით და არც ის იცის სად იყო საკითხი განხილული.

თედო კობახიძის განცხადებით, ზვიად ჯანყარაშვილ არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი წევრი. 2012 წლიდან აქტიურად არის ჩაბმული პარტიულ საქმიანობაში. მისი ინფორმაციით, საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მას მომავალ კვირას პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

„ხორცილდება სტრუქტურული ცვლილება. პარტიას სჭირდება ძლიერი აღმასრულებელი რგოლი. ზვიად ჯანყარაშვილი არის პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, წინასაარჩევნო პერიოდში ხელმძღვანელობდა სიღნაღის საარჩევნო შტაბს, მან თავისი საქმიანობით აჩვენა ის შედეგი, რომ აქვს კარგი მენეჯერული თვისებები და არის მოტივირებული შედეგზე,

შეუძლია საქმის კეთება. შსს-ში მუშაობის პერიოდში მის სახელს უკავშირდება აწყობილი სისტემა. ვფიქრობ, რომ ზვიად ჯანყარაშვილის სახით პარტიას ეყოლება ერთ-ერთი სერიოზული პირი, რომელიც თავისი მუშაობით, თავისი გამოცდილებით დადებს იმ შედეგს, რასაც ჰქვია პარტიის კიდევ უფრო წინსვლა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თედო კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მიზეზად კი, პრემიერ-მინისტრთან ნათესაური კავშირი დაასახელა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანყარაშვილმა თანამდებობა ვიცე-პრემიერთან კახი კალაძესთან დაპირისპირების შედეგად დატოვა.

დაპირისპირების მიზეზი კი თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გახდა, რომელიც ადგილიბრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა, რაც არსებული ინფორმაციით, კალაძისა და ჯანყარაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ამავე ინფორმაციის საფუძველზე, სწორედ კალაძის ჩარევის შემდეგ ეთქვა უარი შიხიაშვილს ქვემო ქართლის გუბერნატორობაზეც.

როგორც სამთავრობო კულუარებში ამბობენ, შიხიაშვილის ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშვნა გადაწყვეტილი იყო, თუმცა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა კალაძის ჩარევის შემდეგ შეცვალა. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, ვიცე-პრემიერი თანამდებობას დატოვებდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, პრემიერი შეპირდა შიხიაშვილს, რომ აუცილებლად დაასაქმებდა. სწორედ ასე აღმოჩნდა ჯანყარაშვილის მეგობარი შიხიაშვილი ვეტერანთა დეპარტამენტში.

for.ge დაუკავშირდა თავად ზვიად ჯანყარაშვილს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. რაც შეეხება შიხიაშვილს, მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

სამომავლოდ, ზვიად ჯანყარაშვილის პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ კოალიციაში შემავალი პარტიის წევრებს. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს არის პარტიის შიდა გადაწყვეტილება და ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არაფერს არ ვფიქრობ სხვა პარტიაზე. მე ვარ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და ჩემს პარტიაზე ყველაფერს გეტყით. ეს პარტია ჩვენგან დამოუკიდებელია, ჩვენ არაფერს გვითანხმებენ და არც ჩვენ ვუთანხმებთ არავის პარტიულ საქმიანობას. ეს მათი საქმეა, ჩვენ არ გვეხება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილმა.

პარლამენტის წევრი, ზურაბ ტყემალაძე, რომელიც ასევე კოალიციის წევრია, for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია და არც ის იცის, ვის დანიშვნას აპირებენ პარტიის აღმასრულებელ მდივნად.

„ვიცი, რომ აპირებენ აღმასრულებელი მდივნის დანიშვნას, მაგრამ ვის, ეს არ ვიცი. პარტიას სჭირდება გაძლიერება, პარტაის სჭირდება პარტიული საქმით დაკავებული ადამიანი. გენერალური მდივანიც და თავმჯდომარეც საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები არიან. კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქართული ოცნების შიდა სამზარეულო არა იხილება. ვის დანიშნავს „ქართული ოცნება“ აღმასრულებელ მდივნად, ეს არის „ქართული ოცნების“ პრეროგატივა“, - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.