რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს პრეზიდენტის და აწ უკვე ბრუკლინელ „ჰიპსტერად“ ქცეული მიხეილ სააკაშვილის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს პრეზიდენტის და აწ უკვე ბრუკლინელ „ჰიპსტერად“ ქცეული მიხეილ სააკაშვილის შესახებ

სტატიაში, რომელიც  მიხეილ სააკაშვილის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეძღვნება, ნათქვამია, რომ ჯეისონ ჰოროვიცის სტატია, ერთი შეხედვით,  ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის  დაბრუნების გეგმებს ეხება, თუმცა საბოლოოდ  ავტორი მასალის  უდიდეს ნაწილს ნიუ-იორკის ღამის ცხოვრებაზე ყოფილი პრეზიდენტის შეხედულებებს  უთმობს.

გაზეთებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ქალი ლიდერების პროფილებს აქვეყნებენ მოდის რუბრიკაში, ნაცვლად ბიზნესის და პოლიტიკის სვეტისა. თუ უილიამსბურგში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავგადასავლის აღწერა მაგალითად გამოდგება, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ შეისმინა ეს კრიტიკა და გადაწყვიტა, ყველა ლიდერს  „მოდის რუბრიკის“ სტილში მოპყრობოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიმომხილველის, ჯეისონ ჰოროვიცის სტატია, ერთი შეხედვით,  ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის  დაბრუნების გეგმებს ეხება, საბოლოოდ ავტორი თავისი სტატიის უდიდეს ნაწილს ნიუ-იორკის ღამის ცხოვრებაზე ყოფილი პრეზიდენტის შეხედულებებს  უთმობს.

შედეგად, სტატიაში ვერ ვხედავთ პრობლემებით სავსე და პუტინის რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებული საქართველოს მომავლის სიღრმისეულ ხედვას. მეორე მხრივ, სტატიაში არის ფარული მინიშნება, რომ სააკაშვილს დაუყოვნებლივ უნდა დაეთმოს   „რეალითი შოუ“.

თუ ეს პროფილი  უფრო სრულ ინფორმაციას გაწვდით ამჟამად  სააკაშვილის წელის ზომის შესახებ („ბევრად უფრო ჩასუქებულია, ვიდრე მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“) და სამაგიეროდ, გაბნევთ მის საკამათო და საეჭვო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ნუ იდარდებთ - აი, ის, რისი ცოდნაც თქვენ გჭირდებათ.

ვის სურს, იყოს დემოკრატიული რეფორმატორი? (როგორც აღმოჩნდა, ეს არ არის სააკაშვილი)

ბატონი სააკაშვილი იმყოფება ნებაყოფლობით დევნილობაში მეშვიდე ქუჩაზე  — და გეგმავს ტრიუმფალურ დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ დიდების მწვერვალებიდან მისი მყისიერი დაცემა გაფრთხილებაა ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისათვის, რომლებსაც ჰქონდათ იმედი, რომ ის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიის სამაგალითო ექსპორტიორი გახდებოდა. 

როგორც  Times-ის სტატია მიგვანიშნებს, გაჩნდა გარკვეული პრობლემები  დემოკრატიის ექსპორტირების ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოში ექსპორტისათვის არასაკმარისი დემოკრატია აღმოჩნდა.

სააკაშვილის ადმინისტრაცია პოლიტოლოგებმა სტივენ ლევიცკიმ და ლუკან ვეიმ  დაახასიათეს როგორც ,,კონკურენტული ავტორიტარიზმის“ მაგალითი - მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა თანამდებობა დაიკავა არაძალადობრივი  ,,ვარდების რევოლუციის“ შედეგად, მისი მთავრობა არც ისე დემოკრატიული იყო, პირიქით, სააკაშვილმა  სასამართლო სისტემა თავისი მოკავშირეებით დააკომპლექტა და დააპატიმრა თავისი კრიტიკოსები (რომელთაგან ზოგიერთს ბრალი დასდეს ქვეყნის ღალატში).  მისი მთავრობა  ასევე დევნიდა დამოუკიდებელ მედიას და სააბოლოდ შეაჩერა ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების მაუწყებლობა. სააკაშვილის ხელმეორე საარჩევნო კამპანია 2008 წელს, როგორც ლევიცკი და ვეი აღნიშნავენ,  ,,შეილახა სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, მედიის მიკერძოებით, ოპოზიციის მხარდამჭერთა დევნითა და დაშინებით."

მდიდართა და ცნობილთა (რომლებიც ახლაც იმკიან რუსეთთან არაგონივრული კონფრონტაციის შედეგებს) ცხოვრების წესი

გასული წლის ნოემბერში თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, ჯორჯ ბუშის ფავორიტმა, რომლის კონფრონტაციამაც ვლადიმერ პუტინთან 2008 წლის დამანგრეველი ომი გამოიწვია, მოახდინა თავისი ბიძის ბინის ოკუპაცია ერთ-ერთ კოშკში უილიამსბურგის სანაპიროზე, გაურკვეველი წარმოშობის სიმდიდრით ცნობილ რაიონში, სადაც დღეს ფუფუნებაში ატარებს დროს. კაფეებში გატარებული საათების, ხიდზე ველოსიპედით გასეირნებისა და სასტუმრო Wythe-ის სახურავზე გამართულ მამაკაცთა წვეულებებში მონაწილეობის შემდეგ დარჩენილ დროს სააკაშვილი ენთუზიაზმით უთმობს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ბატონი პუტინის რისხვასთან დაკავშირებულ თავის გამოცდილებას როგორც პოლიტიკაში ადგილის დაბრუნების საშუალებას.

შეიძლება სააკაშვილი არ გამოდგება იდეალურ კანდიდატად იმისათვის, რომ ურჩიოს უკრაინას, როგორ დაარწმუნოს რუსეთი, რომ მან პატივი უნდა სცეს სხვის საზღვრებს.

2008 წელს მისი ძალისხმევა დაებრუნებინა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები -  აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - მარცხით დამთავრდა. ამან ის მიიყვანა ხანმოკლე ომამდე რუსეთთან, რომელშიც ასობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. კონფლიქტი საქართველოსთვის სასიკეთოდ არ დასრულებულა: როგორც აფხაზეთი, ისე სამხრეთ ოსეთი დღესდღეობით ჯერ კიდევ ოკუპირებულია (ან ,,დაცულია," რუსეთის აზრით) რუსეთის ჯარის მიერ.

თბილისის (ქუჩაში გამოყვანილი) ნამდვილი დიასახლისები

აგვისტოში პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა ბრალი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში, რომელიც მოხმარდა პირადი სტილისტის, ორი მოდელის სასტუმროსა და მოგზაურობის, Botox-ისა და ეპილაციის, იტალიაში იახტის დაქირავებისა და ლონდონელი მხატვრის მერედიტ ოსტრომის (რომელიც ტილოზე თავისი შიშველი სხეულის ანაბეჭდებით ქმნის ნახატებს) ნამუშევრების შესყიდვისა და სხვა ხარჯების დაფარვას. მას ასევე ედება ბრალად 2007 წელს პოლიტიკური საპროტესტო აქციის დარბევა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, სააკაშვილს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უფრო სიღრმისეულ პოლიტიკურ პროფილს, ალბათ, ამაოდ შეეწირა  ძვირფასი აბზაცები იმის ახსნა-განმარტებისთვის, რომ ,,პოლიტიკური მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია“ იყო ის პერიოდი, როცა ათიათასობით ადამიანი რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩებში იყო გამოსული — და რომ ,,რეპრესიები" თავისთავად მოიცავდა არა მხოლოდ თვით საპროტესტო გამოსვლების დარბევას, არამედ ასევე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რომელმაც, სხვა შეზღუდვებთან ერთად, დახურა ყველა კერძო ტელემაუწყებლობა.

სტატიაში  შეიძლებოდა Human Rights Watch-ის ანგარიშის ციტირება, რომელმაც დაგმო საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციების ძალადობრივი, სასტიკი დარბევისა და განსხვავებული პოლიტიკური აზრის დევნის გამო.

ნაცვლად ამისა, სტატია უღრმავდება სააკაშვილის მიერ ფრენკ ზაპას გამღმერთებელი მასაჟისტის ისტორიას, რომლის სპეციალიზაციაც რაღაც „კბენით მასაჟად“ წოდებული თერაპიაა.

ბატონ სააკაშვილს ასევე ედავებიან საჯარო სახსრების გამოყენებას 2009 წელს მისი მასაჟისტის, დოროტი სტაინის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ქალბატონმა სტაინმა „მხოლოდ ერთხელ“ ჩაუტარა მას მასაჟის სეანსი, თუმცა, თავად ქალბატონი სტაინი ამბობს, რომ მას გადაუხადეს 2000 ევრო მასაჟის რამდენიმე სეანსში, საფირმო „კბენის მასაჟის“ ჩათვლით.

,,უამრავი საჩუქარი მომართვა, - ამბობს ქალბატონი სტაინი, რომელიც ბერლინსა და ჰობოკენში ცხოვრობს, - მითხრა, ჩემს ცოლს საწინააღმდეგო არაფერი ექნებაო, მაჩუ ქა ოქროს ყელსაბამი რაღაც რელიგიური ხასიათის კულონით, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ  ვატარებ, რადგანაც ჩემი ღმერთი ფრენკ ზაპაა“.

ამერიკის  უნივერსიტეტის დროებითი სინეკურის  შემდეგი მფლობელი

დევნილებსაც კი სჭირდებათ კვება, სურსათის ბაზრობაზე კი ქოქოსი იაფი არ ღირს.  სამსახურის პოვნა ბრძოლის ტოლფასი აღმოჩნდა სააკაშვილისთვის, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ამერიკელი დამქირავებლები უსაფუძვლოდ მგრძნობიარენი არიან ისეთი უმნიშვნელო პირადი საკითხების  მიმართ, როგორიცაა ,,კორუფციაში დადანაშაულება".

ბატონი სააკაშვილის თქმით, ის მოელოდა, რომ „უფროსი სახელმწიფო ფიგურის“ სტატუსით ტაფტის უნივერსიტეტში ლექტორობას გააგრძლებდა, მაგრამ მაისში უნივერსიტეტმა განუცხადა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა. სააკაშვილი ამბობს, რომ არ უცდია მუშაობის დაწყება მშობლიურ სასწავლებელში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, თუმცა, როგორც ერთ-ერთი პროფესორი ამბობს, სააკაშვილთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს იურიდიულ სკოლაში ეპოვათ მისთვის სამუშაო. ლინკოლნ მიტჩელი, სააკაშვილის კრიტიკოსი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ იურიდიული სკოლის ლიდერები შეშფოთებული არიან: ,,საერთაშორისო ტრიბუნალს არ უნდა გაესამართლებინა?“. მიტჩელი ასევე ახსენებს ,,შეშფოთებას მისი ქცევის გამო“.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილს საერთაშორისო სასამართლო გაასამართლებს, მიტჩელის შეშფოთება არ იყო  უსაფუძვლო.  2008  წელს, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ დაიწყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის განხილვა, რათა ბრალდებების საფუძველზე გამოეძიებინა  სამხედრო  და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულობანი.  მას შემდეგ,  საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურამ საგამოძიებო მიზნებით ორი ვიზიტი მოაწყო საქართველოში, თუმცა საქმე ჯერ კიდევ ვერ გასცდა წინასწარ საგამოძიებო ეტაპს.

სააკაშვილის ფეხდაფეხ

ბატონ სააკაშვილს თანამემამულეები ხშირად ხედავენ. მათ განსხვავებული აზრი აქვთ  სააკაშვილზე. ,,მას განხეთქილება შეაქვს დიასპორაში, - ამბობს ვახტანგ გომელაური, ბატონი სააკაშვილის კრიტიკოსი, რომელმაც 2012 წელს, საქართველოს ციხეებში წამების ფაქტების გახმაურების შემდეგ, საპროტესტო აქცია მოაწყო გაეროს შენობასთან მის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, სტუდენტთა ჯგუფი სიხარულით იღებს სურათებს სააკაშვილთან ერთად ბედფორდ ავენიუს მეტროს პლატფორმაზე. „ვირუსივით გავრცელდა [სოციალურ ქსელებში]“, - ამბობს სააკაშვილი.                 

სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, ციხის ოფიციალური პირები ვიდეოფირზე გადაიღეს  ,,პატიმართა ერთიმეორის მიყოლებით წამების, დაცინვისა და მათზე სექსუალური ძალადობისა, ცოცხის ტარის გამოყენებით  გაუკუღმართებული სექსუალური ძალადობისას." მიუხედავად  იმისა,  რომ ადამიანის უფლებათა  დამცველ ორგანიზაციებს ამ ფაქტების გამომჟღავნებამდე ჰქონდათ ატეხილი განგაში საქართველოს ციხეებში წლების განმავლობაში არსებული ძალადობის გამო, ხდებოდა მათი არსებითი იგნორირება მანამდე, ვიდრე გაუპატიურების კადრები არ აჩვენეს საქართველოს ტელევიზიებმა, რამაც მასობრივი რისხვა და შეშფოთება გამოიწვია.

ხელმისაწვდომი მტკიცებულებები გვეუბნება, რომ პასუხისმგებლობა ამ სასტიკი ძალადობისათვის, მიდის სახელმწიფო ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე. როგორც ჩარლზ ფეირბანკსმა აღნიშნა ,,ატლანტიკაში“ ამ სკანდალის გამომჟღავნების შემდეგ, პენიტენციარული სისტემის ხელმძღვანელის მოადგილე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, რომელიც რეალურად გადაღებულ იქნა პატიმართა მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს.

თუ არ გინდა, შენი მმართველობის ნაყოფი სოციალურ ქსელებში გავრცელდეს, მაშინ  აჯობებს  შეეშვა ამ „სელფებს“.

http://www.vox.com/2014/9/21/6549209/saakashvili-georgia-president-brooklyn-williamsburg-human-rights